Thursday, March 30, 2023

„გაგა ფრანის“ სადებიუტო ფირფიტა

არის სიმღერები, რომელთა მოსმენისთანავე გრძნობ, რომ მთელი სულითა და გულითაა დაწერილი, – როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე, – ჯიგრით. ეს სიმღერები განსხვავდება იმათგან, როცა არტისტი რაღაც ვალდებულების გამო წერს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მუსიკოსს ალბომის ჩაწერა ლეიბლთან ხელშეკრულებით აქვს დაკისრებული და ამ დროს, შესაძლოა, საერთოდ არც ეწერება. ამის შემდეგ იგი თითიდან გამოწოვილ თემებზე სიმღერების წერას იწყებს, ანუ თავს ძალას ატანს ხოლმე. ასეთ მუსიკას „კოჭებში“ ეტყობა, რომ ნაძალადევია. ხელოვნურობა ყურს ჭრის, ხშირად მეტისმეტად დაშაქრულია, აქვს სტანდარტული, გაცვეთილი სიტყვებით დახუნძლული ტექსტები და შემსრულებლის მერკანტილური მიზნებიც კარგად იკითხება. 


დღეს მინდა ისეთ ჩანაწერზე დავწერო, რომელიც სწორედ სულითა და გულითაა შექმნილი და ნამღერი. ესაა „გაგა ფრანის“ სადებიუტო ვინილის დისკი, ანუ როგორც ადრე ვუწოდებდით – ფირფიტა. მისი საერთო ხანგრძლივობა 24 წუთს არ აღემატება, რაც არც სრულყოფილი ალბომის (LP) და არც მინიონის (EP) დროის სტანდარტებში არ ჯდება – სადღაც შუაშია. ეს იმას მიანიშნებს, რომ ფირფიტა კომერციული მიზნებისთვის არ შექმნილა. ავტორმა აარჩია ზუსტად იმდენი მასალა, რამდენიც საჭირო იყო და გავრცელებულ სტანდარტებს ყურადღება არ მიაქცია. მახსოვს, ადრე ერთ ძალიან კარგ ქართულ ფირფიტაზე, მსგავს კლიშეებში რომ მოექციათ და დროის ხანგრძლივობა გაეზარდათ, ერთი და იგივე სიმღერა ორჯერ დაიტანეს, ერთხელ თავში და მეორედ ბოლოში. 


„გაგა ფრანი“ მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, გაგა ჩიხლაძის მეორე პროექტია. მის პირველ ჯგუფს „ფრანი“ ერქვა და 2000-იან წლებში შეიქმნა. ჩვენმა მსმენელმა იგი ძლიერ შეიყვარა, თუმცა გაგამ 2010-იანების ბოლოს უკვე „გაგა ფრანი“ ჩამოაყალიბა და დღემდე მხოლოდ სინგლებს უშვებდა.