ამას წინათ, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ვნახე გადაცემა „ჯემი“, რომელშიც ცოცხლად დაუკრა ქუთაისურმა არტ-როკ ჯგუფმა ARE-მ. გადავწყვიტე, ამ ჯგუფის ჩემთვის კარგად ნაცნობი პიროვნებებიდან, ამჯერად გავსაუბრებოდი გიტარისტსა და ჩელისტს ვახტანგ კიკალეიშვილს. ჩვენ ახლობლები ვართ, ამიტომ საუბრისას კითხვის ნიშნები საერთოდ გამოვრიცხე. აი, ეს საუბარიც, რომელიც რადიო „ძველი ქალაქის“ მიტოვებულ გამშვებ სტუდიაში შედგა.
შენ და ავტობიოგრაფია. – დავიბადე 1971 წლის 22 იანვარს. მერე გამზარდეს და დიდი ბიჭი გავხდი. ამის გარდა მუსიკოსიც გავხდი. სხვათა შორის, ეს 8 თვის უკან ვიგრძენი, როდესაც ჩამწერი სტუდიის კაბინაში დავდექი. 7 წლისა მე-2 სამუსიკო სკოლაში ვეზიარე მუსიკას. ჩემს მშობლებს სურდათ მევიოლინე გამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი დიდი ფიზიკური მონაცემების გამო ჩელოს მასწავლებელს მოვწონებივარ და მშობლები დაურწმუნებია კარგ მუსიკოსად აღვზრდიო. არ ვიცი, მართლაც კარგი ვარ თუ არა, მაგრამ მუსიკოსი დავდექი (იცინის).
შენ და გიტარა. – 18 წლის ასაკში შევეხე გიტარას პირველად, თუმცა, მანამდე ეს ინსტრუმენტი უკვე 2 წელიწადი იყო, გასული, რაც სახლში მქონდა. ბიძაჩემმა მიყიდა 33 მანეთიანი პიაზოებიანი, ნახევრად ელექტრო გიტარა. როკის მოსმენა 6 წლის ასაკიდან დავიწყე და პირველად Bad Company-ს მოვუსმინე. სათამაშო ფარ-ხმალი მქონდა. ხმალს ფარში ვუყრიდი და მუსიკის ფონზე გიტარაზე დაკვრის იმიტაციას ვაკეთებდი. ჩემზე დიდი გავლენა იქონია ევგენი მაჭავარიანის ტელეგადაცემამ „ეს ესტრადაა“. გადაცემას ჩემი ფარითა და ხმლით ვუყურებდი. ვერ ვხვდებოდი, მაგრამ, თურმე, ვმეცადინეობდი, როდესაც გიტარას ათასგვარი საშინელ ხმებს გამოვაცემინებდი, – რკინებით ვუკრავდი, მაგნიტოფონში ვაერთებდი. თავიდანვე მქონდა მიდრეკილება დისტორშენიან ჟღერადობაზე და როგორც შემეძლო, გიტარის ხმას ისევ ვამახინჯებდი. ისე გაუთვითცნობიერებელი ვიყავი ელექტროინსტრუმენტებში, პირველ ჯგუფში, რომელშიც დაკვრა დავიწყე, დავიჯინე ბასზე უნდა დავუკრა მეთქი, რადგან მეგონა, როკში საგიტარო მუსიკის სიმძიმეს ბას-გიტარა გამოსცემდა.
