Tuesday, December 5, 2006

გემოვნების ანატომია


ადამიანის მუსიკალური გემოვნება წლებთან ერთად იცვლება. ალბათ, ბევრ თქვენგანს ყმაწვილობისას (ზოგს უფრო მოგვიანებითაც) ჰქონია ადამიანთა შეფასების საკუთარი მუსიკალური შკალა. თუკი უსმენდი, ვთქვათ, Led Zeppelin-ს, სხვა, ვინც მაგალითად Boney M-ს ან, სულაც, ჯეიმს ბრაუნს უსმენდა, უფრო ცუდ ან „უდონო“ ტიპად შეგეძლო ჩაგეთვალა.

ქეთათო (მუსიკოსი, ტელეწამყვანი): „მუსიკის მოსმენა ბავშვობაში ელვის პრესლით და „ბითლზით“ დავიწყე. ამ უკანასკნელის პლაკატი ჩემს საძინებელში საწოლის წინ იყო გაკრული. ამიტომ მათი სახეები მკვეთრად მახსოვს. 10 წლის ვიყავი, როდესაც ძალიან მომეწონა პიტერ გაბრიელი, კიდევ უფრო ადრე – დევიდ ბოუვი. 11-12 წლის შემდეგ ჩემი მუსიკა დამძიმდა. 14 წლის ვიყავი, როცა საქართველოში Nirvana და გრანჟ-მუსიკა შემოვიდა. ელექტრო-მუსიკაც მომწონდა და ჰიპ-ჰოპიც. უნდა აღვნიშნო, რომ პატარაობისას ძალიან სწორხაზოვანი და რადიკალი ვიყავი, რადგან კონკრეტულ მუსიკას ვუსმენდი და თუ განსხვავებულს ჩართავდნენ, ვბრაზდებოდი კიდეც. ახლა უფრო ლოიალური გავხდი. თუმცა, დღემდე ვერ ვუსმენ სოულს, ასეთი „კაი ტიპი“ ჯერ ვერ გავხდი.

არ ვიქნები მართალი, რომ გითხრა, ყველაფერს ვუსმენ-მეთქი. ჩემი აზრით, ადამიანის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, ასაკთან ერთად, სხვა ადამიანების ზეგავლენებიც მოქმედებს. აი, ფანკი ირაკლიმ მომაწონა. ჯგუფი Fun Lovin’ Criminals ირაკლის გავლენით მომეწონა. ბევრი რამ მე და ირაკლის ერთად მოგვწონდა. როდესაც მესმის ისეთი მუსიკა, რომელიც ძალიან მიყვარს, შეიძლება საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო და პატარა ბავშვივით ვიხტუნო. მუსიკა საკვებივით მჭირდება, მის გარეშე არ შემიძლია. მომწონს კაი ტიპები, რადგან კარგ მუსიკას ყოველთვის კაი ტიპები ქმნიან“.

Wednesday, October 25, 2006

ანდრეი ტარკოვსკი სარკეში

ანდრეი ტარკოვსკის ფილმის „Зеркало“-ს სამუშაო სახელი „თეთრი, თეთრი დღე“ იყო. აღნიშნული ერთგვარი მონოლოგი ჟურნალ „Искусство Кино“-ში გამოქვეყნდა იმ დროს, როცა გადაღებები მიმდინარეობდა.

ანდრეი ტარკოვსკი: „ძალიან ძნელია ამ ფილმზე საუბარი, რადგან ის ჩემთვის რთული და მნიშვნელოვანია. მთელი ჩანაფიქრი რომ გაგიმხილოთ, ძალიან დიდ დროს წაიღებს. რამდენიმე სიტყვით კი ვერაფერს გაგაგებინებთ. მოცემულ შემთხვევაში ამ ჩანაფიქრს ზედმეტად ფრთხილად ვუდგები, ამიტომ ეკრანიზებულ სიუჟეტზე არ ვისაუბრებ. მის საფუძველში ჩადებული მასალა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ალბათ მასზე მოურიდებელი ლაპარაკიც შესაძლებელია. მაგრამ სურათი „თეთრი, თეთრი დღე“ ხელოვნების სხვა დარგებზე დამოუკიდებელი ყველა დანარჩენ ფილმზე მეტად უნდა გახდეს. მსურს შევძლო საკუთარი აზრები სუფთა კინემატოგრაფიულად, სხვა მინარევების გარეშე გამოვხატო.

