Friday, December 24, 1999

ყურადღება! ნახშირის ორმოები და მფრინავი ხვლიკები მოედო ქალაქს!

თუკი ჩვენი გაზეთის წინა ნომერში „L.G. სტენდის“ მკითხველები სრულიად ახალბედა როკ-ჯგუფებს გაეცანით, დღეს წარმოგიდგენთ ჯგუფ „ბუნკერს“, ქუთაისური როკის ერთგვარ ვეტერანს და „არქეოპტერ X“-ს, ჩემი აზრით, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, ახალგაზრდა ჯგუფს. ეს საუბრები შალვა ცხვედიანთან („ბუნკერი“-დან) და ტატო გრძელიძესთან („არქეოპტერ X“-დან) ჩავიწერე ქუთაისის სამხატვრო გალერეის ახალგაზრდულ ბარ „ათინათში“, რომლის თანამშრომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი.

„ბუნკერი“

„ბუნკერია“: შალვა ცხვედიანი – რითმ-გიტარა, ვოკალი; თამაზ ლეპერტი – ბასი და დათო ძიძიგური – დასარტყამები. ვესაუბრები ჯგუფის ფრონტმენს შალვას.

– ჯგუფი „ბუნკერი“ შევქმენით მე, ზური ახვლედიანმა და ჩვენმა ტყიბულელმა მეგობარმა, ვალერი მასლომ 1990 წლის 5 დეკემბერს. პირველი რეპეტიციები ზურის სარდაფში ტარდებოდა და 8-9 თვე გაგრძელდა. შემდეგ რკინიგზის კლუბში გადავბარგდით, სადაც ვალერი მასლოს ნაცვლად ვალერი კეთილაძე და დათო შალამბერიძე მოვიდნენ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა წლებში ჩემს ჯგუფში უკრავდნენ: ირაკლი ჩხეტია, გივი ამაღლობელი, დათო „ვადილა“ არწივიძე, ალეკო „სოფლის გიჟი“ გაგუა.

– რატომ შექმენი ჯგუფი? ხომ შეგეძლო, გამხდარიყავი, ვთქვათ, მევენახე, ზეინკალი ან ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი?

– ჯგუფის შექმნა არ იყო ჩემი აზრი, ავყევი მეგობრებს. ისე ბავშვობიდან, 11 წლის ასაკიდან ვუსმენ როკს – Pink Floyd-ით დაწყებული, თანამედროვე მუსიკით დამთავრებული. ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი იყო Sweet, რომლის დაკვრაც მე ყოველთვის მინდოდა. წლების განმავლობაში თითქოს რაღაც ვისწავლე. მართალი რომ გითხრა, დაკვრა ჩვენ არც ერთმა არ ვიცით. მხოლოდ დათო სწავლობს ქსილოფონზე დაკვრას. 

– რატომ დაარქვით ჯგუფს „ბუნკერი“? რას ნიშნავს ეს სიტყვა?


– ეს არ არის ჩემი შერჩეული სახელწოდება. ჩემმა წინა დრამერმა შეარქვა ჯგუფს, რადგან ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერსო. სიტყვა ბუნკერი განიმარტება, როგორც ნახშირის ორმო, აგრეთვე, თავშესაფარი, ნაგვის ბუნკერი და ა.შ., მაგრამ ჩვენ არ ვართ ნაგვის ბუნკერი, უფრო ნახშირის ორმო ვართ.

– თითქმის ყველა ძველ ქუთაისურ როკ-ჯგუფს ვიცნობ. ადრე „ბუნკერი“ საერთოდ არ ჩანდა. რა არის ამის მიზეზი?

– მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ არასოდეს მყოლია მდგრადი შემადგენლობა. პირველ შემადგენლობებში გაკეთებული გვქონდა 9-10 სიმღერა და რაღაც ეპიზოდები. მე ისეთი პიროვნება არა ვარ, რომ გაუკეთებელი რამეები სცენაზე გამოვიტანო. როდესაც დავრწმუნდი, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანე, მაშინ ავედი სცენაზე.

– ვიცი, რომ „ბუნკერში“ ამინდს შენ ქმნი. რამდენად მონაწილეობენ ჯგუფის დანარჩენი წევრები სიმღერების არანჟირებასა და შექმნაში? ვინ წერს მუსიკასა და ტექსტს შენს გარდა?

– ვერაფერს მივაღწევ, გვერდშიმყოფები რომ არ მყავდეს. სიმღერათა უმრავლესობა ჩემია, თუმცა 3 მათგანი სხვისია. მე ამ სიმღერების კოვერ-ვერსიები შევასრულე, რა  თქმა უნდა, უარესად (სხვათა შორის, ამ სიმღერებს შალვამ საკუთარი ტექსტები მოარგო, საკმაოდ წარმატებულად, რადგან მსმენელს ძალზე მოეწონა, განსაკუთრებით Iggy Pop-ის კომპოზიცია. ლ.გ.). 


რაც შეეხება ტექსტებს. მხოლოდ ორი ლექსი გვაქვს სხვისი. ერთის ავტორია ედგარ ალან პო (ჩემი საყვარელი პოეტია), მეორესი – პერსი ბიში შელი. სიმღერების 90% საკუთრივ ჩვენია. ჩემი ტექსტები ცხოვრებისეულია, უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. დღეს ირგვლივ ბევრი უსამართლობა ხდება. ძირითადი აქცენტი კი მაინც მუსიკაზე მაქვს გადატანილი, თუმცა ბოლო დროს მივხვდი, რომ კარგი ტექსტებიც აუცილებელია, ოღონდ ფილოსოფიური კი არა, – უბრალო, ადვილად აღსაქმელი.

Friday, December 10, 1999

ქუთაისის მუსიკალური მეტალურგიული ინდუსტრიის ახალბედა კოლექტივები დამკვრელურ შრომის ფერხულში ებმებიან

ქუთაისში იყო დრო, როდესაც ცნება მეტალისტი მხოლოდ მეტალურგიული ქარხნისა და ფეხბურთის გუნდის ასოციაციებს იწვევდა. მერე ახალგაზრდებმა შეიტყვეს, რომ ბურჟუაზიული სამყაროს როკენროლის წიაღში იშვა ახალი მუსიკალური სტილი, რომლის მიმდევრებიც საკუთარ თავს მეტალისტებს უწოდებდნენ. სხვათა შორის, ჩვენს ქალაქში მძიმე მუსიკის ბევრი თაყვანისმცემელი ცხოვრობს, რომლებიც გულის სიღრმეში ოცნებობენ დიდ სცენაზე რომელიმე დასავლური, საკულტო ჯგუფთან ერთად თავიანთი თანამემამულეებიც იხილონ. დღეს, გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ჩემთვის ნაცნობი ძალიან ახალგაზრდა ქუთაისური მეტალ-ჯგუფები: „შავი ღვინო“ და „რადიკალი“. ჯგუფების წევრებს თავიანთი ყოველდღიური ჩაცმის დიზაინით ვერაფრით გამოარჩევთ „ჩვეულებრივი“ ახალგაზრდებისგან. მათ არა ჰყავთ მოტოციკლები და თან არ დაატარებენ მსხვილ ჯაჭვებს. ისინი ყველანი უმაღლესი განათლების მქონე ინტელექტუალები არიან, თუმცა... მოდით მათ მოვუსმინოთ.

„შავი ღვინო“

„შავი ღვინოა“: დათო ჩოგოვაძე – რითმ-გიტარა; მალხაზ ჩაჩუა – ბასი; ირაკლი „კოწო“ კოტორეიშვილი – დასარტყამები; ოთიკო ლომთაძე – ლიდერ-გიტარა; გოგა ბაბუაძე – ვოკალი. ვოკალისტი ობიექტური მიზეზების გამო ინტერვიუში არ მონაწილეობს.

– თქვენი ჯგუფი სპონტანურად შეიქმნა, თუ რომელიმე თქვენგანმა შეკრა?

– დათო: იდეა ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც გაჩნდა ორი წლის წინ, ეკუთვნის კოწოს. მაშინ ოთიკოს გარდა არც მე და არც კოწომ არ ვიცოდით დაკვრა. თავდაპირველად, არაფერი გვქონდა. მერე ინსტრუმენტები ვიყიდეთ. ვიყავით სამნი, შემდეგ ბასისტი შემოგვემატა. მახო ჩვეულებრივ გიტარაზე უკრავდა და ჩვენ შევთავაზეთ ბასზე დაეკრა. ერთი წელი ვოკალისტის გარეშე ვუკრავდით. მერე ძებნა დავიწყეთ და მივაგენით – „მანსანკანში“ რაღაც პარტიას ასრულებდა.

– ოთიკო: გოგა ჩვენს რეპეტიციაზე მოვიყვანეთ. მან მოგვისმინა, მერე მიკროფონი აიღო და წაიმღერა. ჩვენ ძალიან მოგვეწონა მისი ხმა და ჯგუფში მოვიწვიეთ. ეს წინადადება თავდაპირველად ხუმრობად მიიღო, მაგრამ რომ დავარწმუნეთ, დაუსწრებელზე ჩააბარა. ის თბილისში სწავლობს ეკოლოგიურზე. მას მოეწონა მძიმე მუსიკა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ძალიან სერიოზული ვოკალისტი გვყავს, რომელიც საქართველოში თავის სათქმელს იტყვის.


– იქნებ ცოტა არაკორექტული იყოს ეს კითხვა, მაგრამ თქვენი აზრით, რა მიმართულების მუსიკას უკრავთ?

– დათო: ჩვენ ჯერ ინსტრუმენტები და აპარატურა არა გვაქვს ისეთი, არც იმ დონის მუსიკოსები ვართ ჯერ-ჯერობით, რომ, თუნდაც, გიტარების საკუთარი ჟღერადობა მივიღოთ. ჩვენ ინტენსიური რეპეტიციებიც კი არ გვქონია. წელს 3 კონცერტში მივიღეთ მონაწილეობა და მხოლოდ გამოსვლების წინა დღეებში შეგვიკედლებდა სარეპეტიციოდ რომელიმე ჯგუფი. ჩვენც უდასარტყამებოდ, აკუსტიკური გიტარებით ვმუშაობდით. 

– ოთიკო: ჩვენ იმდენი კონცერტი არ გვქონია, ალბომიც არ ჩაგვიწერია, რომ რაღაც სტილი აგვერჩია. ამას, ალბათ, სამიოდე წელი დაჭირდება და მერე თვითონ გამოიკვეთება სტილი და ჩამოყალიბდება გემოვნება. პირადად ჩემში doom და trash (მეტალის მიმდინარეობები. ლ.გ.) მეტალი ზის. ასეთი გემოვნება მაქვს. არ ვიცი ახლა რა სტილში ვმუშაობთ, უბრალოდ, რაც მოგვწონს იმას ვუკრავთ და მერე გამოჩნდება რასაც შევასრულებთ.

– დათო: მსურს „შავი ღვინო“ მართლაც „შავი ღვინო“ იყოს და არა სხვა. ჩვენ ახლის შექმნა გვინდა. ოთიკო მართალია, ჩვენს მუსიკაში მართლაც არის doom-ისა და trash-ის ელემენტები. მუსიკის შექმნისას ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. კონცერტზე სიმღერა იმიტომ კი არ გაგაქვს, რომ ეს თრეშია, ან დუმი. გვინდა, ჩვენი სიმღერა ხალხმა შეაფასოს. 

