Thursday, January 18, 2018

ქართული ჯაზის ისტორია გელა ჩარკვიანთან ერთად

ცნობილი ქართველი დიპლომატი და პედაგოგი გელა ჩარკვიანი ჩემს ცნობიერებაში თავისი ტელეგადაცემით „გლობუსი“ შემოვიდა, სადაც იგი საინტერესოდ მოგვითხრობდა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხზე, მათ ისტორიაზე, პოლიტიკასა და კულტურაზე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში გელა ჩარკვიანი პოპულარულ მწერლადაც მოგვევლინა. მისი წიგნები – „ნაგერალა“, „ნაგერალა 2“, „ინტერვიუ მამასთან“ და „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ ბესტსელერები გახდა. გელა ჩარკვიანი მუსიკოსი და კომპოზიტორიცაა. იგი დიდი ხანია მუსიკას ქმნის და რამდენიმე ალბომიც აქვს გამოშვებული. ვიცოდი, რომ ის ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ორკესტრებთან. იყო და არის ჯაზის უდიდესი თაყვანისმცემელი. მას სწორედ მუსიკაზე სასაუბროდ ვეწვიე.

– ბატონო გელა, მუსიკას როგორ სწავლობდით?

– მე-6 კლასში ვიყავი, როცა სიმფონიურთან ერთად დავუკარი ანდრია ბალანჩივაძის მე-3 კონცერტის მე-3 ნაწილი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწარმოების პირველი შემსრულებელი ვარ. მოსკოვში რომ გადავედით საცხოვრებლად, იქ მთელი წელიწადნახევარი ნიჭიერთა ათწლედში ვიყავი, სადაც თავის დროზე ბევრი ცნობილი კომპოზიტორი სწავლობდა. მერე თავი მივანებე, მასწავლებელი არ მომეწონა. მოგვიანებით, მუსიკის წერა და ჯაზის შესრულებაც დავიწყე.

– აკრძალული იყო თუ არა ჯაზი სსრკ-ში?

– ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ პერიოდს გულისხმობთ. 1930-იან წლებში სსრკ-ში ჯაზი დაშვებული იყო, არავის აუკრძალავს. ალექსანდრე ცვასმანი უკრავდა, ედი როზნერის ორკესტრი იყო. ნამდვილი, დიდი სვინგ-ორკესტრები უკრავდნენ. ზოგადად მსოფლიო ჯაზშიც სვინგი იყო ტენდენცია და სსრკ-შიც უკრავდნენ სვინგს. ლეონიდ უტიოსოვი უფრო მსუბუქად უკრავდა, მაგრამ ესეც ჯაზი იყო. კომპოზიტორი მაქსიმ დუნაევსკი წერდა, უფრო მეტს გავაკეთებდი ჯაზისთვის, მეტი შესაძლებლობები რომ მქონოდაო. რა თქმა უნდა, საბჭოთა ჯაზი ვერ იქნებოდა ამერიკულის სიმაღლის, რადგან ეს უკანასკნელი ჯაზის სამშობლოა და ყოველთვის წინ იყო თავისი განვითარებით, მაგრამ 1930-იან წლებში სსრკ-ში უკრავდნენ ჯაზს და მსმენელს ეს მოსწონდა. იგი ომის შემდეგ აიკრძალა. სტალინი მუსიკაში კარგად ერკვეოდა – თავის დროზე ეგზარქოსის გუნდშიც მღეროდა, ნოტებიც კარგად იცოდა, უყვარდა ოპერა. მამაჩემი ყვებოდა, რომ თითქმის ყველა ოპერის პატეფონის ფირფიტები ჰქონდა, ხშირად უსმენდა და ზეპირადაც იცოდაო. აი, ასეთი გემოვნება ჰქონდა, ამიტომ მისთვის განსხვავებული მუსიკა მიუღებელი გახდა და ეს არ იყო მხოლოდ ჯაზი. მან მკაცრად გააკრიტიკა კომპოზიტორები – შოსტაკოვიჩი, პროკოფიევი ან თუნდაც ვანო მურადელი. მართალია ეს პირადად არ გაუკეთებია, მაგრამ ერთ-ერთ მდივანს ათქმევინა.

– და ჯაზის აკრძალვის კონკრეტული მიზეზი რა გახდა?

– ომის შემდეგ, როდესაც საბჭოთა მეომრები შინ დაბრუნდნენ, საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა – მათ ნახეს ევროპა, ცხოვრების მაღალი დონე, წესრიგი ამ ქვეყნებში და ბუნებრივია, შედარება დაიწყეს. მაშინ სტალინმა შემოიღო ტერმინი – Низкопоклонство перед Западом (დასავლეთისადმი ქედის მოხრა). როცა მამა საქართველოში თანამდებობიდან გათავისუფლდა, საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით და იქ მე-7 კლასიდან ვსწავლობდი. მაშინ უკვე დაიწყო საუბრები, რომ დასავლეთს ქედი არ უნდა მოვუხაროთ, რადგან არაფრითაა ჩვენზე უკეთესიო... სწორედ ამ პერიოდში ყველა დიდი მეცნიერული მიღწევა, რაც კი მსოფლიოში არსებობდა, რუსებს მიაწერეს. მე ისეთი სახელმძღვანელოებით ვსწავლობდი, სადაც არც ალექსანდრე ვოლტა იყო ნახსენები, არც ჯეიმზ ვატი... ეს ამან აღმოაჩინა, ეს იმან გამოიგონაო – ვიღაც რუსებზე ეწერათ. ეს ისტერია რამდენიმე წელი გაგრძელდა. სტალინი რომ გარდაიცვალა, მერე მიხვდნენ, რომ ასე აღარ შეიძლებოდა, თუმცა რაღაცეები მაინც შემორჩა.

გელა ჩარკვიანი ინსტრუმენტთან, 1974 წელი
იგივე ეხებოდა ჯაზსაც. ჯაზი დასავლური, კერძოდ, ამერიკული მუსიკა იყო. იმ პერიოდში ამერიკას უკვე ჰქონდა მთავარი იარაღი – ატომური ბომბი. მოგვიანებით, 1949 წელს საბჭოთა კავშირმაც შექმნა ეს იარაღი. სწორედ ამ სამხედრო ჭიდილში სსრკ-სთვის მთავარი ანტაგონისტი ამერიკა გახდა, ხოლო ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი თავისუფლების მუსიკა მაშინ ჯაზი იყო. ამიტომ ჯაზი უმაღლეს დონეზე აიკრძალა. წმინდა მუსიკალურ-პროფესიულ რანგში თუ განვიხილავთ, ჯაზისთვის დამახასიათებელი დისონანსური აკორდის გამოყენებაც კი აღარ შეიძლებოდა. ეს აკრძალვა სტალინის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.