Monday, November 18, 2002

ოკეანის სიღრმეში

თანამედროვე ქართული მუსიკა რომ სიმახინჯეა, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ ამ უზარმაზარ მუსიკალურ ოკეანეში მხოლოდ მის ზედაპირზე მოტივტივე ნაგავი ჩანს (წყალზე რაც ტივტივებს, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ). ქართული მუსიკალური ოკეანის სიღმეში კი შესაძლოა ბევრ ისეთ სილამაზეს წააწყდეთ, რომ ალბათ სასიამოვნოდ გაოცდებით და მის მოსასმენად მუსიკალურ აკვალანგებსაც კი იშოვით.

დღეს მოდაშია ქართული ხალხური მუსიკის უნიჭო გარემიქსება, ერთგვარი გათანამედროვება. მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს რომ დავესესხო, ეს იგივეა, ღვთისმშობლის ხატებას პომადა წავუსვათ და ულტრათანამედროვედ გამოვაწყოთ, რადგან ქართულ ჰარმონიას ადამიანი ისევე ფრთხილად უნდა მოეპყროს, როგორც სალოცავს. შეიძლება ამ შეხედულების მიმდევრები კონსერვატორებად ჩავთვალოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, კონსერვატორობა ამ სფეროში სრულებითაც არ არის საძრახისი. ვფიქრობ, ქართულ მუსიკას ყველაზე მეტად ალტერნატიული მუსიკოსები, ჯაზის მიმდევრები და კონსერვატორიადამთავრებულები უფრო უფრთხილდებიან და სათანადო პატივს მიაგებენ, ვიდრე ქუჩიდან მოსული ვითომმომღერლები.

დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ჩარკვიანის ან რობი კუხიანიძის (ჯგუფი „აუტსაიდერი“) მუსიკა ბევრად უფრო ქართულია, ვიდრე ე. წ. პოპის მიმდევრებისა. ეს ნამდვილად არ არის რაღაც ახირება, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ქართულ ფოლკლორს საკმაოდ წარმატებით ამუშავებს ჯგუფი „ზუმბა“. ქართულ ხასიათს ატარებს ჯგუფები „33ა“ და „ინსაითი“.

ნაღდი მუსიკოსი საკუთარ თავში, გულსა და სხეულში ატარებს მშობლიურ მუსიკას და ისე ასრულებს მას. ამ შემთხვევაში აუცილებელი არაა ხალხურ მოტივს პირდაპირი ასლირება გაუკეთდეს (რაც ახლა ძალიან ხშირად კეთდება). და საერთოდ, ქართულ სიმდიდრესთან თამაშს ჯობს ისევ ის უშინაარსო პოპსა იმღეროს იმან, ვისაც ეს შეუძლია. ამასაც თავისი შნო უნდა.

დღეს ეთნიკურ მუსიკას (აქ არ იგულისხმება ელექტრონული ეთნიკური მუსიკა, რომელსაც ქართველი მუსიკოსები არც თუ ისე უხეიროდ ართმევენ თავს) თითქმის არავინ უკრავს თითზე ჩამოსათვლელი მუსიკოსების გარდა. ელექტრონულ ეთნო-პოპში საინტერესო პროექტი იყო „სამება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მომღერალმა მადი სერებრიაკოვამ. არც ნიკა წერეთელისა და მამუკა ბერიკას ელექტრო ექსპერიმენტები იყო ურიგო. სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, ამ ალბომს კომერციული წარმატება წილად არ ხვდა.

შესანიშნავი ნამუშევარია საქართველოს ჯაზ-სექსტეტის ალბომი, რომელშიც ძალიან საინტერესოდაა დამუშავებული ქართული ხალხური მუსიკა და საეკლესიო საგალობლები. საბედნიეროდ, საქართველოში არიან მუსიკოსები, რომლებისთვისაც ხალხური თუ სასულიერო მუსიკა არ არის სულ ერთი და ისინი მას არ იყენებენ მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის, როგორც მავანნი.

დღეს ბევრი მოწინააღმდეგე და მომხრე ჰყავს „ერისიონის“ შემოქმედებას. მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ „ერისიონის“ მიერ გარემისქსებული „შატილის ასულო“ შეურაცხყოფაა ქართული ხალხური მუსიკის. მაგრამ, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ თავად აღნიშნული ხალხური სიმღერა არ არის სერიოზული ხასიათის და იგი თავისი შინაარსით საცეკვაოა, მაშინ მისი გარემიქსება არ უნდა იყოს ისე მტკივნეულად მისაღები, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ალბათ საშინელება იქნება თუ გათანამედროვდება „ოროველა“, „ხასანბეგურა“ ან „ლილე“. თუმცა მუსიკა უსაზღვროა, მით უმეტეს ამას ვერავის აუკრძალავ. ვნახოთ...

