Monday, July 14, 2003

მატყუარა მუსიკა


ბევრი ქართველი მელომანი, დღეს, იწუნებს არა მარტო თანამედროვე როკ თუ ჯაზ კოლექტივებს – ადანაშაულებს რა მათ აბსოლუტურ კომერციალიზაციაში, – არამედ ამ შემსრულებელთა მიერ გაკეთებულ ჩანაწერებსაც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომპაქტ-დისკებზე არსებული ციფრული ჩანაწერები უმაღლესი ხარისხისაა, მათ, მაინც რაღაც აკლიათ, – ამტკიცებს „ძველი გვარდია“. მელომანები, ხშირად, იმ დროს იხსენებენ, როდესაც მუსიკას დიდ ვინილის ფირფიტებზე უსმენდნენ. ბევრ მათგანს, დღემდე შემოუნახავს ასეთი ფირფიტების კოლექცია და ამაყობს ამით. ზოგიერთს მათი ახირება, შესაძლოა წარსულისადმი ნოსტალგიად მოეჩვენოს და დასცინოს კიდეც, მაგრამ ხმაზე მომუშავე თანამედროვე მეცნიერების გარკვეული ნაწილი, მათ მოსაზრებებს აბსოლუტურად იზიარებს და ამტკიცებს კიდეც, ანალოგური (არ აგერიოთ ანალოგიურში) ჩანაწერის ციფრულზე უპირატესობას.

ამ საკითხზე, დღეს, დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ და ვარკვიოთ, რატომ უნდა ჯობდეს ფხაჭუნა ვინილის დისკებზე დატანილი მუსიკა ციფრულ კომპაქტ-დისკზე გაკეთებულ უსუფთავეს ჩანაწერს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამდენმა ადამიანმა ასე თავზეხელაღებით დაგმოს ტექნიკური პროგრესის შედეგი? საინტერესოა, ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი მეცნიერის განმარტებები. პირველ რიგში, ის ამტკიცებს, რომ ვინილის დისკზე ადამიანის მიერ დატანილი მუსიკა გაცილებით თბილად ჟღერს, ვიდრე კომპიუტერის მიერ ციფრებით აწყობილი ხმა. მეორეს მხრივ, ის ყურადღებას ამახვილებს მუსიკის მოსმენის კულტურაზეც. ხაზს უსვამს, რომ ვინილის დისკის აღწარმოებისას ადამიანი უშუალოდ, ფიზიკურად მონაწილეობს მოსმენის პროცესში. მოგეხსენებათ, ძველ ფირფიტებზე მუსიკა მის ორივე მხარეს იწერებოდა და ერთი გვერდის ჩათავებისას – 15-25 წუთის შემდეგ – მსმენელი იძულებული იყო, ფირსაკრავთან მისულიყო და დისკი მეორე მხარეს გადაებრუნებინა.

ბევრი არცთუ შორეული წარსულის მელომანის აზრით, ფირფიტის კონვერტის გაფორმებას, მისი სიდიდის გამო, მუსიკოსები ადრე უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ და მათი თვალიერება გარკვეულ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა მუსიკის, და საერთოდ, ხელოვნების თაყვანისმცემელს. კონვერტის გაფორმება მართლაც მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერი როკ-მუსიკოსისთვის. როკ-მუსიკის მცირე ისტორიის განმავლობაში კონვერტის მხატვრულად გაფორმებაში გარკვეული ხელწერით აუცილებლად გამოირჩეოდნენ სერიოზული ჯგუფები – „პინკ ფლოიდი“, „ლედ ზეპელინი“, „კინგ ქრიმსონი“, „იესი“, „ელპი“ და მრავალი სხვა. ბევრი მელომანი კონვერტზე დატანილ ფოტოსა თუ ნახატს კედელზე პოსტერივით აკრავდა.

მუსიკისა და ჩანაწერის გაკომერციულებაზე გარკვეული მკვეთრი შეხედულება აქვს ამერიკელ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და ერთ-ერთი სტუდიის მფლობელს უოლტერ სერს. ის თანამედროვე მუსიკაში თავსდატეხილ ყველანაირ უბედურებას, პირველ რიგში, ხმის ინჟინერის ფუნქციების შევიწროებას აბრალებს, რომელიც კომპიუტერიზაციის ეპოქამ მოიტანა. „იყო დრო, როდესაც ხმის ინჟინრები სტუდიების შტატში ირიცხებოდნენ. შტატგარეშეები იმ დროს იშვიათად შეგხვდებოდათ. შტატში მყოფი ხმის ინჟინრები კი მუსიკის ჩაწერაში, მთელ ფილოსოფიას აქსოვდნენ და არც დროში იყვნენ შეზღუდულები. ყოველმა მათგანმა, კარგად იცოდა, აპარატურის ხასიათი, ხაზების გაყვანილობა, მონიტორებთან ურთიერთობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყავის მოდუღებაც კი. დღეს კი შტატგარეშე ინჟინერი შედის უცნაურ სადისპეჩეროში, უნდა წარმოიდგინოს, სავარაუდოდ როგორი ხმა ექნება მონიტორებს, უნდა იმუშაოს ასევე, შტატგარეშე ინჟინრის თანაშემწესთან ერთად და არკვიოს, რატომ აქვს ყავას ასეთი უცნაური გემო. რა თქმა უნდა, ამით, პირველ რიგში, მუსიკა ზარალდება“ – წერს უოლტერ სერი.

მუსიკოსი ინტერნეტში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „რა უქნეს მათ ჩემს ხელოვნებას?“ ქვეპუნქტებად განიხილავს თანამედროვე ტექნიკის დანარჩენ სისუსტეებსაც. მისი აზრით, ხმის ჩაწერის ანალოგური ტექნოლოგია ბევრად აღემატება იაფფასიან ციფრულს, რომელსაც არ სჭირდება ხმის ინჟინრის სკრუპულოზური და გულითადი მუშაობა. დღევანდელი მუსიკის საბოლოოდ სახის მიცემაში სულ უფრო ნაკლები ადამიანური ფაქტორი იდება, რადგან ძირითად სამუშაოს კომპიუტერი ასრულებს. უოლტერ სერი იხსენებს 60-იან წლებს, როდესაც ახალი შექმნილი იყო სინთეზატორი „მუგი“. ერთ-ერთმა გაოცებულმა მუსიკოსმა, როდესაც ტექნიკის პირმშო იხილა, დასვა კითხვა: „შეგვიძლია მას ვიოლინოს ჟღერადობა მივცეთ“? უოლტერ სერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მუსიკაში სწორედ ამ კითხვის შემდეგ დაიწყო დასასრულის დასაწყისი. თუმცა, ის ფიქრობს, რომ ფატალური დარტყმა მუსიკას „მი-დი“ სისტემის სინთეზატორებმა და სახლის კომპაქტურმა ციფრულმა სტუდიებმა მიაყენეს. კომპოზიტორი საკუთარ სტატიას ასე ასრულებს: „დღეს, ჩვენ, ხშირად გვესმის სინთეზირებული მუსიკა. ამ მონსტრის შექმნაში მეც ვმონაწილეობდი და კარგად მომეხსენება მისი უარყოფითი მხარეები. სიმთეზატორში რაც არ უნდა კარგი ვიოლინოს ხმა იყოს ჩატვირთული, თქვენ ვერაფრით შექმნით ისეთ ფაქიზ მუსიკალურ ხაზს, როგორიც შეუძლია მევიოლინემ გამოხატოს თავისი ტონალური ხასიათების და დინამიზმის მერყეობით... სამწუხაროდ, სწორედ ამ ფაქიზ ელემენტებში შეიძლება მოგვატყუოს მუსიკამ“.

Monday, July 7, 2003

პრომოუშენი

მსოფლიოს მუსიკალური კულტურა იმდენად გამრავალფეროვანდა, რომ უკვე რთულია საკუთარი საყვარელი მიმართულების ამორჩევა. რთულია სწორი შეფასება გააკეთო, როდესაც ყველანაირ პროდუქციას უსასრულო რეკლამა უკეთდება და ტელემაყურებელს თუ ინტერნეტის მომხმარებელს ათასგვარ არჩევანს გვთავაზობს.

თანამედროვე მუსიკა უკვე კომპლექსურად შეგვიძლია განვიხილოთ და თუ ადრე, სულ ცოტა ხნის წინ ახალი ალბომის პრომოუშენი მხოლოდ ალბომის გაფორმებითა და ვიდეოკლიპებით შემოიფარგლებოდა, დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ-რეკლამასაც.

ხშირად მუსიკოსს უკვე მისი ოფიციალური ვებ-გვერდის დიზაინით აფასებენ (ჩემი აზრით, შესანიშნავი ვებ-გვერდები აქვთ: დევიდ ბოუვის, რობ დოუგანს, მადონას, „რადიოჰედს“). კაცს ხშირად სულ ახალი ალბომი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუძლია შეიძინოს და მაღაზიის ფასზე უფრო იაფად. ინტერნეტ-რადიოები სულ ახალი სიმღერების მოსმენის საშუალებას გვაძლევს.

მუსიკა სულ უფრო ვირტუალური ხდება, არა მარტო მისი ელექტრონიზაციით, არამედ, საერთოდ, მოხმარების ფორმით, ანუ ნებისმიერი რამ ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტის საშუალებით შევიტყოთ და მოვისმინოთ. ამის გამო, ზოგჯერ ჩანს, თითქოს კომპიუტერმა თვით მუსიკის აღსაწარმოებელი მაღალტექნოლოგიური საშუალებებიც (სი-დი პლეერები, მაგნიტოფონები) კი შეავიწროვა.

მართალია, სინამდვილეში ეს ასე არ ხდება, მაგრამ კომპიუტერის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ჩანაწერი უმაღლესი ციფრული ხარისხით მოვისმინოთ და კომპაქტ-დისკზე თავად გავაკეთოთ ჩანაწერი. აუდიო ჩანაწერის კონვერტაციის (ზომის შეკუმშვის) გამოგონების შემდეგ კომპიუტერის მახსოვრობაში ძალიან ბევრი მუსიკალური ინფორმაცია ეტევა.

მუსიკალური პროდუქციის პრომოუშენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიმედიას, რადგან ჩვენ მისი საშუალებით მუსიკის არამარტო მოსმენა, არამედ დანახვაც შეგვიძლია. ბევრ მუსიკოსს კომპაქტ-დისკზე არა მარტო აუდიო, არამედ მულტიმედიური ინფორმაციაც (კლიპები, დოკუმენტური კადრები და ა.შ.) დააქვს.

ხარისხიანი მუსიკალური ინფორმაციის ასე იოლად მოპოვებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი აუდიომეკობრეობის განვითარებას მთელს მსოფლიოში. ამ მხრივ ტოლს არავის უდებს რუსეთი, რომლის აუდიო მეკობრულმა პროდუქციამ თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. რუსულმა მეკობრულმა პროდუქციამ კონტრაბადნდის სახით თვით თანამედროვე მუსიკის მექაში, ბრიტანეთშიც კი შეაღწია. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე რუსული მეკობრული პროდუქცია ზეუმაღლესი ხარისხით და გემოვნებითაა გაკეთებული. ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი მსოფლიოს თავგადაკლული მელომანები, რომლებიც აგროვებენ თუნდაც ოდნავ მოძველებულ ალბომებს, შავ ბაზარზე სწორედ რუსულ მეკობრულ დისკებს ეძებენ. თუმცა მეკობრეობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული.

დავუბრუნდეთ თანამედროვე მუსიკის პრომოუშენს. ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს დღევანდელ კინემატოგრაფსაც. ბევრი უკვე აკაშკაშებული ვარსკვლავი სწორედ კინემატოგრაფიის წყალობით გახდა პოპულარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში ასეთი დიდი მისია კვენტინ ტარანტინოს და რობერტ როდრიგესის გახმაურებულმა ფილმებმა იტვირთეს. მათი ფილმების საშუალებით ბევრმა ახალბედა თუ უკვე დავიწყებულმა შემსრულებელმა და ჯგუფმა გზა გაიკაფა შოუბიზნესში. საუკუნის მიწურულს კი რევოლუციურმა ფილმმა „მატრიცამ“ ასევე სუპერთანამედროვე, ახლებურად მოაზროვნე მუსიკოსებს გაუხსნა გზა და მის საუნდტრეკს (მუსიკა ფილმისათვის), რომელიც ცალკე დისკად გამოვიდა, ფილმივით წარმატება ხვდა წილად.

რეჟისორ ემილ კუსტურიცას ფილმების წყალობით მთელმა მსოფლიომ შეიტყო შესანიშნავი კომპოზიტორის გორან ბრეგოვიჩის შესახებ. რეჟისორი ჯიმ ჯარმუში თავის ფილმებში ხშირად იყენებს ანდერგრაუნდ მუსიკოსების, ტომ უეიტსის, იგი პოპისა და სხვების შემოქმედებას. მუსიკალურ ბაზარზე სულ უფრო ხშირად გამოაქვთ ამა თუ იმ ფილმში გამოყენებული მუსიკა, რომელსაც საუნდტრეკებს ეძახიან. რა თქმა უნდა, ასეთი ტრადიცია თანამედროვე მუსიკისთვის ახალი ხილი არ არის, მაგრამ დღეს ეს უფრო ინტენსიურად ხდება.

ბევრი ძველი მელომანი ეწინააღმდეგება მუსიკის ამ თავბრუდამხვევ ელექტრონიზაციას (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), თუმცა, ასეთებს მინდა გავაცნო გენიალური კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიტყვები, რომელიც დღეს ისე თანამედროვედ ჟღერს, როგორც არასდროს: „მუსიკა ელექტრონით დამუხტული ველია, რომელზედაც სული ცხოვრობს, აზროვნებს, ქმნის; ფილოსოფია ნალექია ელექტრონული სულისა... ყოველივე ელექტრონული მუსიკალურ სულს აღძრავს გულიდან გამომდინარე ზეიმისაკენ. მე ელექტრონული ბუნების ადამიანი ვარ“.

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

Monday, June 30, 2003

მამა სოგრატმა ავთვისებიანი სიმსივნე ლოცვით გააქრო

„ეს ნამდვილად ღვთის შემწეობა, სასწაულია“, – აცხადებს პროფესორი რევაზ გაგუა

სულ მალე ლისის ტბასთან, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის მშენებლობა დაიწყება. რა თქმა უნდა, ტაძრის მშენებლობის წამოწყება სამკურნალო დაწესებულებაში არავის გაოცებას არ იწვევს, მაგრამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ სასწაული უსწრებდა, რომელიც ქვაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ სოგრატს უკავშირდება.

გასულ წელს „ახალმა ვერსიამ“ მამა სოგრატის სასწაულებზე მკითხველს უკვე მოუთხრო. ორი კვირის წინ კი ახალი სასწაული მოხდა, რაზედაც ამ სტატიაში გიამბობთ.

46 წლის ბაადურ გიგიაძეს კომპიუტერული ტომოგრამის გაკეთების შემდეგ ავთვისებიანი წარმონაქმნი დაუდგინდა, რომელიც ისე მოსდებოდა შინაგან ორგანოებს, რომ საჭირო გახდა გადაუდებელი ურთულესი ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის წინ მამა სოგრატმა ბაადურს რამდენჯერმე წაუკითხა ლოცვა. ამის შემდეგ პაციენტს ჯერ საშინელი, გაუსაძლისი ტკივილები გაუყუჩდა, ხოლო ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ იგი მთლიანად განიკურნა.

ჩვენ თავდაპირველად ვეწვიეთ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრს და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ქირურგს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, პროფესორ რევაზ გაგუას.