– ვთქვათ, შეგხვდათ ძლიერი პროდიუსერი, რომელიც გეტყვით მე არ მჭირდება თქვენი მოდუმო სიმღერები, მოვითხოვ მხოლოდ თრეშს და მე თქვენ მომგებიან მსოფლიო ტურნეს მოგიწყობთ და ალბომსაც ჩაგაწერინებთო.

Friday, December 3, 1999

უნდა დავეხმაროთ ქალაქის შემოქმედებით ჯგუფებს

ხვიჩა დოღონაძე გავიცანი 10 წლის წინ. იმ დროს მას ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კლუბი ჰქონდა ჩაბარებული, რომელიც ამ ზედმეტად ენერგიული ადამიანის წყალობით, მაშინ მჩქეფარე სიცოცხლით ცხოვრობდა. მან მერის მრჩევლადაც იმუშავა. ამჟამად ის ექსპორტის მენეჯერად მუშაობს ფირმა „კოლხიკოში“, დიდი ბრიტანეთის უელსურ ფირმაში. მის სახელთანაა დაკავშირებული როკ-ჯგუფ „აუტსაიდერის“ ბოლო 5 წლის წარმატებები, ალბომისა და ვიდეოკლიპის დამზადება. მერიაში შეტანილი აქვს პროექტი კულტურულ-გასართობ ადგილებზე ტენდერის გამოსაცხადებლად, რომელიც ითვალისწინებს შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერასა და ახალგაზრდული გასართობი ცენტრების მოწყობას. სწორედ ამ პროექტის შესახებ ვილაპარაკე ხვიჩასთან. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ამ საუბრის შინაარსი.

–  ხვიჩა, მესაუბრე შენი პროექტის შესახებ.

– ბატონ თემურ შაშიაშვილს სურდა და სურს, დაეხმაროს შემოქმედებით ჯგუფებს. ადრე ამ ჯგუფებზე გავაკეთეთ სხვადასხვა პროექტები, მაგრამ დაუფინანსებლობის გამო მათ ვერ გაამართლეს. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მთხოვეს პროექტის მომზადება და ბოლოს, არ ვიცი გაბრაზების თუ სხვა რაღაცის საფუძველზე, გავაკეთე ეს პროექტი, რომელიც ახლა განიხილება.


– რა არის ამ პროექტის მიახლოებითი შინაარსი?

– მაგალითად, ავიღოთ ქალაქში არსებული, ვთქვათ, 5 მუსიკალური ჯგუფი. ისინი წერენ განცხადებას, რომ არა აქვთ სამუშაო ადგილი, პირობები. ამის შემდეგ ცხადდება ტენდერი, ე.ი. ბიზნესმენებსა და კომერსანტებს სთავაზობენ, ვთქვათ, ასეთ პირობას: „შენ გადმოგეცემა ყოფილი რესტორანი „თეთრი ქვები“ (ან სხვა შენობა), იქ გააკეთე, რაც გინდა (რესტორანი, სასტუმრო), მაგრამ ვალდებული ხარ, ამ 5 ჯგუფს შენობის პირველ სართულზე კეთილმოუწყო სარეპეტიციო ოთახი, სარეპეტიციო და ხმის ჩამწერი აპარატურით. ამის გარდა, ყოველ თვეში ერთხელ აწყობ ამ ჯგუფთაგან ერთ-ერთის კონცერტს და უხდი მინიმუმ 200 ლარს. 6 თვეში ერთხელ შენ ერთ-ერთ ამ ჯგუფს აფინანსებ 4000 ლარით, რომ ჩაწეროს ალბომი“. მიახლოებით ასეთი პირობებით გადაეცემა ეს შენობა კომერსანტს.

– ამ ბიზნესმენს ხომ სხვა გადასახადებიც ექნება გადასახდელი. შეძლებს კი ის ამის გაკეთებას?

– პროექტში დევს პირობა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოგება და შემოსავალი ექნება, ბიზნესმენს 300 ლარი შეაქვს ბიუჯეტში. ეს სტატისტიკასთან და საგადასახადოსთან ერთად მოგვარდება. ორი წლის შემდეგ შეივსება სპეციალური ბლანკი (რათა კორუფცია და ქრთამის აღება გამოირიცხოს), რომელშიც დაფიქსირდება, თუ რამდენად შეასრულა აღნიშნულმა კომერსანტმა ნაკისრი ვალდებულებები. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნა აღსრულებული, ეს შენობა ბიზნესმენს გადაეცემა საჩუქრად. ამ პროექტის თანახმად მოხდება ქალაქის ტერიტორიაზე დღეისათვის ვერგაყიდული ადგილების ამოქმედება, განვადებით გაყიდვა, ე.ი. ორი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის თანდათანობით შემოტანა. ამის შედეგად ბიზნესმენი გახდება მესაკუთრე. ეს შეთანხმდება პრივატიზაციის სამმართველოსთან და არქიტექტურასთან. საბოლოოდ ამ შენობის 90% გადაეცემა კომერსანტს, 10% კი – შემოქმედებითი ჯგუფების რაღაც გაერთიანებას, ვთქვათ, ალტერნატიულ კლუბს, ანუ ალტ-კლუბს, რომელიც თავის წილს იყენებს ახალი ჯგუფისათვის, ან თუნდაც, თეატრისათვის, რაიმე შემოქმედებითი პროექტისათვის. ალტ-კლუბი იქნება შუამავალი რგოლი ბიზნესმენებსა და შემოქმედებით ჯგუფებს შორის, დაარეგულირებს მათ ურთიერთობებს. ეს არის ჩემი პროექტის ძირითადი აზრი. ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა ამ ჯგუფებს დავეხმაროთ და ქალაქში შეიქმნეს ახალი გასართობი ადგილები ან ახალი არქიტექტურული ნიმუშები, თუნდაც, სასტუმროების სახით, რომლებიც ამ ბოლო ხანებში ჩვენთან ჯერ არ აშენებულა ბათუმისა და თბილისისგან განსხვავებით.

ქუთაისში შემოქმედებითი ჯგუფები სულ ფულზე წუწუნებენ, 200 ლარი გვინდა თბილისში წასასვლელად, 300 ლარი – სპექტაკლის დასადგმელად და ა.შ. აი, ამ პრობლემას მოხსნის ეს პროექტი. სახელმწიფო კი, ახალ შემოსავლებს მიიღებს კომერციულ სტრუქტურებიდან გადასახადების სახით, თანაც ვიღებთ გასართობ ცენტრს რესტორნის, ან როკ-კლუბის, ან თეატრ-კლუბის სახით. პროექტში მე აღვნიშნე, რომ მოდებისა და პლასტიკის თეატრის ბაზაზე მსურს ახალი თეატრი გაკეთდეს. ახლახან თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო, ალტერნატიული მოდების ძალიან პრესტიჟულ ფესტივალზე „ამა“, გაიმარჯვა ქუთაისელმა ბიჭმა. შემოქმედებითი კულტურა ქუთაისში არსებობს და მას პირობები უნდა შევუქმნათ. დღეს დიზაინერებს ელემენტარული სახსრებიც კი არა აქვთ, კოსტუმები რომ შეკერონ. ჩვენ გარანტიებს მივცემთ და მივიღებთ ახალ შედეგებს, ახალ სანახაობას. მე შემოქმედებით ჯგუფებს პროექტის შესახებ უკვე ვესაუბრე და ყველას მოეწონა, მათ შორის – მხატვრებსაც. ქუთაისში, ფაქტიურად, ვერ იგრძნობ, მხატვრობა თუ არსებობს. მხატვრები არ ჩანან. შესანიშნავი მხატვრები ცხოვრობენ ჩვენს ქალაქში. მაგალითად, ავთო აბესაძე ოცნებობს ისეთი სტუდიის გაკეთებაზე, სადაც ინსტიტუტდამთავრებულებს მიიღებს სამეცადინოდ და სამუშაოდ. სამწუხაროდ, მათ მასალებისა და საღებავების ფული არა აქვთ. ისინი თავად წვალობენ და რაღაცას მაინც აკეთებენ. ალბათ, გახსოვს, ადრე უმუშევრობისთვის ხალხს აპატიმრებდნენ, მაგალითად, ამისათვის დაიჭირეს მხატვარი ავთო ავალიანი, მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული ტილოები აქვს შექმნილი. ამ ტილოების ფორმატების შემხედვარეს მეცინება – თურმე, რამხელა შესაძლებლობები ყოფილა მაშინ, ახლანდელთან შედარებით. დღევანდელი ახალგაზრდა ტილოზე კი არა, ქაღალდზეც ვეღარ ხატავს. ვფიქრობ, ეს პრობლემაც მოიხსნება.

– ხვიჩა, ვთქვათ, მე რადიოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრი ვარ, როგორ უნდა მოვიქცე?

Monday, November 29, 1999

სამტრედიის უცნობი „ლაბირინთი“

დღეს მინდა, გაგაცნოთ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ჯგუფი, რომელიც უეცრად, მაგრამ არა მოულოდნელად გამომეცხადა რედაქციაში მთელი შემადგენლობით. მე ვერ ვაცნობიერებ, რატომ დავუთმე ამ კვარტეტს ჩვენი გაზეთის მთელი გვერდი. ალბათ, ეგზოტიკური ხიბლის გამოც, რადგან ჯგუფი „ლაბირინთი“ სამტრედიიდანაა. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სამსჯავროზე ჩემთვის არნანახ და არმოსმენილ ჯგუფთან საუბარი გამომაქვს. ვიმედოვნებ, ჩვენი გაზეთისა და ჯგუფ „ლაბირინთის“ გულშემატკივრები გამიგებენ.

კვარტეტ „ლაბირინთის“ დებიუტი 1998 წლის 28 აგვისტოს, მარიობა დღეს შედგა. ამის შემდეგ ჯგუფს ჰქონდა გასვლითი კონცერტებიც. მან მონაწილეობა მიიღო ა.წ. სექტემბერში, თბილისში, ლადო ბურდულის მიერ მოწყობილ სამდღიან როკ-ფესტივალში. ახლახან „ლაბირინთმა“ კონცერტი ჩაატარა დედაქალაქის თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე. ამჟამად ჯგუფი ემზადება კაკო ვაშალომიძის სტუდია „კონტინენტალში“ ალბომის ჩასაწერად. „ლაბირინთია“: ზურა კალაძე – სოლო გიტარა, ვოკალი; ბორია ბოლოთაშვილი – რიტმ-გიტარა; ერეკლე ცხვარაძე –ბასი და დათო ზამთარაძე – დასარტყამი ინსტრუმენტი. აგრეთვე, მარი რცხილაძე – პროდიუსერი და ანზორ დუმბაძე – ჯგუფის ხელმძღვანელი (მენეჯერი). საუბარი ჩაწერილია ჩვენი გაზეთის რედაქტორის ოთახში, მეტად სველ და ნესტიან დღეს. 

...

– „ლაბირინთამდე“ თუ არსებობდა სამტრედიაში როკ-ჯგუფი?