მსოფლიოს თანამედროვე მუსიკაში ფოლკლორის თემები ხშირად აჟღერებულა სხვადასხვა პოპულარული შემსრულებლებისა თუ მუსიკალური კოლექტივების შემოქმედებაში. როგორც წესი, ამ თემას ყველა სიფრთხილით ეკიდება.

Thursday, November 14, 2002

ტუბერკულოზს აბასთუმანში უფასოდ მკურნალობენ

საქართველოს ულამაზეს კურორტს ქართველებზე მეტად უცხოელები ეხმარებიან

ნებისმიერი ქართველისთვის აბასთუმანი ასოცირდება ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან და ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმებთან. აბასთუმანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში ტუბერკულოზის ბუნებრივი მეთოდებით პროფილაქტიკისათვის. დაბა აბასთუმანი წარმოადგენს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულ მდინარე ოცხეს ხეობას, რომელიც ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. დაბა (არსებობს სოფელი აბასთუმანიც) ადმინისტრაციულად ადიგენის რაიონში შედის.
რომანოვების ყოფილი სასახლის ისტორიული ფოტო
მე-10 საუკუნეში აბასთუმანს ოძრახედ მოიხსენიებდნენ. შუა საუკუნეებში უკვე ოცხეთი გვხვდება. ის დაუარსებია ეთნარქ ოძრახეს. ფარნავაზ მეფის დროიდან ის იყო სამცხისა და აჭარის ერისთავების რეზიდენცია. აქ დასასვენებლად საკუთარი შვილები ხშირად ჩამოჰყავდა თამარ მეფესაც. დღემდე შემორჩენილია თამარის ციხის ნანგრევებიც. მხოლოდ მე-19 საუკუნიდან ეწოდა ოცხეს აბასთუმანი. წარმოქმნილა სიტყვისგან „აბასუბანი“, რადგან დასახლებული ყოფილა აბაზაძეებით. თურქობის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა 1829 წელს.

რუსი უფლისწულის ამაგი

აბასთუმნის აღმშენებლობა დაიწყო ტუბერკულოზით დაავადებული გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვის ჩამოსვლის შემდეგ. უფლისწული გიორგი იყო რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ძმა. სხვათა შორის, სწორედ გიორგი რომანოვი ყოფილა ტახტის კანონიერი მემკვიდრე, მაგრამ ავადმყოფობის გამო მეფობა დიდსულოვნად დაუთმო ძმას, – ნიკოლოზს. თავად კი სამკურნალოდ, როგორც ცნობილია, ჯერ შვეიცარიას მიაშურა, მაგრამ შემდეგ აბასთუმანში ჩამოსულა. აქ მან ააგო ზამთრის რეზიდენცია, რომელსაც დღესაც რომანოვების სასახლეს ეძახიან და ასევე ქართული არქიტექტურის მქონე ტაძარი. 

რუსეთის ტახტის კანონიერი
მემკვიდრე, უფლისწული
გიორგი აბასთუმანში.
ისტორიული ფოტო
კომუნისტური რეჟიმის დროს რომანოვების სასახლე სანატორიუმად გადაკეთდა. გიორგი რომანოვი აბასთუმანში სრულიად განიკურნა და ეს ადგილი ძალიან შეიყვარა. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ობსერვატორიის გახსნა აბასთუმანში მე-19 საუკუნის მიწურულს. გადმოცემით ცნობილია, რომ უფლისწული გიორგი უდიდეს პატივს სცემდა ქართველებს, ჩვენს კულტურას. ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, რომელიც ქართულ ენაზე სრულდებოდა, რაც იმხანად იშვიათობას წარმოადგენდა. ჭლექისგან სრულიად განკურნებული უფლისწული გიორგი ტრაგიკულად დაიღუპა ველოსიპედით სეირნობისას. დაღუპვის ადგილას აკლდამა აიგო. მოგვიანებით მისი ცხედარი რუსეთში გადაასვენეს, ხოლო აკლდამა პირწმინდად გაიძარცვა. 

აბასთუმანი საქართველოს სსრ-ს არსებობის პერიოდში მთლიანად სამკურნალო კურორტად იქცა. აქ აშენდა უამრავი სანატორიუმი, რომლებშიც სამკურნალოდ სსრკ-ს ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ. შესანიშნავი კლიმატური პირობები, ხეობის ჰაერი, ფიჭვის ტყე და მთის მშვენიერი პეიზაჟი პაციენტს ყველანაირად ხელს უწყობს დაავადების დასამარცხებლად. 