რევაზ გაგუა: „ორიოდე კვირის წინ ამ დაწესებულებაში გაკეთდა ურთულესი ოპერაცია. ბაადურის დაავადებას ისეთი ადგილმდებარეობა ჰქონდა, რომელთან მიდგომაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს წარმონაქმნი მდებარეობდა გულის წინ, საიდანაც უამრავი დიდი, სასიცოცხლო, უაღრესად მნიშვნელოვანი სისხლძარღვი გამოდის. იქვეა უამრავი ნერვული წნული, ფილტვი, სასუნთქი და საყლაპავი მილები. საჭირო იყო ამ ორგანოებზე შეხება, ზემოქმედება და ამის შემდეგ წარმონაქმნის ამოღება. დიაგნოზი საბოლოოდ დასტურდება მაშინ, როცა მას აღმოაჩენ და მიკროსკოპულად გამოიკვლევ. დღეს ტექნიკა ისე განვითარდა, რომ უკვე მილიმეტრებში შეიძლება გაიგო სად მდებარეობს ესა თუ ის წარმონაქმნი და რა კავშირი აქვს მას სასიცოცხლო ორგანოებთან. ბაადურმა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთა, რითაც დაზუსტდა ამ წარმონაქმნის ადგილმდებარეობა. ისე მოხდა, რომ მოსკოვში წასვლა მომიწია და ეს ტომოგრამები იქაურ ცნობილ სპეციალისტებს ვანახე. იმათაც დაადასტურეს ბაადურის უმძიმესი მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას, რომელიც ურთულეს ოპერაციათა კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ ამ ოპერაციის გასაკეთებლად ორ ბრიგადას უნდა ემუშავა – ჩემსა და ბრწყინვალე მეცნიერისა და ქირურგის კოტე მარდალეიშვილის ბრიგადას.

Tuesday, June 24, 2003

„თუ მაფიოზური შემოქმედებითი კავშირების მიღმა დგახარ, კუნთები უნდა დაიყენო“

ურჩევს გოგი გვახარია სკანდალური რომანების ავტორს, ზაზა ბურჭულაძეს

ცოტა ხნის წინ, თბილისის წიგნის ფესტივალზე გამოჩნდა ქართველი მწერლის ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი (უფრო სწორად, ანტირომანი) „მინერალური ჯაზი“. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის ხელოვნებადმცოდნე გოგი გვახარიას („მინერალურ ჯაზზე“ მან გადაცემა „ფსიქოშიც“ ისაუბრა). ზაზა ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი წიგნის ჯერ კიდევ ხელნაწერით ყველაზე ადრე თეოლოგი მერაბ ღაღანიძე აღფრთოვანდა. ტირაჟის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე გაყიდულია. „ახალი ვერსია“ ესაუბრა ანტირომანის პირველ წამკითხველს, მერაბ ღაღანიძესა და „მინერალური ჯაზის“ წინასიტყვაობის ავტორს, გოგი გვახარიას.

გოგი გვახარია: „ამ წიგნზე თითქმის ყველაფერი ვთქვი რომანის წინასიტყვაობაში. მაშინ ზაზას ასე ახლოს არ ვიცნობდი. დღეს, როდესაც უფრო ახლოს გავიცანი, მიხარია, რომ გამართლდა ის, რაც ამ წიგნში ამოვიკითხე. რომანში იგრძნობა, როგორია მისი ავტორი. ერთი ცუდი თვისება მაქვს – თუ ხელოვნების ნაწარმოებთან ზიარებისას ავტორის გაცნობა (თუ ის ცოცხალია) მომინდა, ე.ი. ეს ქმნილება მომწონს. თუ ავტორმა არ დამაინტერესა, მაშინ ნაწარმოები არ მომწონს. როდესაც ეს წიგნი წავიკითხე, ძალიან მომინდა ამ ადამიანის გაცნობა. ნამდვილად გამიმართლა – ზაზა საქართველოში ერთ-ერთი უიშვიათესი ხელოვანია, რომელიც, ლევან ბერძენიშვილის სიტყვებისა არ იყოს, არც ერთ მწერლურ დაჯგუფებაში არ შედის. ის ერიდება მაფიოზულ შემოქმედებით კავშირებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს მისივე წიგნში.

ზაზას მომავლისთვის ვუსურვებდი ოდნავ უფრო კონფორმისტობას, ოღონდ არა შემოქმედებაში, არამედ ცხოვრებაში. ძალიან ძნელია, როდესაც შემოქმედებაშიც და ცხოვრებაშიც ასეთი ნონკონფორმისტი ხარ. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, კომპრომისების გარეშე ძალიან ჭირს. ხომ დაინახეთ, მისი წიგნის პრეზენტაციაზე რა ცოტა ხალხი მოვიდა. წესით, აქ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო. სხვანაირად ხალხს არ ეცოდინება, რომ საქართველოში ასეთი კარგი მწერალი არსებობს. ამიტომ ზაზა ცოტათი მაინც წავიდეს კომპრომისებზე, თუმცა ყოველთვის ახსოვდეს, რომ ამან შესაძლოა მის შემოქმედებაზე თავისებურად იმოქმედოს.

Monday, June 23, 2003

შედევრები

დღეს, როდესაც ყველანი გადარბენებზე (გაწამაწიაში) ვართ (გინდაც საქმე არ გვქონდეს), როდესაც საკუთარი დაკავებულობის გამო ახლობლებსა და ნათესავებსაც ვივიწყებთ, როდესაც კომპიუტერის მოციმციმე შუქს თვალს ვეღარ ვაშორებთ, როდესაც ყველანაირ წვრილმანზე ნერვები გვაწყდება, როდესაც არაფრის დრო აღარ გვრჩება, ლევან ბერძენიშვილის ნათქვამის არ იყოს, ძალიან რთულია წიგნმა თავი წაგაკითხოს, ან მუსიკამ თავი მოგასმენინოს, თუ მას ვინმეს ხათრით არ კითხულობ, ან არ უსმენ. თუმცა ძალით, ვინმეს ხათრით კითხვა-მოსმენა პირველ რიგში, საკუთარი თავის მოტყუებაა, რადგან ძალიან ცუდია, როდესაც კარგი წიგნის ან შესანიშნავი მელოდიის ნაცვლად, ხელში ნაგავი შეგრჩება. ეს ნიშნავს, რომ ამ ატომურ და ციფრულ ეპოქაში, როდესაც ყოველ წამს განუსაზღვრელი ფასი ადევს, ჩვენნაირი „დაკავებული“ და „მოფუსფუსე“ ადამიანებისათვის ასეთი ნაწარმოებების კითხვა-მოსმენის პროცესი დროის ტყუილუბრალოდ გაფლანგვა გამოდის. როგორც იტყვიან, დაკარგულ დროს აღარავინ დაგვიბრუნებს.

კულტურაზე გამახსენდა, დღეს საქართველოში ყველაზე კარგად არა კულტურული (ანდა კონტრკულტურული) პროდუქცია, არამედ კულტურისტების პლასტმასური ქმნილებები საღდება. მოგეხსენებათ, კულტურისტები ერთგვარი სპორტსმენები არიან, რომელთა მოღვაწეობა კუნთების კარგად დაყენებაში გამოიხატება. ტვინს რომ კუნთები ჰქონოდა, ალბათ გენიოსები და უბრალოდ ჭკვიანი ადამიანებიც ტვინის ბიცეფსებით თუ ტრიცეფსებით დაფასდებოდნენ, მაგრამ ტვინი ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი დირიჟორია, ამიტომ გონებით მშრომელის ამაგი, სწორედ მისი გრძნობიერებით ფასდება. ამ ჩვენი კულტურისტებისთვის მთავარი ხარისხი კი არა, – რაოდენობაა. ანუ კულტურისტ მწერალს თავი მოაქვს იმით, თუ რამდენი წიგნი აქვს დაწერილი. არადა, ამ წიგნთა უმრავლესობა, ბოდიში(თ), მაგრამ მაკულატურაა (ისე როგორ ჰგავს ეს სიტყვა მასკულტურას). კულტურისტი მუსიკოსი კი თავისი ალბომების, სიმღერების და დუეტების რაოდენობით მარიაჟობს (ვაი, ასეთების პატრონს, უბედურს), კულტურისტი მხატვარი გამოფენებითა და რაც შეიძლება გაუგებარი ნახატებით იწონებს თავს. დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს, თავადაც არ ესმის, საერთოდ, რას ხატავს. კულტურისტი პოეტების ხომ საერთოდ ვერაფერს გაიგებს კაცი. ამიხსენით, რას უნდა ნიშნავდეს ასეთი „პოეტური“ ფრაზა: „გოგირდმჟავასფერი სიყვარულით მთვარის სტაფილოსფერ მატარებელში დამახრჩვე“, ან „სიზმრიან ტაფებზე დაგოზილი სიამოვნება მიხმობს“...

ძალიან „მაგარია“ ჩვენი კულტურისტული კინემატოგრაფია, რომელშიც მთელი ფილმის განმავლობაში მხოლოდ ჩაბნელებული, შემაწუხებელი კადრები ჩანს და მატარებლის რახრახი ისმის, აქაოდა, დახეთ, რამდენი საიდუმლო და სიბრძნეა ქართულ სინამდვილეშიო. კულტურისტ პოზიორი რეჟისორები ვერ ამჩნევენ, რომ თავად აბნელებენ ისედაც ბნელ ყოფას. დასავლურ ფილმებში ჯოჯოხეთსაც კი არ იღებენ ბნელი კადრებით. თეატრში კი მსახიობები, რატომღაც, მსახიობებივით თამაშობენ იმის ნაცვლად, რომ ადამიანები განასახიერონ. ანდა, რა საშინელებაა, ამდენი დაყენებული, ძალიანმსახიობური სიფათების ცქერა კინოში, თეატრსა და ტელევიზიებში. მოკლედ რომ ვთქვა, ესენი სპორტსმენების სახელსაც კი შეგაძულებენ კაცს (და ქალსაც). რას გვერჩიან, ვერ გამიგია.

ამ მასობრივი უსაქმურობისა და ე.წ. გაწამაწიების პერიოდში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ორმა შემოქმედებითმა ნაყოფმა იმდენად მომხიბლა, რომ ამ ბოლო დროს, ამათგან მიღებული სიამოვნებისაგან დეპრესიაშიც კი ჩავვარდი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა! საბედნიეროდ, ერთი ნაწარმოები (დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ წიგნია) აბსოლუტურად ქართულია. ეს არის ზაზა ბურჭულაძის „მინერალური ჯაზი“. ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ კულტურაში, ალბათ, არ შექმნილა ასეთი მართალი (ხაზს ვუსვამ) შედევრი. არ გახლავართ ლიტერატურათმცოდნე, ამიტომ თავს უფლებას ვერ მივცემ, ეს წიგნი დაწვრილებით განვიხილო (ამას არც არავინ მთხოვს). ამ ქმნილებას თავად ავტორი, ანტირომანს უწოდებს. მართლაც, თავად ავტორის მიერ მართულ ამდენ ზომბირებულ პერსონაჟს, ვერც ერთ, დღემდე დაწერილ რომანში ვერ წააწყდებით. ყველასა და ყველაფერზე საოცრად გაჯავრებული მწერალი ყველას უმტკიცებს, რომ მან არ იცის, როგორ იწერება კარგი წიგნი, თუმცა დანამდვილებით იცის, როგორ არ იწერება იგი. თუკი ირგვლივ მიმოვიხედავთ, თვალნათლივ დავინახავთ ყველაფერს, რაც წიგნში ხდება და რაზეც თავად ავტორი ირონიულად საუბრობს. ნაცრისფერი რეალობა, მასობრივი ზომბირება, პადხალიმობა, რელიგიური ფანატიზმი, ქალაქური მატრაკვეცობა, მხოლოდ წარსულით არსებობა, სიბრმავე, სიბინძურე, ქართული ხელოვნების კლანურობა, პოზიორობა, აბსურდულობა და მრავალი სხვა, ამ წიგნში გამორჩეულად თვალშისაცემია. ვფიქრობ, ეს მართლაც XXI საუკუნის ახალი ქართული ლიტერატურაა.

მეორე ნაწარმოები მუსიკალურია და ეს არის ინგლისური ჯგუფის Radiohead-ის ახალი ალბომი Hail To The Thief. ანტირომან „მინერალური ჯაზის“ გაცნობის მსურველებს შეგიძლიათ ეს წიგნი „რადიოჰედის“ აღნიშნული ალბომის ფონზე წაიკითხოთ. არც ერთი გაგაწბილებთ და თქვენც ორმაგ სიამოვნებას მიიღებთ, ანუ გაეცნობით ისტორიაში პირველ ქართულ ანტირომანს და თან მოუსმენთ ათწლეულის სუფთა ექსპერიმენტულ ანტიპოპურ (ანტიპოპსაზე რომ აღარაფერი ვთქვა) შედევრს.


Monday, June 16, 2003

ეთერ-კაცები და ბუზები

„სამშობლო განსაცდელშია!“ – ასე გაჰყვირის შეშინებული ბუზი ერთ-ერთ კარიკატურაში. ამ „მხიარულ“ სურათში ნაჩვენებია, როგორ აბიჯებს ვიღაცის ფეხი ოხშივარასულ ნეხვს. მნახველისთვის სრულიად ნათელია, რომ ბუზს გული შესტკივა თავის საკუთრებაზე. თუ სვეტი უხერხულად დავიწყე, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ლოზუნგი უკვე 14 წელია ინტენსიურად ისმის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. დღეს ქართულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს თამამად შეგვიძლია მასობრივი გამოლენჩების საშუალებები ვუწოდოთ.

არადა, რა ტელევიზიები გავხსენით! რა აპარატურები შევიძინეთ! რა ხარისხის ჟურნალ-გაზეთები დავბეჭდეთ. მაგრამ, რა თავში ვიხლით მარტო აპარატურას, თუ გონებამაც არ გვიშველა? აი, მაგალითად, როდესაც „რუსთავი 2“-დან ეკა ხოფერია, ხოლო „მზიდან“ ინგა გრიგოლია ჩვენს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობათა შემხედვარე ნერვებს იგლეჯენ და ყველას გვიმტკიცებენ, თუ რა ცუდი ხელისუფლება გვყავს, „პირველი არხიდან“ სახეზე ღიმილმფინარი კოკა ყანდიაშვილი გვამშვიდებს, გვაწყნარებს, მოგვიწოდებს ოჯახთან ერთად მიყურეთო, კვირაობით ეკლესიაში სიარულსაც კი გვირჩევს და გადაცემის ბოლოს ცეკვა-თამაშსაც გვაყურებინებს პირდაპირ ეთერში (მღერიან და ცეკვავენ „ქსოვრელები“).

უკვე ყველამ იცის, რომ ერთ ტელევიზიაში ჟვანია, სააკაშვილი, პოლიტიზირებული მუსიკოს-მწერალ-მოდელიორები, „თავისუფლების ინსტიტუტი“ და ყველაფრით უკმაყოფილო „სექტის“ „კმარას“ ფანატიკოსები „გულაობენ“ (არ მითხრათ ახლა – არ ვიცი, რომელ ტელევიზიაზეა საუბარიო), მეორეში შალვა ნათელაშვილი და ძმანი მისნი წამყვანს დაუძმაკაცდნენ, მესამეში ხაზარაძეები და მამალაძეები „გრიმიტობენ“, მეოთხეში ბოიბენდებმა, დაღრეჯილმა ეთერ-ქალებმა და ეთერ-კაცებმა დაიმხეს თავზე ყველაფერი, მეექვსეში აბაშიძეები, გოგიტიძეები, რჩეულიშვილები „გვმოძღვრავენ“, რომ ურუსეთოდ ცხოვრებას აზრი არა აქვს, მეშვიდე თავად არ იცის, რას აკეთებს, მერვე მარაზმშია და ასე ბატონო, გამოლენჩება უკვე სახეზეა. არადა, ეს ოჯახდალოცვილები ერთხმად გაჰყვირიან, რომ „სამშობლო განსაცდელშია!“.

