Showing posts with label ასტროლოგია. Show all posts
Showing posts with label ასტროლოგია. Show all posts

Monday, January 28, 2002

სვეტიცხოვლის ფრესკის ზოდიაქოს ნიშნები სამკითხაოდ არ გამოგადგებათ

მართლმადიდებლობა ზოდიაქოს ნიშნებს ისევე არ უარყოფს, როგორც ყავას, რომელზეც მკითხაობა დიდი ცოდვაა

დღეს საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში გაბატონებული ათეიზმის ეპოქა შეცვალა გაბატონებული ასტროლოგიის ეპოქამ. მედიის თითქმის ყველა საშუალებაში დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა ჰოროსკოპებს. მეტიც – პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს 12 ნიშანი მიმანიშნებელია იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში აღიარებდა ვარსკვლავთმრიცხველობასა და ჰოროსკოპებს. თითქოს მაცხოვარმა ამ ნიშნების მიხედვით შეარჩია თავისი მოწაფეები (მოციქულები). ამ და სხვა ასტროლოგიურ საკითხებზე „ახალ ვერსიას“ ესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიის პედაგოგი, სიონის საკათედრო ტაძრის მთავარი მედავითნე ბიძინა გუნია. იგი, აგრეთვე, ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თეოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსს.

– დღეს მოდაში შემოვიდა ზოდიაქოს ნიშნებით ადამიანის ბედის განსაზღვრა და ამისათვის ხშირად მიმართავენ ე.წ. აღმოსავლურ თუ ევროპულ ჰოროსკოპებს. როგორ უყურებს მართლმადიდებელი ქრისტიანობა ამას?

– ასტროლოგები ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედებას ცდილობენ. ისინი თავიანთ სწავლებას მართლმადიდებლობასთან თანხმიერებაში წარმოადგენენ და ამბობენ, რომ ასტროლოგიას თურმე არ უარყოფს მართლმადიდებლური სარწმუნოება. ეს სიცრუეა.

ჰოროსკოპების მიმართ არსებობს ცალმხრივი დამოკიდებულება – იგი აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის. ვარსკვლავებით მკითხაობას ეკლესიამ დიდი ხანია პასუხი გასცა. სჯულის კანონშიც მკაფიოდ არის ამ საკითხზე პასუხი გაცემული. ნებისმიერი მკითხაობა მიუღებელი და შეუწყნარებელია მართლმადიდებლობისთვის. ის ადამიანთა ცნობიერებას არასწორი მიმართულებით წარმართავს. ასტროლოგია ანუ ვარსკვლავთმრიცხველობა ამტკიცებს, რომ ადამიანის ბედი დამოკიდებულია ვარსკვლავებთან, ზოდიაქოებთან, მთვარისა და მზის მოძრაობებთან.

სიტყვა „ზოდიაქო“ მოდის ბერძნული სიტყვიდან „ზოო“ (ცხოველი). ეს იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველესი დროიდანვე უმთავრესად ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ. ცნება ზოდიაქოს აღსანიშნავად ძველ ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: ცხოველთა სახილველი, ანუ ცხოველთა სახილავი, ბურჯი და ეტლი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა წარმოვაჩინო ის საკითხები, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებელი ცნობიერებისთვის საერთოდ ზოდიაქოს თანავარსკვლავედთა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. მოვუსმინოთ წმიდა იოანე დამასკელს: „ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურთიერთმიახლოვებით, ურთიერთგანლაგებით წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე, ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან ჩვენ ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მან მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება. და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონები ჩვენი საქმეების.