შენ და ჩელო. – ჩემი ეტალონი იტალიელი ჩელისტი პაბლო კაზანსი იყო, რომელსაც ბევრს ვუსმენდი ჩემს ფირსაკრავზე. ვცდილობდი მისი დაკვრის ტექნოლოგია გამეთავისებინა. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რასტრაპოვიჩი შემოვიდა. ვერც თბილისის, ვერც ქუთაისის კონსერვატორია ვერ დავამთავრე. თბილისის კონსერვატორიიდან ფრიად ორიგინალურად წამოვედი. რამდენიმე პროფესორს ჩემი ჩელო ვესროლე, მაგრამ არც ერთს არ მოხვდა თავში, რაზეც ახლაც ვნანობ. ვისაც წესით უნდა მოხვედროდა, ის გასული იყო. ახლა არ მინდა ვისაუბრო ამ საქციელის გასამართლებელ მიზეზზე. ჩელოს ჩემი ოჯახის წევრად ვთვლი, გიტარისგან განსხვავებით, რომელთანაც დღემდე თითქმის არასერიოზული დამოკიდებულება მქონდა. მხოლოდ გია სალაღიშვილთან ერთად სტუდიაში მუშაობისას მივხვდი, გიტარისტი რომ გავხდი. მანამ კი ვერ ვიჯერებდი ვინმეს თუ ჭირდებოდა ჩემი დაკრული, რადგან გიტარასთან ურთიერთობა, თითქმის, თამაშის დონეზე იყო. აწი ვნახოთ, როგორ მოიქცევა (იცინის), იქნებ ოჯახის წევრობის კანდიდატი გახდეს.
შენ და საინტერესო ქართული ჯგუფი, შემსრულებელი. – (მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ღიმილით ამბობს) ასეთი ჯგუფია „სახე“. ჩემთვის ის დაკვირვების ობიექტია, რადგან მაინტერესებს, საერთოდ რატომ არსებობს ასეთი ჯგუფი საქართველოში? ვერ გავარკვიე რატომ... ჩემთვის მუსიკალურად, მართლაც საინტერესო ჯგუფია „აუტსაიდერი“. შემიძლია იგივე კითხვა დავსვა – რატომ? „აუტსაიდერი“ ქუჩაშიც და სცენაზეც საქმეს აკეთებს. „სახეც“ აკეთებს, მაგრამ არც ქუჩაში, არც სცენაზე, არამედ სხვაგან... ჩემთვის საინტერესო მუსიკოსი იყო რუსთაველი გიტარისტი ავთო ნაცარაშვილი, ახლა არ ვიცი რას აკეთებს. ვთვლი, რომ ასეთი გიტარისტი საქართველოს არ ჰყოლია. კეთილადა ვარ განწყობილი თბილისური „კონტრაბანდა“-სა და ბესელას, როგორც პიროვნების მიმართ. მიმაჩნია, რომ მთელი „კონტრაბანდა“ ბესელაა. გიტარისტთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მიმაჩნია, პატარა ასაკის მიუხედავად, საინტერესოდ აზროვნებს.
შენ და გია სალაღიშვილი. – ჩვენს ჯგუფს ARE (Art Rock Experiment) ეწოდება და მისი სახელწოდება ორივე, – ინგლისურ და ქართულ ენებზე ჟღერს. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვჭირდები გია სალაღიშვილს, მაგრამ მასთან ყოფნისას ჩემს მუსიკალურ კარიერაში 5-6 წელი მოვიგე. ამ გამოთქმას სწორად უნდა გაგება, რადგან შესაძლოა გიას ეწყინოს. აქ ჩემს გაზრდაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ ტელევიზორში ერთად დავუკრათ. უბრალოდ, სხვა ვიყავი და ბოლოს, სხვა შევრჩი ხელში. მე გემოვნება არ შემცვლია, უბრალოდ, დიდი პრაქტიკა მივიღე – ვისწავლე, როგორ უნდა ავიღო ბგერა, ვიყო ზრდილობიანი სცენაზე. მუსიკოსები ამას დაკვრის ეთიკას ეძახიან. მე დღემდე ისეთ მუსიკოსად მიმაჩნდა თავი, რომ ყველაზე ცუდ პირობებში შემეძლო დაკვრა, მაგრამ „არეში“ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიწია გამოსვლა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ინსტრუმენტი მქონდა, ტელევიზიაში ჩაწერისას, ისეთი ჟღერადობა დამიყენეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ ხმაზე ოდესმე თუ მომიწევდა დაკვრა. წარმოიდგინე, ერთ დროს მეტალისტს კაცს აკვრევინებენ თითქმის ჯორჯ ბენსონისეულ (ჯაზ-როკის ცნობილი გიტარისტი ლ.გ.) ტემბრში (!) მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ განაცხადეს, რომ ტელევიზიისთვის სხვაგვარ ხმას ვერ ჩაიწერდნენ.