ზურა: არ არსებობდა. იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული – იგივე ვია „ცისარტყელა“ (დახეთ! სამტრედიაშიც ყოფილა Rainbow. ლ. გ.), არსებობდა ტრიო „სიმები“ და სხვა საესტრადო კოლექტივები. ჩვენ პირველი როკ-ჯგუფი ვართ სამტრედიაში.


– ვინ გიბიძგათ „ლაბირინთის“ გაკეთებისკენ?

ზურა: ჩვენი ინიციატივა იყო, არავის უბიძგია.

მარი: როკ-ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ბ-ნ ანზორ დუმბაძეს გაუჩნდა. ერთხელ, როდესაც თბილისიდან სამტრედიაში ჩამოვედით, მან გადაწყვიტა ჯგუფის შექმნა. სამტრედიის ყოფილ გალერეაში (ახლა ეს შენობა დამწვარია) ჩვენი ჯგუფის პირველი წევრები – ბორია ბოლოთაშვილი და ერეკლე ცხვარაძე შეხვდნენ ბ-ნ ანზორს და აკუსტიკურ გიტარებზე აჩვენეს თავიანთი შემოქმედება. ამას მოჰყვა ჯგუფის შექმნა. მალე „ლაბირინთში“ მოვიდნენ დრამერი და სოლო გიტარისტი. თავდაპირველად ექვსნი იყვნენ. შემდეგ ორი წავიდა. ჯგუფი საბოლოოდ შეიქმნა 1998 წლის 12 აგვისტოს.

დათო: ამ შემადგენლობით იანვარში ჩამოვყალიბდით, ამიტომ ერთი წლისაც არა ვართ.

– რომელი მუსიკალური მიმდინარეობის მიმდევრებად მიგაჩნიათ საკუთარი თავი?

ზურა: ჩვენ, ძირითადად, 70-იანი წლების ჰარდ-როკს ვუკრავთ, ახლებური ინტერპრეტაციებით, ისე კი, ჯაზ-როკისა და ბლუზის ელემენტებიც გვაქვს. ჩემი საყვარელი ჯგუფია Led Zeppelin, რომელმაც ჩემზე, როგორც გიტარისტზე, დიდი გავლენა იქონია. მოგვწონს, აგრეთვე, Deep Purple, Pink Floyd... საერთოდ, ამ უდიდესმა ჯგუფებმა მოახდინეს ჩვენზე ნაწილობრივი ზეგავლენა.

ანზორი: მიუხედავად იმისა, რომ „ლაბირინთის“ სიმღერებს ეტყობა ამ ჯგუფების ზეგავლენა, ხელწერა მაინც ბიჭებისაა.

ბორია: ადრინდელი ჩემი სიმღერები უფრო სხვა სტილის იყო. მერე გადავახარისხე და ახლა მთლიანად ჯაზ-როკში ვმუშაობ. ურთიერთშეთანხმების შედეგად, ვფიქრობ, ნორმალური სახე გვაქვს.

– რა მოგცათ თბილისის როკ-ფესტივალში მონაწილეობის მიღებამ?

ზურა: გამოცდილება, გამბედაობა სცენაზე და რეკლამა. 

მარი: ლადო ბურდულმა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოგვისმინა, განაცხადა არ ველოდი, სამტრედიაში ასეთი ჯგუფი თუ არსებობდაო.

ერეკლე: ჩვენ სხვა ჯგუფებისაგან იმით განვსხვავდებოდით, რომ პანკსა და ალტერნატივას არ ვუკრავდით.

Saturday, November 13, 1999

მომწყინდა, ვიყო ექსტრემისტი მუსიკოსი

ამას წინათ, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ვნახე გადაცემა „ჯემი“, რომელშიც ცოცხლად დაუკრა ქუთაისურმა არტ-როკ ჯგუფმა ARE-მ. გადავწყვიტე, ამ ჯგუფის ჩემთვის კარგად ნაცნობი პიროვნებებიდან, ამჯერად გავსაუბრებოდი გიტარისტსა და ჩელისტს ვახტანგ კიკალეიშვილს. ჩვენ ახლობლები ვართ, ამიტომ საუბრისას კითხვის ნიშნები საერთოდ გამოვრიცხე. აი, ეს საუბარიც, რომელიც რადიო „ძველი ქალაქის“ მიტოვებულ გამშვებ სტუდიაში შედგა.

შენ და ავტობიოგრაფია.
– დავიბადე 1971 წლის 22 იანვარს. მერე გამზარდეს და დიდი ბიჭი გავხდი. ამის გარდა მუსიკოსიც გავხდი. სხვათა შორის, ეს 8 თვის უკან ვიგრძენი, როდესაც ჩამწერი სტუდიის კაბინაში დავდექი. 7 წლისა მე-2 სამუსიკო სკოლაში ვეზიარე მუსიკას. ჩემს მშობლებს სურდათ მევიოლინე გამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი დიდი ფიზიკური მონაცემების გამო ჩელოს მასწავლებელს მოვწონებივარ და მშობლები დაურწმუნებია კარგ მუსიკოსად აღვზრდიო. არ ვიცი, მართლაც კარგი ვარ თუ არა, მაგრამ მუსიკოსი დავდექი (იცინის).

შენ და გიტარა. – 18 წლის ასაკში შევეხე გიტარას პირველად, თუმცა, მანამდე ეს ინსტრუმენტი უკვე 2 წელიწადი იყო, გასული, რაც სახლში მქონდა. ბიძაჩემმა მიყიდა 33 მანეთიანი პიაზოებიანი, ნახევრად ელექტრო გიტარა. როკის მოსმენა 6 წლის ასაკიდან დავიწყე და პირველად Bad Company-ს მოვუსმინე. სათამაშო ფარ-ხმალი მქონდა. ხმალს ფარში ვუყრიდი და მუსიკის ფონზე გიტარაზე დაკვრის იმიტაციას ვაკეთებდი. ჩემზე დიდი გავლენა იქონია ევგენი მაჭავარიანის ტელეგადაცემამ „ეს ესტრადაა“. გადაცემას ჩემი ფარითა და ხმლით ვუყურებდი. ვერ ვხვდებოდი, მაგრამ, თურმე, ვმეცადინეობდი, როდესაც გიტარას ათასგვარი საშინელ ხმებს გამოვაცემინებდი, – რკინებით ვუკრავდი, მაგნიტოფონში ვაერთებდი. თავიდანვე მქონდა მიდრეკილება დისტორშენიან ჟღერადობაზე და როგორც შემეძლო, გიტარის ხმას ისევ ვამახინჯებდი. ისე გაუთვითცნობიერებელი ვიყავი ელექტროინსტრუმენტებში, პირველ ჯგუფში, რომელშიც დაკვრა დავიწყე, დავიჯინე ბასზე უნდა დავუკრა მეთქი, რადგან მეგონა, როკში საგიტარო მუსიკის სიმძიმეს ბას-გიტარა გამოსცემდა. 

შენ და ჩელო. – ჩემი ეტალონი იტალიელი ჩელისტი პაბლო კაზანსი იყო, რომელსაც ბევრს ვუსმენდი ჩემს ფირსაკრავზე. ვცდილობდი მისი დაკვრის ტექნოლოგია გამეთავისებინა. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რასტრაპოვიჩი შემოვიდა. ვერც თბილისის, ვერც ქუთაისის კონსერვატორია ვერ დავამთავრე. თბილისის კონსერვატორიიდან ფრიად ორიგინალურად წამოვედი. რამდენიმე პროფესორს ჩემი ჩელო ვესროლე, მაგრამ არც ერთს არ მოხვდა თავში, რაზეც ახლაც ვნანობ. ვისაც წესით უნდა მოხვედროდა, ის გასული იყო. ახლა არ მინდა ვისაუბრო ამ საქციელის გასამართლებელ მიზეზზე. ჩელოს ჩემი ოჯახის წევრად ვთვლი, გიტარისგან განსხვავებით, რომელთანაც დღემდე თითქმის არასერიოზული დამოკიდებულება მქონდა. მხოლოდ გია სალაღიშვილთან ერთად სტუდიაში მუშაობისას მივხვდი, გიტარისტი რომ გავხდი. მანამ კი ვერ ვიჯერებდი ვინმეს თუ ჭირდებოდა ჩემი დაკრული, რადგან გიტარასთან ურთიერთობა, თითქმის, თამაშის დონეზე იყო. აწი ვნახოთ, როგორ მოიქცევა (იცინის), იქნებ ოჯახის წევრობის კანდიდატი გახდეს.

შენ და საინტერესო ქართული ჯგუფი, შემსრულებელი. – (მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ღიმილით ამბობს) ასეთი ჯგუფია „სახე“. ჩემთვის ის დაკვირვების ობიექტია, რადგან მაინტერესებს, საერთოდ რატომ არსებობს ასეთი ჯგუფი საქართველოში? ვერ გავარკვიე რატომ... ჩემთვის მუსიკალურად, მართლაც საინტერესო ჯგუფია „აუტსაიდერი“. შემიძლია იგივე კითხვა დავსვა – რატომ? „აუტსაიდერი“ ქუჩაშიც და სცენაზეც საქმეს აკეთებს. „სახეც“ აკეთებს, მაგრამ არც ქუჩაში, არც სცენაზე, არამედ სხვაგან... ჩემთვის საინტერესო მუსიკოსი იყო რუსთაველი გიტარისტი ავთო ნაცარაშვილი, ახლა არ ვიცი რას აკეთებს. ვთვლი, რომ ასეთი გიტარისტი საქართველოს არ ჰყოლია. კეთილადა ვარ განწყობილი თბილისური „კონტრაბანდა“-სა და ბესელას, როგორც პიროვნების მიმართ. მიმაჩნია, რომ მთელი „კონტრაბანდა“ ბესელაა. გიტარისტთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მიმაჩნია, პატარა ასაკის მიუხედავად, საინტერესოდ აზროვნებს.

შენ და გია სალაღიშვილი. – ჩვენს ჯგუფს ARE (Art Rock Experiment) ეწოდება და მისი სახელწოდება ორივე, – ინგლისურ და ქართულ ენებზე ჟღერს. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვჭირდები გია სალაღიშვილს, მაგრამ მასთან ყოფნისას ჩემს მუსიკალურ კარიერაში 5-6 წელი მოვიგე. ამ გამოთქმას სწორად უნდა გაგება, რადგან შესაძლოა გიას ეწყინოს. აქ ჩემს გაზრდაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ ტელევიზორში ერთად დავუკრათ. უბრალოდ, სხვა ვიყავი და ბოლოს, სხვა შევრჩი ხელში. მე გემოვნება არ შემცვლია, უბრალოდ, დიდი პრაქტიკა მივიღე – ვისწავლე, როგორ უნდა ავიღო ბგერა, ვიყო ზრდილობიანი სცენაზე. მუსიკოსები ამას დაკვრის ეთიკას ეძახიან. მე დღემდე ისეთ მუსიკოსად მიმაჩნდა თავი, რომ ყველაზე ცუდ პირობებში შემეძლო დაკვრა, მაგრამ „არეში“ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიწია გამოსვლა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ინსტრუმენტი მქონდა, ტელევიზიაში ჩაწერისას, ისეთი ჟღერადობა დამიყენეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ ხმაზე ოდესმე თუ მომიწევდა დაკვრა. წარმოიდგინე, ერთ დროს მეტალისტს კაცს აკვრევინებენ თითქმის ჯორჯ ბენსონისეულ (ჯაზ-როკის ცნობილი გიტარისტი ლ.გ.) ტემბრში (!) მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ განაცხადეს, რომ ტელევიზიისთვის სხვაგვარ ხმას ვერ ჩაიწერდნენ.