ახლა ნეხვს დავუბრუნდეთ (მასთან დაბრუნება რა სანატრელია, მაგრამ რას იზამ?). ზოგისთვის სასუქი და ზოგისთვის ფეკალია იმდენია ჩვენს ირგვლივ, რომ მას ტელეკამერის დამიზნებაც კი არ სჭირდება, ისედაც თვალს ჭრის. თუკი სხვაგან ოქრო ბრწყინავს, ჩვენთან ნეხვი ანათებს, თუ სხვაგან ჭკუა ფასდება, ჩვენთან უვიცებმა „გაიჯეჯილეს“. მართლა ბუზებივით დაჰბზუიან ყველაფერს და თითქმის არავის სურს ფუტკრობა. ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ თითქოს პირი შეჰკრესო და მათი ავან-ჩავანით თითქმის არც ერთი ტელევიზია არ ინტერესდება. ჩვენ მზამზარეული თაფლი შეგვიყვარდა ნამეტნავად და არც კი გვაინტერესებს, რამდენი შრომა უნდა მის მოპოვება-კეთებას. საბედნიეროდ, ბუზებისგან განსხვავებით, ფუტკრები არასოდეს იღლებიან, ყოველგვარი კომპლიმენტების (ვინ ეუბნება რო?) გარეშე განაგრძობენ კაცთათვის და ღვთისათვის კეთილი საქმის კეთებას.

სიტყვა „სიკეთის“ ფუძე „კეთებაა“, ანუ საქმის ჩუმად კეთება და არა წივილ-კივილ-გნიასის ატეხვა ყოველი მოსაქმებული ნეხვის გამომუშავებისას. თუ ნეხვი არ მოგვწონს და მასთან თანაცხოვრებას უკვე შეგუებულები არა ვართ, თავად გამოვგავოთ მშვიდად და ჩავაგდოთ კოტე ყუბანეიშვილის ლექსებდამშვენებულ სანაგვე ურნებში მთელი ეს „დოვლათი“. სხვათა შორის, ზემოთმოყვანილ კარიკატურაში არა მარტო ბუზი, არამედ ის ადამიანიც ზარალდება, რომელიც ნეხვში ფეხს ტუცავს. ტელევიზიები კი მხოლოდ ბუზებსა და იმათ უთმობენ ეთერს, ვინც ქუჩები ამ ფეკალიებით წაბილწა. თუმცა, საერთოდ უცნობია იმათი ბედი, ვინც მათში ფეხის ჩაკვრით დაზარალდა.

ყველაზე მეტად ჩვენს ტელევიზიებში ამინდის პროგნოზის გამოცხადებაა მიმზიდველი, რადგან ერთიანი საქართველო ახლა მხოლოდ ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის მიერ მოწოდებულ რუკაზე არსებობს. ამ ქვეყნის პატრონი კი კარგად გაბეყილი მომწვანო ფერის ნეხვის ბუზთა ხროვაა, რომელსაც არასოდეს ავიწყდება სიტყვები: „სამშობლო განსაცდელშია“! – ეს ლოზუნგი ამ ხროვის იდეოლოგიურმა ოპონენტებმაც აიტაცეს. მასმედია კი, აქაოდა, ქვეყანაში გამეფებულ რეალობას ავსახავთო, ხან ერთ ხროვას, ხანაც მეორეს აჩვენებს ხშირად პირდაპირ ეთერში. ამ აზრთა ე.წ. „ჭიდილში“ მედიას ავიწყდება საზოგადოებრივი და სახელმწიფოს ინტერესები და, ხშირ შემთხვევაში, გაავებული მხარეების საასპარეზო არენად იქცევა.

თუმცა, მათაც რა ჰქნან, ისინიც ხომ ამ ბედკრული ქვეყნის ლეკვები არიან? შესაძლოა ვიღაცამ გაამართლოს ჩვენი დამოუკიდებელი თუ დამოკიდებული ტელევიზიები – ამ ჟურნალისტებსაც ჰყავთ ოჯახები, რომლებსაც რჩენა სჭირდებათო. ამ ნეხვით აქოთებულ სამყაროში კი თუკი ვინმეს ინტერესები არ გაატარე და ის ილაპარაკე, რასაც ფიქრობ, ძალიან გაგიჭირდება. მაშ, მოდით, კიდევ ერთხელ იყვირეთ, რომ „სამშობლო განსაცდელშია“!

Tuesday, June 10, 2003

დავით-დეფი გოგიბედაშვილის ახალი წიგნი „P.S.“

დეფი თავის ახალ წიგნში ცდილობს საკუთარი გმირების ბედი განიცადოს

6 ივნისს, თომას მანისა და პუშკინის დაბადების დღეს, წიგნის მაღაზია „პარნასში“ შედგა დავით-დეფი გოგიბედაშვილის ახალი წიგნის „P.S.“-ის პრეზენტაცია, რომელიც გამოსცა გამომცემლობა „საარმა“. დეფისთვის ეს რიგით მეორე წიგნია. ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ამ ნიჭიერი მწერლის, ტელეჟურნალისტისა და კინომსახიობის 2001 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ დასტამბულ წიგნს „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“. ყოველთვის საინტერესოდ მოსაუბრე დეფის „ახალი ვერსია“ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე შეხვდა.

დეფი: – ჩემი აზრით, XXI საუკუნის ლიტერატურა ახალი აღმოჩენებით ყალიბდება. რამდენად გენიალურია ესა თუ ის აღმოჩენა, ამას დრო განსაზღვრავს, მაგრამ ადამიანს ამისკენ უნდა ჰქონდეს მისწრაფება. ყოველთვის ვიყავი ისეთი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, სივრცის და, გნებავთ, მედიის მოტრფიალე, რომელიც ჩემში აღძრავდა კეთილშობილ სურვილებს და უკეთესისკენ მისწრაფებას.

ძალიან მსურდა ჩემი ნაფიქრი და დიალოგი წიგნის გმირებთან ქაღალდზე გადმომეტანა. ტელეგადაცემა „გმირში“ ამას მედიის საშუალებით ვახერხებდი, ხოლო ახლა ლიტერატურას დავუბრუნდი, რომელსაც ბოლო 10 წელია ხელი მივყავი. ეს წიგნი სტრუქტურულად ახალი ჟანრის რომანად მესახება, რადგან მისი პერსონაჟები კლასიკური ლიტერატურის წიგნის გმირები არიან. შევეცადე ამესახა მათი ბედი, განსაცდელი, საქციელი, იმედები, მისწრაფებები და წინააღმდეგობათა გადალახვის დიდი სურვილები.

Monday, June 9, 2003

ვუბეროთ ფართებზე

პა-პა-პა, ძმებო, რა დრო დაგვიდგა? როგორც იტყვიან, „მიეცი ნიჭსა გზა ფართო... ათავისუფლე მონები!“... თავადაც კარგად ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი და არასწორი ციტირება გავაკეთე, მაგრამ მეპატიება. იცით რატომ? დღეს ყველა უვიცს ყველაფერს პატიობენ და ჩემს ამ პატარა ლაფსუსზე (წარმოითქმება რაც შეიძლება რბილი „ლ“) ყურადღების გამახვილება ღირს კია? დიაღაც, რომ არ ღირს, ახლა, ამის დრო არ არის. ის კი არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემი მოგონილი ციტატაა. ჰა-ჰა და ჰი-ჰი! აბა, ვინმე თამამად შემომედავოს. ყველას დავუმტკიცებ, რომ მართალი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვიღაც ვიგინდარათა მონაჩმახი. მით უმეტეს, ეს უკანასკნელნი, თვალს უფრო საშინელ რამე-რუმეებზე ხუჭავენ. აბა, ჩვენს დამოუკიდებელ ტელევიზიათა ჟურნალისტებზე ხმას ვინ ამოიღებს? რაც შეიძლება საშინელი და ჟრუანტელის მომგვრელი მასალის მოპოვება მათი წმინდათაწმინდა საქმეა.

ვინ გაბედავს, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამების ჟურნალისტზე თქვას უვიციაო? ვერავინ... იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ქუთაისიდან პირდაპირი ჩართვისას, დღისით-მზისით, გვიმტკიცებს, რომ ლადო მესხიშვილის თეატრი ახმეტელის სახელობისაა. თანაც ამას ისე დამაჯერებლად იმეორებს რამდენჯერმე, საბოლოოდ ყველა ვრწმუნდებით, რომ ჟვანიასა და სააკაშვილის ქუთაისში ვიზიტის შემდეგ თეატრს სახელი გადაერქვა. ძალიან გთხოვთ, ამ ქალაქს თავი დაანებეთ (თავისი გასაჭირი ეყოფა)... თუ არა და, ქუჩებისა და შენობების სახელები მაინც ახსენეთ ზუსტად.

აბა, ვინ შეძლებს პირდაპირ თქვას, რომ ქართველი პოპულარული მომღერლების აბსოლუტური უმრავლესობა უგემოვნოა? ვინც დამიმტკიცებს, რომ ქართული პოპსა გემოვნებიანია, ძალიან მაგარ კომპაქტ-დისკს ვაჩუქებ, რომელზეც არ იქნება ჩაწერილი არჩილ შოთას ძე მეფარიძის, „საუნდის“, სტეფანეს და მისთ. სიმღერები. კარგად მესმის, რომ გემოვნებაზე არ დავობენ (ვითომ არ დავობენ?), მაგრამ უგემოვნებობის ექსპანსიაზე ხომ უნდა ისაუბროს ვინმემ? არა, ბატონო, საერთოდ არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა არსებობდეს? დღევანდელი თანამედროვე მუსიკის შემხედვარე გია სურამელაშვილის დრო მომენატრა. მაშინ ალტერნატივა მაინც არსებობდა. ნუთუ ბაზრობების იქით ვეღარ ვიხედებით და აღარ შეგვიძლია თუნდაც, თბილისური პეიზაჟებით მაინც დავტკბეთ. რატომ გვინდა, რომ მაინცადამაინც მტვერსა და ნაგავში ვიცხოვროთ და ადამიანობა დავკარგოთ? რატომ გვაინტერესებს რა ახალი კლიპი გადაიღო ლელა წურწუმიამ და სად იქნება მისი პრეზენტაცია თავისი ალა-ფურშეტით და ერთხელაც არ დავფიქრებულვართ, თუ რატომ არ არის კუს ტბაზე კუ, რატომ არ იცოდა ბეთჰოვენმა გამრავლების ტაბულა, ან რატომ დავანებეთ თავი მუსიკის მოსმენას?

რას ჰგავს ჩვენი ცხოვრება? ამ ბანძმა ინფორმაციამ წაგვლეკა. ამდენი ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთი არსებობს თბილისში და ყველა ერთმანეთს მხოლოდ ცუდი და ე.წ. ელიტური, ჭრელი ამბების მოპოვებაში ეჯიბრება. საინტერესოა, მხოლოდ ძალიან ბევრი სისხლი, გვამი, ძალადობა, პათოლოგიური სექსი და ე.წ. ესტრადა გვასულდგმულებს? ვეღარც კი ვხვდებით, რომ ამოდენა სიმახინჯის შემხედვარე, ჩვენც ვბანძდებით. დღეს მხოლოდ რკინის ნერვებიანი და უნერვო, უსულო ადამიანი გრძნობს თავს კარგად. არადა, ტელევიზიები, პრესა, წესით, საზოგადოებრივ დაკვეთას უნდა ასრულებდეს. შთაბეჭდილება რჩება, რომ თავად საზოგადოება, ანუ ჩვენ, უკვე საკმაოდ ზომბირებულები ვართ და ეს ყველაფერი, მართლაც გვაინტერესებს. ჩვენივე ხელით ვანადგურებთ საკუთარ თავს და გვიხარიასავით კიდეც. თავისუფლება კი, დამოუკიდებელი მედიის არსებობა გვგონია მხოლოდ.

არ მოგენატრათ ახალი და მშვენიერი ფირფიტის მოსმენა, როდესაც მეგობრები ერთად იკრიბებოდით და ჩანაწერზე დაუსრულებლად ლაპარაკობდით? ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანი დაჯდეს და განმარტოებულმა გაარჩიოს ჩვენი პოპსავიკების აბსოლუტური უმრავლესობის ახალი თუ ძველი ალბომები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში, კიდევ დარჩნენ ადამიანები, ვისაც კარგად ესმის ნამდვილი მუსიკის ფასი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მკითხველები (მათ უმრავლესობას ჩემ მეგობრად მივიჩნევ) ხშირად მწერენ და მიზიარებენ საკუთარ აზრს სხვადასხვა საკითხებზე.

მონური მორჩილება ასულდგმულებს უგემოვნებობას. მონური შემგუებლობა და ინდიფერენტიზმი საქართველოში ახალ-ახალი ყვითელ-ყავისფერი პოპსა „ვარსკვლავების“ აკიაფებას უწყობს ხელს. ჩვენივე ნიჰილიზმის გამო, კიდევ კარგა ხანს ვიქნებით ბაზრობებისა და მარშრუტკების კუჭის ამშლელ მუსიკაზე (ე.წ. „ქართულებზე“) „შემჯდრები“. ტოტალური ფლეგმატურობის გამო კი, კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვეღირსებით მშვიდ, ბედნიერ ცხოვრებას. მხოლოდ „ფართებზე“ „ვიგულავებთ“ და „შევუბერავთ“.

Tuesday, June 3, 2003

ბრიტანელებს „ბითლზი“, „ლედ ზეპელინი“ და „პინკ ფლოიდი“ აღარც კი ახსოვთ

ინგლისში გადახვეწილი ქართველი მუსიკოსი თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ავან-ჩავანს ეზიარა

მუსიკოსი გიორგი თაბუკაშვილი ინგლისში საცხოვრებლად დიდი არეულობებისა და სამოქალაქო ომის დროს წავიდა სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად. ინგლისში ჩასვლამდე მეგობრებთან ერთად უკრავდა გერმანიის, რუსეთის, ჰოლანდიის ქუჩებსა და კლუბებში. ამჟამად გიორგი ინგლისის მოქალაქეა.

თბილისში გიორგი თაბუკაშვილი ცნობილ როკ-ჯგუფ „69“-ში გიტარისტი იყო. ლონდონში გიორგიმ სხვა ქართველ როკ-მუსიკოსთან, დადა დადიანთან (იგი გახსოვთ ჯგუფიდან „ტაქსი“) ერთად გააკეთა ჯერ სტუდია „Studio 20“, მერე კი იმავე სახელწოდების ლეიბლი. დადასა და გიორგის მუსიკა ინგლისში ძალიან ბევრ რადიოებსა და კლუბებში ტრიალებს. თანამშრომლობენ ბევრ ცნობილ მუსიკოსთან. რამდენიმე კომპოზიცია გაკეთებული აქვთ ჯგუფ „პროდიჯის“ წევრებთან ერთად.

მუსიკის გარდა გიორგი მუშაობს ვებ-დიზაინერად და აფორმებს კერძო კომპანიების ვებ-გვერდებს. ჰყავს ფრანგი მეუღლე და ორი შვილი. გიორგი თაბუკაშვილს კომპანია „კომუნას“ ოფისში შევხვდი.

გიორგი თაბუკაშვილი: – პირველ ჯგუფში, რომელიც თბილისში მეგობრებმა გავაკეთეთ, ვუკრავდით „ბითლზებს“, „როლინგ სტოუნზსა“ და „სექს პისტოლზს“. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ საკმაოდ ავანგარდული ქართული ჯგუფი „69“ (ანუ „პოზიცია 69“), რომლის მუსიკაც საკმაოდ ალტერნატიულ, ელექტრონულ ხასიათს ატარებდა. ჯგუფში შევდიოდით: უჩა ჩაჩხიანი, ბაკუნა ნოზაძე, კოტე ფალავანდიშვილი, მინდია გაბაშვილი და მე. ამ ჯგუფმა 3 წელი იარსება. მაშინ არსებობდა დადა დადიანის „ტაქსი“, ხოლო სერგი გვარჯალაძე „სახლში“ უკრავდა. რამდენიმე მუსიკოსი წავედით ევროპაში და საბოლოოდ, ლონდონში დავრჩი. იქ დადა დადიანთან ერთად გავაკეთე სტუდია „Studio 20“. ჩვენ ვაკეთებდით ანდერგრაუნდ დენს მუსიკას, რომელიც ძალიან მოსწონთ ლონდონში. სწორედ მაშინ აიდგა ფეხი „თუ სტეპმა“ და „იუ-ქეი გარაჟმა“. ამ ტალღას დადა და მეც შევუერთდით. აღნიშნული სტილები უფრო აღმოსავლეთ ლონდონელი ზანგების წიაღში ჩამოყალიბდა. ქალაქის ეს ნაწილი უფრო ღარიბია და სავსეა ფაბრიკა-ქარხნებით.

