Monday, March 15, 2004

შავი პრინცის შავი აზრები

თანამედროვე ქართულ მუსიკაში ყველაზე მეამბოხე შემსრულებლები ქუთაისიდან არიან

„შავი პრინცი“, იგივე „ძებნილი“ (აკაკი ბაბუნაშვილი) ერთ-ერთი იმ ქართველ მუსიკოსთაგანია, რომელმაც პირველად იმღერა რეჩიტატივით და მის აგრესიულ რეპში ანტიგმირები განასახიერა. იგი ხან ნარკომანი, ხან ქურდი, ხანაც ყაჩაღი იყო. ქართველი რეპერს მიაჩნია, რომ შინაგანად პროტესტანტია და არ ჰგავს სენტიმენტალ „პაპსა“ რეპერებს. მისი შემოქმედება შეიძლება რამდენიმე ეტაპად დაიყოს: გასული საუკუნის 90-იან წლებში „შავმა პრინცმა“ ქუთაისში პირველი რეპ-კომპოზიციები გამოაცხო და პატარა კონცერტებიც მოაწყო. მისი დამსახურებით, მსგავს რეპს ქუთაისში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. შემდეგ მუსიკოსმა ჯგუფი „ძებნილი“ შექმნა და თბილისში ჩამოვიდა, სადაც საკმაო წარმატებებს მიაღწია 1999 წელს ჩაწერილი ალბომით „დაამტვრიე როკი“.

ალბომში „შავმა პრინცმა“ პოლიციის მიერ ძებნილი ბანდის, ქუჩის ბიჭების ცხოვრება ასახა, რომლებიც ადამიანებს თავს ესხმიან და აყაჩაღებენ. „მე ველოდები ღამეს ქარიანს, მე მიმყავს საქმეზე ვისაც კარგი თვალი აქვს“, – ასეთი ტექსტი ჟღერს მის ერთ-ერთ სიმღერაში. საერთოდ, კრიმინალური სიუჟეტი აგრესიული რეპისთვის უცხო არ არის, თუმცა საქართველოს რეპში ამ თემაზე პირველად სწორედ „ძებნილმა“ გაბედა სიტყვის თქმა.

 „შავ პრინცს“ ყველაზე დიდი პოპულარობა სიმღერამ „ჩემი ძმები“ მოუტანა. აღნიშნული ჰიტი საქართველოში არსებულ ჩარტების სათავეებში მოექცა. დღეს უკომპრომისო მუსიკოსი ოდნავ „დამშვიდდა“ და მელოდიურ სიმღერებსაც ასრულებს, თუმცა მალე მსმენელს ახალ, ორდისკიან ალბომს შესთავაზებს, რომელიც მუსიკალურად ასევე ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. ერთ-ერთ დისკზე იქნება სწორედ უკომპრომისო რეპ-კომპოზიციები, ხოლო მეორეში შედარებით მსუბუქი სიმღერები. 32 წლის „შავი პრინცი“ დღეს „ახალი ვერსიის“ სტუმარია.

– რას ნიშნავს იყო რეპერი?

– საქართველოში დღეს ბევრი რეპერობს, მაგრამ „პროფესიით“ ყველას რეპერს ვერ დაარქმევ. ბევრი მათგანი მომავალში შეიძლება საერთოდ გამოეთიშოს ჰიპ-ჰოპ კულტურას და ოჯახის სარჩენად სხვა საქმიანობა დაიწყოს. თუმცა ჩვენს შორის არსებობენ სუფთა სისხლის რეპერებიც. სამწუხაროდ, საქართველოში თვალსაჩინოდ ვერ ყალიბდება სუფთა ჰიპ-ჰოპი, რადგან ბევრ მუსიკოსს თავის სარჩენი სხვა წყაროები გააჩნია, ამიტომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სწორად გაიაზრებს ჰიპ-ჰოპის არსს თუ უბრალოდ, სწორად გარითმავს საკუთარ პოეზიას და ამას ილაპარაკებს. ამ შემთხვევაში მისი სიმღერა რეალობასთან ახლოს არ იქნება. ჩემი აზრით, ჰიპ-ჰოპი რეალობაზე აგებული მუსიკაა, ანუ თუ სიბინძურეს დაინახავ, უნდა იმღერო ამაზე, თუ კარგს შეხედავ – ესეც უნდა აღნიშნო, მაგრამ ამას ყველაფერს საკუთარი ფორმა აქვს. ჰიპ-ჰოპში მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა იმღერო და არა იმიტომ, რომ ეს შენ გისწორდება. შეიძლება რაღაც არ გისწორდებოდეს, მაგრამ იმისთვის, რომ შენ რეპერი ხარ, მაინც უნდა თქვა ეს. სუფთა სისხლის რეპერი რასაც ხედავს, იმას ამბობს. თუ გარშემო აგრესიას ხედავს, სათქმელს აგრესიულად უნდა ამბობდეს. ერთი ტონალობით ცუდისა და კარგის თქმა არ შეიძლება.

– პანკების იდეოლოგია ანარქიზმია. რა არის რეპერების იდეოლოგია? რა მიზანია აქვს რეპერს?

– როდესაც რეპერს რაღაცა არ მოსწონს, სურს, რომ ის უკეთესით შეიცვალოს. შეიძლება რეპერი ფანტასტიკურ რამეზე ოცნებობდეს, მაგრამ მას სურვილი აქვს, მისი ოცნება არსებობდეს. თუ ირგვლივ რაღაც არსებობს, მაგრამ მახინჯი ფორმით, რეპერი მას ლანძღავს, აგინებს, უარყოფს და სურს, რომ იმ რაღაცამ კარგი ფორმით იარსებოს. ამავე დროს, რეპერი ძალიან მარტივი ენით უნდა საუბრობდეს, არ არის სიმღერებში საჭირო ფილოსოფიური დატვირთვა. თუ ის ხედავს ქუჩასა და ნაგავს, უნდა ახსენოს ქუჩაც და ნაგავიც. შეიძლება ქუჩაში გაზრდილიც აზროვნებდეს ფილოსოფიურად, მაგრამ ყველაფერს ამბობდეს მარტივად და გასაგებად.

– ნამდვილი რეპერი ფიქრობს თუ არა საკუთარ მომავალზე, ოჯახზე, ფინანსურ წინსვლაზე?

– ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამაზე არ ფიქრობს. რეპერი ცდილობს, საკუთარ კეთილდღეობას საკუთარი სიმართლით მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რეპერი ცუდზე იმღერებს, თუ კარგზე, მან საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს. თუ რეპერი ყველაფერს მარტივად და სიმართლით მიუდგება, ყველას დააინტერესებს და ბევრს გაუჩნდება მის კონცერტზე მისვლის და ალბომის შეძენის სურვილი. აქედან გამომდინარე რეპერს იმედი ექნება, რომ ხვალიდან კარგად იცხოვრებს.

– რეპსა და ჰიპ-ჰოპს შორის რა განსხვავებაა?