Friday, July 16, 2004

რობი კუხიანიძე: „ესენი ლოგინიდან მღერიან და ამ დროს მათ ვიღაცა ერთ ადგილას ეფერება, ხელს უსვამს“

საქართველოში სულ უფრო ცოტა რჩება ხელოვანი, რომელიც საკუთარი უკომპრომისობითაა გამორჩეული. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ბევრი მათგანი ახალი ხელისუფლების მეხოტბე და მხარდამჭერი აღმოჩნდა, რაც შეიძლება არცაა დასაძრახი, რადგან ასაკით ახალგაზრდა ხელისუფლებას, ალბათ, პირველ რიგში, თანატოლების გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა პოლიტიზირებულ საზოგადოებაში ვიღაცეები უკვე პოლიტიკოსობენ კიდეც, ჭკუასაც გვარიგებენ და ამ სტატიის მთავარი გმირის, რობი კუხიანიძის არ იყოს, „პაპკებით“ იწყებენ სირბილს.

მგონი თემიდან გადავუხვიე, ანუ აუტში წავედი. მაგრამ მეპატიება, რადგან დღეს რობი კუხიანიძისა და მისი „აუტსაიდერის“ ახალ კონცერტზე მექნება საუბარი, რომელიც 3 ივლისს „ვაკის თეატრალურ სარდაფში“ ჩატარდა. მინდა გულწრფელად აღვნიშნო, რომ მსგავსი სიამოვნება ქართველ შემსრულებელთა კონცერტებიდან კარგა ხანია არ მიმიღია. თანაც „აუტსაიდერს“ ასეთი მოწესრიგებულად და დავარცხნილად ალბათ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ არ დაუკრავს.