Friday, July 5, 2019

მოხეტიალე Soft Eject „ლისი ვანდერლენდზე“ მეგობრებს ეპატიჟება

1990-იანების გარიჟრაჟზე თბილისში შექმნილი Soft Eject ერთ-ერთი პირველი ქართული როკჯგუფი აღმოჩნდა, რომელმაც პოსტ-საბჭოთა სივრცე გაარღვია და საკუთარი შემოქმედება ევროპაში, გერმანიაში გაიტანა. ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ბენდი ცდილობს დასავლური სტანდარტებით იარსებოს – ჰქონდეს საკუთარი სტუდია და სარეპეტიციო, რაც 1990-იანებში ნებისმიერი ჯგუფის ოცნება იყო. 


მახსოვს, სულ პირველად „სოფთების“ Please Just Carry On-ს აუდიო კასეტაზე მოვუსმინე (ახლობელმა ჩამირთო ისე, რომ არ მითხრა შემსრულებელი ვინ იყო) და დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრიტანულ ბენდს ვუსმენდი. შემდეგ მეგობარმა ამიხსნა, რომ ჯგუფის ყველა წევრი ქართველი იყო. 

ამის დაჯერება ცოტა გამიჭირდა, რადგან 1990-იან წლებში ქართველები ცოტა სხვაგვარ რეპერტუარს ვუკრავდით. ეს კი საოცრად მელოდიური, მშვიდი, თბილი, ჰარმონიული და რაფინირებული მუსიკა იყო, თითქოს იმ სოციალური რეალობიდან ამოვარდნილი.

როკს უყვარს ლეგენდები და, მოდით, ჩვენც იმ ლეგენდით დავიწყოთ, რომ შორეული 1989 წლის ერთ მშვენიერ დღეს თბილისში მეგობრებისგან შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც შემდგომში Soft Eject ეწოდა. ესენი იყვნენ: გია ქარჩხაძე (გიტარა, ვოკალი), ოთარ ყარალაშვილი (გიტარა, ვოკალი), ირაკლი „პეჩო“ ჭელიშვილი (გიტარა, ვოკალი), ვახო ბაბუნაშვილი (ბასი, ვოკალი) და ნოდარ მანჩხაშვილი (დასარტყამები).


ლეგენდის მიხედვით, გია ქარჩხაძემ და ოთარ ყარალაშვილმა ერთმანეთი 14 წლის ასაკში გაიცნეს, როდესაც ქვიშხეთში დასასვენებლად ჩასულებმა შემთხვევით ერთად დაუკრეს მათ უსაყვარლეს ინსტრუმენტზე – გიტარაზე. 

ისინი, რასაკვირველია, დამეგობრდნენ და ხშირად უკრავდნენ ერთად გიტარაზე. შემდეგ კი, უნივერსიტეტში სწავლისას, ბენდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ვახო და პეჩო მათზე უმცროსები იყვნენ. გია ამბობს, რომ ჯგუფის წევრები პირველ რიგში მეგობრები არიან და შემდეგ უკვე მუსიკოსები.