რა თქმა უნდა, აქ მაყურებლის მხრიდან ფილმის აღქმის პრობლემა ჩნდება, ანუ გასაგები და საინტერესო იქნება თუ არა იგი ყველასთვის? თუმცა უკვე დიდი ხანია აღარ მჯერა, რომ შესაძლებელია ყველასათვის მისაღები ფილმის შექმნა. მცდარი მოსაზრებაა, თუ ფილმს ბევრი მაყურებელი ჰყავს, უკეთესია. ვისთვის ან რისთვისაა უკეთესი? ფილმისთვის? ვიტყვი, რომ უკეთესია მხოლოდ სალაროსთვის. ეს ასეა! მაგრამ აი აქ, კინობაზრის პირობებში, უკვე ჭეშმარიტი მხატვრული შემოქმედების პრობლემა წარმოჩინდება. სრულიად გასაგებია, რომ ერთნაირი წარმატებით მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული აღიქმება.მაგალითად, ბოლო დროს ყველაზე მეტი მაყურებელი „ნათლიმამამ“ მიიზიდა, თუმცა ჩემი აზრით, ეს ცუდი ფილმია. დავუშვათ, მსახიობები კარგად თამაშობენ, ამას ვეთანხმები, მაგრამ მთლიანობაში ძალიან მოსაწყენ, არაორიგინალურ და ზედმეტად ტრადიციულ (გამოხატვის საშუალებების თვალსაზრისით) კინოსურათად მეჩვენება. უფრო მეტიც, „ნათლიმამა“ უბრალოდ რეაქციული ფილმია, რომელიც მაფიის დაბადებასა და არსებობას ამართლებს. ხოლო კოპოლას მიერ „ოსკარზე“ უარის თქმა, კიდევ ერთი რეკლამა და გათვლაა. ეს ყველაფერი კი საკუთრივ ხელოვნების პრობლემებს ძალზედ სცილდება.

Wednesday, April 5, 2006

კინო და მუსიკა, საუნდტრეკები

კინოსთვის მუსიკის შექმნა იმ დროიდან დაიწყეს, როცა ჯერ კიდევ უხმო ფილმებს იღებდნენ. მაშინ კინოთეატრში როიალზე ან პიანინოზე ტაპერი, ანუ კინოს მუსიკალურად გამფორმებელი, სხვადასხვა პოპულარული მელოდიების ფრაგმენტებსა და იმპროვიზაციებს ასრულებდა. ტაპერები სახელგანთქმული კომპოზიტორებიც კი იყვნენ. მაგალითად, ამ საქმიანობით ირჩენდა თავს დიმიტრი შოსტაკოვიჩი. არაერთხელ უთქვამს, რომ ტაპერობა შემდგომში კინომუსიკის შექმნაში ძალიან გამოადგა. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ ჩარლი ჩაპლინი თავად წერდა მუსიკას საკუთარი უხმო ფილმებისთვის.

მუნჯური, ანუ უხმო კინოს დროსაც კი მუსიკა აუცილებელი იყო, მის გარეშე ფილმი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა და სწორედ მუსიკა აძლევდა სიღრმეს. თუმცა თავდაპირველად მუსიკას ძალზედ ბანალური მიზეზის გამო იყენებდნენ – მისი საშუალებით სეანსებზე პირველი კინოპროექტორების ხმამაღალი გრუხუნის ჩახშობას ცდილობდნენ. 1927 წლიდან კი, რომელიც ხმოვანი კინოს ერის დასაწყისად ითვლება, კინოფირზე ხმასთან ერთად მუსიკის ჩაწერაც დაიწყეს. მუსიკის ფირზე გადატანის ტექნიკა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. ტექნიკური თვალსაზრისით, დღეს „THX“-ისა და „Dolby Surround“-ის სისტემის გარეშე ფილმის ხმის დამუშავება და ფირზე მუსიკის დატანა უკვე წარმოუდგენელია.

