Monday, December 19, 2005

ჰაზრათ ინაიათ ხანი – ბგერის მისტიციზმი

ჰაზრათ ინაიათ ხანი ინდოელი სუფია*, მისტიკოსი, ფილოსოფოსი, პოეტი და მუსიკოსი 1882 წელს ინდოეთის ქალაქ ბაროდაში დაიბადა. თავის დროზე მას მთელს ინდოეთში იცნობდნენ როგორც ვინაზე უბადლო დამკვრელსა და მომღერალს, რომელმაც ინდური კლასიკური მუსიკა ააღორძინა. ის პირველი იყო, ვინც მუსიკას სახელმძღვანელოთი ასწავლიდა. თვით სახელმძღვანელო მისი ბაბუის მიერ იყო შექმნილი, რომელმაც ინდური მუსიკისათვის ნოტების სისტემა გამოიგონა. 1910 წელს ჰაზრათ ინაიათ ხანი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი პარიზში ინდური მუსიკის კონცერტების გასამართავად მიიწვიეს, სადაც მის მრავალრიცხოვან ნაცნობებს შორის კლოდ დებიუსიც იყო. კომპოზიტორს ინაიათ ხანმა რამდენიმე მელოდია აჩუქა, რომელთა მოსმენაც დებიუსის რამდენიმე სიმფონიურ ნაწარმოებში შეიძლება. 1913 წელს ის რუსეთში ჩავიდა, სადაც კომპოზიტორ სკრიაბინს დაუმეგობრდა და მასაც რამდენიმე მელოდია აჩუქა.

1914 წელს მან დაარსა მძლავრი მოძრაობა, რომელშიც სიყვარულის, ჰარმონიისა და მშვენიერების დროშის ქვეშ მისი სუფიზმის ძმები და დები გაერთიანდნენ. ამ მოძრაობის ძირითადი არსი იყო: სულიერი თავისუფლების მიღწევა, მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისათვის ფილოსოფიური საიდუმლოებების უნიკალური ახსნა და რელიგიური, ეზოთერული ცოდნის ფსევდო-რელიგიური ძალაუფლებისგან აბსოლუტური გათავისუფლება, სულიერებისადმი ახალი მიდგომების პოვნა, რომელსაც კასტური ან აღმსარებლური განსხვავება არ ექნებოდა. სუფიურ მემკვიდრეობას, რომელიც ჰაზრათ ინაიათ ხანმა მსოფლიოს დაუტოვა, სიყვარულის, ჰარმონიის და მშვენიერების კოსმიურ სიმფონიას ადარებენ. მას „მუსიკალური აღორძინების დილის ვარსკვლავი“ შეარქვეს. გარდაიცვალა 1927 წელს. დასაფლავებულია დელიში. მან 13-ტომიანი ლექსების, პიესების, რელიგიური, მისტიკური და ფილოსოფიური ნაწარმოებების მემკვიდრეობა დატოვა. მკითხველი მათში დღესაც იპოვის პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც ადამიანებს ასე აღელვებს. „ბგერის მისტიციზმი“ მისი ერთ-ერთი ვრცელი ფილოსოფიურ-მისტიკური ნაშრომია, რომელიც 4 ნაწილისგან და 43 თავისგან შედგება. ამჯერად მხოლოდ 2 თავის თარგმანს გთავაზობთ.