Saturday, December 22, 2012

ოთარ იოსელიანი

რეჟისორი, 78 წლის, პარიზი

მსხვილი ხედი კინოს სირცხვილია. მე მას არ ვიყენებ. მსხვილი ხედი მსახიობის,  მოცემული კონკრეტული ადამიანის ისტორიაა. და რა შუაშია აქ კინო?

მე და ჩემი მეგობრები მშვიდად ვსხედვართ მაგიდასთან, ვსვამთ. ბევრი აღარაფერი გვაქვს სათქმელი, რადგან უკვე კარგა ხანია ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით და უხვსიტყვიანობით არ გამოვირჩევით. მაგრამ თუ ამ სუფრასთან ვინმე ნაძირალა მოხვდება, მაშინ ჯიუტად ვდუმვართ, სიტყვასაც კი არ ვამბობთ. ვფიქრობ, სიფათში გალაწუნებას აზრი არა აქვს.

დღევანდელი ყველა გმირი გამოგონილია, მათ არა ჰყავთ პროტოტიპები. აბა, ცხოვრებაში სად გინახავთ ჯეიმს ბონდი ან ინდიანა ჯონსი? ხოდა, ეს ოდისევსისა და ჰერაკლეს ძველბერძნული მითების რემინისცენციები ფილმიდან ფილმში დაეხეტებიან. ერთი ყველას წინააღმდეგ და ყველას ამარცხებს, სიკეთე სძლევს ბოროტებას – ეს ფორმულა კომერციულად ყოველთვის მომგებიანია. ხოლო ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე იღებდნენ: დე სიკა, დე სანტისი, ჩემი ახლობელი ჟაკ ტატი. კინო საავტოროა, როდესაც მოულოდნელი სიხარული გეუფლება, რადგან ხედავ, რომ ისევე ფიქრობ, როგორც ის ტიპი, რომელიც სურათს გაჩვენებს.

პარიზი, რომლის შესახებაც ვიღებ, უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. შესაძლოა არც არასდროს არსებულა, როგორც ის მოსკოვი, რომელიც დანელიას „მე დავაბიჯებ მოსკოვშია“ ნაჩვენები. იქნებ ჩვენ ქალაქები დავასახლეთ ისე, რაც ვიცით ცხოვრებისა და ადამიანების შესახებ და ისინი მხოლოდ ჩვენს სულში არიან. მოსკოვი და თბილისი ცარიელდება, ხოლო პარიზი უკვე დიდი ხანია დაცარიელდა, მაგრამ მათ მოდელს, რომელიც ჩვენ მეხსიერების სახით მემკვიდრეობით გადმოგვეცა, გარკვეული ღირებულება აქვს და შეგვიძლია ვაჩვენოთ.

ნამდვილი პარიზი სხვანაირია: მასში მაცხოვრებელი ნებისმიერი ცოცხალი სული იბრძვის და წვალობს, და ძირითადად, მარტოობით იტანჯება, ამიტომ დასაფასებელია ამ ქალაქში ვინმესთან მეგობრობა. ჩვენ, ქართველებს, ეს ოდნავ მაინც შეგვიძლია, ეს ჩვენი პროფესიაა.

Wednesday, December 19, 2012

ბაჩი ქიტიაშვილი – ქართული როკის ლეგენდა

ბაჩი ქიტიაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა წყობისას მოახერხა აკრძალული როკმუსიკის დაკვრა. მისი ბენდი „ბერმუხა“ 1965 წლიდან არსებობს და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ჯგუფი საკმაოდ მძიმე რიტმ-ენდ-ბლუზს, პროგრესივ, ჯაზ და ჰარდ როკს ასრულებს. „ბერმუხა“ თავის დროზე ერთადერთი დამოუკიდებელი მუსიკალური ჯგუფი იყო, რომელიც მაშინდელი საბჭოთა რეჟიმის იდეოლოგიას უპირისპირდებოდა, როგორც მუსიკით, ისე ცხოვრების წესით. გიტარისტ ბაჩი ქიტიაშვილს მიაჩნია, რომ ის და მისი ჯგუფის წევრები დისიდენტები იყვნენ. კომუნისტი იდეოლოგები მათზე ამბობდნენ: აი, ესენი აფუჭებენ და რყვნიან ახალგაზრდებსო. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ე.წ. „პერესტროიკამდე“ ჯგუფი იატაკქვეშეთში იმყოფებოდა. 

ბაჩი ქიტიაშვილმა ჩემთან საუბრისას გაიხსენა: „12 წლის განმავლობაში „ბერმუხა“ ზენიტში იყო, სცენიდან ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ვმოგზაურობდით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. ვიყავით მოსკოვში, სოჭში, კიევში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში. მართალი გითხრათ, მიკვირს, რომ დღესაც ამდენი ახალგაზრდა გვისმენს... „ბერმუხა“ ის ჯგუფია, რომლის კონცერტის დროსაც ქუთაისში გზები გადაკეტეს, იმდენი ხალხი იყო. ფოთში გამოსვლისას კი კედელი გადავანგრიეთ, თუმცა ხალხის თხოვნით, კონცერტი გავაგრძელეთ. რამდენიმე ქართული ნაწარმოები, რომელსაც დღესაც ვასრულებთ, სწორედ მაშინდელია“. „ბერმუხას“ რამდენიმე გამორჩეულად ცნობილი ჰიტი აქვს – „არწივი“ და „დღეს ჩვენ ერთად ვართ“, ისინი ყველა კონცერტზე სრულდება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #27, დეკემბერი, 2012 წელი
 

Friday, November 9, 2012

ქართული პოლიტიზებული მუსიკა

საქართველოში მუსიკა ძლიერ პოლიტიზებულია. ამიტომ, თანამედროვე მუსიკა 1990-იანი წლების შემდეგ თითქმის ვერ განვითარდა. თუმცა, რაღა მარტო თანამედროვე?! პოლიტიკამ კლასიკურ მუსიკაშიც თავისუფლად შეაღწია. დღეს საქმე იმდენად ღრმადაა წასული, როცა რომელიმე მუსიკოსს სადმე ასახელებენ, მავანი მსმენელისთვის იგი აუცილებლად რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ასოცირდება. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ქართველ მუსიკოსებს მართალია, ძალიან უჭირდათ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მეტ-ნაკლებად თავისუფლები იყვნენ.

ახალი საუკუნის პირველივე წლებიდან პოლიტიკოსები თავდაპირველად თანამედროვე მუსიკის გაკონტროლებას შეეცადნენ, რათა ამით ახალგაზრდების საარჩევნო ხმები მოენადირებინათ. ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც საკმაოდ ირჯებოდა პარტიული ჰიმნების შესაკვეთად. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჰიტი „გიხაროდენ“ იყო, რომელშიც თავი მოიყარეს ესტრადის ვარსკვლავებმა და აღნიშნული სიმღერა მაშინდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო ჰიმნი გახდა.

