Wednesday, May 12, 2021

The Rylans – უსასრულობიდან უსასრულობამდე

1995 წელს დევიდ ბოუიმ გამოუშვა კონცეპტუალური ალბომი Outside, რომლის შინაარსიც აგებულია ალბომის პერსონაჟის, დეტექტივ ნათან ადლერის დღიურებზე. მისი დღიურები ალბომის საკმაოდ სქელ ბუკლეტს მოჰყვება. ისევე როგორც ამ მუსიკოსის სხვა ბევრი ნამუშევარი, ალბომი ეპოქალური გახდა, თუმცა, ახლა ამაზე აღარ დავწვრილმანდები. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სინამდვილეში ასეთივე შეკრული ალბომი გამოჩნდა, რომელიც ეკუთვნის ახალბედა ჯგუფს The Rylans-ს. ისევე როგორც Outside, „რაილანსების“ ეს სადებიუტო მინიალბომი კონცეპტუალურია და ასევე აგებულია მთავარი გმირის დღიურებზე. ალბომს ლათინური სახელწოდება აქვს – Ab Aeterno, რაც ქართულად ნიშნავს „უსასრულობიდან“.


ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ინდი-როკ კოლექტივის The National-ის სიმღერას Rylan. ქართული ბენდის ყველა წევრს ძალიან მოსწონს ეს სიმღერა და ჯგუფი. Rylan მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვოს. ჯგუფის წევრების ერთ-ერთი მიზანი არის გახდნენ რაილანები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბენდით და მუსიკით შეეცდებიან პირდაპირ თქვან ის, რისი თქმაც სურთ. 


ჯგუფის წევრები არიან მუსიკოსები: ლევან (ფრანკო) სიდიანი – ვოკალი, გიტარა, ბასი, კლავიშები, ჭუნირი, ხემიანი ინსტრუმენტები, დასარტყამები; დემეტრე (დემე) ადოლაშვილი – გიტარა, ბასი, სინთეზატორი; მებო შენგელია – ბექ-ვოკალი, აკუსტიკური და ელექტრო გიტარები, ქსილოფონი, კლავიშები, პერკუსია; სანდრო ტუღუში – ბექ-ვოკალი, ბასი, კლავიშები, აკუსტიკური გიტარა, პერკუსია, ჩანგი და მებო ნუცუბიძე – ვოკალი, გიტარა, კლავიშები და ჩანგი. 


კონცერტის დროს შემადგენლობაში კიდევ ორ ადამიანს, დრამერსა და ბასისტს იმატებენ. საერთოდ, ჯგუფის მულტიინსტრუმენტალისტი წევრები სხვადასხვა სიმღერაში სხვადასხვა საკრავზე უკრავენ – ეს მათი მხრიდან ერთგვარი ექსპერიმენტია. სიმღერების მუსიკის შექმნაში მთელი ჯგუფი იღებს მონაწილეობას, ხოლო ტექსტებს მებო ნუცუბიძე წერს ინგლისურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ The Rylans-მა 2020-ში ერთსიმღერიანი სინგლი გამოსცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ სახით ჯგუფი მაინც 2021 წელს ჩამოყალიბდა. 

მიუხედავად ექსპერიმენტებისა და ძიებისა, ჯგუფის შემოქმედება შეგვიძლია მივაკუთვნოთ მელოდიურ როკს და ინდი-როკს. შესაბამისად, მუსიკის მოსმენისას შეიძლება გაგახსენდეთ ჯგუფები Coldplay, Travis ან The National... ალბომი ჯგუფმა მებო ნუცუბიძის სტუდიად გადაქცეულ სახლში ჩაწერა. მისი პროდიუსერი კი მებოს ძველი მეგობარი და თანამოაზრე ირაკლი, იგივე ბეთხო მანჩხაშვილია. შეიძლება ითქვას, რომ The Rylans ახალი კორონავირუსის პანდემიაში ჩასახული და განხორციელებული მუსიკალური პროექტია.


ალბომ Ab Aeterno-ში სულ 4 სიმღერა შევიდა, რომელთა შორისაც წყვეტა, პაუზები არაა და ეს ხაზს უსვამს ამ სადებიუტო ნამუშევრის ერთიანობას.