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კურორტს, რა თქმა უნდა, უამრავი სოციალური და მატერიალური პრობლემა დაატყდა თავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს უკვე შეიმჩნევა სასიკეთო ძვრები. კურორტის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება უმუშევრობა. ძალიან ბევრი სამკურნალო დაწესებულება, სადაც მოსახლეობა იყო დასაქმებული, ფაქტობრივად, გაუქმებულია ან გაყიდული. დაბის მცხოვრებლები საკურორტო სეზონებში ბინების გაქირავებით ირჩენენ თავს. ერთი თვით დასვენება კი ზაფხულში აქ 100-იდან 150 დოლარამდე ღირს, ხოლო ზამთარში საგრძნობლად იაფია.

გერმანელების იმედად

„ხვალინდელი დღე“ გაესაუბრა დაბა აბასთუმნის გამგებელს, ანტონ მერაბიშვილს.

Monday, November 11, 2002

1200 ცნობილი ვარსკვლავთა გროვიდან 50-ზე მეტი ქართველების აღმოჩენილია

აბასთუმნის ობსერვატორიას უამრავი პრობლემა აქვს

უძველესი დროიდან საქართველოში ასტრონომია, ციურ სხეულებზე დაკვირვება მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული. ქართველი ისტორიკოსები ადასტურებენ ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს გელათის აკადემიაში ობსერვატორიის არსებობას. მე-13 საუკუნეში თბილისში არსებობდა ასტრონომიული ობსერვატორია, სადაც ისეთი კვალიფიციური ასტრონომები მოღვაწეობდნენ, რომ რამდენიმე მათგანს სხვა ქვეყნების ობსერვატორიებში ხშირად სტუმრად იწვევდნენ.

დღეისათვის საქართველოში ასტრონომიული ობსერვატორია მხოლოდ აბასთუმანშია. პირველი ობსერვატორია აქ XIX საუკუნის ბოლოს ააგეს (მისი ნაშთები დღემდეა შემორჩენილი) უფლისწულ გიორგი რომანოვის თაოსნობით, რომელმაც მაშინ აქ ცნობილი რუსი მეცნიერი გლაზენაპი ჩამოიყვანა. მის ნაშრომებზე იმხანად სახელგანთქმული ამერიკელი ასტრონომი ბერნგჰემი 1893 წელს წერდა: „გლაზენაპის დაკვირვებები გადამჭრელად ამტკიცებენ, რომ თბილისის განლაგება (მხედველობაშია აბასთუმანი) შესანიშნავად შეუწყობს ხელს ასტრონომიული სამუშაოების ჩატარებას. ევროპის არც ერთ ობსერვატორიას არ გააჩნია უკეთესი ადგილმდებარეობა, თუ არ ჩავთვლით ჰამილტონის მთის ობსერვატორიას, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია“.

მართლაც, ასტრონომიული ობსერვატორიისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტია კარგი ასტროკლიმატი. აბასთუმნის ასტროკლიმატი, შეიძლება ითქვას იდეალურს უახლოვდება.




















ევგენი ხარაძე და მისი საქმის გამგრძელებლები

დღეს არსებული აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 1932 წლის 8 თებერვალს, წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა (რა თქმა უნდა, კომუნისტებს ეს სპეციალურად არ გაუკეთებიათ) ყანობილის მთაზე, რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა. ეს იყო პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია სსრკ-ში.

Monday, November 4, 2002

თბილისური სეპარატიზმი

ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისი ჩვენი დედაქალაქია, მართლაც უმშვენიერესი და ულამაზესი ქალაქი. თუმცა, ჩემის აზრით, საქართველოში არ არსებობს ფორმით ისეთი მახინჯი დღესასწაული, როგორიც „თბილისობაა“. რა თქმა უნდა, ევროპის თითქმის ყველა ქალაქში ტარდება მსგავსი ქალაქური დღესასწაულები, მაგრამ ეს არის ბუნებრივი, არა ვინმეზე თავსმოხვეული და არა ისეთი ტრიპაჩული, როგორც აქ.

თბილისი დაიცენტრა! თბილისი ისეთივე ცენტრად იქცა, როგორც სსრკ-ში მოსკოვი იყო. საქართველოს დედაქალაქი ცენტრია, სხვა ყველა დანარჩენი – რეგიონი, რაიონი, პროვინცია და ა.შ. ალბათ, ნებისმიერ ქალაქს საშინლად ესადაგება სიტყვა ცენტრი! „თბილისობაზე“ კი, საღრეოდ, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ჩამოდიან.