– როგორ მოახერხეთ სტუდიის გაკეთება?

Monday, June 2, 2003

კითხვის ნიშნები

ჩვენს პრესაში, დღეს, მოდაშია კითხვის ნიშნიანი სათაურები. ყველაზე პოპულარული კითხვებია „ვინ“ და „რატომ“ (მაგალითად, „ვინ არის სინამდვილეში კლიპმეიკერი ფოთოლა კამერაძე?“, „რატომ გადაუმტვრია ხერხემალი სიდედრს ბუხუტი ჭანყუტაძემ?“ და ა.შ.). საბაზრო ეკონომიკაც თავის დაღს ასვამს ჩვენს საამაყო პრესას. იყიდება თუ არა? იყიდებიან თუ არა ქართველი მუსიკოსები სხვადასხვა პოლიტიკოსებზე? ყიდიან თუ არა ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ სამშობლოს? იფ, რა კარგია, უპასუხო კითხვების დასმა. თუმცა რატომ უპასუხო? ყველამ იცის, რომ ქართველი მომღერლები საკუთარი სურვილით იყიდებიან. ისიც ვიცით, რომ ქართველი პოლიტიკოსები სამშობლოს ნაწილ-ნაწილ ყიდიან. დღეს ყველაფერი იყიდება თუ ფულზე არა, ბევრ ფულზე მაინც.

არსებობს სხვა კითხვებიც. რატომ არავინ აკრიტიკებს თუნდაც მერაბ სეფაშვილს? რა, ძალიან მაგარი საყვარელი მომღერალია? ცოცხლად სიმღერა შეუძლია? მაგრამ არსებობს საპირისპირო კითხვებიც. რატომ მღერის მერაბ სეფაშვილი ბანძების გვერდით? ვინ არიან ეს ბანძები? რა გახდა ასეთი, რომ მისი შემცვლელი დღემდე არ გამოჩნდა საქართველოში? შევარდნაძეა თუ კობზონი? მუსიკის მოყვარულებს სხვა კითხვებიც უჩნდებათ. ქართველებს თავი მოგვაქვს, რომ ნიჭიერი ხალხი ვართ და ნუთუ ერთი-ორი უნიჭო ესტრადის პოეტის გარდა, პოეტები ამოგვიწყდნენ? ვინ არიან ასეთი ეს რუსა მორჩილაძე და ჯემალ სეფიაშვილი, მთელი ე.წ. შოუ-ბიზნესი რომ თავზე დაიმხეს? სხვა კომპოზიტორები არ გვყვანან? როდემდე შეიძლება ერთი და იგივე მონოტონური „ტასკა“ სიმღერების ტრიალი? როდემდე გაგრძელდება ქართულ სცენაზე ბავშვების ექსპლუატაცია და პედოფილია? ამ კითხვებს სვამენ ჩემი მკითხველები და მათ არც ერთი ყვითელი ჟურნალ-გაზეთი სათაურებად არ გამოიტანს. რატომ? ეს ამ მომღერლებთან დაძმაკაცებულ და დადაქალებულ რედაქტორებს ჰკითხეთ.

გაყიდულ მომღერლებს კი, ძლიერნი ამა ქვეყნისანი დაახლოვებით ასე ელაპარაკებიან: მოდი, შენ იმღერე სიმღერა ჩვენი პარტიის (ან ბლოკის) მხარდასაჭერად და მე შენ გაგიშვებ ნიუ-იორკის ან მოსკოვის ყველაზე მაგარ რესტორანში. მერე, როდესაც აქ ჩამოხვალ, გაზეთებსა და ტელევიზიებში ინფორმაციას გავავრცელებ, რომ თითქოს ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერე, რომ მთელი ამერიკა და რუსეთი გადარიე. ამ საწყლებს, უკვე, მართლა ჰგონიათ, რომ იქაურობა გადარიეს და აქ ცხვირაწეულები დაიარებიან. სწორედ, მაშინ უნდა ამხილო ისინი, მაგრამ პრესა ამას არ აკეთებს და უახლოეს მომავალში არც გააკეთებს.

ყვითელ პრესას არ აწყობს მის მიერ შექმნილი ვარსკვლავების რეიტინგის დაცემა. სწორედ ამიტომ გვაწონებენ თავს „პირველი არხიდან“ რეჟისორი და კლიპმეიკერი ბასა ფოცხიშვილი (ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება ხოლმე, რომ მასთან შედარებით, ფედერიკო ფელინი ან ტარკოვსკი მასხარები იყვნენ), „რუსთავი 2“-დან კი საყვარელი ბიჭუნების ბოიბენდი „ქუჩის ბიჭები“. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ფსევდოვარსკვლავებმა აღარ იმარიაჟონ? აბა, რას ნიშნავს ის, რომ საქართველოში მომღერლის ავკარგიანობის დასადგენად მხოლოდ ერთი საზომი – „ჯიგრობა“ გამოიყენება. თანაც „ჯიგარი“ შეიძლება იყოს ყველანაირი ორიენტაციის მქონე ადამიანი, გაყიდულიც და გაუყიდავიც, შემოქმედებითად ბოზიც და პატიოსანიც.

რას ნიშნავს ანდაზა უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო? ანდა, რას ნიშნავს, ქართული ელიტა? ამ ორ კითხვაზე, თითქმის ერთი პასუხი არსებობს და ის ყველასათვის ცნობილია. ე.წ. ელიტა პოლიტიკოსების დახმარებით აქეთ-იქეთ დაახრიგინებს ე.წ. „ქართულ სცენას“ და ფონოგრამულ, ზოგჯერ კი ცოცხალ კონცერტებს მართავს. მარტო ცოცხლად სიმღერის ნიჭი არ ნიშნავს, რომ მომღერალი პირნათელი და მართალია მსმენელის წინაშე. ცოცხლად სიმღერა ბრიტნი სპირსსა და ჯენიფერ ლოპესსაც შეუძლია, მაგრამ რა ჯანდაბად გინდა? გარდა იმისა, რომ სპირსს ხმა და სმენა არა აქვს და ცოცხალ კონცერტებზე ყოველთვის ვიღაც ეხმარება, მან არ იცის, არსებობს თუ არა ავსტრალიის კონტინენტი. არც ის გაუგია, ვინ იყო ჯონ ლენონი. რატომ არის ბრიტნი სპირსი ასე პოპულარული? შოუ-ბიზნესის რა მანქანა მუშაობს ისეთი გულმოდგინებით, რომ ყველას გვიმტკიცებს, დარვინის თეორიის მართებულობას?

შეგიძლიათ, ამ კითხვებს პასუხი გასცეთ? შეუძლია ყვითელ პრესას, საერთოდ, რამეზე იფიქროს და მარტო გულისამრევი ინტერვიუები არ ბეჭდოს ვიღაც დეგენერატებთან? მით უმეტეს, ამ ქვეყანაში, ღვთის წყალობით, ნიჭიერი ხალხი (მათ შორის მუსიკოსებიც) არ დალეულა? რატომ არ ჩანს ქართულ ტელეეკრანზე არაფერი, მოყაყანე პოლიტიკოსებისა და მოყიყინე მომღერლების გარდა? რატომ უნდა ვწეროთ სისულელეებზე, როდესაც მრავალი საოცრება და საინტერესო რამ ხდება? დაბოლოს, ყვითლების ტრადიციული კითხვა, რომელიც ნამეტნავად სასაცილოდ ჟღერს: ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

ალბათ, უკანალი.

Wednesday, May 28, 2003

„რუსული თანამედროვე მუსიკა ქართულთან შედარებით საშინელებაა“

ნოდარ ნიკოლაიშვილი ქართული და რუსული ესტრადის შესახებ

თბილისელი კომპოზიტორის, ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერებს ასრულებენ ქართველი და რუსი ესტრადის მომღერლები. კომპოზიტორი 3 წელია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა შვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო (ვაჟიშვილი ლაშა აფხაზეთში იბრძოდა). წერს სიმღერებს ქართველი და რუსი მომღერლებისთვის. „ახალი ვერსია“ ქართველ კომპოზიტორს მისი საავტორო კონცერტის წინ შეხვდა, რომელიც 15 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

ნოდარ ნიკოლეიშვილი: განათლებით არა ვარ კომპოზიტორი. მუსიკას მხოლოდ 10 წელია ვწერ. ვსწავლობდი პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დიდ ორკესტრში ვუკრავდი. ამის გამო ჩავაბარე კონსერვატორიაში. ამ ორკესტრის გამო რეზო ლაღიძემ თავის კათედრაზე გადამიყვანა. მანამდე დამთავრებული მქონდა მე-2 მუსიკალური სასწავლებელი. დავამთავრე სადირიჟორო, ინსტიტუტის შემდეგ – პროფესიით მუსიკადმცოდნე და პიანისტი გავხდი.

პირველი სიმღერა 1993 წელს დავწერე და ის „ოთხმა გიამ“ შეასრულა. ამის შემდეგ ჩემი სიმღერები იმღერეს: ნუკრი კაპანაძემ, თემურ წიკლაურმა, მერაბ სეფაშვილმა, ტრიო „თბილისმა“, ზურა კობეშავიძემ და სხვებმა. მოსკოვში ცნობილი მსახიობი ნიკოლაი კარაჩენცევი გავიცანი და ჩამოვაყალიბეთ „თეატრის, კინოსა და ესტრადის თანამეგობრობის ფონდი“. ნიკოლაი და მე ამ ფონდის პრეზიდენტები ვართ. კარაჩენცევი 4-5 ჩემს სიმღერას მღერის. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

Tuesday, May 27, 2003

რუსუდან ფეტვიაშვილი: „მოდიოდა ნინო მთებით“ ზეპირად ვიცი, ძალიან გამიხარდა, რომ ამ ლექსზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“

„ახალი ვერსიის“ დღევანდელ ნომერში მოთავსებულია რუსუდან ფეტვიაშვილის ექსკლუზიური ილუსტრაცია სპეციალურად ნინოობის დღესასწაულისათვის, რომელიც შეიქმნა ანა კალანდაძის ლექსის „მოდიოდა ნინო მთებით“ მიხედვით. ჩვენ რუსუდანს წინასადღესასწაულო დღეებში გავესაუბრეთ.

– რუსუდან, თქვენ სხვა მხატვრებთან და ხატმწერებთან ერთად ასურათებდით მსოფლიოში ყველაზე დიდ ოთხთავს (სახარებას), რომელიც სპეციალურად წმ. სამების მშენებარე ტაძრისთვის იქმნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. დასრულდა მასზე მუშაობა?

– წმინდა ოთხთავზე მუშაობა დასრულდა. სამუშაო დაასრულეს გადამწერებმაც (ეს სახარება მთლიანად ხელით შესრულდა). ახლა მისი აკინძვა მიმდინარეობს და, როგორც ვიცი, წმინდა წიგნს მალე წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ოთხთავის მინიატურების ხატვის პროცესში სხვა შემოქმედებითი სამუშაო არ შემისრულებია.

– თქვენ გაქვთ საკუთარი სამხატვრო გალერეა აღმაშენებლის 103-ში. როდის გაიხსნა ის?

– ეს გალერეა უკვე 3 წელია, რაც არსებობს. სხვათა შორის, მის გახსნაში ძალიან დამეხმარა ზურაბ ჟვანია. აქ არის მარტო ჩემი ნახატების მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. მანამდე აქ იყო თოჯინების თეატრის ერთ-ერთი ფოიე, რომლის ერთი კედელი 18 წლის ასაკში მოვხატე. ის 8 000 დოლარი, რომელიც სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა მიმეღო, თავად თოჯინების თეატრს გადავეცი რემონტისათვის. ამიტომ, თეატრის ადმინისტრაციამ გალერეის მოწყობა შემომთავაზა. ბავშვებს შესვენებისას ან სპექტაკლის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ექნებოდათ, დაეთვალიერებინათ გამოფენა. ამჟამად გალერეა დროებით დაკეტილია.

Monday, May 26, 2003

ბებერი და ახალი მუსიკა

ვისაც ეჭვი ეპარება, რომ მუსიკა არ ვითარდება, რამდენიმე ახალი ალბომის მოსმენას ვურჩევ. მათ შორის, გამოვარჩევდი ბრიტანული „რადიოჰედის“ უახლეს ალბომს „Hail To The Thief“ („ქურდის მისალმება“), რომლის ოფიციალური რელიზის დღე 9 ივნისია.

მიუხედავად ამისა, რუსმა აუდიო „მეკობრეებმა“ უკვე გამოსცეს ამ მართლაც უძლიერესი ალბომის კომპაქტ-დისკი. მათი წყალობით დისკი უკვე იყიდება თბილისშიც. ჩემი ვარაუდით, ეს ალბომი აუცილებლად ეპოქალური გახდება. ასეთი გენიალური ჩანაწერი ყოველ ათწლეულში ერთჯერ ან ორჯერ გამოდის. ის თანაბრად მოეწონება, როგორც სუფთა როკის, ისე ელექტრონული ანდერგრაუნდის მსმენელს.

მოკლედ, რომ ვთქვათ, „რადიოჰედის“ ხელოვნება განკუთვნილია პროგრესული მუსიკის მოყვარულთათვის. სამწუხაროდ, თანამედროვე როკ-ჯგუფების უმრავლესობა თანდათან დაემგვანა რაღაც მანუფაქტურულ სერიულ პოპსა ფსევდოროკის იდეოლოგს. ბევრი მათგანი მხოლოდ ფულის შოვნისთვისაა შექმნილი და მათი ხელოვნება ძალიან ჩვეულებრივი „პლასტმასაა“.

შოუ-ბიზნესის ზედაპირზე მყოფმა ვითომ ალტერნატიულმა და ძველმა როკ-ჯგუფებმა თითქოს დაკარგეს თანამედროვე, რეალური ცხოვრების რიტმიკა. ამ რიტმებმა თავისი ადგილი მხოლოდ პროგრესულ ელექტრონულ მუსიკაში ნახეს. თანამედროვე როკ-მუსიკოსების უმრავლესობამ ლოზუნგით „გაუმარჯოს როკ-ენ-როლს“ იგნორირება გაუკეთა ახალ რიტმებს და ვეღარ გაშორდა „ლედ ზეპელინის“, „სექს პისტოლზის“, „ნირვანას“, „მეტალიკას“ და „მოტორჰედის“ უკვე „წვერებიან“, გასული საუკუნის რიტმებს. ეს კი, რა თქმა უნდა, სასაცილოა და მათი დღეს შესრულება უფრო მაზოხიზმს წააგავს. ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები მხოლოდ გასული საუკუნის 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების მუსიკას ასრულებენ და ისინი უკვე კლასიკოსებად იქცნენ.

წარმოიდგინეთ, რა სასაცილო იქნება, ვიღაც თანამედროვე კომპოზიტორმა ვივალდის ან მოცარტის მსგავსი მუსიკა რომ შექმნას. გაუთვითცნობიერებლობის ნიშანია ისიც, როდესაც ადამიანი ამტკიცებს, რომ „ლედ ზეპელინზე“ მაგარი მუსიკა არ შექმნილა და პოპსავიკს ეძახის თუნდაც ელექტრონული ანდერგრაუნდის ჯგუფების „ანდერვორლდის“ და ‘ქემიკალ ბროზერსის“ მსმენელს.