თუმცა ეს ტენდენცია არა მარტო წინასაარჩევნო კამპანიებისას იკვეთებოდა. პოლიტიკოსებმა კარგად შეაფასეს მიმდინარე მუსიკალური მიმართულებები და ამა თუ იმ ჟანრის მეტ-ნაკლებად წარმატებული მუსიკოსების დაფინანსება დაიწყეს. აღნიშნული ტენდენცია მოდადაც კი ჩამოყალიბდა და დღემდე საკმაოდ რთულია იპოვო აბსოლუტურად თავისუფალი მუსიკოსი, რომელსაც ოდნავი კავშირიც კი არ ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.

გასაგებია, რომ მუსიკოსსაც აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ როცა პოლიტიკოსი უკვე პერმანენტულად „აჭმევს“ და „აცხოვრებს“ შემსრულებელს, შემოქმედებითი თავისუფლება იკარგება და ვიღებთ ისეთ უსახურ და უფორმო თანამედროვე მუსიკას, როგორიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ჟღერს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #26, ნოემბერი, 2012 წელი

Monday, October 15, 2012

ლადო ბურდული


ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავესთან მყოფი ლადო ბურდული ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში გამოჩნდა და ყველას აჩვენა, რომ როკ-მუსიკა ქართულ ენაზეც შეიძლება შესრულდეს. საქართველოში არსებობდა და დღემდე რატომღაც არსებობს სტერეოტიპი, რომ როკი მხოლოდ ინგლისურ ენაზე უნდა ჟღერდეს. ბურდულის ადრეული მუსიკა (მის ჯგუფს „რეცეპტი“ ერქვა) და ლირიკა საკმაოდ აგრესიული, სევდიანი და მწვავე იყო: „ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს“.

ლადო ბურდული ბევრს სამართლიანად მიაჩნია ქართული მუსიკალური კონტრკულტურის პიონერად, თუმცა მუსიკოსმა ადრე, ჩემთან საუბრისას საქართველოში კონტრკულტურის არსებობაში ეჭვი შეიტანა: „მე ვფიქრობ, რომ საქართველოში საერთოდ კულტურა არ არსებობს და კონტრკულტურა როგორ იარსებებს? ადრე კულტურა სახელმწიფო დოტაციაზე იყო და ეს იყო სიყალბე. ახლა ის დრო წავიდა. თუ მაშინ მაგარი დრო იყო, ამ კულტურის შემქმნელები დღეს სადღა არიან? რატომ არ განვითარდა ის კულტურა? გინახავთ, მაგარი შემოქმედება ისე მოკვდეს, მისგან აღარაფერი დარჩეს? ისიც მინდა ვთქვა, რომ ის კულტურა ქართული კი არა, საბჭოთა ფენომენი იყო. მე ისეთ ქვეყანაში გავიზარდე, რომლის დედაქალაქს მოსკოვი ერქვა. ეს ქვეყანა დაინგრა. ახლა საქართველო ხუთმილიონიანი ქვეყანაა და დროა, საბჭოეთისდროინდელი ამბიციები უკან დავტოვოთ, თორემ ეს ქვეყანა აუცილებლად დაიღუპება“.

ლადო ბურდული რამდენიმე მუსიკალური პროექტის ავტორი და 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მასშტაბური საერთაშორისო ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალების ორგანიზატორია. ამჟამად მუსიკოსი კავკასიის საერთაშორისო თანამედროვე მუსიკალურ ფესტივალს აწყობს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება. სპეციალურ საიტზე კავკასიის ქვეყნების მუსიკოსთა ნამუშევრები იტვირთება, რომელთაც ინტერნეტის მომხმარებელი და ჟიური აფასებს. შედეგები წლის ბოლოს დაჯამდება და მომავალი წლისთვის მუსიკოსთა დაჯილდოვების მასშტაბური ცერემონიით დაგვირგვინდება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #25, ოქტომბერი 2012 წელი

მოუსმინე

Monday, September 24, 2012

ქართული ელექტრონული მუსიკა – ნიკა მაჩაიძე

საქართველოში ელექტრონულ მუსიკას არც ისე დიდი წარსული აქვს. მისი პიონერები 1990-იანების მეორე ნახევრიდან გამოჩნდნენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საბჭოთა კავშირში ამ მუსიკალურ სტილს ზედმეტად არასერიოზულად აღიქვამდნენ. მახსოვს, 80-იანების დასაწყისში ერთ მოსკოვურ გაზეთში სტატიაც კი გამოქვეყნდა, სადაც ლეგენდარული გერმანული ელექტრონული ჯგუფის „კრაფტვერკის“ მუსიკოსები რობოტებად მოიხსენიეს და მათ ადამიანობაში ეჭვიც კი შეიტანეს.

საქართველოში ელექტრონული მუსიკის სათავეებთან რამდენიმე მუსიკოსი და ჯგუფი დგას, თუმცა უცხოელი მსმენელისთვის ამ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ალბათ, მაინც ნიკა მაჩაიძე, იგივე ერასტი და იგივე ნიკაკოია. მაჩაიძის ანგარიშზე დასავლეთში გამოცემული რამდენიმე ძალიან საინტერესო ალბომი, საუნდტრეკი (ფილმის, თეატრისა და ტელევიზიისთვის) და ვიდეოკლიპია. იგი რამდენიმე ფილმისა და ანიმაციის რეჟისორიცაა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსი საკმაოდ აპოლიტიკურია, 2000-იანების დასაწყისში მან მაშინდელ სახელმწიფო მეთაურზე იუმორისტული მუსიკა და ვიდეო გააკეთა, რაც აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

ნიკას მუსიკა ინოვაციური და ექსპერიმენტულია, მისი მინიმალისტური ელექტრონული სივრცე ძლიერ მიმზიდველი, ჰარმონიული და მრავალფეროვანი პულსაციითაა გაჟღენთილი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პროფესიით რეჟისორია, მას უფრო იცნობენ, როგორც მუსიკოსს. აი, რა თქვა ნიკამ ადრე თავის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალ „ცხელ შოკოლადთან“ საუბრისას:

„ელექტრონული მუსიკა... უფრო ბიძგი იყო იმისათვის, რომ თავში რაც მქონდა, იმის რეალიზება გამეკეთებინა. კინოს კეთებისთვის ძალიან ზარმაცი ვარ... თან ათას კაცს უნდა ეურთიერთო და აუხსნა, რა გინდა... მუსიკის კეთებისას კი, შენს თავთან ხარ ან (ჩემს შემთხვევაში) კომპთან, ერთი ერთზე. ამიტომ შედეგი მთლიანად შენზეა დამოკიდებული“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #24, სექტემბერი 2012 წელი

მოუსმინე:

Monday, August 13, 2012

ვოვა მოგელაძე – ბლუზის ქართველი პიონერი

ქართველი ბლუზის ლეგენდის, ვოვა მოგელაძის ყველაზე წარმატებული მუსიკალური კოლექტივი – Blues Mobile Band თბილისში 1985 წელს ჩამოყალიბდა. გიტარისტი ბავშვობიდანვე გატაცებული ყოფილა მუსიკით და აქტიურად უსმენდა მაშინ სსრკ-ში აკრძალულ რადიოებს – „ამერიკის ხმასა“ და „ბი ბი სის“ მუსიკალურ გადაცემებს. სწორედ მაშინ შეიყვარა რიტმ-ენდ-ბლუზი. მოსწონდა ჯგუფი „თენ იერზ აფთერ“, ჯონი უინტერი, „ალმან ბროზერსი“, ჯიმი ჰენდრიქსი და ერიკ კლეპტონი. ვოვა მოგელაძე საკუთარ თავს ბლუზის მოყვარულად და შემსრულებლად თვლის. მისი აზრით, იგი არ არის ბლუზმენი.