Sunday, November 7, 1999

ქართულ კულტურას აღორძინება კი არა, ცხოვრება სჭირდება!

სულ ახლახან გამოვიდა ჯგუფ Outsider-ის ახალი ალბომი, სახელწოდებით „მკვლელი“, რომელშიც შესულია ქ. თბილისში, რუსთაველზე მდებარე „თეატრალურ სარდაფში“ აკუსტიკურ კონცერტზე შესრულებული სიმღერები. კასეტები შეიცავს სიმღერების ტექსტებსაც. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფ Outsider-ის ფრონტმენი, მისი სული და გული, ჩემი მეგობარი, რობი კუხიანიძე. ჩვენი საუბარი შედგა სამხატვრო გალერეის ეზოში, სადაც მოვახერხეთ თავი დაგვეღწია ჩვენი საერთო მრავალრიცხოვანი მეგობრებისგან.

– რატომ არსებობს ჯგუფი „აუტსაიდერი?“

– ახლა ისეთ პრეტენზიებს განვაცხადებ, ცხოვრებაში რომ არ მითქვამს. მე აუტში ვცხოვრობ, მაგრამ ამ სიტყვებზე არა მაქვს მე ჩემი ცხოვრება აგებული და არც ვაპირებ. უბრალოდ, „აუტსაიდერი“ ცხოვრების წესია. თითოეულ ადამიანს თავისი ცხოვრების წესი აქვს და ამას თავისი სახელი დაარქვეს. მე არ ვიცი, მომატყუეს, თუ მართალი მითხრეს. ბავშვობისას ჩვენ წარმოგვედგინა, რომ შეგვეძლო, რაღაც შეგვეცვალა, სასწაული მოგვეხდინა. სისულელეს გავაკეთებდით, თუ სიკეთეს – მაგის გულისთვის არც ერთ ბავშვს არ დაგვიჭერდნენ და არც ახლა იჭერენ, რომ მიუხედავად იმისა, როგორც ამბობენ, ყველა პოტენციური მკვლელია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ფრიადზე არ დამიმთავრებია, მასწავლეს და ვიცი, თუ რას ვაკეთებ. ძაან მაგრად მინდა, რომ აქედან ყველა გაიქცეს, მიატოვონ აქაურობა, რომ აღარ დაბრუნდნენ და შეიცვალონ აზროვნება. ჯგუფის გაკეთებისკენ საახლობლომ მიბიძგა. 

„აუტსაიდერი“ დღესდღეობით არის საბა, რობერტი და კიდევ „სტრადივარი“, „ბაჯუ“. დანარჩენები – გასკდნენ გულზე, მაგრამ ისინი ჩვენთან დიდ პრაქტიკას გადიან და მაგალითს იღებენ. შესაძლოა ამ სიტყვებით მე რაღაც გავაფუჭე, მაგრამ ვიცი, რასაც ვამბობ. ყველა „საგულაოდ“ მიდის. შენ წარმოიდგინე, საბაც (ჯგუფის ბას-გიტარისტი. ლ.გ.) „საგულაოდ“ მიდის, რადგან, ალბათ, კომპიუტერები მოსწყინდა. ბოლოს და ბოლოს მან იმდენი იწვალა, ამ ჯგუფში საკუთარი ფული ჩადო, მაგრამ საბას გარდა, ზოგიერთმა კარიერას მიხედა და იდეა დაღუპა. აქ არ არის იდეოლოგიაზე ლაპარაკი. „აუტსაიდერი“ და რობერტია კუხიანიძე არანაირ იდეოლოგიას არ ემსახურებიან. ერთი „აუტსაიდერის“ და მაგ მცნების კარგიც... იჯუჯღურა! – ჩემზე ამბობენ ზოგიერთები და ახლა ელოდებიან კარგს როდის ვიტყვი მაგათზე. მე მათზე კარგს არასოდეს ვიტყვი. აქ მარტო გაბრაზება არაფერ შუაშია. ვერ გამიგია რამდენმა პარტიამ უნდა გამომირთოს და ჩამირთოს დენი, თუნდაც იმისთვის, სახლში კვერცხი რომ შევწვა. ვინც „აუტსაიდერი“ გამაკეთებინა, ყველას კაბა ეცვა, თუნდაც, კაცს, მაგრამ მე კაბის ქვეშ არ შემიხედია.

– ამ 13 წლის განმავლობაში რაც ჯგუფი არსებობს, გაიხსენე შენთვის ყველაზე ბედნიერი წუთები.

– აი, დღეს რეპეტიცია რომ მქონდეს, ბედნიერი ვიქნებოდი, – არ დავლევდი, არც მოვწევდი და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მე რომ რეპეტიციებს გავუძელი, საქართველოს არც ერთ ჯგუფს არ ექნება განაძლები, მაგრამ დიდი შეცდომაც დავუშვი – ჯერ არ უნდა გამეკეთებინა აკუსტიკური პროექტი. ჩვენს ქვეყანას დროთა განმავლობაში რაღაც ნაწილს, ტერიტორიას აჭრიან, ამიტომ ჩვენ ძლიერ შევვიწროვდით. როგორც გვასწავლეს, თურმე, მხოლოდ ოჯახში უნდა ვისხდეთ კარგად და ერთ ოჯახში არ შეიძლება სხვადასხვა ადამიანების ყოფნა. წარმოიდგინეთ, რომ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობთ და ოჯახის წევრებმა სხვადასხვა ოთახებში შესვლისას უნდა ვაკაკუნოთ, თუნდაც, ტუალეტის კარზე, აქ შესასვლელად, ალბათ, პაროლის ცოდნაა საჭირო. ასეთი ოჯახის არ მესმის, ეს სახელმწიფო კი არა, რაღაც დებილიზმი, იდიოტიზმი, „იზმები“ და „ისტებია“, როგორც ზვიადისტები და შევარნაძისტები. მე ზვიადისტიც და შევარდნაძისტიც ვიყავი. ახლა მზად ვარ ვიყო მალხაზისტი (ჩემი შვილის სახელია). მზადა ვარ ჩემს შვილს პირველი ტერორისტული აქტი მე მოვუწყო, თუ მაგ სიტუაციაში გაერევა. თუკი ადამიანი საკუთარ თავში შემოქმედს ვერ პოულობ ს, მაშინ არც მუსიკაა საჭირო, არც ლექსები, არც საერთოდ, ხელოვნება. აქედან გასვლაა საჭირო. ჩემი აზრით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ციხეა. სადაც გინდა იქ იბორიალე, გარეთ ვერ გახვალ, არ გაგიშვებენ და იმიტომ.

მე „აუტსაიდერში“ იმიტომ კი არ მომიწია ცხოვრება, აუტში რომ ვარ და რაღაცა... ქართულ ენაზე „აუტს“ უფრო მეტი დატვირთვა აქვს. მე წრეზე ვცხოვრობ. თუ ხაზის რომელიმე მხარეს ხარ, ყველა შემთხვევაში, მაინც გარეთ ცხოვრობ. ამას ყიდულობენ და მე არ მიყიდია. თუ ფული ავიღე, საკუთარ თავს მივხედავ, რადგან ხელფასს არავინ მიხდის. ფულს მაშინ მომცემენ, როცა დავჭირდები, ერთი მაგათი დედაც... სადაც უნდა წავიდე, ჩემს ფუნქციას შევასრულებ. თუ საკუთარ „მე“-ში სასრული არ გაგაჩნია, მაშინ ღმერთთან მართალი ხარ.

– რობი, შენი აზრით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა?

– ძალიან მძლავრი რეფორმებია საჭირო. ძაან მაგარ ისტორიულ მონაკვეთში ვიმყოფებით. ჩვენ კურთხეულ მიწაზე ვცხოვრობთ. ამას წინათ, მუზეუმიდან რელიგიური სიმდიდრეები გაჰქონდათ. დედას გეფიცები, მართლა გაყიდიდნენ. რელიგია სულის კულტურაა. ქართულ კულტურას აღორძინება კი არა, ცხოვრება სჭირდება! ერთი ენა დაგვრჩა და აქაც კუთხურობას ებრძვიან. მეგრელები მეგრულად რატომ ლაპარაკობენო, ისინი აფხაზები კი არა, აფსუები არიანო, კახელები კახურად რატომ უქცევენო და ა.შ. ამ დროს ტელევიზიით ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე საუბრობენ. ახლა უკვე ქართული კულტურის სიკვდილზე მსჯელობენ. ტერიტორიებთან ერთად ჩვენი კულტურაც იკარგება. ბოლოს, ალბათ, იმ ტუალეტიდანაც გამოგვყრიან, ზემოთ რომ ვახსენე. ჩვენ ქუჩაში ლოთებს გვეძახიან, მაგრამ ვიცით, რომ ოჯახში ლოთობა არ შეიძლება. სახლში წესრიგი უნდა იყოს, მაგრამ გვაქვს კი ჩვენ სახლი? რაც უნდა მიყვარდეს ადამიანი, ძალიან ახლობელი თუ არაა, სახლში ვერ მივიღებ. მიუხედავად იმისა, რომ თეატრს დიდ პატივს ვცემ, მაგარ იდიოტიზმს ვხედავ მაგაში. უყურონ მთელი ცხოვრება რობერტ სტურუას და დადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ შექსპირი. კონსტანტინე გამსახურდიას ჩემს ფეხებს შეეხებიან, რადგან მათთვის ის ძალზედ თანამედროვეა. ისინი კი სიძველეში ეძებენ თანამედროვეობას! მე თურმე, ამერიკელისგან და ინგლისელისგან უნდა ავიღო მაგალითი და ყველას დაავიწყდა, რომ ხორუმი ქართული ცეკვაა, – აქ ნაწარმოებს არ ვგულისხმობ. 

Monday, October 11, 1999

როკ-მუსიკოსებმა დღევანდელზე უკეთესად ხვალ უნდა დავუკრათ

პატივცემულო მკითხველო. ჩემს გვერდზე შენ ხშირად ეცნობი, ცოტა არ იყოს, უცნაურ ადამიანებს, რომელთა მსოფლმხედველობაც ხშირად არ ემთხვევა საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებებს, მაგრამ ჩემთვის მისაღებია სებასტიან როკ შამფორის (ფრანგი მწერალი 1740-1794) გამონათქვამი: „ყოველი გავრცელებული იდეა, საყოველთაოდ მიჩნეული შეხედულება, რაკიღა მოსაწონი გამხდარა უმრავლესობისთვის – სულელურია“. ადრე, ასეთ ადამიანებს არ აჭაჭანებდნენ არც გაზეთის ფურცლებზე, არც რადიო-ტელევიზიის ეთერში, მაგრამ, ალბათ, რაც ყველაზე საოცარია, ისინი საკუთარ თავს არც ერთ ვარიანტში უცნაურად არ მიიჩნევენ, უბრალოდ, გრძნობენ, რომ განსხვავებულები არიან. ზოგიერთი უცნაური კაცის ნიღაბს ატარებს, მაგრამ მისი ნამდვილი სახე გულისამრევია. მე მოხარული ვარ, რომ ჩემი თაობის ადამიანები, რომელთაც ადრე გიჟებს, არასერიოზულებს და შეშლილებს ეძახდნენ, ახლა იატაკს ზემოთ ამოვიდნენ და საკუთარ სახეს სრულიად აჩვენებენ. ეს ნაღდად არაა ნიშნისმოგება, მაგრამ სასიამოვნო ფაქტია, რომ სახელმწიფო ტელევიზიის ძირითად ბირთვს ჩემი თაობის ახალგაზრდები წარმოადგენენ, მათ შორის ბევრი ძველი მეორეარხელი მეგობარია. ვფიქრობ, ეს პირველი სერიოზული გარღვევაა საქართველოს ტელევიზიაში, რომელიც მალე კანონზომიერი იქნება ყველა სფეროში.

ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში დაწყებულია იატაკქვეშეთში ჩასვლა. თუ ადრე იატაკქვეშეთში ყოფნა გამოწვეული იყო შესაბამისი გარემო პირობების გამო, დღეს ეს ფაქტი, ჩემი აზრით, შეგნებული ნაბიჯია. ლადო ბურდულის მიერ მოწყობილმა სამდღიანმა ფესტივალმა აჩვენა, რომ ქართული ალტერნატიული მუსიკა ჯერ არ დგას იმ დონეზე, რომ მას ფართო მასებმა უსმინოს, თუმცა, ამ ფესტივალზე ამ მიმდინარეობამ ხმამაღლა განაცხადა, რომ ის არსებობს და მას დანამდვილებით აქვს არსებობის უფლება და უნარი. საქართველოში ალტერნატიული მუსიკის გარდა ჟღერს როკის სხვა განშტოებებიც.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თბილისელი კარგი მეგობარი, ირაკლი ზიბზიბაძე, ზედმეტსახელად „ზიბო“. ირაკლი გავიცანი 1991 წელს თბილისში. უფრო სწორად, ის ჩემმა თანაკურსელმა გამაცნო, რომელიც, აგრეთვე, თბილისელია. მას კვლავ ერთი წლის შემდეგ შევხვდი, როდესაც ტელეპროგრამა „კედელზე“ ვმუშაობდი. ზიბო იმ დროს ჯგუფ Stonehang-ში უკრავდა ბას-გიტარაზე. ის, საერთოდ, ბას-გიტარისტია. ამ შესანიშნავი ჯგუფის შესახებ ტელეკამერის წინ ვისაუბრე ირაკლისთან და ზაზა ნარსიასთან, ჯგუფ Stonehang-ის გიტარისტთან და შემქმნელთან ერთად. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ჩანაწერი „კედელში“ ვერ მოხვდა. შემდეგ კი, ამ ჯგუფის ვიდეოკლიპი ხშირად ტრიალებდა „კედელის“ ჰიტ-პარადში. თბილისში ჩასვლისას, ირაკლის, თითქმის ყოველთვის ვხვდები. ის ცხოვრობს პატარა ქუჩაზე, რუსთაველის გამზირთან ახლოს. ახლა ჩამოვთვლი იმ ჯგუფების არასრულ სიას, სადაც ირაკლი უკრავდა: Badlam, Stonehang, ბაჩი ქიტიაშვილის ბენდი, Double Cross, Skyend და ა.შ. ამჟამად ის ორ ჯგუფში უკრავს. ესენია: „ვაკის პარკი“ და Young Undersun. ეს უკანასკნელი თავად ზიბოს პროექტია. ჯგუფის წევრებმა ჩაწერეს Mini CD, რომელშიც 4 სიმღერა შევიდა. ჩანაწერი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელთა შორის. ძვირფასო მკითხველო, „ვაკის პარკის“ მოსმენა პრობლემა არაა, ალბომების შეძენა ქალაქის თითქმის, ნებისმიერ მუსიკალურ სავაჭრო წერტილში შეგიძლიათ, ხოლო ჯგუფ Young Undersun-ს მხოლოდ რადიოგადაცემა „შუაღამის გემის“ კაიუტებში გაეცნობით.

საუბარი, რომელსაც თქვენ ახლა წაიკითხავთ, ზიბოს ოთახშია ჩაწერილი სექტემბრის თვეში. ის შესანიშნავი რესპოდენტია. ლაპარაკობს მშვიდად, აზრიანად და გრამატიკულად გამართული ქართულით, ამიტომ, მისი საუბრის ფურცელზე გადატანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. დიქტოფონის ჩართვამდე ვკითხე რატომ უკრავდი და რატომ უკრავ მეთქი ამდენ ჯგუფებში, რაზეც ღიმილით მიპასუხა, რომ თბილისი ქრონიკულად განიცდის ბას-გიტარისტების ნაკლებობას, ამიტომ მოსვენება არა მაქვს სხვადასხვა ჯგუფებში მიწვევების გამო. სხვათა შორის, მას დედაქალაქში ერთ-ერთ ვირტუოზ ბასისტად მიიჩნევენ. ზიბომ დაუკრა როკის თითქმის ყველა მძიმე და არამძიმე, მიმართულებაში: მეტალში, ბლუზში, ჯაზში. დღეს ის 27 წლისაა. ჰყავს ძმა დათო, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს ჯგუფ „მძიმე ჯვარში“.

– ზიბო, შენ, ძირითადად, მძიმე მუსიკას უკრავ. რატომ?

– ამ მუსიკაზე აღვიზარდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მომწონდა. ახლა უკვე მძიმე მუსიკად ითვლება, ვთქვათ, Death Metal არ მაინტერესებს, მაგრამ ძალიან მომწონს თანამედროვე მძიმე მიმართულებები. მე მუსიკალურად ტრადიციული როკიდან გამომდინარე ვაზროვნებ.

– შენი საყვარელი ჯგუფები ჩამომითვალე...

– არის 5 ჯგუფი, რომელთაც მასწავლეს დაკვრა, როკ-მუსიკა და კიდევ ბევრი რამ. ესენი არიან: Grand Funk, Black Sabbath, Led Zeppelin, Pink Floyd და Deep Purple.

Sunday, October 3, 1999

თბილისის როკ ფესტივალი, 17-19 სექტემბერი (ნაწილი II)


18 სექტემბერი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თბილისური შემადგენლობა თავიანთი პრეტენზიების გამო, ამ დღეს ფესტივალს გამოეთიშა, ვფიქრობ, რომ 18 სექტემბერი შესანიშნავი დღე, უკაცრავად, ღამე იყო. თუკი პირველ დღეს დიდი დაძაბულობა და ნერვიულობა იგრძნობოდა როგორც ჯგუფებს, ასევე ორგანიზატორებს შორის. ამ დღისათვის ადამიანები ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ და უკვე ერთად სვამდნენ ლუდს. აღარ ნერვიულობდნენ, რომ ბარებში საღამოები თითქმის 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. სხვადასხვა ჯგუფის წევრები ტროტუარების კიდეებზე ისხდნენ და გიტარის თანხლებით ექსპრომტად შეთხზულ სიმღერებს ერთად ასრულებდნენ. 

საღამოს ლადო ბურდულმა გვაუწყა, რომ კაფე Earth Wind And Fire-მ უარი განაცხადა ჯგუფების მიღებაზე, რადგან ხმაურიანმა მუსიკამ თურმე მეზობლები შეაწუხა, ამიტომ შემსრულებლები ხელახლა გადანაწილდნენ. „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ მოხვდნენ: „ამორალი“, „კონტრაბანდა“, „აუტსაიდერი“ და Best History. დატვირთული იყო კიდევ ორი ღამის ბარი: Metro და Toucan Pub. დროდადრო ვახერხებდი ამ პაბებში შერბენასაც. „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ კი ფესტივალის მეორე დღე თბილისურმა „ამორალმა“ გახსნა. „ამორალის“ ფიქრიანმა სიმღერებმა ფიქრისმოყვარული, მცირერიცხოვანი მსმენელი ჩააფიქრა და შეზარხოშებულ მაყურებელთა უმრავლესობა აღაგზნო. ღამის ბარში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა. ისინი მაგიდებთან ისხდნენ და კონცერტების მსვლელობისას ახერხებდნენ საუბარსა და საკვებ-სასმელის შეთვისებასაც.

ბესელა („კონტრაბანდა“)
„უზნეო“ და „ამორალური“ ბიჭები მშობლიური ეკონომიკის „დამაქცევლებმა“, ანუ „კონტრაბანდისტებმა“ შეცვალეს. სცენაზე ბესელა, იგივე ბესო რაზმაძე და მისი ჯგუფი „კონტრაბანდა“ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ბარში, სადაც ფესტივალი მიმდინარეობდა, არ იყო შემაღლებული ადგილი მუსიკოსებისთვის, ე.ი. „სცენა“ ამ შემთხვევაში პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ. არ შემიძლია აღვწერო ენერგიის ის ნიაღვარი, რომელიც ამ ბიჭებიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბესელას და მის ჯგუფს აგერ უკვე 3 წელიწადია ვიცნობ, ამდენს მართლაც არ მოველოდი. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ „კონტრაბანდას“ ალბომს მოვუსმინე. ბესელა ჩემთვის ახალი თაობის შეუპოვარი მებრძოლია, რომელსაც აქვს მძლავრი პროტესტი ყოველგვარი დამყაყებულისა და ზოგადად სიბნელის მიმართ. სამწუხაროდ, ამ ალბომს ვერც ერთ მუსიკალურ მაღაზიაში ვერ შეიძენთ. „კონტრაბანდამ“ ძალზედ ექსპანსიურად იმუშავა. ბესელას, ბესო რაზმაძეს, ქუთაისელი მსმენელი კარგად იცნობს ტელეგადაცემა „ანარეკლიდან“, სადაც იგი ლაპარაკობდა, მღეროდა და ჰყვებოდა საკუთარ ზღაპრებს, „შუაღამის გემის“ კაიუტებში კი, ხშირად გაისმის მისი სიმღერები. „კონტრაბანდას“ ქუთაისში კონცერტი ჯერ არ ჰქონია.

***

– ბესელა, რა ხდება დღეს თბილისის მუსიკალურ სამყაროში? 

– თბილისში ამ მხრივ საქმე არის хреново, მაგრამ მაგის გამო თავს არ ვიკლავთ, ჩვენი პატარა ფინანსებით ვახერხებთ დაკვრას. ცოტას ვხერხავთ კიდეც და გვაქვს ორი პროგრამა: მძიმე და აკუსტიკური. როგორი სიტუაციაც იქნება ბარში, შესაბამის პროგრამას შევასრულებთ. მთლიანობაში თბილისში მუსიკა იკვრება და როკმოძრაობა ნელ-ნელა ქვემოთ ჩადის სარდაფებში. 

ლაშა გაბუნია და ბესელა
– ე.ი. ანდერგრაუნდში მიდის იმის ნაცვლად, რომ ზემოთ ამოვიდეს? 

