Sunday, July 22, 2018

ქართული ჯაზის მცირე ისტორია

საქართველოში ჯაზმა საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. ერთ დროს აკრძალულიც კი იყო, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ. თუმცა, ქართველების დიდ ნაწილს შინაგანად ყოველთვის მოსწონდა და მოსწონს თავისუფლების ეს მუსიკა, რომელიც ყველა საზღვარს შლის სხვადასხვა ხალხის კულტურებს შორის. უფრო მეტიც, იგი ყოველ ეთნიკურ კულტურას ითავისებს და ორგანულს ხდის. ასე გაჩნდა თუნდაც ჩვენი მეზობლების – აზერბაიჯანელების მიერ შექმნილი ჟანრი ჯაზში, რომელსაც მუღამი ეწოდა. სსრკ-ის დროს ქართველი მაყურებელი საკმაოდ კარგად იყო ჩახედული ჯაზის წვრილმანებში.

მოკლედ, ჯაზის ისტორიის საწყისად საქართველოში შეგვიძლია მივიჩნიოთ 1930-იანი წლები, როდესაც პირველი ორკესტრები გამოჩნდა და მიუხედავად სტილისტიკისა, თითქმის ყველა მათგანს ჯაზს უკავშირებდნენ. ვახტანგ ჯალიაშვილის წიგნში „ინსტრუმენტული ჯაზი“ მოთხრობილია, რომ მე-2 მსოფლიო ომამდე ანსამბლების დიდ უმეტესობას, რომლებიც სახელწოდებებში ჯაზს მოიხსენიებდნენ, ხშირად არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ ჟანრთან. იქ უფრო მეტად ესტრადის ელემენტები ჭარბობდა, რომელშიც ინტენსიურად ინერგებოდა ეროვნული ინტონაცია და საკრავები.

თუმცა 1930-იანი წლების მიწურულს უკვე კარგად იგრძნობოდა სხვადასხვა ორკესტრში ჯაზის ელემენტები, რომელიც სსრკ-ში ძალიან პოპულარული გახდა. და მაინც, ყველაზე მეტად ჯაზ-გავლენა ჰქონდა უფროსი ჯანო ბაგრატიონის ორკესტრს  1940-იან წლებში. ამავე ანსამბლმა 1946 წელს შეასრულა ლეგენდარული ჯაზ-თემა „ყვავილების ქვეყანა“.



40-იანი წლების ბოლოს და 50-იანების დასაწყისში ჯაზის ქართველ მოყვარულთა შორის პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრი (ხელმძღვანელი შოთა არაყიშვილი). აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვალერიან ძაგნიძისა და შალვა ჩხიკვაძის დუეტი, რომელიც საკუთარი გიტარის აკომპანიმენტით მღეროდნენ და მათ მიერ შესრულებულ სიმღერებში, რომლებიც დღემდე პოპულარულია, აშკარად იგრძნობოდა ჯაზის ელემენტები.

Saturday, July 21, 2018

ჯაზ-ფესტივალები საქართველოსა და მსოფლიოში

დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის მუსიკალური კულტურა შეგვიძლია იქ მიმდინარე ფესტივალებითაც შევაფასოთ. საქართველოს ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია, ხოლო ჩვენს რეგიონში – სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება ითქვას, ლიდერია. მუსიკის თითქმის ყველა ძირითად სტილში ჩვენთან რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფესტივალის ტრადიცია დამკვიდრდა.

ამ ფესტივალთაგან ერთ-ერთი უპირველესი და ყველაზე „ხანდაზმული“ „თბილისის ჯაზ-ფესტივალია“, რომლის დაბადების თარიღად 1978 წლის მარტი შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაშინ თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სსრკ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი, რომელშიც საბჭოთა იმპერიის 8 რესპუბლიკის 13 ქალაქის 23-მა ჯაზ-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსებიც მოეწყო, ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა, თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელი შეუწყო თბილისის ჯაზის აქტივის წევრების – ევგენი მაჭავარიანის, ბორის პეტროვის, თამაზ ყურაშვილისა და გაიოზ კანდელაკის (რომელიც ფილარმონიის დირექტორი იყო) დიდმა მონდომებამ. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10-დღიანი, უკვე მეორე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნების – უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც. საბჭოთა წყობილების დროს ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო. სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა 140 მუსიკოსი გააერთიანა.

შემდეგ წლებში, ქვეყნისთვის მეტად რთული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო, კონცერტებისა და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. თუმცა, 1998 წელს შეიქმნა კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“, რომელმაც 2000 წლიდან თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღადგინა. „ისთერნ პრომოუშენი“ მარტო დედაქალაქით არ შემოფარგლულა და 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს ატარებს „შავი ზღვის ჯაზ–ფესტივალს“. ამავე დროს, 2010 წლიდან ორგანიზაცია სხვადასხვა სეზონზე ჯაზ-სერიების საღამოებსაც მართავს ხოლმე. 

თბილისის და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების, ასევე ჯაზ-სერიების არსებობის პერიოდში საქართველოში კონცერტი გამართეს უმაღლესი სინჯის ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ბილი კობემი, ჟან-ლუკ პონტი, ბილ ევანსი, ტანია მარია, ელ ჯერო, ინკოგნიტო, კრის ბოტი, ჯონ მაკლაფლინი, ბობი მაკფერინი, მაიკლ ფრენკსი, ჯორჯ ბენსონი, ჯემიროქუეი, ჰერბი ჰენკოკი, ჯო კოკერი, Earth, Wind & Fire, მარკუს მილერი, ერიკა ბადუ, დი დი ბრიჯუოთერი, ჩიკ კორეა, ნატალი კოული, ელ დი მეოლა, სტენლი კლარკი, ჰიუ მასაკელა, მეისი გრეი, Kool & The Gang, ერიკ ტრუფა, Parov Stelar, ჯოშუა რედმენი, ნილს პეტერ მოლვაერი, კეიკო მაცუი, დაიანა კროლი, სნუპ დოგი, ჯოს სტოუნი, The Prodigy, ლიზა სტენსფილდი, ქუინსი ჯონსი, ბასტა რაიმსი და მრავალი სხვა.

ჯაზ-ფესტივალებზე სცენა, რა თქმა უნდა, ქართველ მუსიკოსებსაც ეთმობა. ესენი არიან: ოთარ მაღრაძე, დავით მაზანაშვილი, ლალი ბერაძე, დინი ვირსალაძე, დათო ევგენიძე, დათო ოძელაშვილი, მაია ბარათაშვილი, „მწვანე ოთახი“, თბილისის დიქსილენდი, საქართველოს ჯაზ-ტრიო, ლევან ჩიჩუა, თამაზ ყურაშვილი, გიორგი მიქაძე, ბექა გოჩიაშვილი, „ასტროჯორჯია“, თბილისის ბიგ-ბენდი, ბაჩა მძინარაშვილი, ილუშა ცინაძე, ნინო ქათამაძე, პაპუნა შარიქაძე და სხვები.