Thursday, August 16, 2018

Sophie Villy – გოგონა გიტარით

სოფი ვილი ის ქართველი მუსიკოსი გოგონაა, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია დასავლურ თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე. მისი დაწერილი და შესრულებული სიმღერები შეგვიძლია მივაკუთვნოთ ალტერნატიულ და ინდი როკს, რომლებშიც იგრძნობა მეტად გემოვნებით შეზავებული სხვა მუსიკალური სტილებიც, თუნდაც ტრიპ-ჰოპი... სამი ოფიციალური ალბომიდან, მისი ბოლო ნამუშევარი – Planet A აშშ-შიც აღიარეს და 2017 წლის ივნისში ლოს-ანჯელესში The Akademia Music Awards-ზე საუკეთესო ალტერნატიულ როკალბომად გამოაცხადეს. 

მომღერალი და კომპოზიტორი სოფი ხუციშვილი 1990 წლის 30 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. სოფის დედა, მილა, წარმოშობით უკრაინელია და პროფესიით დიზაინერი გახლავთ. მამა – დავით ხუციშვილი, მუსიკოსი და კომუნიკაციების ინჟინერია. 5-დან 15 წლამდე სოფი დაკავებული იყო წყალში ხტომით. 2002 წელს სტრასბურგში ევროპის ჩემპიონიც გახდა, თუმცა შემდეგ ტრავმის გამო, სპორტს თავი გაანება. სიმღერების წერა 14 წლიდან დაიწყო, ხოლო 16 წლის ასაკში უკვე თბილისის კლუბებში უკრავდა. 

ფოტო © კრის კულაკოვსკაია
სოფი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა უკრაინასა და აშშ-ში. შექმნა მუსიკა ქართული, ამერიკული და ფრანგული კინოფილმებისთვის. მათ შორის მუსიკა დაწერა ბესო თურაზაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „გადაკარგულებისთვის“, რომელიც 2015 წელს კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის“ საჩვენებლად შეირჩა, ხოლო ესპანეთში გამართულ „ევრო ფილმის ფესტივალზე“ ამ საუნდტრეკმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“. სოფის სიმღერები ჟღერს ლოს ანჯელესის ცნობილ რადიოარხზე KCRW, ასევე KEXP-ზე, BBC Radio 2-ზე და სხვა პრესტიჟულ რადიოეთერებშიც. „გარდიანმა“ სოფი მკითხველს წარუდგინა, როგორც ახალი მუსიკალური ტალღის წარმომადგენელი საქართველოდან. მან ბევრ ფესტივალზე დაუკრა, მისი მუსიკის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. 

– სოფი, როგორ გარემოში იზრდებოდით ბავშვობაში?

– გრიბოედოვის ქუჩის 13 ნომერში ვცხოვრობდი კონსერვატორიის მოპირდაპირე მხარეს. ჩემ ირგვლივ მუდამ ჟღერდა მუსიკა. ძველებური მუსიკალური ცენტრი გვქონდა – ფირსაკრავით და კასეტის მაგნიტოფონით. მამას ბევრი ფირფიტა ჰქონდა, თვითონაც უკრავდა და ახლაც უკრავს გიტარაზე. დედა ფანჯრებს რომ გამოაღებდა, კონსერვატორიიდან მომავალი ოპერის მომღერლების სავარჯიშოები ისმოდა. სამწუხაროდ, პიანინო შინ არ გვქონდა და ამიტომ მეზობელთან და ოჯახის უახლოეს მეგობართან, მზია ხარაიძესთან ვატარებდი დიდ დროს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანმა გამზარდა. თვითონ ფიზიკის პროფესორი იყო და უნივერსიტეტში ასწავლიდა. ამ ოჯახში დიდი მუსიკალური და ლიტერატურული განათლება მივიღე. ჩემს აღზრდაში მონაწილეობდა ძიძაც – ნუნუ ბოკერია. მას ვთხოვე, კვირაობით ჩემი მეგობრებიც მოვლენ მეთქი. ამ შეთავაზებამ საფუძველი ჩაუყარა საკვირაო სკოლას, რომელიც დღემდე არსებობს და იქ კონცერტებზე მიწვევენ ხოლმე. მთელ თეატრალიზებულ საღამოს რომელიღაც ხელოვანს ვუძღვნიდით. მაგალითად, ილია ჭავჭავაძეს ან ნიკოლოზ ბარათაშვილს... გეოგრაფიული საღამოებიც გვქონდა, „რა, სად, როდის“-საც ვთამაშობდით. ასე გაიარა ჩემმა 1990-იანებმა, თავისი უშუქობით. ძალიან თბილად მახსოვს მთელი ათწლეული, ადამიანური ურთიერთობების გამო.

– გამოდის, თქვენი პირველი ინსტრუმენტი მეზობლის პიანინო იყო...

– დიახ. ხუთი წლიდან მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი. ძალიან ცნობილი და კარგი პედაგოგი მყავდა, მაგრამ უმკაცრესი იყო. ლამფის შუქზე მეცადინეობისას ზოგჯერ ნოტებს კარგად ვეღარ ვხედავდი და მეშლებოდა. მასწავლებელი ბრაზობდა და ხელებზე მწარედ მირტყამდა. 4 წელი გავუძელი, მერე გამოცდები ჩავაბარე და დედას ვუთხარი – მორჩა, თავი გამანებეთ, გიტარა მინდა ავიღო და როკენროლის დაკვრა დავიწყო-მეთქი. იმ პერიოდში „ბითლზის“, მაკარტნის და ლენონის სიმღერებს მამასთან ერთად ვასრულებდი. დაკვრაც ჩემით ვისწავლე. მამას ვაკვირდებოდი და ელემენტარული აკორდები ასე ავითვისე. შემდეგ არასტანდარტულ აკორდებს ჩემით ვაგნებდი, მივდიოდი ხოლმე მამასთან და ვაჩვენებდი, ნახე, როგორი აკორდი მოვიფიქრე-მეთქი. 

– პირველი სიმღერა გიტარაზე დაწერეთ? 

– დიახ გიტარაზე დავწერე. ისე, ბავშვობაში ჩემს დღიურებში ლექსებს ვინიშნავდი ხოლმე. ზოგს ქართულად ვწერდი, ზოგს – ინგლისურად ან რუსულად. დედა უკრაინელი მყავს და შინ რუსულად ვსაუბრობთ. ერთხელაც მამამ ჩემს კომპიუტერზე ხმაზე სამუშაო პროგრამა დააყენა და მითხრა, ამიერიდან უბრალო მიკროფონით შეგიძლია ჩანაწერები გააკეთოო. ზუსტად იმ პერიოდში, უკვე რაღაც მელოდიებს ვუკრავდი. ჩემს ოთახში ჩავიკეტე, პროგრამა ჩაწერაზე გავუშვი, საათნახევარი ვუკრავდი და თან ვღიღინებდი. როდესაც ჩანაწერს მოვუსმინე, აღმოვაჩინე, რომ 8 სიმღერის მონახაზი გამიკეთებია. მოგვიანებით მამამ მოუსმინა და მკითხა, ეს ვისი სიმღერებიაო. ვუპასუხე, ჩემია მეთქი... 

– სოფი ვილი თქვენი ფსევდონიმია. საიდან გაჩნდა ეგ სახელი?