თანამედროვე როკ-ჯგუფებს სწორედ თანამედროვე რიტმის, ცხოვრების შეგრძნება აკლიათ. სწორედ ამიტომ წალეკა მსოფლიო პოპსამ. თუკი გასული საუკუნის 70-იანებში რომელიმე წლის საუკეთესო შემსრულებელი ჯიმი ჰენდრიქსი ან „ლედ ზეპელინი“ იყო, დღეს ასეთი ბრიტნი სპირსი და კრისტინა აგილერა გახდა. როგორც ხედავთ, პოპ-მუსიკამ საშინელი რეგრესი განიცადა სწორედ იმიტომ, რომ დღეს მუსიკა აღარ არის თანამედროვე ტემპის გამომხატველი.

ამავე დროს, ბევრი როკ-მუსიკოსი ცდილობს, ბღავილითა და კივილით მიიქციოს ყურადღება, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მათი წივილ-კივილი არაბუნებრივია. ვერაფრით დავიჯერებ იმას, რომ ნორვეგიელს ან შვედს ასეთი საშინელი სოციალური მდგომარეობა ჰქონდეს. მათი მუსიკა მხოლოდ ფსევდოპროტესტულია და ბღავილი ყურადღების მიპყრობის ფანდია ალბომის კარგად გასაყიდად. სრულიად არ მიკვირს, რომ ჯგუფ „მოტორჰედს“ დღესაც მძლავრი მეტალისტური ჟღერადობა აქვს, რადგან მისმა ლიდერმა ლემი კილმისტერმა საკუთარი თავი ამ მიმართულებას შესწირა, მაგრამ ხშირად გაურკვეველია, რატომ ცდილობს 80-იან წლებში დაბადებული მუსიკოსი მას წაბაძოს და ზუსტი ასლირება გაუკეთოს „მოტორჰედის“ უკვე ძველ, ბებერ რიტმს.

თუ დაფიქრებულხართ, პლანტსა და პეიჯს თავის დროზე კომპიუტერი და მობილური ტელეფონი რომ ჰქონოდათ, როგორ მუსიკას დაწერდა „ლედ ზეპელინი“? არ მითხრათ, მაინც იგივეს, რასაც აკეთებდნენო, ვერაფრით დაგიჯერებთ, რადგან ისინი თავის დროზე „პინკ ფლოიდთან“ და სხვა მართლა მაგარ ჯგუფებთან ერთად ყველაზე პროგრესულები იყვნენ. სწორედ ამიტომ გახდნენ მუსიკის კლასიკოსები (ამ სიტყვის ნუ შეგვეშინდება).

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევროპული განვითარების დონეს რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება, მაშინ მხოლოდ ძველი როკის მოყვარული ჩვენი ქართველი მსმენელების მესმის. ამაში რომ თავად დარწმუნდეთ, გირჩევთ გადაიკითხოთ (ან წაიკითხოთ) ცნობილი ინგლისელი მწერლის ენტონი ბერჯესის 1962 წელს დაწერილი შედევრი „მექანიკური ფორთოხალი“. დამერწმუნეთ, ამ წიგნში განვითარებული სიუჟეტები დღეს ჩვენთვის იმდენად რეალურია, გეგონებათ ქართველმა მწერალმა სულ ახლახანს დაწერაო.

თანამედროვე ტემპის შეგრძნების გარეშე კი ძალიან რთულია ძველი მენტალიტეტისაგან განთავისუფლება. ასეთი ტემპი მთელ როკ-მუსიკაში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ისეთ გენიალურ მუსიკოსებს გააჩნიათ, როგორებიც არიან დევიდ ბოუვი, პიტერ გებრიელი, ბიორკი და სხვები. მათ შორის, დღეს თამამად შეგვიძლია ვახსენოთ „რადიოჰედიც“, რომელიც საუკეთესო მხატვარია (საუკეთესოთა შორის). ამაში კი მისი ახალი ალბომის მოსმენის შემდეგ დარწმუნდებით.

Thursday, May 15, 2003

„თანამედროვე მუსიკა მხოლოდ ამერიკაში და ინგლისში არ იქმნება“

ცნობილი ტელეწამყვანი და მთავარი „კომუნარი“ სერგი გვარჯალაძე ისევ დაბრუნდა ეთერში ორი გადაცემით, ოღონდ ამჯერად – რადიო ეთერში. „მიუზიკ-ჰოლი“ და „მიუზორამა“ – ასე ჰქვია სერგის მიერ მომზადებულ მუსიკალურ გადაცემებს, რომელიც „რადიო 101“-ის (FM 101,4) ეთერში ორშაბათსა და სამშაბათს იწყება 23 საათზე და ერთი საათი გრძელდება.

სერგი გადაცემებზე მხოლოდ მიხოსთან (იგივე მიქსოსთან ერთად) მუშაობს. „ახალი ვერსია“ სიამოვნებით ესაუბრა მთელ ქართულ რადიოებში არსებული ორად-ორი მუსიკალური გადაცემის ავტორს, სერგი გვარჯალაძეს.

Wednesday, May 14, 2003

ქუთაისში შეიძლება წმინდა წინასწარმეტყველება აღსრულდეს

მეუფე კალისტრატე: დღეს საქართველოს კომუნისტური ცნობიერება ჭამს

ქუთაისში გამარჯვების მოედანზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შენდება. მორწმუნენი ამ ადგილს უკვე სიყვარულით „ათონს“ ეძახიან. როგორც ვარაუდობენ, მშენებარე ეკლესია ერთ-ერთი უდიდესი იქნება ეპარქიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ეკლესია-მონასტრების რაოდენობით არც ისე ღარიბია, წირვებზე, ლოცვებსა და დღესასწაულებზე ისინი მრევლით არის გადაჭედილი.

ახალი ტაძარი შენდება ათეული წლების წინ მიტოვებული საზაფხულო კინოთეატრის შენობის ადგილზე. მორწმუნენი დარწმუნებულები არიან, რომ წმინდა წინასწარმეტყველების აღსრულების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სწორედ მისი სახელობის ტაძარში დაიდებს ბინას. ამ წინასწარმეტყველებისა და მშენებლობის შესახებ „ახალი ვერსია“ ესაუბრა ქუთათელ-გაენათელი ეპარქიის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას კალისტრატეს.

– ქუთაისში „ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის“ სახელობის ტაძრის მშენებლობა ნამდვილად ღვთის წყალობაა. მისი მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. რამდენიმე წლის წინ ჩემთან მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ტაძარი შენდება, იქ ცის გახსნა იხილეს. ცოტა ხანში ისევ იმ ადგილას რამდენიმე მორწმუნეს ღვთისმშობლის გამოცხადება ჰქონდა. ყოვლადწმინდას ხატება მთელს ცაზე იყო გადაფენილი.

ქუთაისს 3500 წლიანი ისტორია აქვს და ქუთაის-გაენათის ეპარქიაც უძველესია. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, უფალი რაღაც ნიშანს გვაძლევს-მეთქი. მამა ალექსისთან (სინაურიძე) და ამირან სინაურიძესთან ერთად დავიწყე ფიქრი ამ ტაძრის მშენებლობაზე. ამ ტაძრის მშენებლობის დაწყებას 35 000 ადამიანი ითხოვს და ეს ხელმოწერები მამა ალექსის აქვს შენახული. მას უკვე იცნობენ მთავრობის წევრებიც და ქალაქისა თუ რეგიონის ხელისუფალნი.

Tuesday, May 13, 2003

„ჩვენ ერის აიბოლიტები ვიყავით“

ირაკლი ჩარკვიანისა და კოტე ყუბანეიშვილის „რეაქტიული კლუბის“ ერთდღიანი გაცოცხლება 13 წლის შემდეგ

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გაჩნდა ერთგვარი ნონკონფორმისტული შემოქმედებითი ჯგუფი – „რეაქტიული კლუბი“. მისი შემქმნელები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი და კოტე ყუბანეიშვილი. ახლახან „აჭარა მიუზიკ ჰოლში“ კლუბმა დაარსების 13 წლისთავი აღნიშნა. ეს საღამო იყო ამ კლუბისათვის დამახასიათებელი მუსიკისა და პოეზიის შერწყმა. საღამოზე, ასევე, წარმოდგენილი საცეკვაო ლექსები. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი უკვე კარგა ხანია დაშლილია, ირაკლი და კოტე შეეცადნენ გაეცოცხლებინათ დროის ის მონაკვეთი, რომელიც ერთად და ცალკ-ცალკე განვლეს.

13 წლის შემდეგ „ახალი ვერსიის“ სახელით ვესაუბრე კლუბის დამაარსებლებს – ირაკლი ჩარკვიანსა და კოტე ყუბანეიშვილს.

ირაკლი ჩარკვიანი: „რეაქტიულ პოეზიას“ თავიდანვე ესკულატურული მისია ჰქონდა. ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში ერი უნდა განიკურნოს, რათა გადარჩეს. სწორედ ერის ავადმყოფობაზე ჩვენი – თანამედროვე ხელოვანთა რეაქცია იყო „რეაქტიული პოეზია“. კლუბს თერაპიული მიზნები ჰქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, „ერის აიბოლიტები“ ვიყავით. კონკრეტულად იმ სტერეოტიპებს ვებრძოდით, რომელმაც ქართველი ერი დეგრადაციამდე მიიყვანა. სტერეოტიპები კი ქართველებს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში არ გვაკლდა, თუნდაც კომუნიზმი. ჩვენ ვებრძოდით იმ კულტურულ პრესს, რომელიც მე-20 საუკუნეში შესამჩნევად ზემოქმედებდა ქართულ კულტურაზე“.

კოტე ყუბანეიშვილი: „კლუბი ჩამოყალიბდა ირაკლის სახლში. მასთან ინგლისურს ვსწავლობდი. სწავლების პროცესი თანდათან პოეზიაზე საუბრებში გადაიზარდა. დღე და ღამე ერთად ვიყავით. ჩვენს ირგვლივ წრე შეიკრიბა. ირაკლი გიტარაზეც უკრავდა. როდესაც ჩვენით დაინტერესდნენ გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები, სწორედ მაშინ დავიშალეთ. ჩვენ გვინდოდა შევბრძოლებოდით პროვინციალიზმს, რაც ირგვლივაა გამეფებული. როგორც ხედავ, – ვერ მოვახერხეთ. პროვინციალობა გენიალური და ბუნებრივია, როდესაც ის პროვინციაში ხდება, მაგრამ როცა ცენტრში გადმოდის და ყველაფერს ავიწროვებს, მაშინ უკვე სიმახინჯეა. კარგია, როდესაც გლეხი ყანაშია, მაგრამ გლეხი პარლამენტში – ტეხავს. მუშა ქარხანაში უნდა იყოს და არა მწერალთა კავშირის თანამდებობაზე“.

Monday, May 12, 2003

ბოტკინი

დღეს მთელი საქართველო ბოტკინითაა დაავადებული. ბოტკინი (იგივე ღვიძლის ჰეპატიტი), კარგად მოგეხსენებათ, რა საშიში ავადმყოფობაცაა. მისი ფიზიკური, თვალში საცემი სიმპტომი ადამიანის სიყვითლეა. თანდათანობით ისე ვყვითლდებით, რომ ჩვენი კანის ფერის მალე ყვითელკანიან ჩინელებს და ინდიელებსაც კი შეშურდებათ. ისე, ამ ბოლო ხანებში ამ თითქოსდა ერთფეროვნებაში ქართველები მართლაც ძალიან „გავმრავალფეროვნდით“. ჯერ 70 წლის განმავლობაში სულ წითლები ვიყავით. ქვეყნის თავისუფლების მოპოვების შემდეგ კი ნაირ-ნაირი ფერები ავირჩიეთ. ზოგი მწვანე გახდა, ზოგი შინდისფერი, ზოგი ისევ წითელი დარჩა, ზოგმაც შავობა („კაი ტიპობა“) არჩია, ზოგიერთებმა კიდევ ცისფერი და ვარდისფერი ალმები აღმართეს თვითდამკვიდრებისათვის. ამდენი ფერების შემხედვარე ჩვენი მედია (ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები) ჯერ აჭრელდა, მერე ადგა და გაყვითლდა. იმისათვის, რომ მედია ყოველდღიურია (ზოგჯერ 24-საათიანიც), ადამიანები ჯერ კარგად შეეჩვივნენ, მერე კი უკვე შეეგუენ ამ ფერს. ადრე კომუნისტურ სკოლაში, ალბათ გახსოვთ, როგორ გვაწერინებდნენ რაღაც უაზრო თემებს, რომლებსაც რატომღაც „თავისუფალი“ ერქვა. ზოგჯერ უნდა დაგეწერა, ვთქვათ, ასეთი რამ – „მე, რომ ქარხნის (ან ფაბრიკის) მუშა ვიყო“. საინტერესოა, დღეს თუ წერენ ბავშვები სკოლებში ამგვარ „თავისუფალ თემებს“. თუ ჯერ კიდევ ასეა, შემიძლია მათ შევთავაზო მაგარი თემა – „მე რომ შოუ-ბიზნესის მამა ვიყო“...

მართლაც, მე რომ შოუ-ბიზნესის მამა ვიყო ავდგებოდი და შემოვიღებდი შოუბიზნესის ჰერალდიკას. შევარჩევდი მაგარ ჰიმნს, რომელსაც ოპერის მომღერლებს ვამღერებდი. რატომ ოპერის მომღერლებს? თუკი უეფას ჩემპიონთა თასის ჰიმნს საოპერო გუნდი ასრულებს, ქართულმა შოუბიზნესმა რაღა დააშავა? თანაც ეს მერე მოდაშიც შემოვა და მშიერი ოპერის მომღერლები ერთი-ორ თეთრს იშოვნიან. ახლა გერბის ჯერიც დადგა. ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გერბად 74-წუთიანი მინი-დისკი გამოდგება, რომელზედაც ოქროსფერი ასოებით იქნება ამოტვიფრული „SDK–ქართული შოუბიზნესი“. თავდაპირველად მსურდა, კომპაქტ-დისკი გამომეყენებინა, რადგან ის მრგვალია და მზის დისკოსთანაც ასოცირდება (თან მზეც ხომ ვარსკვკავია?), მაგრამ, მაშინ მომღერლებთან ვიქნებოდი პირშავად, რადგან კონცერტებზე ისინი პლიუსავოი ფონოგრამებს კომპაქტ-დისკებით კი არა, მინი-დისკებით ატრიალებენ.

მივედით მთავარზე. როგორ ფიქრობთ, რა ფერის უნდა იყოს ქართული შოუბიზნესის დროშა? ყავისფერი? არა, მაგრამ ეს ფერი რას გაგონებთ? მაშინ ცისფერი? როგორც რუსები იყვიან ეს უკვე „ხამობაა“, რადგან უხერხულია იმის გაფიქრება, რაზეც საქართველოში ხმამაღლა მხოლოდ ბოლო დღეებში დაიწყეს საუბარი. არა, ესენი არ გამოდგება. მე რომ შოუ-ბიზნესის მამა ვიყო, ქართული შოუ-ბიზნესის დროშისთვის მხოლოდ ყვითელ ფერს გავიმეტებდი. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნება ყვითელი მასიური დროშა ტარით, რომლის ცენტრში, რგოლში ჩავსვამდი თავგადაპარსული მამაკაცის სურათს (კარგად არ მახსოვს, თავად ექიმი ბოტკინი თავგადაპარსული იყო თუ არა), როგორც ქართული შოუ-ბიზნესის სიმბოლოს. ამ დროშას გამოვფენდი ყველგან, საკრებულოს და მთავრობის სახურავებზეც კი. მერე მდიოს კუდში შარაძემ და მიძახოს – დროშას ჩამოგიხსნი, კათოლიკურიაო. ამ დროშის გარეშე არც ერთ ქართველ „ვარსკვლავს“ რაიმე ფონოგრამული კონცერტის ჩატარების უფლებას არ მივცემდი. ხოლო ფონოგრამულ ფესტივალებში გამარჯვებულებს დავაჯილდოვებდი მოყვითალო (მესამე ადგილისთვის), ყვითელი (მეორე ადგილი) და ლიმონისფერი (პირველი ადგილი) ბოტკინის გარდამავალი პრიზებით. დაჯილდოვების ცერემონიალს დავარქმევდი „ჰეპა 2003“ (ა. შ. წლების მიხედვით), რომელიც ჰეპატიტის კნინობითი, თან შემოკლებული ვარიანტია.

