Tuesday, February 12, 2019

სოციალური მუსიკა საქართველოში

საქართველოში თანამედროვე მუსიკა საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში ფაქტობრივად ყოველგვარი სოციალური მუხტის გარეშე ჟღერდა. ერთპარტიულ ქვეყანაში მმართველი ძალა საჯაროდ სოციალურ პრობლემებზე უბრალო საუბარსაც კი არ მიესალმებოდა. მიუხედავად ამისა, ლიტერატურაში, თეატრში ან კინოხელოვნებაში შეფარვით მაინც ახერხებდნენ სხვადასხვა პრობლემაზე აქცენტების გამახვილებას. თანამედროვე მუსიკაში ე.წ. ესტრადის მუსიკოსების დიდი ნაწილი კი უმღეროდა სიყვარულს, ხალხთა შორის მეგობრობას, სოციალისტურ ქვეყანას, კომუნისტურ პარტიას, ლენინს, სტალინს და ა.შ. ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ნაწილი ოსტატურად ახერხებდა ამ ვალდებულებებისთვის გვერდის ავლას. ფილარმონიული მუსიკოსები ვერ ბედავდნენ თუნდაც საგიტარო „მძიმე“ ეფექტის – „დისტორშენის“, „ფუზის“ გამოყენებას, რადგან ოფიციოზისთვის ესეც „წყეულ კაპიტალისტურ“ ჟღერადობასთან ასოცირდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი შემსრულებლები ფაქტობრივად არ არსებობდნენ, რამდენიმე იატაკქვეშა მუსიკოსის გარდა, რომლებიც სოციალური ტექსტებით დიდად არ გამოირჩეოდნენ, ზემოთნახსენებ მძიმე საგიტარო ეფექტებს კი საკუთარ კონცერტებზე თამამად იყენებდნენ. ამავე დროს, საკუთარ სათქმელს შეფარულად ამბობდნენ ბარდები, თუმცა მათ ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებში არ აწევრიანებდნენ. მაშინდელი პოლიტიკოსები კი პოპმუსიკოსებს (ე.წ. ესტრადის შემსრულებლებს) არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგან ისედაც აკონტროლებდნენ და გარანტირებულად იცოდნენ, რომ ისინი რამე მნიშვნელოვან პრობლემურ თემაზე არასდროს იმღერებდნენ.

1980-იანი წლების მეორე ნახევარში სსრკ-ში გორბაჩევისეული „გარდაქმნა“ („პერესტროიკა“) გამოცხადდა და ხელოვანებმა შვებით ამოისუნთქეს. საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა სიმღერებში თავისუფალი ლირიკა გამოეყენებინათ. ზუსტად ამ პერიოდში პატრიოტული მუსიკის შემსრულებლები მომრავლდნენ, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას უკვე უშიშრად, ღიად უმღეროდნენ. ზოგს დღემდე მიაჩნია, რომ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ივერიას“ მიერ დადგმული მიუზიკლებში მეტ-ნაკლებად იყო წარმოჩენილი მაშინდელი სოციალური თემები და პრობლემები, თუმცა ეს სხვა სტატიის საკამათო თემაა. 

ლადო ბურდული, ზაზა ხუციშვილი და დადა დადიანი
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში ბევრი ისეთი შემსრულებელი გამოჩნდა, რომლებიც არც ერთი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის წევრი არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 1990-იანი წლებიდან იწყება სოციალური მუსიკის ისტორია საქართველოში. პირველი მუსიკოსები, რომლებმაც შეუნიღბავად თქვეს საკუთარი სათქმელი, იყვნენ: დადა დადიანი (ჯგუფი „ტაქსი“), ლადო ბურდული (ჯგუფი „რეცეპტი“), ქიშო გლუნჩაძე, რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“) და კიდევ სხვები. დადა დადიანი სიმღერაში „ზამთარი“ მღეროდა: „მე მინდა, ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი; მე მინდა, ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი; მე მინდა, კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა; მე მინდა, ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“... ეს სიტყვები დღემდე ძალიან აქტუალურია.



გავიხსენოთ ლადო ბურდულის ლირიკის ფრაგმენტიც: „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს“. ასევე, რობი კუხიანიძე სიმღერაში „ქალაქში ბნელა“ („ზამთარი“) მღეროდა: „დღეს ამ ქალაქში სინათლე ქრება, ბავშვების ნაცვლად სიგიჟე ჩნდება, ჩემს ქალაქში დღეს საშინლად ბნელა“.

Friday, February 8, 2019

საბჭოთა საქართველო და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ეპოქა

საბჭოთა კავშირში თანამედროვე მუსიკა მეტად უცნაურად ვითარდებოდა, თუ ამას საერთოდ განვითარება შეიძლება დაერქვას. მსოფლიო შოუბიზნესს მოწყვეტილი მუსიკა სტილისტურად ფაქტობრივად გაიყინა. ამას ხელს „რკინის ფარდა“ უწყობდა, რომელიც სსრკ-მ ცივილიზებულ სამყაროს საკუთარი ინიციატივით ჩამოაფარა, რათა უმეტესი ინფორმაცია დაებლოკა და მხოლოდ ცენზურაგამოვლილი ამბები მოეთხრო თავისი მოსახლეობისთვის.

