Thursday, September 6, 2018

მოგზაურობა ბლუზში

„ბლუზი ინდივიდუალური მუსიკაა – ერთი ადამიანია გიტარით ხელში მთელი სამყაროს წინააღმდეგ“ 
ერიკ კლეპტონი

ბლუზმა დასაბამი მისცა ორ უმსხვილეს მიმართულებას თანამედროვე მუსიკაში – ჯაზსა და როკს. ლეგენდარული ბიბი კინგი ამბობდა, ჯაზი იგივე ბლუზია, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღოო. არ არსებობს სხვა ჟანრი, რომლის წიაღშიც იმდენი საიდუმლოებით მოცული და მისტიკური ლეგენდა იშვა, რამდენიც ბლუზზე ვიცით ან გაგვიგია. მის არსს კარგად განმარტავს ლეგენდარული ამერიკელი ბლუზმენი ჰაულინ’ ვულფი:

„ბევრს აინტერესებს, რა არის ბლუზი? მართლაც, რა არის? მე გეტყვით – როცა ფული არ გაქვს, ბლუზი შენთანაა. თუ ქირის გადასახდელი ფული არ გაქვს, ბლუზი მაინც შენთანაა. ბევრმა შეიძლება თქვას, რა არის ეს, ბლუზი არ მომწონსო, მაგრამ ქირის ფულს თუ ვერ გადაიხდი და საჭმელს ვერ იყიდი, ბლუზი მაინც გექნება! როცა ცუდზე ფიქრობ, ბლუზი მაშინაც შენთანაა“. 



სიტყვა Blues ნაწარმოებია ინგლისური გამოთქმიდან Blue devils (ლურჯი ეშმაკები), რაც მე-17 საუკუნის ამერიკაში იმ ინტენსიურ ვიზუალურ ჰალუცინაციებზე მიანიშნებდა, რომლებიც ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ახლავს თან. საქართველოში ამას „თეთრ ცხელებას“ ეძახიან. 1800-იან წლებში სიტყვა „ბლუ“ სლენგზე „მთვრალს“ ნიშნავდა. ამ სიტყვასა და სმას შორის კავშირზე მიანიშნებს ასევე ტერმინი „ლურჯი კანონი“, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში კვირა დღეს ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავდა. ამავე დროს, Blue სევდას, მოწყენილობასა და მელანქოლიასაც აღნიშნავს (გავიხსენოთ The Doors-ის სიმღერა Blue Sunday, ანუ „მოსაწყენი კვირადღე“), რაც ასევე, ბლუზს დაუკავშირდა. 

ბლუზის სამშობლოდ მდინარე მისისიპის დელტა, ე.წ. „ბამბის სარტყელი“ მიიჩნევა. აფრიკიდან წამოსული მუსიკა, ამერიკაში ბამბის პლანტაციებში მომუშავე აფროამერიკელმა მონებმა დაამკვიდრეს, აკადემიური სახე კი მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო. ჟანრის კლასიკური ინსტრუმენტები გიტარა და ჰარმონიკა (ტუჩის გარმონი) გახდა. აფროამერიკელები ფერმებიდან დიდ ქალაქებში მიდიოდნენ, რათა რასობრივ შევიწროვებას გაქცეოდნენ და სამუშაო მოეძებნათ. გზადაგზა ლუკმაპურის საშოვნელად უკრავდნენ და მსმენელს საკუთარ სატკივარს უზიარებდნენ. 

გავრცელებული გამოთქმის მიხედვით, ბლუზია, როდესაც კარგი ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. როკისგან განსხვავებით, ის არაა დაპირისპირების ან ამბოხის მუსიკა, თუმცა, სოციალური, უფრო კი ყოფითი ცხოვრების თემატიკა ბლუზის პოეზიაში ფართოდაა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, ბლუზი ზედმეტად პატიოსანი მუსიკაა და მას წრფელი ადამიანები ასრულებენ ყოველგვარი თეატრალურობისა და დაძაბულობის გარეშე. ამიტომ, ის ხელოვნურობასა და სხვა ტიპის ზედმეტობებს ვერ იტანს.