რატომ მაინცა და მაინც ყვითელი? იმიტომ, რომ ჩვენი ესტრადის აბსოლუტური უმრავლესობა მადლიერია ყვითელი მედიის. ამ უკანასკნელის გარეშე ხომ კაპიკია (აქ ვერაფრით გამოვიყენე კაპიკის ქართული შესატყვისი „თეთრი“) მათი ფასი? აბა, ვინ ამბობს მათზე, რომ ისინი შესანიშნავი მომღერლები არიან. მაჩვენეთ ერთი ნორმალური მუსიკის მცოდნე, ან პროფესიონალი მსმენელი, რომელიც „მაესტროს“ ქართულ ჰიტ-აღლუმში პირველ ადგილზე გასულ მომღერალზე იტყვის, რომ ის მაგარია. შეიძლება თქვას, რომ მისი „სიცოცხლეა“, მაგრამ უკვე ნათელია, რა კატეგორიის მსმენელთან გვაქვს საქმე.

თავის მხრივ, ყვითელი მედია მათ გარეშე ვერ იარსებებს. ნათქვამია, ხელი ხელს ბანს და ორივენი – პირსო, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ქართული შოუ-ბიზნესის დროშა აბსოლუტურად ყვითელი. მართალია, ყვითლები ყველაფერს აყვითლებენ, პოლიტიკას, მუსიკასაც და მკითხველებსაც, მაგრამ ხალხი თავად იფერადებს თავს.

Monday, May 5, 2003

ქუთაისი ქალაქია...

ქუთაისი რომ საქართველოს უძველესი სულიერებისა და კულტურის ცენტრია, ამაზე დღეს არა მგონია, ვინმე შემომედავოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ 3500 წლის ქალაქს რატომღაც რაიონად, რეგიონად ან პროვინციად მოიხსენებენ, მისი სტუმარი აუცილებლად იგრძნობს ამ არქაული ქალაქის ფარულ, მშვიდ, თბილ სუნთქვას.

ისევე, როგორც დედაქალაქში, გაჭირვების გამო, ქუთაისშიც ძველი ქალაქელების რიცხვი შემცირდა. მათმა დიდმა ნაწილმა ქალაქი იძულებით მიატოვა და საშოვარზე შედარებით განვითარებულ ქვეყნებს მიაშურა. თუმცა ქუთაისლობა არც ისე რთულია. მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრეთ ქუთაისში და თავს სრულუფლებიან ქუთაისელად იგრძნობთ. თუკი იუმორის გრძნობა (და, საერთოდ, გრძნობა) გაგაჩნიათ, რიონის სანაპიროზე, უქიმერიონზე, გელათსა და მოწამეთაზე გონება გაგეხსნებათ და არც ხელოვნების მუზებიც მიგატოვებენ. ეს მუზები შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მოგასვენებთ და სადაც არ უნდა იცხოვროთ, მთელს სამყაროს მხოლოდ ქუთაისელის თვალებით შეხედავთ.

ქუთაისელები კი მხოლოდ ყველაფერს ქართულს აღმერთებენ – იქნება ეს ძველი თუ ახალი. ვერ იტანენ ხელოვნურობას, ამიტომ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც რაიმე ახლის წარმოდგენა გსურთ. ბევრს ჰგონია, რომ ამ ქალაქში მხოლოდ ქურდები და „ძველები“ ცხოვრობენ. აბა, გაიხედ-გამოიხედეთ, საქართველოს რომელ ქალაქში არ არიან ეს უკანასკნელები.

საქართველოს საფეხბურთო გუნდის გამარჯვებისას, მართალია, ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას, უკვე პირველი გოლის შემდეგ ბევრ ოჯახში ღვინით ქართველ ფეხბურთელებს, შუშაკისა და თანაქალაქელის, მალხაზ ასათიანის თამადობით ლოცავდნენ. საგულისხმოა, რომ მატჩის დიდი ნაწილი ქალაქმა სრულ სიბნელეში გაატარა, თვით სატელევიზიო ანძაც კი გაითიშა. მეორე დღეს ბევრი ქუთაისელი უკმაყოფილო იყო თუნდაც იმით, რომ კოკა ყანდიაშვილმა საქართველოს ფეხბურთელების გამარჯვება ზურნა-დუდუკით მიულოცა, რაც ქუთათურთათვის და საერთოდ იმერელთათვის ნაკლებად ქართული მოვლენაა.

სამწუხაროა, რომ ამ ქალაქის ხელოვნება საკუთარ წვენში იხარშება, უფრო სწორად – ხარშავენ. მხატვრებს იმდენი თანხა არა აქვთ, რომ საკუთარი ნამუშევრები თბილისის გალერეებში გამოფინონ. იგივე ითქმის მუსიკოსებზეც, რომლებსაც საშუალება არა აქვთ საკუთარი ხელოვნება ქართველ მსმენელს მოასმენინონ. მწერლებზე საერთოდ აღარა მაქვს საუბარი... ამოდენა ქალაქში ერთი ნორმალური წიგნის მაღაზია არ არის. ისე, საინტერესოა, რატომ უნდა სჭირდებოდეს ასეთი კულტურის მქონე ქალაქის ხელოვანებს თვითდამკვიდრებისათვის თბილისში ჩასვლა. ასე ხომ, თვით ჩვენსავით დაქცეულ რუსეთშიც არ ხდება, სადაც ხელოვანები მოსკოვის გარეშედაც შესანიშნავად გრძნობენ თავს პეტერბურგსა თუ ეკატერინბურგში...

ქართული პროვინციალიზმი თავად დედაქალაქიდან მოდის.

ქუთაისში ორი ადგილობრივი ტელეკომპანიაა. სამწუხაროდ, მათი ტექნიკური დონე ვერანაირ კრიტიკას უძლებს, რაც, რა თქმა უნდა, უსახსრობის ბრალია. დედაქალაქს კი ქუთაისის არაფერი აინტერესებს იმ მოტივით, რომ იქ არაფერი საინტერესო არ ხდება. როგორც ამბობენ შეძახილმა ხე გაახმოო. ქალაქი მართლაც ჩაკვდა. ორმაისობისა და სასექტემბრო მოჩვენებითი საჩვენებელი ზეიმები არაფერზე მეტყველებენ. ამიტომ ქუთაისი თბილისში მცხოვრებელთათვის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ვიდეოკამერებზე გადაღებულ და მერე „რუსთავი 2“-სა თუ „პირველ არხის“ საინფორმაციო პროგრამებში ციხეებსა და სასამართლოებზე გაკეთებული სიუჟეტების უფერულ კადრებთან ასოცირდება.

გასულ წელს ქალაქში სიუჟეტის გადაღებისას ტრაგიკულად დაიღუპა „მე-9“ არხის კორესპონდენტი, ახალგაზრდა გოგონა ნინო გაბიძაშვილი. ავტოკატასტროფის შედეგად „მე-9“ არხის ოპერატორთან ერთად დაშავდა „პირველი არხის“ გამოცდილი ტელეოპერატორი რეზო ბუხსიანიძეც, რომელსაც აფხაზეთის ომი ფეხით აქვს მოვლილი. ის დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როდესაც „პირველი არხიდან“ ქუთაისში დაურეკავთ, პირველად უკითხავთ – ვიდეოკამერა თუ გადარჩაო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ამავე დროს, „მოამბის“ ქუთაისელი კორესპონდენტების სახელფასო დავალიანება დღემდე გაუსტუმრებელია. არც ერთ თათბირზე „პირველი არხის“ ხელმძღვანელობას დღემდე არ უკითხავს რეზო ბუხსიანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ქუთაისში დარჩენილი ახალგაზრდა ხელოვანები ცდილობენ ადამიანური სახე შეინარჩუნონ, რაღაცას თავისით ხლაფორთობენ. ქუთაისს გაფრთხილება სჭირდება ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებს – თელავს, გორს, ხაშურს, ბათუმს და ა. შ. მარტო თბილისი არ არის საქართველო.

Tuesday, April 29, 2003

რა დანაშაული მიუძღვის ჯგუფ „სახეს“ ქართული მუსიკის წინაშე

დათო ფორჩხიძის აღსარება

ქვემოთ მდებარე სტატიის ავტორს ჯგუფი „სახე“ არასოდეს მოსწონდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პატივს სცემდა (და სცემს) მას იმ უბრალო მოტივის გამო, რომ ეს კოლექტივი ძალიან ბევრ რამეში პირველია. პირველი სკანდალებიც ე.წ. ქართულ შოუ-ბიზნესში სწორედ ამ ჯგუფის სახელთან ასოცირდება. „სახე“ იყო პირველი ქართული კომერციული პროექტი. მსგავსი ფინანსური წარმატება დღემდე არც ერთ ქართველ შემსრულებელს ჰქონია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავსაუბრებოდი ამ უკვე ყოფილი ჯგუფის ლიდერს, დათო ფორჩხიძეს, რომელმაც სიამოვნებით ისაუბრა იმ საესტრადო ნაგვის შესახებ, რაც ჩვენს ირგვლივ ყრია. თუმცა საინტერესოა, მიუძღვის თუ არა წვლილი „გარემოს“ დაბინძურებაში ამ, უკვე ლეგენდად ქცეულ ჯგუფს.

---------------------
მოკლე დოსიე
---------------------
დათო ფორჩხიძე დაიბადა 1974 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ზესტაფონში (ფეროს სამშობიაროში). სწავლა დაიწყო თბილისის I საშუალო სკოლაში. პარალელურად, ამავე სკოლასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ეუფლებოდა ფორტეპიანოზე, გიტარასა და სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას. გატაცებული იყო ხალხური საკრავებით. დაამთავრა 178-ე საშუალო სკოლა. სწავლა სახ. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო. იქ აკადემიური მოსწრება და „დასწრებაც“ ძალიან დაბალი ჰქონდა. ამის საკომპენსაციოდ შესთავაზეს „კავეენის“ გუნდში ყოფნა და ასე აღმოჩნდა ლეგენდარული „კავეენშიკების“, – შონზოს, შალვა რამიშვილისა და სხვათა გვერდით. იმღერა „იალტის“ ფესტივალზე, სადაც სამ საუკეთესოთა შორის დაასახელეს. გოგა ხაჩიძისა და შალვა რამიშვილის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, აღადგინა ჯგუფი „სახე“, რომელიც 1990 წლიდან არსებობდა, მაგრამ მაშინ, ძირითადად, აკაპელებს მღეროდნენ როიალთან. „სახემდე“ იყო გოჩა აბაშიას ჯგუფ „ვნების“ წევრი. ამჟამად აქვს საკუთარი სტუდია. ჰყავს მეუღლე ხატია და პატარა გოგონა ნანუკა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------

– დათო, „სახეს“ საქართველოში სოულის მამას ეძახიან. რა რეაქცია გაქვს ამ წოდებაზე?

– უბრალოდ, ჩვენ, პირველები გამოვჩნდით მასაში. ჩვენამდე თბილისში, თუნდაც „ვნება“ არსებობდა. „სახეს“ პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, პროდიუსერის შალვა რამიშვილის ახლებური ხედვა იყო, ანუ ჩვენ, ერთად ვაკეთებდით იმას, რასაც საქართველოში მანამდე არავინ აკეთებდა. გვსურდა ვყოფილიყავით სიახლის შემომტანები. გვქონდა განსხვავებული, მაშინ სარისკო ტექსტები. გაგვიმართლა, რომ ჩვენი შრომა ხალხს მოეწონა. საზოგადოება დავაჯერეთ, რომ ქართველს შეუძლია ესტრადაზე შეასრულოს ისეთი რამ, რომელიც არაა აუცილებელი იყოს რეტრო, ქალაქური ან ხალხური სიმღერა. ეს იყო ქართულ ტექსტიანი ახალი ჟღერადობა და არანჟირება.

Monday, April 28, 2003

მომპარავები

ყველასათვის ცნობილია, რა დიდი პატივით ეპყრობა ახალგაზრდა ბიჭების უმრავლესობა „მომპარავებს“. ეს ცნება ქურდული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. „მომპარავობა“ „გრეხი“ (უკაცრავად, ცოდვა) არ არის. უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილი „მომპარავებს“ პატივისცემით ეპყრობა. მათზე ხშირად გაიგებთ ასეთ საუბარს, რა ჰქნან, სხვა რა აკეთონ ამ დაქცეულ ქვეყანაშიო. ამიტომ საზოგადოება თვალს ხუჭავს „კარმანშიკებისა“ და ბინის ქურდების ბოლოდროინდელ აღზევებაზე. ადამიანი მაშინაც კი არ გამოთქვამს მათ მიმართ პროტესტს, როცა თვითონ აღმოჩნდება დაზარალებულებს შორის. ამის გამო, „მომპარავები“ უკვე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. „კარმანშიკები“ ჯგუფ-ჯგუფად დადიან სატრანსპორტო საშუალებებით და თავიანთ საქმიანობას ზოგიერთი პოლიციელისა და მძღოლის დახმარებით ფრიადზე ასრულებენ. მათთვის არ არსებობს სოციალური თუ ასაკობრივი კლასიფიკაცია და გულმოდგინედ ასუფთავებენ ბავშვების, სტუდენტებისა თუ მოხუცების ჯიბეებსა თუ ჩანთებს. როგორც წესი, ფაქტზე წასწრებისას ხმის ამოღება არ შეიძლება, რადგან ამას ქურდული კანონი კრძალავს. პოლიციის იმედად  ყოფნა კი, დღეს, თითქმის წარმოუდგენელია.

თუმცა, ეს რა გასაკვირია, როცა „მომპარავები“ სახელმწიფოს ხელმძღვანელ თანამდებობებზეც კი არიან მოკალათებულები. ისევე, როგორც „კარმანშიკებს“, მათ უაღრესად დიდ პატივს სცემენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ამიტომ ისინი ძალიან მშვიდად განაგრძობენ თავიანთ „საშვილიშვილო“ საქმიანობას. ხმის ამოღება არც ამ შემთხვევაში შეიძლება, რადგან ამას ქურდული კანონები კრძალავს.

როდესაც თანამედროვე მუსიკოსებმა შეხედეს ყველაფერ ამას, იფიქრეს, – „თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო“ და თავადაც დაიწყეს ამ „კაცური“ საქმის კეთება. თავდაპირველად, ისინი, მხოლოდ სიმღერებიდან ტექსტებისა და მელოდიების ფრაგმენტებს იპარავდნენ, დროთა განმავლობაში ისე „გაბლატავდნენ“, მთელი სიმღერების ასლირებას შეუდგნენ. როდესაც რამდენიმე პატიოსანმა მუსიკოსმა ეს შეამჩნია და ხმამაღლა გააპროტესტა, წამსვე მიუხტდნენ, – რა გაყვირებს, ფულს რატომ გვაკარგვინებ, ეს არაქურდულიაო. აბა, შეიარეთ სტუდიებში და ნახეთ ამ სიმღერების ტექსტებს როგორ აქართულებენ ჩვენი ესტრადის „გენიოსი“ პოეტები.

