Monday, March 15, 2021

კოტე კალანდაძე – მუსიკოსი კინოკამერით

კოტე კალანდაძეს და მე ერთი მეტად საინტერესო რამ გვაერთიანებს. ეს 1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში აღმოცენებული მუსიკალური სტილები – გრანჟი და ალტერნატიული როკია, რომელთა ერთგვარი ბიძგით და კარნახით ის მუსიკოსი გახდა, მე კი – მუსიკის ჟურნალისტობა გადავწყვიტე. 


კოტე ლადო ბურდულის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ როკ-ფესტივალზე გავიცანი, როდესაც ქუთაისური გაზეთისთვის ამ ღონისძიებაზე მასალას ვაკეთებდი. მაშინ იგი ბესელა რაზმაძის ჯგუფ „კონტრაბანდაში“ ბასზე უკრავდა. შეიძლება ითქვას, რომ კოტე ის იშვიათი ქართველი მუსიკოსი და კინემატოგრაფისტია, რომელიც დღემდე ქართული ანდერგრაუნდიდან მოდის და ამავე დროს, ამ კულტურის ცხოვრების გაცნობის ყველა მსურველს თავისი ფილმებით უყვება ამბავს. 

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, კოტემ სხვადასხვა ჯგუფში დაუკრა და რამდენიმე თავად ჩამოაყალიბა. მისი შემოქმედება ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმს შორის გადებული ხიდია, რომელიც მეტად ენერგიული, მელოდიური და თან სევდიანია. მისი ნაწარმოებების საფუძველი ალტერნატიული როკია, თუმცა მათში იპოვით გრანჟს, პოსტ-პანკს, ჰიპ-ჰოპს და პოპ-როკსაც კი. მას არ ეშინია ექსპერიმენტების და აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მუსიკოსია.

მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, კინემატოგრაფისტი და ხმის ინჟინერი კოტე კალანდაძე 1979 წლის 27 ნოემბერს დაიბადა. სწავლის დროს გაიცნო და დაუმეგობრდა ქავთარაძის და ნუცუბიძის პლატოების როკტუსოვკის წევრებს, მუსიკოსებს – გია თოიძეს, ბესელა რაზმაძეს, ნიკა კოჩაროვს და სხვებს. ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უცხო ენების ფაკულტეტზე, რომელიც მალევე მიატოვა. როგორც თავად ამბობს, სწავლა „პანკურ პონტში დაიკიდა“ და მას მერე აღარსად გაუგრძელებია. 

თავდაპირველად გია თოიძის ჯგუფში, „ამორალი“ უკრავდა, რომელსაც დღეს „წერილი“ ჰქვია. შემდეგ იყო ნიკა კოჩაროვთან ერთად გაკეთებული პროექტი „გაზის ბალონი“. 1990-იანების მეორე ნახევარში ჩამოაყალიბა S.P.I.D., პარალელურად ბასზე უკრავდა „კონტრაბანდაში“ და, ამასთანავე, ჰქონდა საკმაოდ წარმატებული რუსულენოვანი ჯგუფი Небо СССР, რომელმაც რამდენიმე ალბომი ჩაწერა. 


2010-იანებში ცოტა ხნით მიიწვიეს ჯგუფში Mother On Mondays და ალბომის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა. დღემდე ჰყავს ჯგუფი Lady Heroine, რომელიც 2008 წელს თბილისში შეიქმნა. 2011 წელს ჯგუფმა სადებიუტო მინიონი (მინი ალბომი, იგივე EP) სახელად Elite ჩაწერა. 2013 წელს მუსიკოსებმა პირველი ალბომი Rise And Shine ჩაწერეს. ამის შემდეგ კი კიდევ ორი სტუდიური ნამუშევარი When We Were Drunk და Stay გამოუშვეს.

2020 წლის მაისში გამოვიდა სინგლი Italia. Lady Heroine-ის შემადგენლობაში კოტე კალანდაძესთან ერთად ბასისტი გიორგი კორძახია და დრამერი დიმიტრი ოგანესიანი არიან. ჯგუფი გამოსაშვებად ამზადებს ალბომს, რომელიც, კოტეს თქმით, იქნება უფრო ელექტრო, დარქვეივი და არაროკენროლური. ერთი სიმღერის, Luka’s Song მიხედვით ჯგუფმა ვიდეო გადაიღო. 


კინემატოგრაფიაში კოტე კალანდაძე 2000-იანებში მოხვდა. დროთა განმავლობაში კი ისე მოეწონა ხელოვნების ეს სფერო, რომ გადაწყვიტა საკუთარი კინოკომპანია „პარაშუტ ფილმი“ დაეფუძნებინა და ფილმები გადაეღო ქართულ ანდერგრაუნდ კულტურაზე. ისევე როგორც მუსიკაში, აქაც აგებს ხიდს ანდერგრაუნდსა და საზოგადოებას შორის, რათა მაყურებლისთვის უფრო ადვილად გასაგები გახადოს იატაკქვეშეთის სამზარეულო.