უნდა გენახათ ბოლო „თბილისობისას“ რა საშინელი ტელეგადაცემები გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიით. უკვე ბებერი (რა თქმა უნდა სულით), გადაღრძუებული და კონფორმისტი პოეტები, მეცნიერები და ხელმოცარული კომპოზიტორები რა გრძლად და ემოციურად ცდილობდნენ საკუთარი დედაქალაქისადმი სიყვარულის დამტკიცებას. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ხშირად, ზედმეტი მოსდიოდათ. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორი ამტკიცებდა, რომ ყველაზე კარგი სიმღერა, ლექსი თუ მოთხრობა თბილისში იწერებაო. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ძალიან შემეცოდნენ: ქუთაისელი ზაქარია ფალიაშვილი, ბაღდათელი რეზო ლაღიძე, ვანელი გალაკტიონი, ქუთაისელი პაოლო იაშვილი (საერთოდ „ცისფერყანწელები“), სხვიტორელი აკაკი წერეთელი, მირზაანელი ფიროსმანი, ჩარგლელი ვაჟა-ფშაველა, ყვარლელი ილია ჭავჭავაძე და სხვები, რომლებიც საქართველოს სოფლებსა და სხვა ქალაქებში მუზებს ჰყავდათ მიტოვებულები.

ძალიან გთხოვთ, ამიხსენით, რას ნიშნავს გამოთქმები: „მხოლოდ თბილისში იგრძნობა ნაღდი კაცურ-კაცობა“, „თბილისი ქართველთა სალოცავი ხატია“ (სოხუმი ან ცხინვალი, რა თქმა უნდა, არა) და ა.შ. ამ ფრაზებს წლევანდელ „თბილისობაზე“ დაემატა ქართველი „საზოგადო მოღვაწეების“ კიდევ ერთი მოწოდება: „გავათავისუფლოთ თბილისი გოიმებისგან“!

აი, ეს მართლაც მესმის!

ხშირად გამიგონია, რომ თბილისი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სოფლელებით გაივსო. ვინც ამას გაჰყვირის, აუცილებლად მინდა ვკითხო: რატომ მისტირით წინა საუკუნეების თბილისს, როდესაც ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა სხვა ქვეყნებიდან იყო ჩამოსული და თბილისი სავსე იყო კინტოებით? რატომ გაღიზიანებთ ამ ცენტრალიზირებულ სახელმწიფოში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან საშოვარზე ჩამოსული ადამიანები (რომლებსაც თქვენ გოიმებს უწოდებთ)? რატომ არ მოგწონთ, რომ ჩამოსულები, მხოლოდ ქართულად საუბრობენ და არა რუსულად ან ინგლისურად? რატომ ეძახით თელაველს, ბათუმელს, ვანელს, ახალციხელს, ზუგდიდელს და ქუთაისელს „ჩამოსულ სოფლელს“, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი დასახლებული პუნქტები ქალაქებია, თანაც თბილისზე გაცილებით ძველი?

ეს კი იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ თბილისში – ამ დიდ თავკომბალაში წყვეტენ, რა უნდა აკეთოს კაცმა სენაკში, ამბროლაურში, სამტრედიაში, გორსა თუ მცხეთაში. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ გაიტენა ჩვენი ხელიხელსაგოგმანებელი დედაქალაქი ადამიანებით. ეს ქალაქი უკვე გაიჭედა (ამას გინდ თრომბი დაარქვით, გინდ – საცობი) და მისი ზოგიერთი უბანი ნაგავსაყრელს დაემსგავსა თავისი ბაზრობებით.

თრომბიანი და დაცენტრილი თბილისის ღიპიანი „კოლორიტები“ კი დღეს ტელეეკრანებიდან გვიმტკიცებენ, რომ თბილისის გარეშე საქართველო არ იარსებებს. ღიპოსნებს ვეტყვი, რომ, პირიქით, თბილისი საქართველოს გარეშე არ იარსებებდა და ვერც ვერასოდეს იარსებებს. საქართველო მაშინაც საქართველო იყო, როდესაც მისი დედაქალაქი მცხეთა ან ქუთაისი იყო. უბრალოდ, საქართველოს სხვა კუთხეებსაც უნდა მიეცეს განვითარების საშუალება.

„თბილისობა“ კი ღირსეული დღესასწაული უნდა გახდეს, რომელიც არავის შეაწუხებს (არც თბილისელებს და არც არათბილისელებს) თავისი გაბერილი პომპეზურობით. დედაქალაქის ცენტრში სისხლიანი, დაკლული საქონლისა თუ ღორის ხორცის ნაჭრები კი არ უნდა ჩამოვკიდოთ და ჰაერში მწვადის სუნი კი არ უნდა ტრიალებდეს, დღესასწაული მშვიდი, მხიარული, ფერადი და ისეთი უნდა იყოს, როგორიც საქართველოს დედაქალაქს და თბილისელებს ეკადრება. „თბილისობისას“ ქუჩებში ღრეობები და თავდავიწყებული ღვინის სმა ისევ ჩვენი ზომბირებისთვისაა მოგონილი, ამ დღეებში ხომ, საოცრად მატულობს დანაშაულობათა და მკვლელობათა რიცხვი.

სიყვარულის მტკიცებას კი აქციები, გულზე მჯიღების კვრა, ღრეობა და „გოიმების საწინააღმდეგო“ ფაშისტური ლოზუნგები არ სჭირდება.