ახლა, მოკლედ აგიხსნით მუსიკალური „მომპარავების“ მუშაობის პრინციპებს. იკრიბება ბოიბენდი და ფიქრობს, რა გააკეთოს იმისათვის, რომ მათი მომავალი სიმღერა უცებ გაჰიტდეს. როდესაც გამოსავალს ვერ პოულობენ, ან მათთვის ვიღაც ქართველი „კომპოზიტორის“ მიერ დაწერილი სიმღერა ძალიან ცუდია, მიუსხდებიან კომპიუტერს, შედიან ინტერნეტში და ათვალიერებენ სოულ ჯგუფების საიტებს. ყველაზე ხშირად „ბექსტრიტ ბოიზის“, „უესტლაიფის“, „ბლუ“-სა და მსგავსების საიტებს სტუმრობენ. უსმენენ მათ სიმღერებს. როდესაც ნახავენ ისეთ სიმღერას, რომელიც არ არის „ემთივი“-სა და სხვა პოპულარული მუსიკალური ტელეარხებით „დარასკრუტკებული“ (ანუ ხშირად დატრიალებული), მას „აკაჩავებენ“ (იწერენ). ჩაწერილი კომპაქტ-დისკი ან მინი-დისკი მიაქვთ რომელიმე სტუდიაში არანჟირების ავტორთან და სთხოვენ ანალოგიური მელოდია აუწყოს. როდესაც არანჟირების ავტორი ამ სიმღერის მხოლოდ მუსიკალური აკომპანიმენტის ასლს გააკეთებს, „მომპარავები“ იწყებენ იმაზე დავას, თუ ვის მიაწერონ მუსიკის ავტორობა. ეს კამათი ყოველთვის უსისხლოდ მთავრდება და კონსენსუსამდე უმტკივნეულოდ მიდიან.

ამის შემდეგ ბიჭები იწყებენ ტექსტზე ფიქრს. მიდიან ესტრადის რომელიმე პოპულარულ პოეტთან და, რა თქმა უნდა, გასამრჯელოს სანაცვლოდ (50 ან 100 აშშ დოლარი) სთხოვენ ლექსის მორგებას. „პოეტი“ უსმენს სიმღერის, როგორც ინგლისურ, ასევე ახლად გაკეთებულ „მინუსავოი“ ფანერას (იგივე ფონოგრამას). მას, რა თქმა უნდა, ტექსტის მოფიქრება არ უჭირს, რადგან „წვიმიანი სიყვარულებისა“ და „სიზმარში კოცნა-პროშნების“ „პრობლემატური“ თემები დღეს ისევ აღელვებს „ქართულ საზოგადოებას“. ტექსტი სადღაც ორ-სამ დღეში მზადდება. ამ შემთხვევაში, „პოეტი“ თავს იფასებს, სინამდვილეში კი, ტექსტი ნახევარ საათში კეთდება. გახარებული „მომპარავები“ ისევ სტუდიაში გარბიან და ახლა უკვე იწყებენ ხმების ჩაწერა-დადებას, რის შედეგადაც ვიღებთ ახალ ქართულ „ჰიტს“, რომელიც სულ მალე რადიოებსა და „მაესტროს“ ეთერში იტრიალებს და მშვიდობიან მოსახლეობას ტვინს გაუბურღავს.

ისე, მართლაც საოცარია, ამაზე ხმას რატომ არ იღებენ პროფესიონალი მუსიკოსები, ან მუსიკისა თუ ხელოვნების მცოდნეები, თუ ისინიც ქურდული კანონების ზეგავლენის ქვეშ არიან და ამათი მხილება „ეგრეხებათ“? როგორც იტყვიან, არავის უნდა აუტკივარი თავი აიტკიოს. ეტყობა, – არც მე, რადგან კონკრეტულად არავის ვასახელებ და მხოლოდ ზოგადად ვსაუბრობ. თუმცა, არა ვარ პროფესიონალი მუსიკის მცოდნე, მხოლოდ პროფესიონალი მსმენელი ვარ, ოღონდ არა ამათი (ღმერთმა დამიფაროს!).

ჩვენი სიმუნჯის გამო კი, „მარშრუტკების“ ჩართულ რადიოებში „მომპარავი“ მუსიკოსების ჰიტების ფონზე ტრანსპორტში, ბაზრობებსა და ქუჩებში „მომპარავი კარმანშიკები“, ხოლო მთავრობაში „მომპარავი ხელისუფალნი“ ისედაც გამორღვეულ ჯიბეებს გვისუფთავებენ. ჩვენ კი გვიხარია... ოღონდ თავად არ ვიცით, რა. 

გიხაროდენ! გიხაროდენ!

Wednesday, April 23, 2003

ძალისუფლება

შორს აღარაა ის დრო, როდესაც გაგვიხარდება თუ ქუჩაში დავინახავთ, რომ ადამიანი ორ ფეხზე დადის. აი, ხედავთ – ვიტყვით, – ადამიანობა შეუნარჩუნებია. ეს, რა თქმა უნდა, უბრალო უკბილო ხუმრობაა. მაგრამ დაკვირვებული თვალი შეამჩნევს როგორ ვტყიურდებით თანდათან და როგორ ვკარგავთ საკუთარ სახეს. დღეს, ძალიან მოდაში შემოვიდა ყველაფრის ხელისუფლებისთვის გადაბრალება. როგორ შეიძლება ყველაფერი მას გადააბრალო, როდესაც ჩვენ, თავად შევიქმენით ირგვლივ ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს სამყარო კი, იმდენად ახლობელია ჩვენთვის, რომ შეჩვეული ჭირის არ იყოს, გვიჭირს მასთან გამომშვიდობება.

„მთელი ძალაუფლება ხალხს!“ – თავის დროზე, ამ ლოზუნგით გვაბოლებდნენ საბჭოთა კავშირში და იმდენი ქნეს, დაგვაჯერეს. მერე, როცა მართლა ამის დრო დადგა, მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით, რადგან დავიჯერეთ, ძალაუფლება ჩვენ კი არა, ხელისუფლებას ეკუთვნის და დავბეჩავდით, დავმჩვარდით, დავბერდით და როგორც მონებს შეშვენის, – ყველაფერს შევეგუეთ. შიშით დავდივართ ქუჩებში და გვგონია, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს და ჩვენს სათქმელ სიტყვას ვიღაც იტყვის. მერე შესაძლოა, ამ სიტყვის მთქმელს თავში აგური ჩაარტყან და მოკლან, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არაა, რადგან დანაშაული მაინც არ გაიხსნება. აბა, მითხარით, რა ძალაუფლება და საერთოდ, რა უფლებები გვაქვს ჩვენ? ასე მგონია, ამ კითხვაზე ვერავინ მიპასუხებს.

რისი უფლება გვაქვს ჩვენ? მხოლოდ ქუჩაში გამოსვლის (თანაც – როცა ფულს გადაგვიხდიან) და უშედეგო მიტინგების გამართვის. იმ დროს, როდესაც ჩვენს დედაქალაქში „მრავალათასიანი“ უაზრო მიტინგები იმართება ვიღაცის (ან ვიღაცეების) გადაყენების მოთხოვნებით, აღარავის ახსოვს, რომ საქართველოში არსებობს სოფლები, სადაც ელექტროენერგია, უკვე ათი წელია, თვალითაც არ უნახავთ და იქ იზრდება თაობა, რომელმაც მხოლოდ მშობლებისგან იცის გადმოცემით, რა არის ტელევიზორი, კინო, თეატრი და თქვენ წარმოიდგინეთ, წიგნიც კი. საშინელებაა, როდესაც ადამიანი „დვიჟოკზე“ ოცნებობს და არა ელექტროენერგიაზე. საშინელებაა, როდესაც ამგვარ დეგრადაციას თვალებში უყურებ და უმწეობას, უსუსურობას გრძნობ. ზოგიერთ ასეთ სოფელში მხოლოდ სამღვდელოება ავრცელებს წერა-კითხვას, დედაქალაქში კი ისევ მოდაში შემოდის სარწმუნოების ლანძღვა-ქილიკი.

საშინელებაა ისიც, რომ ჩვენი მეოთხე ხელისუფლების ხელისუფალნი, მხოლოდ ე.წ. „თინეიჯერულ“ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავენ და თითქმის მთელი მედია ბოტკინიანივით არის გაყვითლებული. ტელევიზია-რადიო-ჟურნალ-გაზეთებს შტერი „თინეიჯერები“ მოედნენ და დაღრეჯილი სახეებით აკეთებენ თავიანთ ფლეგმატურ საქმეებს. შესაძლოა, კარგია კიდეც, რომ ამ სოფლებში მათ გადაცემებს არ უყურებენ. ჭკვიანი ყმაწვილები („თინეიჯერები“) კი ისე გადაეშვნენ თავებით წიგნებსა და კომპიუტერებში, რომ ვეღარც კი გრძნობენ, როგორ ნადგურდება მათ ირგვლივ ადამიანობა. ისინი დღეს ჩუმად არიან, მაგრამ ალბათ, დადგება დრო, როდესაც, სწორედ ისინი გაანადგურებენ იმ სიმახინჯეს, დღეს რომ სიცოცხლეს გვიწამლავს.

ცოტაც გავიჭირვოთ და მერე, ვიღაც გვიშველის, – ვფიქრობთ და ვეღარც კი ვხვდებით, რომ ის, ვინც გვგონია გვიშველის, ყველას ხმარობს. უკაცრავად ასეთი უხეშობისათვის, მაგრამ როდესაც ხალხმა, რომელმაც აგერ, უკვე 12 წელია, ვიღაცის იმედად იჭირვებს, უკვე დაკარგა იმის გრძნობა, რომ მას კი აღარ ატყუებენ, არამედ ხმარობენ. უფრო სწორად, საკუთარ თავს ხმარობს. დღეს ეგოიზმი კარგ ტონად ითვლება, სიკეთე კი, დაცინვის სუბიექტია.

მთელი ძალაუფლება მაიმუნის მაგვარი არსებების ხელთაა, რადგან, ჩვენ ხომ აღარაფერი გვაინტერესებს საკუთარი თავის ფიზიკურად გადარჩენის გარდა. რაში გვჭირდება ვიცოდეთ ვინ იყო ბახი, მოცარტი ან ჰამლეტ გონაშვილი? კრისტინა აგილიერას მკერდი და ქართველი „ვარსკვლავების“ შეყვარებულ-საყვარლები გვყავდეს კარგად და ყველა ხელოვანის დედაც არ ვატირე? რაში გვარგია წიგნი, რომელიც საარსებო მინიმუმის შოვნაშიც კი ვერ დაგვეხმარება. რას დავამგვანეთ ჩვენი ცხოვრება? რით განვსხვავდებით ცხოველებისგან? ცხოველები მრავლდებიან მაინც და ჩვენ მალე ამ ფუნქციასაც დავკარგავთ, რადგან უკვე ნამეტნავად შევეგუეთ ნაგავში ცხოვრებას.

ავირჩიოთ: ან ძალაუფლება და თავისუფლება, ან მონობა და ძალისუფლება...

Tuesday, April 22, 2003

„სასაცილოა, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის კაცი, რომელმაც ბრეჟნევის ტუჩების გემო იცის“

გოგა ხაჩიძე პარლამენტის დეპუტატი რომ გახდება, კორუმპირებულებს „ჯაბანა პაპის“ ხმით ეტყვის: გამოექანეთ და...

პოპულარული ჯგუფის „სახეს“ ყოფილმა წევრმა გოგა ხაჩიძემ საბოლოოდ გადაწყვიტა, ბედი პოლიტიკაშიც სცადოს. იგი საპარლამენტო არჩევნებისას აპირებს კენჭი იყაროს ხაშურის რაიონში, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკური კარიერის გაკეთება მომღერალმა, მულტ-სერიალ „დარდუბალას“ რეჟისორმა, „რადიო 101“-ის (მანამდე „რადიო 105“-ის) უცვლელმა თანამშრომელმა. ამ საკითხზე სასაუბროდ გოგა ხაჩიძე „ახალ ვერსიას“ სიამოვნებით დათანხმდა. აქ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – გოგა ხაჩიძე იგივე „ჯაბანა პაპაა“ – „რადიო 101“-ის არტების გმირი, რომელიც თვით ზვიოზე არანაკლებ პოპულარულია რადიომსმენელებს შორის.

------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
------------------------------
გოგა ხაჩიძე დაიბადა თბილისში 1974 წლის 9 თებერვალს, თუმცა გაიზარდა და სკოლა დაამთავრა სურამში. სწავლობდა თსუ-ს ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ ჩააბარა ჟურნალისტიკის მეორად ფაკულტეტზე.
იყო პოპულარული ჯგუფ „სახე“-ს უცვლელი წევრი. მუშაობდა: „იბერვიზიაში“ (აკეთებდა გასართობ პროგრამას „პარანოია“), თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრში, სადაც რამდენიმე ადამიანთან ერთად გააკეთა სატელევიზიო სამხედრო ალმანახი „სპა“, „პირველ არხზე“, „დვრიტა TV“-ში ამზადებდა გადაცემა „ტერმინალს“. მუშაობდა „რადიო 105“-ში. მულტ-სერიალ „დარდუბალაში“ თავიდან კომპოზიტორი და ხმის რეჟისორი იყო, მერე მისი რეჟისორიც გახდა. ამჟამად მუშაობს „რადიო 101“-ში.
არის „გაერთიანებული დემოკრატების“ ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰყავს მეუღლე მაკა აბაშმაძე და შვილი – მევლუდი, რომლის სახელი, მამის სახელი, დაბადების თვე, რიცხვი და დღეც კი ზუსტად ისეთივე აქვს, როგორც გოგას მამის.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

– როგორც ყოფილი მუსიკოსი რას ფიქრობ, როგორ მდგომარეობაშია დღეს თანამედროვე ქართული მუსიკა?

Monday, April 21, 2003

ლიტერატურა შოუ-ბიზნესი არ არის

ნაირა გელაშვილის აზრით, შეუძლებელია ლიტერატურული კონკურსი „საბა“ ობიექტურად ჩატარდეს

„ახალი ვერსიის“ წინა ნომერში გამოქვეყნდა მწერალთა ერთი ჯგუფის განცხადება, რომლითაც ისინი უარს ამბობენ ტელევიზიით ფართოდ რეკლამირებულ ლიტერატურულ კონკურსში („საბა“) მონაწილეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ კონკურსი ორგანიზებულია მწერალთა ერთი კლანის მიერ და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უკავშირდება არა ლიტერატურას, არამედ პოლიტიკას, კერძოდ კი – არჩევნების წინ ქულების დაწერას.

როგორც დაგპირდით, ამჯერად ამ თემაზე გთავაზობთ ვრცელ სტატიას. დღესდღეობით უკვე ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტები, რომლებშიც მოხვდა „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებული საპროტესტო წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ალეკო შუღლაძე.

რატი ამაღლობელი: „ძალიან მეწყინა“

როგორც გაირკვა, მწერლებმა – შალვა ბაკურაძემ, ზაზა ბურჭულაძემ, ზურაბ რთველიაშვილმა, დავით რობაქიძემ, დავით ქართველიშვილმა და ალეკო შუღლაძემ „ახალ ვერსიაში“ წერილის გამოქვეყნებამდე მისი დაბეჭდვა გაზეთ „24 საათს“ შესთავაზეს. თუმცა – უარი მიიღეს. ჩვენ ვთხოვეთ გაზეთ „24 საათის“ მთავარ რედაქტორს მამუკა ფაჩუაშვილს განემარტა, რატომ არ დაიბეჭდა ეს წერილი გაზეთში. მისი თქმით, იგი თავად არაა ამ კონკურსის უშუალო ორგანიზატორი და ამიტომ არ იცის, რატომ არ დაიბეჭდა აღნიშნული განცხადება. მან გვირჩია მივსულიყავით ამ საქმეში უფრო ჩახედულ ჟურნალისტ მალხაზ ხარბედიასთან ან მწერალ დათო მაღრაძესთან. ამ უკანასკნელს იმ დღეს მაღალი სიცხე ჰქონდა. მალხაზ ხარბედიამ კომენტარზე უარი გვითხრა და გვირჩია შევხმიანებოდით კონკურსის ერთ-ერთ უშუალო ორგანიზატორს, რატი ამაღლობელს – იქნებ მან განგიმარტოთ ყველაფერიო.

