Showing posts with label სვიმონ ჯანგულაშვილი. Show all posts
Showing posts with label სვიმონ ჯანგულაშვილი. Show all posts

Wednesday, September 5, 2001

უძველესი ქართული საგალობლების ნოტებში კომუნისტები სისხლიან ხორცს ახვევდნენ

ბაზარში ნაპოვნი საგალობლები იღუმენმა ექვთიმემ გადაათეთრა და მიწაში ჩაფლა

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ უცნობილესი ქართული საგალობლები „წმინდაო ღმერთო“, „უფლის ლოცვა“ და სხვა მცირე საგალობლები შექმნილია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ, ანუ ძველ კანონიკურ ტექსტზე (ლოცვაზე) უწმინდესმა და უნეტარესმა, ძველი ქართულით რომ ვთქვათ – მუსიკა დაადო. ეს საგალობლები პატრიარქს წლების უკან შეუქმნია.

თანამედროვე თუ უძველესი ქართული საგალობლებით დაინტერესებული „ახალი ვერსია“ შეხვდა და ესაუბრა საპატრიარქოს გუნდის რეგენტს, სვიმონ ჯანგულაშვილს. გვსურდა ამავე გვერდზე პატრიარქის მიერ მუსიკადადებული საგალობლების ნოტებიც მოგვეთავსებინა, მაგრამ თავად კათალიკოსმა ეს არ ისურვა. საპატრიარქოს გუნდის რეგენტმა უწმინდესის ეს გადაწყვეტილება მისი თავმდაბლობით ახსნა.

სვიმონ ჯანგულაშვილმა ჩვენთან უძველესი და თანამედროვე ქართული საგალობლების შესახებ ისაუბრა.

– ვინ წერს თანამედროვე ქართულ საგალობლებს?

– საეკლესიო გალობა, ხატწერა თუ არქიტექტურა არ არის ხელოვნება – ამ სიტყვის მკაცრი და ვიწრო გაგებით. ეს არის ღვთისმეტყველება, რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს. როგორც ყველა არქიტექტორს არ შეუძლია მართლმადიდებლური ტაძრის დაპროექტება და ყველა მხატვარს არ შეუძლია შექმნას ხატი (ამ ცნების ნამდვილი გაგებით), ასევე არ შეუძლია ყველა კომპოზიტორს საგალობლის დაწერა, თუნდაც ის დიდი ოსტატი იყოს, რადგან მისი ნაწარმოები შეიძლება რელიგიური მუსიკა და არა გალობა აღმოჩნდეს.

საგალობელს თავისი კანონიკა აქვს. გალობა პირდაპირ უნდა ხსნიდეს ტექსტის სიღრმეს, სულიერებას და ის უფრო კარგად უნდა გადმოსცემდეს სიტყვის აზრს, მადლს. ძველი ქართული გალობა ამის საოცარი მაგალითია. სასიხარულო და დასაფასებელია, რომ ჩვენი კომპოზიტორები წერენ საგალობლებს, მაგრამ ქართულ გალობას სულ სხვა სპეციფიკა აქვს და მისი დაწერისას კანონიკას უნდა იცნობდე.