Saturday, June 30, 2001

„მესამე კლასის ვაგონის“ პრეზიდენტი პლანეტა აცეკორზე

მხატვარი ანდრეი ზვერევი საკუთარი სამყაროს შესახებ

მხატვარი ანდრეი ზვერევი დაიბადა 1974 წლის 28 სექტემბერს. ის ქუთაისურ სამხატვრო არტკლუბ „მესამე კლასის ვაგონის“ ერთ-ერთი პრეზიდენტია. ამ კლუბის შესანიშნავი ნახატები მრავალ დამთვალიერებელს იზიდავდა ფესტივალზე „მზიური“. ანდრეი და არტკლუბის წევრები საკუთარი ძალებით აწყობენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს, პერფორმანსებს. ანდრეის ნახატებმა არა მარტო ქართველი ხელოვნების მოყვარულები დააინტერესა, მისი ნამუშევრები უცხოეთშიც გავიდა. „ვარსკვლავებში“ პირველი პრეცენდენტია, როდესაც ჩვენი ჟურნალის სტუმარია ახალგაზრდა მხატვარი.

 

ანდრეი ზვერევი: – ჩვენი არტკლუბი „მე-3 კლასის ვაგონი“ უკვე წელიწადნახევარია არსებობს. მომავალი კლუბის წევრები მის შექმნამდეც ვიცნობდით ერთმანეთს და ვმეგობრობდით. ვაწყობდით საკუთარ გამოფენებს, გვქონდა ჩვენ-ჩვენი იდეები და სახელოსნოები, მაგრამ მეტ-ნაკლებად ერთნაირი სულიერი მისწრაფებები გვქონდა. თავდაპირველად ვიყავით მე და გია ჭიღლაძე, რომელიც ამავე დროს, ჩემი მეზობელიცაა. სხვათა შორის, გიამ მიმიყვანა მასწავლებელთან და ხატვა დამაწყებინა. ჩვენთან ერთად იყვნენ მაკა ვეკუა და თემურ ტუკვაძე. ვიფიქრეთ, თუ არსებობს მუსიკალური კოლექტივები, სრულიად შესაძლებელია შევქმნათ მხატვრული კოლექტივი-თქო. დასაშვებია ერთი იდეის ირგვლივ მხატვართა გაერთიანება.

ადრე ჩვენ გვერქვა „პალატა №108“, რომელიც საგიჟეთთან ასოცირდებოდა. მერე სახელწოდება შეიცვალა. ცხოვრებიდან გამომდინარე, საქართველოში გინდა თუ არა, ხელოვნება „მე-3 კლასის ვაგონში“ იმყოფება. დასავლეთში ვიცი, რაც ხდება, მაგრამ აქ ასეთი რეალობაა. ჩვენ ყველანი პრეზიდენტები ვართ, გააჩნია ვინ წარადგენს კლუბს.

– რომელი სასწავლებელი დაამთავრე და სად გქონდა გამოფენები?

– დავამთავრე ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის უნივერსიტეტი, თუმცა პედაგოგობის არაფერი მესმის. უბრალოდ, ვხატავ. მეორე კურსზე ავურიე სავალდებულო და საკუთარი თემები. ლექტორი მთხოვდა დამეხატა „იმერეთი“, ბარზე, თოხზე მომუშავე კაცი და ა.შ. ძალიან მიყვარს ქართული, ტრადიციული თემა, მაგრამ უკვე მაშინ დავიწყე მექსიკის, ჩინეთის, ტაილანდის კომპოზიციების ხატვა, როცა იქ საერთოდ არ ვყოფილვარ. ერთმა ტაილანდში ნამყოფმა პიროვნებამ გაიკვირვა, თუ იქ არ ყოფილხარ, ასე ზუსტად როგორ დახატეო. კურსიდან კინაღამ გამრიცხეს, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე. მე-5 კურსზე მივხვდი, რომ ყინული დაიძრა და სადღაც შორს წავედი.