Saturday, January 3, 2009

თამაშები

„ბრის ილი მიაუ“ – ტუტორიალი მარტივია, მოთამაშენი ირჩევენ „დედას“, ერთ-ერთი მათგანი კი იხუჭება. „დედა“ იქ შეკრებილებილებზე თითით აჩვენებს და დახუჭულს ეკითხება: „ბრის ილი მიაუ“. დახუჭული მოთამაშე ვისზედაც იტყვის „მიაუს“, კოცნის. შემდეგ იხუჭება სხვა და ა. შ.

ლაფტა – თამაში ბურთით. მოთამაშეები ორ გუნდად იყოფიან – მოიერიშეებად და თავდამცველებად. მოიერიშეები კიდევ ორ ნაწილად. მათ შორის დგებიან თავდამცველები. მოიერიშეები ბურთს ესვრიან თავდამცველებს და ვისაც მოხვდება, თამაშიდან გადის. თუ რომელიმე თავდამცველმა ბურთის დაჭერა მოახერხა, თამაშიდან გავარდნილი ამხანაგი ბრუნდება. ოღონდ ბურთი არ უნდა იყოს მიწიდან ასხლეტილი. თამაში გრძელდება მანამ, სანამ ყველა თავდამცველი არ გავარდება.

კლასობანა – ასფალტზე ან ცემენტზე ცარცით იხაზება სპეციალური კლასები (უჯრები) 1-დან 8-მდე. თამაშში მონაწილეთა რაოდენობა 2-იდან ზემოთ. თამაშისთვის აუცილებელი ატრიბუტია მომცრო, ბრტყელი ქვა. თითოეული მოთამაშე რიგის მიხედვით უმიზნებს უჯრას (იწყებს პირველი კლასიდან და ადის მე-8-მდე), ამის შემდეგ ხტუნვით მიდის მე-8 უჯრამდე და უკან ბრუნდება, როდესაც ფეხს იმ კლასში ჩადგამს, სადაც ქვაა, იღებს და ბრუნდება უკან (ქვა ხელიდან არ უნდა გაუვარდეს). თუ მოთამაშემ თავის უჯრას ქვა ააცილა, იგივე კლასში რჩება და თამაშში მომდევნო მონაწილე ერთვება. გამარჯვებულია ის, ვინც პირველად დაასრულებს კლასებს.