1989 წელს დანიის როკფესტივალზე მოხვედრის შემდეგ დაიწყო ბენდის ხანგრძლივი, მრავალწლიანი ვოიაჟი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი გამოდიოდნენ სხვადასხვა ფესტივალზე, უკრავდნენ კონცერტებსა და კლუბებში. 1996 წელს დანიურ გაზეთში „ბითი“ დაბეჭდილ სტატიაში მუსიკის კრიტიკოსი წერდა: „რას წარმოვიდგენდი, რომ მომსწრე გავხდებოდი ასეთი ექსპრესიული კონცერტისა, რომელიც მიდფიუნის ფესტივალზე გამართა „ბლუზ მობილ ბენდმა“. ჩემთვის კიდევ უფრო დიდი აღმოჩენა იყო ჯგუფის ლიდერი – ვოვა მოგელაძე, რომლის ქარიშხლისებური იმპროვიზაციები მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნიკალურობით გამოირჩევა, თუმცა აშკარად მაგონებს ელვინ ლის და ჯონი ვინტერის დაკვრას. წარმოუდგენელია, მაგრამ აქ იმყოფება ჯგუფი აღმოსავლეთის უღიმღამო ნაწილიდან, რომელმაც ბლუზის ამერიკელ ფუძემდებლებს უჩვენა, თუ როგორ უნდა დაუკრა ეს მუსიკა“.

ვოვა მოგელაძე ძალიან ხშირად შეუდარებიათ მსოფლიოს საუკეთესო სხვა გიტარისტებისთვისაც. თავმდაბალი მოგელაძის აზრით კი, ეს კრიტიკოსის კონცერტიდან მიღებული ცხელი შთაბეჭდილებების გავლენით ხდება და ამის მტკიცება არ შეიძლება. ვოვა მოგელაძესა და ჯგუფ „ბლუზ მობილ ბენდს“ რამდენიმე ალბომი აქვთ გამოშვებული ნიდერლანდებში, დანიასა და საქართველოში.

ჟურნალი „ბათუმი Out“ #23, აგვისტო 2012 წელი

მოუსმინე:

Friday, July 13, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი VI)

(2000-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17, #18, #19, #20 და #21

ქართული ალტერნატიული როკმუსიკის ისტორიისთვის 2000-იანების დასაწყისი ყველაზე უფრო მწირი და მშრალი პერიოდია. მუსიკაში ისე საგრძნობლად შეიჭრნენ პოლიტიკა და პოლიტიკოსები, რომ ალტერნატივის ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩა. პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ მუსიკით ამომრჩეველთა ხმების მონადირება შეეძლოთ. მათ მიერ დაფინანსებულ ნაირნაირ ღონისძიებებზე სხვადასხვა ყაიდისა და ჟანრის შემსრულებლები გამოდიოდნენ. დაიწერა მაშინდელი მმართველი პოლიტიკური პარტიის რამდენიმე ჰიმნი, რომელშიც ე.წ. ესტრადის მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

ამ დეკადის დასაწყისში ჯგუფ „სახეს“ დამსახურებით განსაკუთრებით პოპულარული გახდა სოული და ბოიბენდებიც, შესაბამისად, საკმაოდ დიდ პატივში იყვნენ. 90-იანებიდან საქართველოში შემორჩენილ ალტერნატიულ მუსიკოსებს ახალი ათასწლეულის პირველივე წლებში მეინსტრიმში გადასვლის სურვილი გაუჩნდათ, მაგრამ ეს უკანასკნელი არ არსებობდა და ამიტომ, ისინი დარჩნენ იქ, საიდანაც წამოვიდნენ. თუმცა ასეთ მუსიკოსთაგან ირაკლი ჩარკვიანმა – „მეფემ“ მეტ-ნაკლებად მაინც მოახერხა ეს გარღვევა და შექმნა გემოვნებიანი თანამედროვე ქართული პოპის მშვენიერი ნიმუშები.

საკმაოდ აგრესიული და საინტერესო იყო ათ(ას)წლეულის დასაწყისის ქართველი რეპერების შემოქმედებაც. თუმცა ბოლომდე სიმწვავის შენარჩუნება თითქმის ვერავინ შეძლო.

2000-ების ყველაზე გამორჩეულ ალტერნატივად ელექტრონული მუსიკა იქცა. ნიკა მაჩაიძე (ნიკაკოი), გოგი ძოძუაშვილი, ტუსია ბერიძე (ტბა), ნიკა წერეთელი და სხვები მეტად ფასეულ ალტერნატიულ ელექტრონულ მუსიკას ქმნიდნენ, რომელიც უცხოელმა მსმენელმა სათანადოდ დააფასა. ასევე, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2007 წელს პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია „ელექტრონავტი“, რომელიც ტრადიციული გახდა. ტრადიციული გახდა ასევე „ალტერვიჟენ გრუპის“ მიერ 2009 წელს დაარსებული ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელიც ყოველ წელს ტარდება.

და კიდევ ერთი: ამ ათწლეულის მიწურულს საქართველოში აღმოცენებულ ახალ მუსიკალურ კოლექტივებში განსაკუთრებით პრესტიჟული გახდა ინგლისურ ენაზე სიმღერა. ინგლისურად სიმღერა მოდად იქცა, რაც დღემდე გრძელდება. იმ პერიოდში ჩამოყალიბებული ჯგუფების თემატიკა აღარ იყო იმდენად მწვავე. ნარკოტიკზე, სექსსა და აბსურდულ თემებზე უცხო ენაზე სიმღერა ზოგს ახლაც ძალზე აქტუალური ჰგონია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის რამდენიმე ჯგუფს ენერგეტიკა თავის ადგილზე აქვს, თუმცა არის თუ არა ეს ალტერნატიული მუსიკა – უკვე სხვა თემაა...