– ჰო! იმიტომ, რომ მიწის ზემოთ წამოვიდნენ ისეთი საზიზღარი ე.წ. ჯგუფები, რომელთა სახელწოდებების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, ღირსადაც არ ჩავთვლი. მაგათ გამო ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილ, ნაღდ მუსიკას უკრავენ და გულსა და სულს აჩვენებენ მსმენელს, ჩაეშვნენ ქვემოთ. ესენი, სამწუხაროდ, ძალიან ვიწრო წრისთვის არსებობენ და მეგობრებისთვის ატარებენ კონცერტებს. ახლა, რა თქმა უნდა, უცხოელების ჩარევით, ეს 3 დღე ისეთი იქნება, როგორზეც ჩვენ, მუსიკოსები ვოცნებობდით. კარგია, რომ საზღვარგარეთიდან არიან ჩამოსული შემსრულებლები და ისინი ჩვენთან ერთად დაუკრავენ. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის არა გვაქვს საშუალება წავიდეთ იქ და დავესწროთ მათ კონცერტებს, მითუმეტეს დავუკრათ მათთან ერთად. ეს 3 დღე თბილისში დიდი ზეიმია და ყველანი ერთად ვზეიმობთ.

– რა ხდება შენს ჯგუფში? მას ისევ „ნეოკონტრაბანდა“ თუ ძველი, პირვანდელი სახელწოდება „კონტრაბანდა“ ჰქვია? 

– ჩემს ჯგუფს კვლავ „კონტრაბანდა“ ჰქვია. მისი შემადგენლობაა: ბესელა – ვოკალი (აკუსტიკურ პროექტში – გიტარა, ვოკალი), კახა გულიაშვილი – გიტარა, კოტე კალანდაძე – ბასი და რითმ-სექცია და გოგა სამხარაძე – დრამი. წელიწადზე მეტია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სხვათა შორის, არასოდეს მყოლია ერთი და იგივე შემადგენლობა წელიწადზე მეტხანს (აქ ბესელამ სამჯერ ზედიზედ გადააფურთხა, აქაოდა, არ გავითვალოო. ლ.გ.). 6 წლის განმავლობაში, რაც ჯგუფი არსებობს, მხოლოდ მე ვარ ერთადერთი ძველი და უცვლელი. თბილისში ვინც კი ინსტრუმენტს ხელი შეახო, ყველამ ჩემთან დაუკრა. ბოლო შემადგენლობა კი, კარგა ხანია, ერთმანეთს ვიტანთ. მე იმიტომაც ვუკრავ ამ ბიჭებთან ერთად, რომ, პირველ რიგში, ჩემი მაგარი ძმები არიან. კაცი თუ შენს გვერდით არ დგას, მისი დაკრულის დედა ვატირე! 

– მსოფლიოში გავრცელდა აზრი, რომ სხვა მუსიკალურმა მიმდინარეობებმა, თუნდაც ელექტრონულმა ტალღამ, რეივმა შეჭამა როკენროლი და აქედან გამომდინარე როკენროლი მოკვდა. ასეთი აზრი, ჩვენშიც არსებობს.  

Friday, September 24, 1999

თბილისის როკ ფესტივალი, 17-19 სექტემბერი (ნაწილი I)

თბილისური ჩანახატები მინდა დავიწყო ჩემის აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტით, რომ ამ ქალაქის ქუჩები, ადრინდელთან შედარებით, დაგვილ-დასუფთავებულია, ყველა უბანში მიმდინარეობს მშენებლობა. იქნებ, სასწაულია, მაგრამ თითქმის აღარ ითიშება ელექტროენერგია და წყალი გარეუბნებშიც კი. მომეჩვენა, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელსაც ქუჩაში ვხვდები, აღარა აქვს გატანჯული სახე. არ გაგიკვირდეთ, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. როგორც ჩანს, თბილისელები გრძნობენ მერის მხარდაჭერას. სხვათა შორის, იმ სამდღიანი როკ-ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც 17-19 სექტემბერს ჩატარდა, იყო სწორედ თბილისის მერია. სპონსორები იყვნენ: Tbilisi Pastimes და British Airways, საინფორმაციო უზრუნველყოფის სპონსორები – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხი და რადიო 106,4 FM. ამ ფესტივალის სული, გული და მთავარი ორგანიზატორი კი იყო ლადო ბურდული, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბოლო 15 წლის ქართული როკენროლი. მიუხედავად იმისა, რომ საღამოებისა და კონცერტების ამ სამდღიან ციკლს როკფესტივალი ერქვა, მე პირადად მას დავარქმევდი უფრო ალტერნატიული მუსიკის ფესტივალს, რომლის შემადგენლობაც საკმაოდ ჭრელი იყო. აქ იყვნენ ჯგუფები და შემსრულებლები: Tblisi (ლონდონი), Восьмая Марта (მოსკოვი), Бабслей (პეტერბურგი), Vostan (ერევანი), „ლაბირინთი (სამტრედია), Insight (ბათუმი), Outsider, Bajoo, Best History (ქუთაისი), ლადო ბურდული, ბაკურ ბურდული, „კონტრაბანდა“, „ამორალი“, Nevermind, „დეპრესიული არდადეგები“, ლიკა ნადარაია, Afternoon Version (თბილისი).

17 და 18 სექტემბერს საღამოები გაიმართა ვერის უბნის ერთმანეთთან ახლოს მყოფ კაფეებში, ბარებსა თუ პაბებში, რომელთა უმრავლესობაც „პეროვსკაიაზე“, ანუ ახლანდელ ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს. ესენია: „ჩობას ჯაზ-როკ კაფე“, Dima’s Heineken, Earth Wind And Fire, Metro, Vienna Bar, Toucan Pub. ღამის ქალაქის ამ მყუდრო ბუდეებში გადანაწილდნენ ჯგუფები.

რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“)
თითოეულ ბარში დაახლოებით 4-5 შემსრულებელს უნდა დაეკრა. საღამოები საღამოს 7 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქართული, უკვე ტრადიციული წესის თანახმად, გვიანდებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქუთაისიდან თბილისში ორი ჯგუფი ჩავიდა, ერთიც – ბაჯუ, ჩვენი გაზეთის მკითხველთათვის უკვე საკმაოდ ცნობილი პიროვნება. ჩვენს მუსიკოსებს თან გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ამალა ჩაჰყვა დედაქალაქში, ზოგიც – ადგილზე დახვდა. ასე რომ, ამ ორი დღის განმავლობაში 17:00 სთ-დან ზემოთნახსენებ ღამის თავშესაფრებთან უამრავი ხალხი ირეოდა. შესვლა 5 ლარი ღირდა, რაც უმრავლესობას ეძვირა, ამიტომ ბევრი უბილეთოდ (აქ: ხელზე ბეჭედდაურტყმელად) შესვლას ლამობდა, თუმცა თავდაპირველად, ანუ კონცერტის დაწყებამდე, არაფერი გამოსდიოდათ. უნდა ითქვას, რომ ქუთაისელი გულშემატკივრების ნახევარი, უსახსრობის გამო, ვერც ერთ საღამოზე ვერ მოხვდა. რეპორტიორებს, ანუ კორესპონდენტებს ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე შეგვეძლო შესვლა. მე, ძირითადად, ვესწრებოდი იმ საღამოებს, რომელშიც ქუთაისური ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი ბაჯუს გამოსვლებს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 

მინდა გავიხსენო ფესტივალის თითოეული დღე და საუბრები, რომელსაც მაგნიტურ ფირზე ვიწერდი. სურათები კი, ჩვენი ფოტოკორესპონდენტის, ზურა ზენაიშვილის მიერაა გადაღებული.

ლადო ბურდული
17 სექტემბერი. დილით ლადოს ტელეფონით ველაპარაკე. მან საღამოს 5 სთ-ზე დაგვიბარა „პეროვსკაიაზე“. საღამომდე მთაწმინდის პანთეონი მოვინახულე მეგობრებთან ერთად, ვისეირნეთ დედაქუჩაშიც. დათქმულ დროს, კაფე Metro-სთან შევხვდით ლადოს, რომელმაც ფესტივალის პროგრამა გადმომცა და მონაწილეებს შეერია. აქ უამრავ ნაცნობს და უცნობს მოეყარა თავი. ხშირ შემთხვევაში ფესტივალის მონაწილეებს მაყურებლებისგან ვერც გამოარჩევდით. ქუჩაში ვესაუბრე დიდი ხნის უნახავ მეგობარს, ჯგუფ „კონტრაბანდას“ ფრონტმენს, ბესო რაზმაძეს, იგივე ბესელას. იგი ძალიან კმაყოფილია, რომ ასეთი დიდი და კარგი ფესტივალი ჩატარდა. სხვათა შორის, მის აზრს ბევრი სხვა შემსრულებელიც იზიარებს.

სანამ საღამოები დაიწყებოდა, ჟურნალისტები, მუსიკოსები თავიანთ გულშემატკივრებთან ერთად და უბრალოდ, იქ მისულები უახლოეს გასტრონომებსა თუ სუპერმარკეტებს შევესიეთ, რა თქმა უნდა, „საწვავის“ მისაღებად, ანუ ცივი, ქაფქაფა ლუდის დასალევად. სამწუხაროდ, „არგო“ და „ყაზბეგი“ 1 ლარზე იაფად ვერსად ვიშოვეთ. ეს არაფერია იმ ფასებთან შედარებით, რაც ღამის სავანეებში ბატონობდა. ერთი ბოთლი ნაციონალური წარმოების ლუდი ერთ-ერთ ბარში 2,50 ლარი ღირდა, თუმცა, ეს კანონზომიერია ნებისმიერ ასეთ დაწესებულებაში. ყველანი ვცდილობდით კონცერტების მსვლელობისას, ლუდი შენობაში კონტრაბანდული მეთოდებით გარედან შემოგვეტანა. ამ შემთხვევაში, მე დაუფარავად, შეიძლება ითქვას, უსირცხვილოდ ვსარგებლობდი ჩემი ჟურნალისტის მოწმობით. საღამო კაფე Earth Wind And Fire-ში 8 სთ-ზე დაიწყო. აქ პირველები გამოვიდნენ სომხური ჯგუფი „ვოსტანის“ წევრები. კონცერტის დაწყებამდე გავესაუბრე ვოკალისტს, ოვანეს მუნგენიანს არა ქართულ, არა სომხურ, არამედ რუსულ ენაზე.

***

ოვანეს მუნგენიანი („ვოსტანი“)
– ჩვენ ერევნიდან ვართ, ჯგუფი არსებობს 1986 წლიდან და მუშაობს ჰარდ-ენდ-ფოლკ როკში. ამ შემადგენლობით ჩვენ უკვე მე-5 წელია, რაც ვუკრავთ. თბილისში პირველად ვართ, ვფიქრობთ, რომ ამ ქალაქში კარგი პუბლიკაა. ჩვენი ჯგუფის დანარჩენი წევრები არიან: დავიდ კუშარიანი – სოლო გიტარა, ალიკ ნაზარიანი – ბასი, ლევონ ოვსერსიანი – დასარტყამები.

– ოვანეს, შენი აზრით, როგორაა მუსიკის საქმე კავკასიაში?

