Wednesday, August 21, 2019

„წამოყევი „ა“ მატარებელს“

რკინიგზის მუსიკა

რკინიგზა და მატარებელი განსაკუთრებით მიყვარს ტრანსპორტის სახეობებს შორის. თითქმის ყოველთვის მისი ხმა მუსიკასთან და სხვადასხვა რიტმთან ასოცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მატარებელი ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური სატრანსპორტო საშუალებაა. მის ლიანდაგებზე მოძრაობას აქვს სხვადასხვა რიტმი და ტემპი, რაც მუსიკის განუყოფელი ნაწილია. სხვათა შორის, რკინიგზის სკოლაში ვსწავლობდი (იყო ასეთი სკოლებიც საქართველოს სსრ-ში), რომელიც სადგურთან ახლოს იყო და ხშირად გაკვეთილებზეც ისმოდა იქ ჩამომდგარი თუ დაძრული თბომავლების თუ ელმავლების საყვირის ხმები. ამ სტატიაში მინდა მატარებელი უშუალოდ დავუკავშირო მუსიკას და ჩემი საყვარელი კომპოზიციებიც გაგაცნოთ.


მე-19 საუკუნეში დიდი ინდუსტრიული რევოლუციის დროს რკინიგზა მასობრივი გადაადგილების საშუალება გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან იგი უამრავი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა, როგორც კაცობრიობის დიდი წინსვლისა და სიახლის სიმბოლო. ხელოვნების სულ ახალი დარგის – კინემატოგრაფიის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებიც კი რკინიგზას უკავშირდება. ძმებმა ლუმიერებმა 1896 წელს გადაიღეს 48-წამიანი ფილმი – „მატარებლის შემოსვლა ლა-სიოტას სადგურში“, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და ადამიანებზე  უზარმაზარი, შოკური ეფექტი მოახდინა. რკინიგზით შთაგონებულებს შორის, რაღა თქმა უნდა, მუსიკოსებიც იყვნენ. მატარებლის სიჩქარე, რიტმი და ტემპი, ბუნებრივ ხმებთან ერთად, ნიჭიერ კომპოზიტორებს საინტერესო მუსიკალური ნაწარმოების შექმნისთვის შთააგონებდა. 

იოჰან შტრაუს I (მამა)
დავიწყოთ კლასიკური მუსიკით. კომპოზიტორები ხშირად მგზავრობდნენ მატარებლით და მგზავრობის დროს შესანიშნავ მუსიკასაც წერდნენ ხოლმე. თუმცა მათ შორის  ისეთებიც იყვნენ, რომლებიც დიდი ინდუსტრიული რევოლუციის ამ მონაპოვარს სულაც არ უყურებდნენ მოწყალე თვალით. ცნობილ გერმანელ კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს ძალიან არ უყვარდა მატარებლით მგზავრობა. გერმანელი ფელიქს მენდელსონი კი რკინიგზაზე მგზავრობას „ნერვების აგონიას“ უწოდებდა. საბედნიეროდ, ისტორიამ არაერთი კომპოზიტორი და მუსიკოსი შემოინახა, რომელთაც ძალიან უყვარდათ მატარებელი და შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილიც დაუთმეს მას. რამდენიმე მათგანს ახლა გავიხსენებ. 

იოჰან შტრაუს I-მა 1836 წელს დაწერა Eisenbahn-Lust Waltz („რკინიგზით აღტაცების ვალსი“). ამ ნაწარმოებით აღინიშნა ვენიდან ჩეხეთის ქალაქ ბრეცლავთან დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზის გახსნა. ნაწარმოები იწყება და მთავრდება ორთქლმავლის ლოკომოტივის ხმებით. იგი პირველია შტრაუსების ოჯახის კომპოზიტორი წევრების (რომელთა შორისაც მამა და სამი შვილი შედიოდა) მიერ ამ თემაზე შექმნილი რამდენიმე ნაწარმოებიდან. „ვალსების მეფედ“ წოდებულმა შვილმა იოჰან შტრაუს II-მ რკინიგზას ცნობილი Vergnügungszug Polka, op. 281 („სასეირნო მატარებლის პოლკა“) მიუძღვნა.



მუსიკის ახალ ლექსიკონში რუს კომპოზიტორ მიხეილ გლინკას ნაწარმოები „მოგზაურობის, ანუ მატარებლის სიმღერა“ აღწერილია, როგორც სავარაუდო პირველი სიმღერა რკინიგზის შესახებ. გლინკამ სიმღერა მისი მეგობრის, ნესტორ კუკოლნიკის ტექსტზე 1840 წელს შექმნა. სიმღერის სიტყვები ასეთია: „მატარებელი სწრაფად მიიწევს წინ სოფლის გზაზე, ის ქარზე უფრო თავისუფალია“. მუსიკაც შესაბამისი ტემპით, სტაკატოებით და რიტმითაა წარმოდგენილი.