ჟურნალი „თბილისი Out“ #22, ივლისი, 2012 წელი

Sunday, June 24, 2012

მუსიკა რიტუალებისთვის

ერთგვარი რიტუალურ-ვირტუალური წინასიტყვაობა

დავიწყებ იმით, რომ ძალიან ბევრი რამ პირადად ჩემთვის რიტუალია – თვით კომპიუტერთან მუშაობა. წერისთვის მჭირდება განწყობა, ან მისი შექმნა, აგრეთვე, ერთი დიდი ჭიქა შავი ჩაი, სკამზე ცალფეხმორთხმით მოკალათება, პროგრამა „მაიკროსოფთ ვორდის“ (მისი მომგონი დაილოცოს!) გახსნა და, რაღა თქმა უნდა, ვინამპში მუსიკის ჩართვა.

არსებობს ათასგვარი რიტუალი – რელიგიურით დაწყებული, უბრალო ბანაობით დასრულებული. რიტუალებს უძველესი ფესვები აქვს. მუსიკასაც სწორედ რიტუალების დროს ასრულებდნენ – რელიგიური მსხვერპლთშეწირვა იქნებოდა ეს თუ კოლექტიური ნადირობა. ადამიანები გალობდნენ, ტამტამებს სცემდნენ, რქებისგან და ხისგან გაკეთებულ სასულე ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, ცეკვავდნენ. სადაც რიტმია, იქ ყოველთვის მუსიკაა. სიმღერის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსია ერთ მულტფილმშიც კია ასახული (სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს). ვთქვათ, პირველყოფილ ევროპელს, აი, ჩვენს ქართველ ზეზვას მუშაობისას ხელიდან გაუვარდა დიდი ლოდი და იგი მეზობელი გამოქვაბულიდან დასახმარებლად მოსულ ზორბეგს ფეხზე დაეცა. ზორბეგი ტკივილისგან კი არ აკვნესდა, ხმამაღლა აყვირდა. ჩვენს ზეზვას ისეთი ფაქიზი მუსიკალური სმენა აღმოაჩნდა, რომ ზორბეგის ტკივილნარევი შესანიშნავი ტენორის გაგონებისას დიდი სიამოვნება მიიღო. ამის შემდეგ ჰედონისტმა ზეზვამ თავის საყვარელ მეუღლეს, მზიას უხმო, ანიშნა ნახე რა მოხდესო, მერე ის ლოდი ზორბეგს ახლა უკვე მეორე ფეხზე თხლიშა და მისი ხმის მოსასმენად გაირინდა... თურმე ასე ტკივილიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო პირველი სიმღერა. მას შემდეგ გვტკივა თუ გვიხარია, ვმღერით, ვუკრავთ, ვუსმენთ.

ბანალურად რომ ვთქვა, ქართველები ოდითგანვე მუსიკალური ნიჭის მქონე ხალხი ვყოფილვართ და ახლაც ვართ. მუსიკა და სიმღერა პრაქტიკულად ყველგან ჟღერდა – ნადირობის, ნადის, მკის, რთველის, მგზავრობის, ომში წასვლის, ომიდან დაბრუნების, ტაძარში წირვა-ლოცვის, ტრაპეზობის, ქორწილის, ნათლობის, დაკრძალვის და კიდევ სხვა მრავალი რიტუალის დროს. მუსიკა თავად არის რიტუალი და რიტუალი – მუსიკა.

Monday, June 18, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი V)

(1990-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17, #18, #19 და #20

1990-იანი წლების დასაწყისს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ალტერნატიული მუსიკის აღზევების პერიოდი. მიუხედავად ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალურ-პოლიტიკური ფონისა, მუსიკოსები ფაქტობრივად ენთუზიაზმით, ყოველგვარი ფინანსური მოგების გარეშე მუშაობდნენ და მათი გარჯა თითქმის ყოველთვის ნაყოფიერი იყო. იმ პერიოდში ძალიან მომრავლდნენ მუსიკოსები, რომლებიც სრულებით არ ერგებოდნენ კომუნისტური გაგების ფილარმონიულ სტრუქტურებს. ბევრი შემსრულებელი უკრავდა როგორც დედაქალაქში, ისე ქუთაისში, ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში და სხვა ბევრ პატარა ქალაქშიც კი. მათგან ბევრი კლასიკურ, ზოგი კი მკვეთრად ქართული ხასიათის როკს ასრულებდა.

ხაზგასასმელია, რომ ალტერნატიული მუსიკა მეტწილად ქართულ ენაზე სრულდებოდა. ჯერ კიდევ ანდერგრაუნდში იყვნენ: ლადო ბურდული და მისი ჯგუფი „რეცეპტი“ (სტატიის წინა ნაწილში ხსენებული არტიომ ტროიცკი ამბობდა, რომ ქართულ როკთან, ეთნიკური გაგებით, ყველაზე ახლოს სწორედ ბურდულის შემოქმედება იყო), დადა დადიანის ჯერ „ტაქსი“, მერე „საბავშვო მედიცინა“, ქიშო გლუნჩაძის „ქიშო და ინტელიგენცია“, რობი კუხიანიძის „აუტსაიდერი“. ოდნავ მოგვიანებით ინდივიდუალური მუსიკის შექმნა დაიწყო ირაკლი ჩარკვიანმა. ამ მუსიკოსთა შემოქმედება, ყველა სიკეთესთან ერთად, პროტესტულ ხასიათსაც ატარებდა.

90-ებში ჯგუფებს – „სახლი“, „პრიზი“, „გენეტიკური კოდი“, Soft Eject-ი და სხვებს ქართული მეინსტრიმის შექმნის საკმაოდ წარმატებული მცდელობა ჰქონდათ. ისინი ძალიან მაღალი კლასის ინტელექტუალურ მუსიკას ასრულებდნენ, თუმცა, ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ ამ ჯგუფების უმრავლესობის დაშლა და მუსიკოსების სამშობლოდან წასვლა გამოიწვია.

სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოვიდა ქართველ როკშემსრულებელთა პირველი ფირფიტები. 1992 წელს მოსკოვში ჩაწერილი „აუტსაიდერის“ ვინილის ფირფიტა Inside გამოვიდა. ამავე წელს ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ჯგუფ „პრიზის“ ალბომი „ღამის ქალაქი“. 1993 წელს გერმანიის ქალაქ კიოლნში საკუთარი პირველი მაგნიტოალბომი Svan Songs ჩაწერა ირაკლი ჩარკვიანმა. ამავე წელს გერმანიაში საკუთარი სიმღერები ჩაწერა Soft Eject-მაც. გამოვიდა გიტარისტ თემურ ყვითელაშვილის პირველი ფირფიტებიც. ძალიან საინტერესო ჯგუფები გამოჩნდნენ ქართულ მძიმე როკშიც, რომელთა უმრავლესობის რეპერტუარი ძირითადად ინგლისურენოვანი იყო.

