Friday, August 6, 2010

მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან (აგვისტო)


Ozzy Osbourne – Scream © 2010

როგორც წესი, ფოლადი და ბევრი სხვა ლითონი დროთა განმავლობაში იჟანგება, ცვდება და იმსხვრევა. თუმცა, ლეგენდარული ოზი ოსბორნის, ბლექსაბატელი Iron Man-ის („რკინის კაცის“) მუსიკა, ეტყობა, უჟანგავი ფოლადივითაა, რომელსაც, მართალია, ჟანგი ვერაფერს აკლებს, მაგრამ წლების შემდეგ მთლად პრიალა ზედაპირიც აღარ აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, 61 წლის ოზის საფირმო, მჟღერი, გამჭოლი ხმა თითქოს ისევ ფორმაშია... „ყვირილი“ პირველი სტუდიური ალბომია, სადაც ზაკ უაილდის გიტარას ვეღარ მოუსმენთ. ეს უკანასკნელი 1988 წლიდან ოზის ყველა სტუდიური დისკის ჩაწერაში მონაწილეობდა. მის ნაცვლად რობ ზომბისთან ნამუშევარი 29 წლის ბერძენი გიტარისტი კოსტას კარამიტროუდისი ანუ გუს ჯი უკრავს. ოზის დისკი ტრადიციულად მძიმეა.

რამდენიმე წლის წინ მუსიკოსს ექიმებმა უამრავი დიაგნოზი დაუსვეს: ალცჰაიმერის სინდრომით დაწყებული, პარკინსონითა და სკლეროზით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, ოზი ნამდვილი კერკეტი კაკალი გამოდგა და მისი შემოქმედება დღესაც ბევრს აცვიფრებს. ახალი ფირფიტის მოსმენისას მე უკმაყოფილება ვიგრძენი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ოზის ხმა შიგადაშიგ კომპიუტერული პროგრამებით იყოს გასწორებული. მიუხედავად იმისა, რომ დისკი გამოსვლისთანავე ამერიკის როკ და ჰარდ-როკ ჩარტების ლიდერი გახდა, რამდენიმე სიმღერის გარდა, ახალი დისკი ნამდვილად ვერ მოვიწონე და ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი გამახსენდა: „ცხოვრების პირველ ნახევარში ადამიანი თავის სახელზე მუშაობს, მეორე ნახევარში სახელი მუშაობს მასზე“. ოზის ახალ დისკზე სწორედ ეს შეიძლება ითქვას.

შეფასება: ****** (6/10)

მოუსმინე: Ozzy Osbourne - Diggin' Me Down
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Thursday, August 5, 2010

ბითლზები და როლინგები (ნაწილი III)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე


ლაშა: – 1980 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ამერიკულ ოპტიმიზმს ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდებოდა. მისი დასაწყისი თითქოს ირანელი მძევლების გათავისუფლება იყო, თუმცა ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირაში (1981 წლის 30 აპრილს), პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდა. რეიგანი გადარჩა, თუმცა მისი პრესმდივანი სამუდამოდ ხეიბარი დარჩა. 25 წლის თავდამსხმელმა ჯონ ჰინკლიმ განაცხადა, რომ ეს ლეგენდარული ჯონ ლენონის მკვლელობისთვის შურისძიება იყო.

გაგა: – არ ვიცი, ჰინკლის რა ამოძრავებდა – ჯონ ლენონის გამო შურისძიება თუ ჯუდი ფოსტერის (სწორედ ნორჩ ჯუდი ფოსტერს დაჰპირდა ჰინკლი, რომ მალე სახელს გაითქვამდა) უპასუხო სიყვარულით დაბრმავება, მაგრამ მაგ მოვლენამდე მოხდა სამწუხარო ტრაგედია: 1980 წლის 8 დეკემბერს, 22:50-ზე სახლში დაბრუნებულ ჯონ ლენონს ზურგიდან ხუთჯერ ესროლეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გზად სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. 80-იანები პირქუშად „იქოქებოდა“...

პოლიციას არ გასჭირვებია მკვლელის დაკავება, რომელიც იქვე ხის ძირში იჯდა და სელინჯერის წიგნს („თამაში ჭვავის ყანაში“) მშვიდად კითხულობდა. ასე ავბედითად შევიდა მარკ ჩეპმენი ისტორიაში. მოგვიანებით პოლიციამ იქვე ბუჩქებში მიგდებული ჯონ ლენონის უკანასკნელი ალბომი – Double Fantasy აღმოაჩინა. მასზე ჯონ უინსტონ ონო-ლენონის უკანასკნელი ავტოგრაფია, რომელიც მან ჩეპმენს სიკვდილამდე ხუთი საათით ადრე ალბომზე მიუწერა.

