ესენი ის სიტყვებია, რომლებიც თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირი მნიშვნელობით გამოიყენება, სინამდვილეში კი სავაჭრო ნიშნებს, ბრენდებს წარმოადგენენ.
აკვალანგი (Aqualung, Aqua Lung; ლათინური სიტყვიდან „aqua“ – წყალი და ინგლისური „lung“ – მსუბუქი) – წყალქვეშა ცურვის სასუნთქი აპარატის დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, რომელიც 1943 წელს ფრანგებმა, ჟაკ ივო კუსტომ და ემილ განიანმა გამოიგონეს. დღეისათვის ამ სავაჭრო ნიშნის სახელწოდების ყველა უფლება ამერიკულ კომპანია Aqua Lung International-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციის, Air Liquid-ის შემადგენლობაში შედის. სიტყვა „აკვალანგი“ თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელდა, თუმცა ამერიკაში წყალქვეშა ავტონომიური სასუნთქი აპარატისთვის სიტყვა „სკუბას“ (აბრევიატურაა Self-Contained Underwater Breathing Apparatus) იყენებენ.
ასპირინი (Aspirin; ანუ „a“ – აცეტილ და „Spiraea“ – სპირეა, მცენარის ლათინური დასახელება, რომლიდანაც სალიცინის მჟავა ქიმიურად მიიღეს) – ამ სავაჭრო ნიშნით, 1899-დან 1918 წლის ჩათვლით, გერმანული ფარმაცევტული ფირმა, Bayer აცეტილსალიცინ მჟავას უშვებდა. ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე გერმანიის ხელმოწერის შემდეგ, ფირმა Bayer-ს საზღვრებს გარეთ არსებული ქონება და მასზე არსებული უფლებები ჩამოერთვა. დღეისათვის ასპირინზე Bayer-ის განსაკუთრებულ უფლებას მხოლოდ კანადასა და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში აღიარებენ.
ვაზელინი (Vaseline; გერმანული „wasser“ – წყალი და ბერძნული „elaion“ – ზეთი) – სავაჭრო ნიშანი, რომელიც მისმა გამომგონებელმა, ამერიკელმა ქიმიკოსმა რობერტ ჩესბროუმ დაარეგისტრირა. მეცნიერმა ნივთიერება 1872 წელს გამოიგონა. ვაზელინი – მინერალური ზეთისა და მყარი პარაფინის ნახშირწყალბადების ნაზავს წარმოადგენს. ქიმიკოსმა კომპანია Chesebrough Manufacturing Co დაარსა და ეს უკანასკნელი ყველა უფლებას აღნიშნულ სავაჭრო ნიშანზე 1987 წლამდე ფლობდა. ამჟამად Vaseline საერთაშორისო კორპორაცია Unilever-ს ეკუთვნის.