Sunday, March 5, 2006

Groupies, ანუ სექსი და როკ-ენ-როლი

ჰიპების დროიდან, როცა სექსუალური რევოლუცია მოხდა და თავისუფალი სიყვარულისკენ მოწოდებები არა მარტო მუსიკალური სცენიდან ისმოდა, ძალიან მომრავლდნენ გრუპიები (groupie), ანუ ცნობილ მუსიკოსთა თაყვანისმცემელი „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები. რა საბოლოო მიზანიც არ უნდა ჰქონოდა გრუპის, მისი სექსუალური მომსახურეობა მთავარ საბაზრო მოთხოვნილებად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფასური ხშირად შეურაცხმყოფელად დაბალი იყო. თავის დროზე ლოს-ანჯელესელი შერი ქუჩებში მარტოკა დასეირნობდა და ძვირადღირებული სასტუმროების აივნებზე გადმომდგარ გრძელთმიან ბიჭებს ათვალიერებდა. თუ ვინმე მოეწონებოდა, მისი ოთახის ნომერს იგებდა და სავიზიტო ბარათს უგზავნიდა წარწერით: „ძალიან მსურხარ“ ან, უბრალოდ, „მოდი, ვიჟიმაოთ“. ერთმა გრუპიმ მიკ ჯაგერს ასეთი მოკლე ბარათი გაუგზავნა: „სცენაზე მაგარი ხარ, მანახე როგორი ხარ საწოლში“, ბოლოში მისი ტელეფონის ნომერი და მისამართი იყო მიწერილი. გრუპიები საკუთარი კერპების გულის (და არა მარტო გულის) მოსაგებად და ყურადღების მისაქცევად ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ: უგზავნიდნენ ქვედა საცვლებსა და სასიყვარულო წერილებს, ვერტმფრენებსაც კი ქირაობდნენ, რომ მათი სათაყვანებელი მუსიკოსის ან ჯგუფის ვილის ეზოში ჩაფრენილიყვნენ.

„ლედ ზეპელინელი“ ჯიმი პეიჯი გრუპიებზე ამბობდა: „ისინი შენს ირგვლივ ბუზებივით ირევიან, იღებენ მაცდურ პოზებს, ყველანაირად ცდილობენ ყურადღების მიპყრობას, მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც დაუყვავო, იმწამსვე აბრეშუმს ემსგავსებიან“. გრუპის არსებობის აზრი მის ადვილად ხელმისაწვდომობაში და სექსუალურ მომსახურეობაში მდგომარეობს. პრინციპში გრუპი ნებაყოფლობითი მონაა, რადგან ძალიან იოლია მისი დამცირება. ნაწილობრივ ამიტომაც ორალური სექსი (blow job, giving head, cocksucking), რომელიც ასე გავრცელებული იყო გრუპიებთან ურთიერთობებისას, მათ ადვილად დამორჩილებაზე მეტყველებდა. ამავე დროს, ამ ხერხით ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ რაიმე გადამდები დაავადება.

ბრიტანული ჯგუფის, ELO-ს დრამერი ბივ ბივენი ორეგონის შტატის ქალაქ სალემის ოტელის ბარში მომხდარ შემთხვევას იხსენებდა, სადაც ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ისვენებდნენ. მათ გარდა ბარში მხოლოდ მოწყენილი ბარმენი და დაქირავებული პიანისტი იყო, რომელიც შლიაგერების სტანდარტულ კომპილაციას უკრავდა. ამ დროს 4 ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, რომელთა საქმიანობაც ეჭვს არ იწვევდა. ისინი ძლიერ თვითდაჯერებულად იქცეოდნენ. წინამძღოლიც კი ჰყავდათ, ვინმე პენი, რომელიც მუსიკოსებს ასე წარუდგა: „ძვირფასებო, ჩვენ გვქვია Flying Garter Girls („მფრინავი წვივსაკრავების გოგონები“) და მე ვხელმძღვანელობ ამ მხარის ორალური სექსის საუკეთესო აკადემიას“. ამის შემდეგ პენი და მისი „რაზმი“ შეეცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მუსიკოსების დარწმუნებას. პენიმ და მის მემფისმა ორი მუსიკოსი საცეკვაოდ გამოიწვიეს, ხოლო შერილი და სინდი-ლუ იატაკზე გაგორდნენ და ერთმანეთის კოცნა დაიწყეს. ეს საქციელი პენიმ ასე განმარტა: „ჩვენ ბისექსუალები ვართ და ერთმანეთთან სექსიც გვეკაიფება“.