Tuesday, August 3, 2010

მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან (ივლისი)


Katie Melua – The House © 2010

სამი წელი ველოდით ქეთი მელუას ახალ ფირფიტას. თუმცა ამ წლების განმავლობაში ქეთიმ მოასწრო უამრავი კონცერტის გამართვა, მათ შორის სამშობლოშიც. ამავე დროს, იგი დასცილდა მის პირველ პროდიუსერს მაიკ ბატს და თანამშრომლობა დაიწყო უილიამ ორბიტთან. ამ ინგლისელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა თავის დროზე იმუშავა მადონას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომზე Ray Of Light და ჯგუფებთან „13“ და Blur. ორბიტის ხელი ქეთის ახალ დისკს ნამდვილად დაეტყო, ამიტომ მისი სიმღერები უმეტესწილად განსხვავდება მისი ადრინდელი ნამუშევრებისგან. თუმცა ეს ცვლილებები ძალიან მკვეთრიც არაა. ორბიტის გავლენით ქეთის ახალი სიმღერები უფრო თანამედროვე და ელექტრონულიც კი გახდა.

The House წინა სამ ალბომთან შედარებით ოდნავ უფრო პირქუშიცაა. მსმენელს ფირფიტის პირველივე ძალზე მელოდიური სიმღერა I'd Love To Kill You ავტორის იდუმალ კრიმინალურ სურვილებს გვამცნობს, რომლის მსგავსი მელუასგან მანამდე ნამდვილად არ მოგვისმენია. The Flood მართლა წარღვნასავით სიმღერაა, რომელშიც თავმოყრილია ქეთის შესანიშნავი ვოკალური მონაცემები, თანამედროვე რიტმი და ძალზედ დახვეწილი არანჟირება. ქეთის ადრინდელი შემოქმედების მოყვარულებიც იპოვიან დისკში მათთვის სასიამოვნო სიმღერებს. ასეთია თუნდაც „წითელი ბუშტები“ Red Balloons, უმშვენიერესი კაბარე-სიმღერა A Moment Of Madness და სხვა. მიუხედავად თემატური მრავალფეროვნებისა, ქეთის სიმღერები მსუბუქად აღსაქმელი რჩება. ალბომმა უკვე დაიპყრო ევროპული მუსიკალური ჩარტები. კატეგორიულად ვუწევ რეკომენდაციას ამ მომხიბლავ და მეტად საინტერესო ფირფიტას.

შეფასება: ********* (9 / 10)

მოუსმინე: Katie Melua - A Moment Of Madness

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Monday, August 2, 2010

ქართველების ევროპეიზაცია ყველაზე სწრაფად სწორედ მუსიკით შეიძლება

ალექსანდრე რონდელი: „თუ მუსიკა ვერ შევინახეთ, ვიქნებით მხოლოდ მომსახურე, ოფიციანტი ერი“

აღნიშნული ინტერვიუ პოლიტოლოგთან, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტთან, ალექსანდრე რონდელთან შარშან ჩავწერე, თუმცა ჩვენ არ გვისაუბრია პოლიტიკაზე... ბატონი ალექსანდრე მუსიკისა და საერთოდ, ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია, სწორედ ამიტომ, უკვე დიდი ხანია მაინტერესებდა მისი თვალსაზრისი ზოგადად ხელოვნების შესახებ. ინტერვიუ სპეციალურად „ანარეკლისთვის“ გაკეთდა.

– საზოგადოება თქვენ გიცნობთ როგორც პოლიტოლოგს და ბევრმა არ იცის, რომ მუსიკისა და კინემატოგრაფიის დიდი თაყვანისმცემელი ბრძანდებით. როგორ გახდით მელომანი?

– მაინც ვერ ვიტყვი, რომ თავგადაკლული მელომანი ვარ, თბილისში იყვნენ მელომანები და ახლაც არიან, რომლებსაც ნამდვილად ვერ შევედრები. არასოდეს გამჩენია სურვილი მქონოდა ბევრი მუსიკა. მხოლოდ საყვარელი შემსრულებლებისა და კომპოზიტორების ჩანაწერებს ვყიდულობდი...


– მოდით, მაშინ ასე ვთქვათ, თქვენ მელომანი ბრძანდებით, ხოლო ვინც დიდი რაოდენობით მუსიკას აგროვებს, შეგვიძლია კოლექციონერი ვუწოდოთ...

– ალბათ მართალი ბრძანდებით. ჩანაწერი მეც საკმაოდ ბევრი მაქვს, მაგრამ ყველა კომპოზიტორს ჩემიანად ვერ აღვიქვამ. ამ ფირფიტებიდან ბევრი საჩუქარია, ზოგი თავად ვიყიდე. უბრალოდ, ზოგიერთ კომპოზიტორს ხშირად ვერ მოუსმენ. ახალგაზრდობაში შოპენი ძალიან მომწონდა, მერე, 20-30 წლის რომ ვიყავი, მეჩვენებოდა, ზედმეტად ტკბილი იყო. ახლა 70 წელს ვუახლოვდები და ისევ დავიწყე მისი მოსმენა. მუღამზე მოვედი და ვფიქრობ, რა სულელი ვიყავი, ამ ზედმეტად ნატიფ, აბსოლუტურად გენიოს კომპოზიტორს რომ არ ვუსმენდი-მეთქი. ძალიან დიდი მუხტი და ემოცია აქვს შოპენის მუსიკას. თუმცა, ეტყობა ცხოვრებაში რაღაც პერიოდის განმავლობაში შეიძლება ვინმე არ მოგეწონოს და მერე ისევ მიუბრუნდე.