ახალგაზრდა პოეტმა რატი ამაღლობელმა „ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნებულ წერილზე ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა. თუმცა, რამდენიმე სიტყვით მაინც გამოხატა თავისი პოზიცია.

რატი ამაღლობელი: „ვფიქრობ, რომ მათი წერილი ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. მათ ამ მოვლენას არასწორი ანალიზი გაუკეთეს. მე არ გავაკეთებ რამე კომენტარს ამ წერილზე, რადგან დრო გამოაჩენს ყველაფერს. არ მინდა მათთან კონფლიქტი, რადგან ნამდვილად არ არიან ცუდი ადამიანები და მწერლები. მათ შესაძლოა ვერ მიიღონ ეს პრემია, ამიტომ წინ ასწრებენ მოვლენებს და ჯერ არ გაჩენილ ბავშვს ლანძღავენ. ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს ძალიან არაკორექტულია.

– ხომ არ იცით რატომ არ დაიბეჭდა მათი წერილი „24 საათში“?

– არა, ეს ნამდვილად არ ვიცი. ვნახე „ახალი ვერსია“. ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი მოსაზრება აქვს და სიმართლე რომ გითხრა, ძალიან მეწყინა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იდეალური დაჯილდოვება, რადგან პირველად ხდება საქართველოში. მე ვთვლი, რომ ეს არის რეფორმა ლიტერატურულ პროცესებში, ანუ საბჭოთა კავშირის დასასრული. ეს იქნება იმ რუდიმენტის დასასრული, რასაც მწერალთა კავშირი წარმოადგენს. ეს არის ლიტერატურული პროცესის, საგამომცემლო საქმიანობის და მთლიანად ყველაფრის ახლებური გააზრება. წერილში არის ამ ყველაფრის მიმართ საკმაოდ პირადული, არამასშტაბული ხედვა. მოყვანილია მასონების, იეზუიტების ზოგადი ფრაზები, რაც ტელევიზიიდან ესმით. ვთვლი, რომ ასე ზედაპირულად არ შეიძლება შეფასება“.

Monday, April 14, 2003

რამბალ კოშეს სათამაშოები


წინასაარჩევნო ვნებათაღელვა სულ მალე პიკს მიაღწევს. ამ პერიოდში ქართველები, როგორც წესი, მამასისხლად გადავეკიდებით ერთმანეთს და რაც უფრო საკვირველია, ამას ისეთი დიდი აზარტით ვაკეთებთ, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ჩვენი საქციელების შეგვრცხვეს კიდეც. მაგრამ რად გინდა... არჩევნების შემდეგ ყველაფერი, თვით უდიდესი სისულელე და სირეგვენეც კი დავიწყებას მიეცემა, ან კოტე ყუბანეიშვილის ლექსებწაწერილ სანაგვე ურნებში ჩაიყრება.

საქართველოში არ დარჩა ხელოვნების სფერო, პოლიტიზირებული რომ არ იყოს. ამ საქმის ავანგარდში ყოფნით ჩვენმა „მშობლიურმა“ ესტრადამ ტოლი არავის დაუდო. შოუ-ბიზნესად წოდებულ ამ ნახევრად მუსიკალური სფეროს მუშაკები თავიანთ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა აქონ და ადიდონ გარკვეული პოლიტიკური წრეები. ძვირფასო მკითხველო, აი ნახავ, რამდენი „გიხაროდენ“-ის მსგავსი პოლიტიკური ჰიმნი დაიწერება სულ მალე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი „სასიქადულო“ ვარსკვლავები, რომლებიც ბედნიერი, გაღიმებული სახეებით ისე მოგვიწოდებენ ამა თუ იმ პარტიისათვის ხმის მიცემას, ტამპონების, გაყინული ქათმებისა და ერბოების რეკლამები მოგონილი იქნება.

ასე იყიდებიან მომღერლები. გასულ კვირას შთაბეჭდილება დაგვრჩა, მომღერალ ნინო ქათამაძის ყიდვაც უნდოდათ. მისი „არტ-იმედთან“ და „მელოდია-არტთან“ დაპირისპირება ასე პომპეზურად კი იმიტომ გაშუქდა, რომ ძალიან ბევრს ეგონა, რომ მომღერალი ბადრი პატარკაციშვილს დაუპირისპირდა (საყურადღებო იყო, აგრეთვე, ისიც, რომ „საპროტესტო“ პრესკონფერენცია „დაზარალებულებმა“ ძალიან ძვირიან „შერატონ მეტეხი პალასში" გამართეს). თუმცა ეს დაპირისპირება არ ყოფილა მთლად დაპირისპირებაც, რადგან დღის მიწურულს, პროგრამა „ღამის კურიერში“ ქათამაძის პროდიუსერმა ირაკლი ნადარეიშვილმა აღიარა, რომ ბატონი ოლიგარქისთვის წერილი გაუგზავნია. ძალიან გამაოცა ნადარეიშვილის გამოსვლის შინაარსმა, რადგან ის თურმე მხოლოდ „არტ-იმედის“ მუშაობის სტილით დარჩენილა უკმაყოფილო, მაგრამ მიაჩნია, რომ პატარკაციშვილი შოუ-ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს და ამისათვის მადლობაც კი გადაუხადა. ნიჭიერი მუსიკოსის – ნინო ქათამაძისადმი თანაგრძნობა სხვა ემოციებით შემეცვალა, რადგან გაურკვეველი დარჩა, როგორ შეიძლება მადლობა გადაუხადო და წერილიც გაუგზავნო იმ ადამიანს, რომლის გამოც ამხელა აჟიოტაჟი ატეხე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნადარეიშვილს ძალიან მოუნდა თავად უხელმძღვანელოს ამ საპროდიუსერო ცენტრს...

ისე, „არტ-იმედი“ რომ მომღერლებს ყიდულობს, ეს ყველამ იცის. ძალიან საინტერესოა, როგორ უწყობს ეს ორგანიზაცია შოუ-ბიზნესის განვითარებას ხელს, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს მომღერალი, რომელიც მოგებაზე მუშაობს და ალბათ, მათი „გაქანებებიდან“ გამომდინარე, კარგა ხანი ვერც იარსებებს.

სულ მალე აფუთფუთდება წინასაარჩევნო მოძრავი სცენა თბილისის ერთი უბნიდან მეორეში, საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში და მინი-დისკებზე ჩაწერილ ფონოგრამებზე არა მარტო „არტ-იმედელები“ პირებს დააღებენ. მალე ნახავთ ქუჩებში გამოკრულ აფიშებს წარწერებით „გიწვევთ გრანდიოზულ კონცერტზე“ და მერე – სპორტის სასახლეში, დიდ საკონცერტო დარბაზში, რიყეზე, ბლიყვეზე და ა.შ. მალე აძუგძუგდება საქართველო ერიკ რამბალ კოშეს (გაიხსენეთ ფრანგული კომედია „სათამაშო“ პიერ რიშარის მონაწილეობით) პირდაბჩენილი სათამაშოებით, რომლებსაც ბატონის ბრძანებაზე შეუძლიათ შარვლის ჩახდა და შიშველი უკანალების გამოჩენაც. ვინ უფრო მეტი სულელია, თქვენ განსაჯეთ. ხოლო ნინო ქათამაძე ან მათთან ერთად იმღერებს, ან საქართველოდან წავა (როგორც განაცხადა), ან კიდევ ქართულ როკ-ანდერგრაუნდს დაუბრუნდება, რაშიც, სამწუხაროდ ეჭვი მეპარება.

ჩვენ კი, ამ აწიგასამართ წინასაარჩევნო კონცერტებს ისევ ისე, ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ (მიზეზით – დასავლეთშიც ხომ ხდება ასე?), რადგან ერფეროვნებისადმი ზიზღისა და მოწყენის უნარი სადღაც დავკარგეთ. ესეც ალბათ იმიტომ, რომ თავად ამ მომღერლებივით ზომბებად და ერიკ რამბალ კოშეს სათამაშოებად ვიქეცით. ამასთან ერთად, უკვე ატროფირებული გვაქვს სინდისის ხმაც. ამიტომ აუცილებლად დავესწრებით პოლიტიზირებული „ვარსკვლავების“ გრანძიოზულ (ეს „ძ“ მაგრად უყვართ პოპსა ტელევიზიებს) შოუებს და მეორე დღეს დაღრეჯილი სახეებით ვიტყვით, რომ გუშინ მაგრად „ვიგულავეთ“.

Tuesday, April 1, 2003

ხელოვნურობა

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მუსიკაში ცოცხალი ოქროს ხანა წარსულს ბარდება და მის ადგილს იკავებს ე.წ. პლასტმასა – უშინაარსო, მხოლოდ ელექტროზირებული მუსიკალური პროდუქცია (აქ არ იგულისხმება ელექტრონული მუსიკა). საოცარია, მაგრამ ასეთი მუსიკას დღეს თავის მსმენელი ჰყავს. შეიძლება იკითხოთ, როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი ხელოვნურმა პროდუქტმა მიიზიდოს? თუმცა, ასეთი ტენდენცია უკვე გამოკვეთილია და განსაკუთრებით, საქართველოში. სამწუხაროდ, სიცოცხლე ქართულ სცენაზე თანდათან, წლების განმავლობაში მინავლდა და ძლივს გაღვივებული ნაკვერჩხალივით, თითქმის სულ ჩაქრა. ძალიან ცუდია ისიც, რომ ჩვენთან იშვიათად ჩამოჰყავთ ენერგიული უცხოელი მუსიკოსებიც და ამიტომ, ცარიელ ნიშას თანდათან იკავებს სამამულო წარმოების მუსიკალური ნაგავი, თანაც, ძალიან დიდი დოზებით. ყველაფერს კი, მუსიკალური აუდიო მატარებლების (კომპაქტ-დისკებისა და კასეტების) საკმაო გაძვირებაც დაერთო თან.

ხელოვნურობა არა მარტო მუსიკიდან შემოგვეპარა. ქართული მედია უკვე კარგა ხანია გაჰკივის, რომ ჩვენ ვიწამლებით არამალეფუჭებადი უცხოური და სამამულო საკვები პროდუქტებით, რომელიც საეჭვოდ იაფი ღირს. ასევე ქვეყნდება „საწამლავი“ წამლების სიებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ თანდათან შევეჩვიეთ ყველაფერ ხელოვნურს და უარს ვამბობთ (რატომღაც საკუთარივე სურვილით) ბუნებრიობასა და ყოველგვარ ცოცხალზე. თანამედროვე მუსიკაში კი თაყვანს ვცემთ უნიჭო კერპებს, რომლებიც ისე გავათამამეთ ჩვენი დუმილითა და ფლეგმატურობით, რომ საკუთარ თავს მართლა მომღერლებს ეძახიან და ჰოლივუდის ვარსკვლავებივით იქცევიან, – აქაოდა, ჩვენა ვართ ვინცა ვართო.

აბა, დააკვირდით მათ სატელევიზიო თუ საჟურნალო (საგაზეთო) ინტერვიუებს, ისინი ქედმაღლურად, და თქვენ წარმოიდგინეთ, დამრიგებლური ტონით გვესაუბრებიან. ზოგიერთი მართლა ჰოლივუდის ვარსკვლავივით აცხადებს, რომ დღიურად 4 000 დოლარს ხარჯავს, სიამაყით ჰყვება, როგორ წააგო, ან მოიგო ამერიკის ან ევროპის კაზინოებში. ასეთები თავიანთი ოჯახების წვრილმანებსა და პოლიტიკურ საკითხებზე უფრო საუბრობენ, ვიდრე მუსიკაზე. მათ მიერ წარმოთქმული რამდენიმე წინადადებიდანაც კი ნათელი ხდება, რომ ზოგიერთ მათგანს „ბურატინოს თავგადასავალიც“ არა აქვს წაკითხული, ქართულ ზღაპრებს თავი რომ დავანებოთ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ასეთ პერსონებს ხელოვნებაზე აქვთ პრეტენზია და სიყვარულზეც კი გვიმღერიან. გვიმღერიან-მეთქი სიტყვას მოჰყვა, თორემ ისე, ეშმაკმაც არ იცის, მართლა მღერიან თუ არა ისინი. ეს მხოლოდ ხმისჩამწერ სტუდიაში უწყიან და თუ ძალიან დაგაინტერესებთ, მათ ჰკითხეთ როგორ „მუშაობენ“ ჩვენი ერის „საამაყო“ ვარსკვლავ-მამულიშვილები ამ სტუდიებში და როგორ ასწორებს მათ ხმებს კომპიუტერული პროგრამა. კომპიუტერს კი არა მარტო ხმის გასწორება, ტონალობის შეცვლაც შეუძლია. ჰოდა, ჩემო უძვირფასესო მეგობარო, როდესაც ვიღაც მავანზე იფიქრებ, დახე, რა მაგარი ხმა აქვსო, უბრალოდ, ზოგიერთი ასეთი მომღერლის სტუდიაში მუშაობას დაესწარი და ყველაფერს თავად მიხვდები.

ხელოვნურია მათი ნებისმიერი ქცევა და სიტყვა. ზოგჯერ ძნელია დაიჯერო, რომ მათ ფონოგრამის გარეშე, ლაპარაკიც კი არ შეუძლიათ. ხელოვნურია და სპეციალურად დაყენებული მათი მიმოხვრა, – ხელების მოძრაობა, წამწამების დაფახულება და ა. შ. მათ მიერ მოყოლილი უცხოეთში გასტროლების ამბების უმრავლესობაც ხომ, ძირითადად, შეთითხნილია და მათივე ფანტაზიის ნაყოფია. მაგალითად, თუკი იმღერებენ, სადმე, ნიუ-იორკის ან პარიზის რესტორანში, მერე აქ, ჟურნალისტებს გვაბოლებენ, რომ თითქოს მთელი ამერიკა ან ევროპა გადარიეს და რა თქმა უნდა, ისევ არიან მიწვეულები.

აი, ასე ვართ დღეს თავით-ფეხებამდე ხელოვნურობის ბადეებში გახლართულები. თავს ვიმშვიდებთ, რომ აწი, ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ უკვე ისე ძლიერ ვაგვიანებთ, აღარც კი გვესმის, ჩვენი ფლეგმატურობის გამო, როგორ მივიდა დაღუპვის პირას ჩვენი პლანეტის ეკოსისტემა. აქედან გამომდინარე, კი მალე, ზღვის ნაცვლად ნავთობში ვიბანავებთ, ბუნებრივი საკვების ნაცვლად, ნიტრატებსა და ემულგატორებს მივიღებთ, ადამიანებთან კონტაქტს მხოლოდ კომპიუტერებით დავამყარებთ და „ხელოვნებას“ მხოლოდ საკუთარ ბინებში გამოკეტილი ადამიანები შექმნიან. თუმცა, ამ უკანასკნელი ვარაუდის გამართლებას, სულ ცოტა, ელექტროენერგია მაინც სჭირდება, რაც ჩვენ, დღეს, არ გაგვაჩნია, ამიტომ მისგან ჯერ-ჯერობით დაზღვეულები ვართ. ხელოვნურ მუსიკას კი ჩვენში ხელოვნური, „პლასტმასის“ ადამიანები ქმნიან.

რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები მალე გადაშენდებიან (ისინი დღევანდელობით სარგებლობენ) და ხვალ, აუცილებლად პლასტმასს მაინც ცოცხალი ბგერა, მუსიკა შეცვლის, მანამდე კი დროებით იხარონ, რადგან ზეგ, ისინი, უკვე აღარავის ეხსომება.