– პერესტროიკის დაწყებიდან დიდი აღმავლობა დაიწყო როკმუსიკაში. 1987 წელს ერევანში დიდი ფესტივალი ჩატარდა, სადაც 40-მა ჯგუფმა დაუკრა. 3 დღის განმავლობაში ველოტრეკი, სადაც ეს ფორუმი ტარდებოდა, პირთამდე იყო გადაჭედილი. მაყურებელთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყარაბაღის ომმა ძლიერი უარყოფითი დარტყმა მიაყენა როკს. მხოლოდ ახლა ვცდილობთ, აღვადგინოთ ყველაფერი. უკვე წელიწადია, მოქმედებს როკკლუბი. გასულ წელს ჩვენ სომხეთის დახურული ფესტივალი მოვაწყვეთ. საინტერესოა, რომ მასში 25-მდე ახალგაზრდა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის ისაა, რომ სომხეთში, ძირითადად, ინგლისურენოვანი ჯგუფები არიან. ჩვენ ვუკრავთ სომხურ როკს სუფთა მუსიკალური ხედვით. ესაა ტრადიციული როკისა და სომხური ჟღერადობის სინთეზი. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ კალიფორნიელი სომხების ჯგუფს (სამწუხაროდ, ხმაურის გამო, ჯგუფის სახელწოდება ჩანაწერში თითქმის არ ისმის და სავარაუდოდ, System Of A Down-ზე ლაპარაკობდა. ლ.გ.), რომელთა მიერ გამოშვებული დისკი ამერიკაში აღიარეს წლის 10 საუკეთესო ალბომს შორის. ვფიქრობ, რომ სომხური როკი არსებობს. სამწუხაროა, რომ კავკასიაში როკი არაკომერციულია. რაც დღეს თბილისში ტარდება, შესანიშნავია. საჭიროა ჩვენ ერთმანეთს ხშირად შევხვდეთ, მოვაწყოთ ერთობლივი პროექტები და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

– შენი აზრით, მსოფლიოს როკმუსიკაში შეიმჩნევა თუ არა პროგრესი?

Friday, September 17, 1999

ვატო ნებიერიძე – გავიდეთ ვაკუუმიდან!

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ვიოლინოს ხემის ნაცვლად ხელში საფარიკაო დაშნა დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ წლების შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა ქალაქში ერთგვარი როკ-ლაბორატორია ჩამოაყალიბა, მიუხედავად იმისა, რომ ოპერის თეატრის სიმფონიური დასი ესპანეთში ამოგზაურა და კონცერტები გაამართვინა, მიუხედავად იმისა, რომ მას განსაკუთრებით უყვარს ჯგუფები The Rolling Stones, Sex Pistols და სულიერი შვილობილი „აუტსაიდერი“, მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს ერთ-ერთი პირველი, გამოცდილი პანკია, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და ქალ-ვაჟი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქვია ვახტანგ ნებიერიძე, მისი ნამდვილი ზედმეტსახელი მაინც „სტრადივარია“.

– ჩვენს ქალაქში პერესტროიკის დროს შენი და ტუსოვკას (თემურ ჯოხაძე) მიერ დაწყებული საქმე, საქართველოს მასშტაბით, შეიძლება ითქვას, პირველი ნაბიჯები იყო შოუბიზნესში. თქვენ რუსეთიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოგყავდათ ჯგუფები. თქვენს გაერთიანება „მელომანში“ ჩამოყალიბდა პირველი ქუთაისური როკჯგუფები, მახსოვს, რა მადლიერები იყვნენ თქვენი, მაშინდელი ახლადფეხადგმული თბილისური შემსრულებლები: „ტაქსი“, „გენეტიკური კოდი“, ირაკლი ჩარკვიანი, კახა კიკაბიძე და სხვები. შენი აზრით, რა მოხდა ჩვენს ქალაქში? რატომ გადაინაცვლა ცენტრმა თბილისში?

– ეს ორგანიზაცია, რომ ე.წ. „პოპსა“ ყოფილიყო, ჩვენ რომ ქალაქში კომერციული ჯგუფები ჩამოგვეყვანა, უფრო გამოვჩნდებოდით. ადრე თბილისში ბობ დილანი იყო ჩამოსული, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხი ვერ ხვდებოდა ვინ იყო ის. ამბობდნენ ვიღაც პოეტი ბობ დილანია ჩამოსულიო. აი, B.B. King-ს შესანიშნავად დახვდნენ.

ჩვენ უფრო ანდერგრაუნდის (იატაკქვეშა) მუსიკას ვემსახურებოდით და ნაღდად არ ვჩანდით ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, ისეთ ქალაქში, როგორიც ქუთაისია. მაშინ ფილარმონია ბატონობდა. ეს დღესაც ასეა. ახლაც ხდება საინტერესო რაღაცეები, მაგრამ მასას ეს არ აინტერესებს. ეს მხოლოდ გარკვეული ფენების ყურადღების ცენტრშია.

– თბილისში არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული არიან შოუბიზნესის განვითარებით, მაგრამ ისინი უფრო „პოპსა“ ჯგუფებში დებენ ფულს, დიდ ფულს.

– „მელომანი“ ცდილობდა პოპულარიზაცია გაეწია ანდერგრაუნდის ისეთი მიმდინარეობებისათვის, როგორებიცაა: პანკი, ალტერნატივა და ა.შ. აი, მაგალითად, ჯგუფი „აუტსაიდერი“ ჩვენთან სწორედ, ასეთ ბაზაზე შეიქმნა. როდესაც მომავალი აუტსაიდერელები „მელომანში“ მოვიდნენ, მათ არ იცოდნენ რა უნდოდათ, ვერ ხვდებოდნენ, ჩვენ რას ვთავაზობდით. მაგრამ შემდეგ ბიჭებმა მოგვისმინეს, მოეწონათ ჩვენ მიერ მიწოდებული მუსიკა, დაფიქრდნენ და ეს ყველაფერი გაითავისეს. თავდაპირველად კი ისინი აზრზე არ იყვნენ თუ რას წარმოადგენდა პანკმუსიკა, ალტერნატივა. 

პირადად ჩემთვის ეს არის სწორი გზა თანამედროვე მუსიკაში, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ. ვფიქრობ, რაც მეტი იქნება ასეთი ორგანიზაცია, რომელიც, ჩემის აზრით, ახალგაზრდებს სწორ გზაზე დააყენებს, უფრო მოხარული ვიქნები. ამ ჩემს ნათქვამს ალბათ, ცოტანი გაითავისებენ.

– ვატო, რატომ მაინცა და მაინც ანდერგრაუნდს უნდა უსმინონ ახალგაზრდებმა?

– ჯაზიც კარგია და კლასიკაც, მაგრამ ეს ისეთი მუსიკაა (ანდერგრაუნდი), რომელიც აწონასწორებს ყველაფერს. ეს მიმდინარეობა, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად გამოხატავს სულის თავისუფლებას. აქ არაფერი არ გბოჭავს. თუნდაც მეტალსა თუ ჯაზში რაღაც გაკავებს, რაღაცას ჩაწვდომა სჭირდება. აქ კი, შენ რასაც გინდა იმას აკეთებ.

– თვით პანკი ზედმეტად აგრესიული ხომ არ არის?

Friday, September 3, 1999

ქართველი კოსმოსში

ბაჯუ 1992 წელს გავიცანი, როდესაც ჩემ ტელეგადაცემა „კედელში“ ჯგუფ „აუტსაიდერის“ შემოქმედება უნდა გამეშუქებინა. ამ ჯგუფში ის დასარტყამებზე უკრავდა, თუმცა, საკუთარ პროექტზეც მუშაობდა. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, ბაჯუ თითქმის არ შეცვლილა. ის ამტკიცებს, რომ არ არის ვარსკვლავი, რადგან ვარსკვლავებით, უკვე მოჭედილია ჩვენი ცა. ის იყო, არის და იმედია, იქნება ნოვატორი მუსიკოსი, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და განვლილი გზით. პანკი, მეტალი, რეპი, ტრანსი, ესიდი – არასრული ჩამონათვალია იმ თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობებისა, რითაც იყო გატაცებული ეს უნივერსალური მუსიკოსი.

წლევანდელი უჩვეულო აგვისტოს სიცხისაგან გათანგულ დღეს შედგა ჩვენი დაუგეგმავი საუბარი ბაჯუს, იგივე გიგა მჟავიას (დღეს უკვე გიგა ერისთავის), გრილ, უკონდეციონერო ბინაში. წარმოიდგინეთ: უსკამო ოთახი, ერთ-ერთ კედელზე მაგიდის ღამის სანათური ბრის ფუნქციით, ერთ კუთხეში მასპინძლის ინსტრუმენტები, კედელზე ნახატები, პოსტერები, ფოტოები და ფერადი ნათურები, ტელევიზორი, ოთახის სხვა კუთხეში – ძალზედ დაბალი ტახტი, იატაკზე – ფართე ხალიჩა, რომელზეც მე და ბაჯუ ვსხედვართ. ვსაუბრობთ...

– ბაჯუ, როგორ შეგიძლია გაეცნო იმ ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობ? 

– არასოდეს არ ვცდილობ, ვინმე გავიცნო. თუ ვინმეს ჩემი სურს, თავად გამეცნოს. მე ჩემთვის ვცხოვრობ. საკუთარი თავი, ჩემი შინაგანი სამყარო კი, შემიძლია, ჩემი მუსიკით დავანახო ყველას. 

– შენ ნოვატორ მუსიკოსად ითვლები. შემოგაქვს ახალი, თანამედროვე მიმდინარეობები. ასე იყო ადრეც. გულახდილად მიპასუხე –ხომ არ დაიღალე?

– ყოველ 7 წელიწადში იცვლება მომავლის ფსიქოლოგია, ჩემი შინაგანი გენეტიკა და ზოგჯერ დროის ისეთ მონაკვეთში ვექცევი, როცა სულიერი სიმშვიდე და სხვა, ახალი სამყაროები მჭირდება განვითარებისთვის, რომელსაც რეალობის მაცქერალი ადამიანი ვერ აღიქვამს. უკვე ძალიან ღრმად მაქვს ნაგრძნობი და შესწავლილი პლანეტაზე არსებობა. რთულია, რაღაც მომენტში, როცა ზემოდან უყურებ ყველაფერს. ყველას უნდა გასცე პასუხი, სახეში უცინო...შესაძლოა შენ ყველასთან ერთად ხარ, მაგრამ მაინც განმარტოებული. იმიტომ კი არა, რომ რაღაც არ გაკმაყოფილებს, უბრალოდ, არ მაინტერესებს, რას აკეთებენ ჩემი სამზარეულოს ზედა უჯრაში ჭიანჭველები, რომლებიც ახლა, ალბათ, ზამთრისთვის ემზადებიან.

– დაღლის უფლებას არ აძლევ საკუთარ თავს?

– დაღლას ისედაც ვერასდროს ვერ ვგრძნობ.

– წარმოიდგინე შენი თავი საუკუნეში, რომელიც ჩვენ გვაჩუქეს, ვთქვათ, 30 წლის შემდეგ, ე.ი. 2029 წელს. ბაჯუ, როგორი სიტუაციაა ირგვლივ?

– სად, პლანეტაზე?

– ჰოო, თუნდაც...