უნდა აღინიშნოს მასმედიის წვლილიც ქართული ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში. საქართველოს რადიოს პირველ არხზე დაინტერესებულ მსმენელს დარეჯან გულიაშვილის გადაცემაში „როკი ნაშუაღამევს“ ბევრი ქართული როკჯგუფის ახალი ჩანაწერის მოსმენა შეეძლო. ქართულ პრესაში ახალ და ძველ როკმუსიკოსებს მკითხველებს ბიძინა მაყაშვილი აცნობდა. ახალი მუსიკალური სტილების პროპაგანდა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო განახლებულმა და ახალგაზრდულმა ტელეკომპანია „მეორე არხმა“. ასეთი გადაცემებიდან, რა თქმა უნდა, გამოირჩეოდა სერგი გვარჯალაძის ჯერ „ძაპო“, მერე „Showbiz დაიჯესტი“, რომლის ერთ-ერთ რუბრიკაში „ცოცხალი“ ტელესტუდიაში ცოცხლად მღეროდნენ ხშირად ბევრისთვის უცნობი ახალბედა მუსიკოსები. „მეორე არხზე“ გადიოდა, აგრეთვე, ლადო ბურდულის „ოქროს ბიბილო“, გადაცემები: „პირველი დუბლი“, „როკ-სიტი“, კაკო ვაშალომიძის გიტარის შემსწავლელი კურსები და ქუთაისში მომზადებული როკგადაცემა „კედელი“.

სამოქალაქო ომის დროს იმ მუსიკოსებს, ვინც საქართველოში დარჩნენ, შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვეტიათ, თუმცა მათ ღონისძიებებს საგრძნობლად აკლდა მასშტაბურობა. ყველაფრის მიუხედავად, 1996 წელს თბილისში მაინც ჩატარდა რამდენიმედღიანი ფესტივალი „მარგარიტა 96“, რომელმაც თანამედროვე მუსიკის თითქმის ყველა სფეროში ახალი სახელები წარმოაჩინა. როკმუსიკამ კი ნელ-ნელა დაკარგა ის სოციალური მუხტი, რომელიც იმავე ათწლეულის პირველ ნახევარში ასე თვალშისაცემი იყო. სცენაზე გამოჩნდნენ ჯგუფები: „33ა“, „მთვარის კლუბი“, „ზუმბა“, ბაკურ ბურდული, „ვაკის პარკი“, „კონტრაბანდა“, გიგა მიქაბერიძე, „ამორალი“, დიმა დადიანის „ოქროს კბილი და ცაცხვი“, Best History, Mother On Mondays და სხვა საინტერესო შემსრულებელი.

მნიშვნელოვანი ეტაპი ქართულ თანამედროვე მუსიკაში ქართული FM რადიოების შექმნა იყო. პირველმა დამოუკიდებელმა რადიოებმა ქართველ მუსიკოსებს საშუალება მისცა, მსმენელისათვის საკუთარი შემოქმედება შეეთავაზებინათ. 90-იანი წლების მიწურულს კი ლადო ბურდულმა თბილისში ორი გრანდიოზული საერთაშორისო ფესტივალი მოაწყო, ხოლო კომპანია „მი ფა სი“-მ 2000 წელს პირველი მატარებლის ფესტივალი ჩაატარა, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, როკჯგუფებმაც.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული რეპისა და ჰიპ-ჰოპის ჩამოყალიბებაც ამ ათწლეულში მოხდა. 90-იანებში გაჩნდნენ ქართული ბოიბენდებიც, რომელთაგან „სახე“ ყველაზე წარმატებული კომერციული პროექტი გახდა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ჟურნალი „თბილისი Out“ #21, ივნისი, 2012 წელი

Tuesday, June 5, 2012

მე-20 საუკუნის ყველაზე თავისუფალი ქალები – გურული მოჯირითე ქალები

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე


გაგა: – დღეს მეტად უცნაურ ქალებზე უნდა ვისაუბროთ. შეიძლება ახლა არავის გაუკვირდეს, რასაც ეს ქალები აკეთებდნენ, რადგან 21-ე საუკუნეში თითქმის აღარ არსებობს მამაკაცური პროფესია ან სპორტის სახეობა. ქალებმა ძალოსნობაში, ჰოკეისა და რაგბიშიც კი მოსინჯეს ძალები და საკმაოდ წარმატებითაც. თუმცა, დღეს ჩვენ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს დასაწყისში ვიმოგზაურებთ, როცა ქალები არ იყვნენ ისე თავისუფალნი, როგორც დღეს არიან.

ლაშა: – ჩვენი მკითხველისთვის ალბათ სიურპრიზი იქნება ის, რომ ჩვენ ძირითადად ქართველ, კონკრეტულად კი გურულ ქალებზე ვისაუბრებთ. დავაკონკრეტებ და ვიტყვი, რომ ისინი მოჯირითეები იყვნენ და საქართველოდან ძალიან შორს, ამერიკაში ქართველი მამაკაცების მხარდამხარ, სხვადასხვა საცხენოსნო შოუებში იღებდნენ მონაწილეობას.

მარო ზაქარეიშვილი
გაგა: – მოგეხსენებათ, მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი გურული ცხენოსანი მოღვაწეობდა შორეულ შტატებში, კერძოდ ბუფალო ბილის შოუში და სხვებში. ამის შესახებ არაერთი მასალა გამოქვეყნებულა ქართულ პრესაში. რამდენიმე წიგნიც კი გამოიცა, რომლის ავტორი ირაკლი მახარაძეა.

ლაშა: – საიტიც არსებობს გურული უაილდ-ვესტის შესახებ. ირაკლი მახარაძის წიგნები სხვა ენებზეც გამოიცა. თუმცა, ამ შესანიშნავი ისტორიებიდან ჩვენი ყურადღება ქართველმა მხედარმა ქალებმა მიიპყრეს.

Sunday, May 20, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი IV)


(1980-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17, #18 და #19

როდესაც 1980-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკაზე ვიწყებთ საუბარს, პირველ რიგში ევგენი მაჭავარიანის მუსიკალური ტელეგადაცემები უნდა გავიხსენოთ (ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულს „ეს ესტრადაა“ ერქვა). ეს გადაცემები ქართველ მაყურებელს მისთვის აკრძალულ დასავლურ მუსიკალურ სამყაროში უწევდა მეგზურობას.

BB King და ევგენი მაჭავარიანი - თბილისი, 1979წ.
80-იანები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: ათწლეულის პირველ ნახევარი, როცა კომუნისტური ცენზურა ჯერ კიდევ ძლიერი იყო და მეორე ნახევარი, როცა სსრკ-ში პრეზიდენტმა გორბაჩოვმა გარდაქმნის ეპოქა დაიწყო. სწორედ მაშინ დასრულდა ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებისა და მიმდევრების დევნა. ყველა მუსიკოსს განვითარების თანაბარი პირობები მიეცა. „პერესტროიკამდე“ საქართველოში ჩვეულებისამებრ ფილარმონიული მუსიკა ჟღერდა. რამდენიმე საინტერესო პროექტიც არსებობდა „ჯორჯიასა“ და „ნატვრის ხის“ სახით.