მმართველ ტოტალიტარულ კომუნისტურ პარტიას, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავდა, არ სურდა მოესმინა მისთვის საზიანო თავისუფალი აზრი, რომლითაც გაჯერებული იყო თანამედროვე მუსიკა. სწორედ ამიტომ უფრთხოდნენ ყველაზე მეტად დასავლურ მუსიკას. რუსმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ბარი ალიბასოვმა „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი როკ-ენ-როლმა დაშალა.

დღეს მინდა მოკლედ მიმოვიხილო სტალინის მმართველობის შემდგომი საბჭოთა მუსიკის პერიოდი, რომელსაც პირობითად „ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ეპოქა“ შეგვიძლია ვუწოდოთ და იგი თითქმის სამ ათეულ წელიწადს მოიცავს.

მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავდა უცხოური რადიოარხების თუ რადიოგადაცემების სიგნალის ჩასახშობად. სწორედ ამიტომ მელომანები იატაკქვეშ ავრცელებდნენ კონტრაბანდულად შემოტანილ მუსიკას. 1950-იანებში მასობრივად გაჩნდა რენტგენის ფოტოფირებზე ჩაწერილი უხარისხო, მაგრამ სასურველი ფირფიტები, რომლებიც „საყოფაცხოვრებო მომსახურების“ ცენტრებში, ხმის ჩამწერ სტუდიებში კუსტარულად მზადდებოდა. „რენტგენის ფირფიტების“, იგივე „ძვლების ფირფიტების“ კულტურა 1970-იან წლებამდე იყო შემორჩენილი, სანამ საყოფაცხოვრებო და მანქანის კასეტის მაგნიტოფონები მასობრივი არ გახდა.



მელომანები საკუთარი კოლექციისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილ ორიგინალ ფირფიტებს აგროვებდნენ, რომლის საშუალო ფასი შავ ბაზარზე 50-დან 100 მანეთამდე (77-დან 154 $-მდე) მერყეობდა. ხელისუფლება მსგავსი მუსიკის შემოტანას არც კრძალავდა და არც ახალისებდა. ვინილის ფირფიტები, კასეტები, მოგვიანებით ვიდეოკასეტები ძირითადად მეზღვაურებს, სპორტსმენებს, ტურისტებს, გასტროლებზე მყოფ მუსიკოსებს და დიპლომატებს ჩამოჰქონდათ.

Tuesday, February 5, 2019

შავი პრინცი – დამშვიდობება

აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, ძებნილი, პრინცი პი და უბრალოდ შურიკა (შურა), როგორც ახლობლები ვეძახდით, ერთ-ერთი პირველი ადამიანია საქართველოში, ვინც იმღერა რეჩიტატივით და მის აგრესიულ რეპში ანტიგმირები განასახიერა.

იგი ხან ნარკომანი, ხან ქურდი, ხანაც ყაჩაღი იყო. პრინციპში, ეს მისი მხრიდან უბრალოდ ამ კონკრეტული მუსიკის სიყვარული კი არა, მისი ცხოვრების სტილი იყო. საერთოდ, იგი რეპერი რიტმის სიყვარულის გამო გახდა. 

1990-იანების გარიჟრაჟზე მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ის უკვე თავზე წაკრული ბენდენით, ბალახონით (ჰუდით), ბეისბოლის ქუდით, შავი სათვალით, ოდნავ ჩაჩაჩული შარვლით დადიოდა და უსმენდა ფაქტობრივად ყოველგვარ მუსიკას. მას ნახავდით იმ პერიოდის ქალაქში გამართულ თითქმის ყველა ალტერნატიულ „ტუსოვკაზე“. როკ-კონცერტებზე სცენასთან ახლოს აქტიურობდა, ხტოდა, ცეკვავდა ბრეიკ დენსს.

სწორედ მაშინ დაიწყო გარეპვა მეგობრებთან ერთად ტრიოში, ტრიოსთან ერთადვე გახდა ტელეკომპანია „რიონზე“ ტელეგადაცემის თანაწამყვანი, რომელსაც მაშინ უბრალოდ „ქუთაისის კომერციული ტელევიზია“ ერქვა.



ამ პერიოდში მელომანებში გავრცელდა უბრალო კოჭებიან („ბაბინებიან“) მაგნიტოფონზე ზემოთ ნახსენები უსახელო ტრიოს ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა: „დაგანახებ რეკორდს“, „აჭრა“, „მფრინავი ხალიჩა“ და „მწვანე თხა“, სადაც შურიკა ენერგიულად რეპავს. ტრიო კი მალე დაიშალა, მაგრამ ქალაქის ქუჩებში სიარულის დროს იგი მარტო არასდროს იყო. ჩვენი შეხვედრებისას სულ მეგობრებთან ერთად ვნახულობდი.