– მაგ საუკუნის 20-იან წლებში ისეთივე განვითარება ექნება ცივილიზაციას. ოღონდ 100-ჯერ, 200-ჯერ მეტი სწრაფი ტემპით, ვიდრე დღეს. თუ ადამიანი ამ მოვლენებს რაღაც მაგიური ძალით არ შეეგება – იგივე მუსიკით, თუ თეატრით, – საცოდაობა იქნება მაშინ დედამიწაზე ცხოვრება. თუ აკვირდები, დღესაც რაღაცნაირად დაპროგრამებულია ყველაფერი. იმ დღეებამდე არის გზა და როგორც შეავსებ შენი ტვინის უჯრედებს, ისე წახვალ იქით, ხოლო თუკი აქედან ამ გზას ქვეცნობიერად მიუღებელ ფორმებში გაივლი, მაშინ დაღუპული ხარ.

– მზის დაბნელების დროს რით იყავი დაკავებული?

– მეძინა, რაღაც სიზმრებს ველოდებოდი და მივიღე. ერთ დროს ვმუშაობდი სიზმრებზე, მის ფაზებზე და ერთი წლის განმავლობაში შედეგებიც მივიღე. კერძოდ, ბუნებას შევხედე ცოტა სხვა თვალით – ჩიტებს, ობობებს. 

– ადრინდელ ჩვენს ინტერვიუში შენ აღნიშნე, რომ შენი ტვინი მოგზაურობს სხვადასხვა ადგილებში. კერძოდ – ქუჩებში, მდინარეებზე, ტყეებში, მინდვრებში, ოკეანეებში გისეირნია...

Thursday, August 26, 1999

პარასკევი, 13

სამი ძირითადი სიტყვა, რომელიც აერთიანებდა 1960-იანი და 1970-იანი წლების როკ-ენ-როლის მიმდევრებს – Sex, Drugs & Rock’N’Roll, ანუ „სექსი, ნარკოტიკები და როკ-ენ-როლი“, ქუთაისელი როკერებისთვის რატომღაც ასე ჟღერს: „ლუდი, სექსი, როკ-ენ-როლი“.

1999 წლისთვის მხოლოდ ერთი პარასკევი დაემთხვა „თარს“ 13 რიცხვს, ისიც აგვისტოში. რა არ უნდა მომხდარიყო ამ დღეს. თქვენ, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი შიშის ძრწოლით უყურებენ ასეთ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ და უმნიშვნელო თარიღებს ზოგიერთ, ცივილიზებულ (თუ ცივილურ?) ქვეყანაში (ალბათ, ესეც ერთი შეხედვით ჩანს). ასეთი განვითარებული ქვეყნების ზოგიერთი წამყვანი ავიაკომპანიის თვითმფრინავები პარასკევს, 13 რიცხვებში საერთოდ არ დაფრინავენ, ზოგი საწარმო თუ დაწესებულება ისვენებს. ვიმედოვნებ, რომ წლეულსაც ასე იქნებოდა. 11 აგვისტოს, მზის საყოველთაო დაბნელებას დიდი აჟიოტაჟითა და სიხარულით შეხვდნენ საზღვარგარეთ. მოაწყვეს მისი პირდაპირი (ცოცხალი) რეპორტაჟები, ჩატარდა როკ-ფესტივალები ღია ცის ქვეშ. მხოლოდ ჩვენთან იყვნენ ადამიანები სახლებში შეყუჟულები და ბევრი რატომღაც სასწაულს ელოდა.

ერთი ფრანგი ხელოვანი ვარაუდობდა, რომ სწორედ 13 აგვისტოს, პარასკევს პარიზში მეტეორი უნდა ჩამოვარდნილიყო. ეს ხელოვანი, რომელიც წინასწარმეტყველურ ნიჭს იჩემებდა (ინტერვიუ გაზაფხულზე გამოქვეყნდა), ხალხს მოუწოდებდა, იმ დღეს პარიზში არ გაჩერებულიყვნენ. ჩვენთვის უცნობია, როგორ გაითვალისწინეს ფრანგებმა ეს რჩევები.

ჩვენს ქალაქში, იმ ორი დღის (11 და 13 აგვისტოს) განმავლობაში არაფერი ძლიერ მნიშვნელოვანი არ მომხდარა. უბრალოდ, მოსახლეობის ნაწილი დასასვენებლად გაემგზავრა, ნაწილი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, მესამე ნაწილი კი არც არსად გამგზავრებულა და აქედან გამომდინარე, არც არსაიდან ჩამოსულა. კურორტებზე გამახსენდა. ქუთაისელმა როკის მოყვარულებმა, ალბათ, არ იციან, რომ ქობულეთში არსებობს ერთი კარგი ჯგუფი, რომელსაც „სიჩუმე“ ჰქვია. ჯგუფის წევრებს, მართალია, პროფესიონალურ დონეზე ჯერ არც ერთი სიმღერა არ ჩაუწერიათ, მაგრამ ისინი საინტერესო ხმაურიან მუსიკას უკრავენ ჯაზის ელემენტებით. ბიჭებს ძალიან მოსწონთ ჯგუფები: The Doors, Nirvana, Metallica, Manowar, The Beatles (კერძოდ ლენონი) და ბათუმური ჯგუფი Mutabor, რომლის წევრებიც „სიჩუმესთან“ მეგობრობენ. ქობულეთელები არც ერთ თბილისურ და ქუთაისურ ჯგუფს არ იცნობენ. ჯგუფ Mutabor-ის ჩანაწერი უკვე ჩვენს ხელთაა და უნდა დაველოდოთ რადიო „ნოსტალგიას“ ხელახალ ამუშავებას, სადაც თქვენ ამ ჩანაწერსა და კიდევ სხვა ახალ ქართულ კომპოზიციებს მოისმენთ გადაცემაში „შუაღამის გემი“.

მზის დაბნელებამდე ორმა ქუთაისურმა ჯგუფმა მოასწრო აუდიოჩანაწერის გაკეთება. ესენი არიან ჯგუფები: „ბუნკერი“ და „რადიკალი“. ამ სიმღერებსაც თქვენ აუცილებლად მოისმენთ რადიოგადაცემა „შუაღამის გემის“ კაიუტებში. აი, ასე ემზადებოდნენ ჯგუფები ამ ფატალური თარიღისათვის. დაახლოებით ერთი თვით ადრე სპეციალურად P.S.-თვის და „L.G. სტენდისთვის“ ვესაუბრე ჯგუფ Best History-ს უცვლელ ვოკალისტს, ფრონტმენ გიორგი (ჟორა) ხონელიძეს.

ჯგუფი Best History შეიქმნა 1996 წელს რადიო „ძველი ქალაქის“ წიაღში. ჯგუფი დააარსეს ჟორამ და ვატო კიკალეიშვილმა, რომელთაც ერთ-ერთ მორიგეობაზე, ღამით, გამორთეს საეთერო მიკროფონები, სამსიმიანი გიტარითა და რძის ქილებით ჩაწერეს თავიანთი რეპეტიცია. როგორც გიორგი აღნიშნავს, ძველი სიმღერები ხასიათით განსხვავდებიან ახლებისაგან. 1997 წლიდან ჯგუფში უკრავს ნიკა (ნიკალა) სვანაძე, რომელმაც საკუთარი ხელით დაამზადა ელექტროფანდური. მოგვიანებით, ჯგუფიდან წავიდა ვატო კიკალეიშვილი. ხოლო 1997 წლის ბოლოს „საუკეთესო ისტორიას“ შემოემატნენ ძმები – ზვიად (ელ. გიტარა) და ზაზა (დასარტყამები) საკანდელიძეები.

* * *

– როგორ იწერება მუსიკა თქვენს ჯგუფში?

Thursday, July 8, 1999

გავუსინჯოთ მაჯისცემა ჯგუფ „პულსს“

ბრძოლა საკუთარ თავთან

დღე მშვენიერი გათენდა, მზიანი, მშვიდი, ივნისის უკანასკნელი ამოსუნთქვა. ქუთაისში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, ოშოისტების ნამუშევრების გამოფენას „ბაგრატის ფონდის“ დარბაზში, რის შესახებ ჩემი რესპოდენტი მოგვიანებით აუღელვებლად გაიკვირვებს: „რა უნდა ოშოს ტრანსულ გამოფენასა და მედიტაციებს ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდში? – პაუზის შემდეგ დაუმატა, – რა უნდა ჯგუფ „აუტსაიდერს“, ვთქვათ, სახელმწიფო ფილარმონიაში?..“ სწორედ, ამ მშვენიერ დღეს ავედით მე და ჩვენი გაზეთის ფოტოკორესპონდენტი ზურა ზენაიშვილი ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ჯგუფი „პულსი“ ატარებს რეპეტიციებს. ოთახში წესრიგია, მაგრამ ჭერიდან წყალი წვეთავს. „პულსის“ ბიჭები ამბობენ, რომ წყალი, რატომღაც, მხოლოდ მზიან ამინდში წვეთავს. პატარა „მაგიდაზე“ გაზეთ Я Молодой-ს ერთ-ერთ გვერდზე, სადაც ჯგუფ Prodigy-ს ფოტო და სტატიაა, ძველი პურის ნატეხი და მინის უცნაურად შეჭყლეტილ-შემოჭყლეტილი ღვინის ძველებური ბოთლი დევს. როგორც სოსო ივანეიშვილი – ჩვენი მასპინძელი, – ამბობს, ბოთლი ჩვენი საცოდაობით დადნა და ფორმა იცვალაო...


ვფიქრობ, დადგა დრო, გავიცნოთ ჯგუფი „პულსი“. ესენი არიან:

სოსო ივანეიშვილი – ვოკალი, გიტარა, სიმღერების ავტორი და საერთოდ, ჯგუფის დამაარსებელი;

მირიან თუმანიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ანუ დრამერი;

გოგა ქარსელაძე – ბას-გიტარა.

ჯგუფს ჰყავს კიდევ ერთი გასაიდუმლოებული წევრი.

***

ზუსტად იმ დღეს შევიძინე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, რომელშიც თავად ავტორის ნახატებია. „ნომერი პირველი“ ნახატი, რომელიც ეგზიუპერის ყოველთვის თან დაჰქონდა და ადამიანებს უჩვენებდა მათი აზრის გასაგებად, იმ დღეს ჩემს ხელში აღმოჩნდა. ვისარგებლე შემთხვევით და გადავწყვიტე ბიჭებისთვის მეჩვენებინა. აი, ეს ნახატიც:

ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“ ნახატი №1

სოსოს ვერსიები: ესაა მლოცველი, რომელსაც ნაჭერი გადაუფარებია და დაჩოქილი ლოცულობს, ან მკვდარი სპილოა, ან თუნდაც უდაბნოში ნახევრად ჩამარხული გიტარა.

მირიანის აზრით, ეს სველპირსახოცგადაფარებული სპილოა.

გოგას ძალიან შიოდა და სიცილით თქვა, რომ ახლა ეს ნახატი შემწვარ ქათამს მაგონებსო.

ეგზიუპერის აზრით, ვინც ამ სურათზე ქუდს დაინახავს, ის უკვე დიდია, რადგან სინამდვილეში მან დახატა მახრჩობელა გველი ბოა, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. ჩვენს შემთხვევაში, არც ერთის პასუხი არ იყო „ქუდი“...