ეროვნული მოძრაობის აღზევებამდე ქართულ მუსიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. სცენაზე მკვეთრად ინდივიდუალური შემსრულებლები გამოჩდნენ და, რაც საყურადღებოა, ამ მოვლენას მოძრაობის სახე მიეცა. როკში მისთვის დამახასიათებელი სოციალური მუხტი, შინაგანი პროტესტი გაჩნდა.

ამ ათწლეულისთვის 1988 წელს განსაკუთრებული მოვლენა თსუ-ის დარბაზში ჩატარებული როკფესტივალი იყო, რომელმაც ძალზე საინტერესო შემსრულებლები გამოავლინა: „პრიზი“, „ჯუკ-ბოქსი“, „ბიჭები როკ-ენ-როლიდან“ და სხვები. მთავარი აღმოჩენა დადა დადიანის ჯგუფი „ტაქსი“ იყო, მწვავე, პირდაპირი ტექსტებით, რომელიც „ახალი ტალღის“ რიტმებს ქართულენოვან მელოდიას შესანიშნავად უხამებდა. ამ პერიოდშივე გამოჩნდა ლადო ბურდულიც. სტატიის წინა ნაწილში ნახსენებმა რუსმა კრიტიკოსმა არტიომ ტროიცკიმ აღნიშნა, რომ ქართულ როკთან, ეთნიკური გაგებით, ყველაზე ახლოს სწორედ ბურდულის შემოქმედება იდგა.

ლადო ბურდული

80-იანებში ალეკო ცაბაძის ფილმი „ლაქა“ გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლი ქართველმა ალტერნატიულმა მუსიკოსმა, ქიშო გლუნჩაძემ შეასრულა. ბაჩი ქიტიაშვილმა და კაკო ვაშალომიძემ სპორტის სასახლეში გრაფიკული როკის საღამო „დებიუტი“ მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობდნენ: კახა კიკაბიძე, ლადო ბურდული, დადა დადიანი, ქიშო და სხვები. საღამო როკმუსიკოს ირაკლი გიგაურის ხსოვნას მიეძღვნა.

დასავლეთ საქართველოში ქუთაისი აქტიურობდა. იმ პერიოდში შექმნილ ჯგუფებს შორის უნდა გამოვყოთ „აუტსაიდერი“, რომელმაც ჯერ კიდევ სსრკ-ის არსებობისას მოიპოვა აღიარება რუსეთსა და ბალტიისპირეთში, მოსკოვში კი ფირფიტა ჩაწერა. ქუთაისში ოპერის თეატრთან თემურ ჯოხაძემ და ვახტანგ ნებიერიძემ ერთგვარი როკკლუბი „მელომანი“ დააარსეს, სადაც სხვადასხვა შემსრულებელი გაერთიანდა.

80-იანების მიწურულს საქართველოში ნაციონალური გამოღვიძების ეტაპი დაიწყო, რომელიც საყოველთაო ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა. ეს განწყობა მუსიკასაც შეეხო და პატრიოტული როკმუსიკაც გაჩნდა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჯგუფად მერაბ მამულაშვილის „ოკეანე“ შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც გიტარისტი კაკო ვაშალომიძეც უკრავდა. ამ პროექტმა და მისმა ვოკალისტმა – ნიჭიერმა მომღერალმა ვახტანგ მაკალათიამ საბოლოოდ გააქარწყლა სტერეოტიპი ქართული ენისა და მძიმე როკის შეუთავსებლობის შესახებ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ჟურნალი „თბილისი Out“ #20, მაისი, 2012 წელი

Monday, May 7, 2012

ფემინისტური პროტესტი თუ მკრეხელობა?

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

გაგა: – ეს ამბავი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ყველიერის კვირის მიწურულს ნაკლებად ცნობილი ქალთა რუსული პანკჯგუფი Pussy Riot-ის 4 გოგონა მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში წირვის შემდეგ ამბიონზე აიჭრა და სიმღერის, „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!“ შესრულება დაიწყო.

ლაშა: – გოგონები გამოწყობილნი იყვნენ ტრადიციულ ფორმაში, – ამინდისა და სეზონის მიუხედავად, ისინი იცვამდნენ მსუბუქ, მყვირალა ფერის კაბებს, ფერად წინდებსა და ნაქსოვ ნაირფერ ბალაკლავებს (სპეციალურ ნიღბებს). მათი ხმაურიანი გამოსვლა მრევლის წინაშე ერთ წუთამდე გაგრძელდა. ტაძრის დაცვამ და მორწმუნეებმა ისინი საკმაოდ თავაზიანად გააცილა.

გაგა: – თუმცა მალე ხულიგნობის ბრალდებით ამ ფემინისტური ჯგუფის სამი გოგონა დააკავეს. აყვანილებმა უარყვეს კავშირი ჯგუფთან და შიმშილობაც კი გამოაცხადეს. არადა, ბენდის პირად ბლოგზე ეს გოგონები დასახელებულები არიან მათ წევრებად, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მათგანს სასცენო ფსევდონიმი აქვს. მოკლედ, აღარ დავწვრილმანდეთ. მთავარი ისაა, რომ ამ ჯგუფის გამოსვლის შემდეგ არა მარტო რუსეთში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში დაიწყეს გოგონებზე საუბარი. არადა, რა სახელი ჰქვიათ!

ლაშა:
– ერთი ვერსიით, ჯგუფის სახელი ითარგმნება, როგორც „ფისოების ბუნტი“, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც...

Tuesday, April 17, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი III)

(1970-იანი წლები)


ბევრი მელომანი საქართველოს პირველ ალტერნატიულ, არაფილარმონიულ ჯგუფად ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხას“ ასახელებს, რომელმაც პირველმა მოახერხა არასაესტრადო მუსიკის ქართულ თარგზე მორგება. ზოგიერთი სკეპტიკოსი მელომანის აზრით კი, ბაჩის შემოქმედება სუფთა ქართული მოვლენა არაა, რადგან „ბერმუხას“ მიერ შესრულებულ მელოდიებს კლასიკური მძიმე რიტმ-ენდ-ბლიუზის ან ჰარდროკის საფუძველი აქვს ანუ, მათივე აზრით, ტრადიციულ როკჟანრებზე, უბრალოდ ნაციონალური მუსიკაა მორგებული.
ბერმუხა 1974

პარალელურად არსებობს საბჭოთა რუსი მუსიკალური ჟურნალისტისა და კრიტიკოსის, არტიომ ტროიცკის ინფორმაცია წიგნიდან „როკმუსიკა სსრკ-ში“, რომ საქართველოში პირველი ანდერგრაუნდ-კოლექტივი ვალერი კოჩაროვისა და მიშიკო ფოფხაძის „კვადრატი“ იყო. ყველა ვარიანტში, „კვადრატსა“ და „ბერმუხას“ ქართული ალტერნატიული მუსიკალური მოვლენის პიონერობაში, ალბათ, ვერავინ შეეცილება.

კაკო ვაშალომიძე
ბაჩი ქიტიაშვილს ჩემთვის ადრე უთქვამს, რომ თავისი შემოქმედების გამო უთანხმოებები ჰქონდა სამართალდამცავებთანაც. მისივე სიტყვებით, „ბერმუხა“ და სხვა ჯგუფები ერთგვარი დისიდენტებიც იყვნენ, ამიტომ მათ მხოლოდ სასკოლო საღამოებზე აკვრევინებდნენ და საზღვარგარეთ გასვლის ნებას არ აძლევდნენ: „კომუნისტები არსად გვიშვებდნენ ჩვენი გრძელი თმების, ბაკენბარდებისა და ე. წ. „დასკა გიტარების“ გამო, იძახდნენ – ხმაურიან მუსიკას უკრავენო“.

ამ ათწლეულში გამოჩნდა გიტარისტი კაკო ვაშალომიძეც, რომელსაც მომღერლებთან შედარებით, საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები ნაკლებად ექმნებოდა, რადგან მხოლოდ უკრავდა და გასაკონტროლებელი ტექსტები არ ჰქონდა.

გაზაფხულის რიტმები 1980
ამ სტატიის პირველ ნაწილში ვახსენე ქართული ქალაქური ფოლკი და მუსიკა. 70-იანებში ამ სფეროში საკმაოდ ბევრი საინტერესო შემსრულებელი გამოჩნდა, თუმცა, ვთვლი, რომ მათ შორის ყველაზე ალტერნატიული და გამორჩეული მუსიკოსი ქალები – ინოლა გურგულია და მანანა მენაბდე იყვნენ. ისინი საკუთარ სიმღერებს ასრულებდნენ, როგორც ბარდები.

70-იან წლებში ქართულ სცენაზე ორი მკვეთრად გამორჩეული და პოპულარული ვია არსებობდა – „ივერია“ და „75“. ამ უკანასკნელს მუსიკაში საკმაოდ ჭარბად ჰქონდა ალტერნატიული, პროგრესივ როკის ელემენტები და ეს კარგად გამოჩნდა როკფესტივალზეც. 1980 წელს სწორედ საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა რამდენიმედღიანი პირველი საბჭოთა როკფესტივალი „გაზაფხულის რიტმები“ და მასში 8 ქართველმა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის – „75“-მა, „ბერმუხამ“ და მეტად საინტერესო ბათუმურმა სიმფო-როკჯგუფმა „ლაბირინთმა“, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. როკფესტივალის დასრულების შემდეგ წინ უკვე თავისუფლებით გაჯერებული 80-იანები იყო.


ჟურნალი „თბილისი Out“ #19, აპრილი, 2012 წელი

Sunday, March 4, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი II)

(1960-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17

1960-იან წლებში საქართველოში ალტერნატიული, ანუ არაფილარმონიული, უცხოური, ე.წ. „კაპიტალისტური“ მუსიკა მეტად უცნაურად ვრცელდებოდა. აკრძალული სიმღერები რენტგენის ფოტოფირებზე დრეკადი ფირფიტების სახით იწერებოდა და არალეგალურად ვრცელდებოდა. ერთი ასეთი ფირფიტა მეც შემომრჩა სახლში: უცნობი პიროვნების ფილტვების რენტგენის სურათზე „ბითლზის“ სიმღერაა ჩაწერილი. „ბითლზმა“, „როლინგებმა“ და როკის სხვა კლასიკოსებმა სსრკ-სა და საქართველოში ლეგალურად მხოლოდ 80-იანებში შემოაღწიეს, მანამდე კი მელომანები ერთმანეთს ყველა შესაძლო გზით უზიარებდნენ აკრძალულ მუსიკას.

60-იანებში სსრკ-ში ჩამოყალიბდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები (ვია), რომელთაც სახელმწიფო აკონტროლებდა. სხვათა შორის, პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი 1958 წელს შექმნილი ქართული „ორერა“ გახლდათ, რომელიც, მიუხედავად ფილარმონიულობისა, მაინც ახერხებდა სხვადასხვა ალტერნატიული მუსიკის შემოთავაზებას.

ანსამბლის დამაარსებელს, აწ განსვენებულ რობერტ ბარძიმაშვილს ადრე ჩემთვის მოუყოლია, როგორ აბნევდა „გოსკონცერტს“. მაგალითად, როდესაც ანსამბლის სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, რუსულად თარგმნისას ის მიუთითებდა ხოლმე, რომ ტექსტი კომუნისტურ პარტიას ეძღვნებოდა და ამ ტექსტს მოსკოვში დასამტკიცებლად აგზავნიდა. ამით „ორერას“ შეცდომაში შეჰყავდა მკაცრი საბჭოთა ცენზურა, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა სიმღერებს პარტიასა და კომკავშირზე.

„ორერა“ პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც ინგლისურ ენაზე თვით აკრძალული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება გაბედა. ამ შემთხვევაში ცენზურა მას ვერ შეეხო, რადგან ანსამბლი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა სასწავლო პრაქტიკაში ეთვლებოდა.

კარლოს სანტანას კომპოზიციის „გაესტრადება“ მოახერხა კიდევ ერთმა უხუცესმა ქართულმა ВИА-მ, რომელსაც „დიელო“ ჰქვია. აღნიშნული ანსამბლი 1961 წლიდან არსებობს. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი ამირან ებრალიძე გახლავთ. 60-იანების ბოლოს კი უკვე რეალურად გამოჩნდნენ საბჭოთა სისტემისთვის შეუსაბამო ალტერნატიული ქართული მუსიკალური როკ-შემსრულებლები: მიშიკო ფოფხაძის „კვადრატი“ და ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხა“, თუმცა, ამ უკანასკნელის შესახებ უკვე 70-იანი წლების მიმოხილვისას გიამბობთ.


ჟურნალი „თბილისი Out“ #18, მარტი, 2012 წელი

Monday, February 13, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი I)

(1940-იანი და 1950-იანი წლები)

საბჭოთა საქართველოში, ისევე როგორც მთელს სსრკ-ში, არსებობდა თანამედროვე მუსიკის შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვერავინ გადაუხვევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მუსიკოსს შესაძლოა ციხეშიც კი ამოეყო თავი. ამავე დროს, ხელისუფლებას მკაცრად ჰყავდა შერჩეული ის უცხოელი მუსიკოსები, რომელთა არა მარტო კონცერტი იკრძალებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მათი ფირფიტების შემოტანაც კონტრაბანდასთან იყო გათანაბრებული. კომუნისტი იდეოლოგების აზრით, თუნდაც როკი ხელს უშლიდა კომუნიზმის მშენებლობას, რადგან ეს მუსიკა თავისი სულისკვეთებით „დამპალი იმპერიალიზმის“ იდეების პროპაგანდას წარმოადგენდა და სოციალისტური საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცხო უნდა ყოფილიყო.

სსრკ-ის ხელისუფლება ქვეყანაში ნებადართულ მუსიკას და ადგილობრივ შემსრულებლებს ე.წ. ფილარმონიის საშუალებით აკონტროლებდა. ამ უკანასკნელის „ვიზის“ გარეშე ვერც ერთი მუსიკოსი დიდ სცენაზე ვერ მოხვდებოდა. ფინანსურ მხარეებსაც სპეცორგარნიზაციები აკონტროლებდნენ. უცხოეთში გასტროლებიდან შემოსავლის 90 – 95 პროცენტი „გოსკონცერტს“ მიჰქონდა.

საბჭოთა კავშირში ალტერნატიული მუსიკის გაჩენის წინაპირობა მაინც საზოგადოებამ, მელომანებმა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ არალეგალურად შემოსული აკრძალული მუსიკალური პროდუქცია ძალზე ვიწრო წრეებში ვრცელდებოდა, მსმენელს ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდა. უცხოური ფირფიტები და ჩანაწერები „კაპიტალისტური“ ქვეყნებიდან ძირითადად, სპორტსმენებს, მეზღვაურებს და მსახიობებს ჩამოჰქონდათ, რომელთაც მელომანები საკმაოდ ძვირად იძენდნენ.

1950-იან წლებში საქართველოში „შემოიპარა“ ჯაზი, რომელიც სოციალისტური იდეოლოგიისთვის, ასევე, მიუღებელი მუსიკა იყო. მთელ სსრკ-ში საოცრად პოპულარული გახდა თბილისის „გეპეის“ ჯაზ-კვარტეტი და ჯაზ-ორკესტრი, რომლის სტილი თითქოს 30-იანი და 40-იანი წლების გლენ მილერის ჟღერადობას ჩამოჰგავდა, თუმცა, საკმაოდ თვითმყოფადი გახლდათ და იგი მეტად ორიგინალურად ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების მუსიკას. მათ კონცერტებზე იმდენი ხალხი იკრიბებოდა, რომ სიტუაციის გასაკონტროლებლად ცხენოსან მილიციას იძახებდნენ.

ქართულ ალტერნატიულ მუსიკაზე გავლენა მოახდინა როგორც ფოლკლორმა, ისე ქალაქურმა მუსიკამაც, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისიდან იღებს სათავეს და მისი გამორჩეულად პოპულარული წარმომადგენლებიც ამ ქალაქიდან არიან. დებმა იშხნელებმა 40-იან და 50-იან წლებში თანამედროვე ქართული მუსიკის მთელი ეპოქა შექმნეს.


ჟურნალი „თბილისი Out“ #17, თებერვალი, 2012 წელი

Friday, January 6, 2012

თბილისური მუსიკალური აგრესია

მსოფლიოს ყველა ქალაქი თავისებურად ხმაურობს და თითოეულს თავისი მუსიკა აქვს. ჩვენი დედაქალაქიც არაა გამონაკლისი. მუსიკა და ხმაური არც თბილისისთვისაა უცხო. ამ ქალაქზე მიყურადება შეიძლება ყველგან – ყველაზე ხმაურიან ქუჩებში თუ მთაწმინდის პარკიდან. თუმცა, ახლა მინდა დავწერო იმაზე, თუ როგორი მუსიკალური ფონი აქვს ზოგადად თბილისს, ანუ ყური დავუგდოთ მის ფონურ მუსიკას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ, საკმაოდ ჭრელ მუსიკალურ გემოვნებასთან გვაქვს საქმე, თუმცა მინდა არა მარტო გემოვნებას, არამედ მისი მოწოდების ფორმებსაც შევეხო. 

თბილისის ტაქსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში ხმამაღლა ჩართული რადიოების უმრავლესობიდან გადმოღვრილი მელოდიების მოსმენით მიხვდებით, რომ ოთხი საუკუნის წინ ქართლის მეფის, როსტომ-ხანის მიერ გააზიურებულ-გააშუღებულ-გადარდიმანდებული დედაქალაქის სული არ ჩამკვდარა და რამდენიმე რადიოსადგურის საშუალებით განაგრძობს არსებობას და არა მარტო არსებობას, – იგი ძალიან პოპულარულიც კია ასეთ სატრანსპორტო საშუალებებში, ბაზრობებსა თუ დედაქალაქის უმეტეს რესტორნებში. ხალხი ამ დარდიმანდულ-საქეიფო განწყობის სიმღერებს რატომღაც ქალაქურ მუსიკას ეძახის. 

მოდით, ახლა თავი დავანებოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და კაფეებში გადავინაცვლოთ, სადაც ასევე ყოველთვის ჟღერს რომელიმე თბილისური რადიოარხი, ოღონდ არა დარდიმანდული, არამედ უფრო ჰიტური – თანამედროვე მუსიკით გაჯერებული. კარგია, თუ მსგავს კაფეში მარტო შებრძანდებით, რადგან თუ ვინმესთან ერთად იმყოფებით, ბიონსეს, ჯეი-ზის, ენრიკე იგლესიასის თუ ჯენიფერ ლოპესის მუსიკის ფონზე, ხმის იოგების სასტიკი დაძაბვა მოგიწევთ, თქვენთან ერთად მყოფს რამე რომ გააგებინოთ. იგივე სიტუაციაა პრესტიჟული საფირმო მაღაზიების დიდ ნაწილშიც, თუმცა იქ ბოლო ხმაზე აყვირებულ ინდი-მუსიკას და ბრიტ-პოპს მოგასმენინებენ. 

ასე რომ, ჯერჯერობით ამ მუსიკალური აგრესიისგან თავდასაცავად, გირჩევთ, საკუთარი ყურსასმენებით იაროთ და აარჩიოთ კაფე, სადაც მუსიკა ძალიან დაბალ ხმაზეა ჩართული. რაც შეეხება ტრანსპორტს: მეტრო და მუნიციპალური ავტობუსებია ის ადგილები, სადაც დაყრუების საფრთხე არ გემუქრებათ. გაგიკვირდებათ და, თბილისში მხოლოდ მეტროში ჟღერს ნამდვილი ემბიენტი, რომელიც დაბალ ხმაზე ისმის და ნამდვილი ფონის ფუნქციას ასრულებს. 

ჟურნალი „თბილისი Out“ #16, იანვარი, 2012 წელი