© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე
ლაშა: – დავიწყოთ ასე, რომ ზოგადად ტექნიკური პროგრესი მიმართულია ადამიანთა კეთილდღეობისკენ, მეორეს მხრივ კი – ადამიანთა გასანადგურებლად. ესაა ის დილემა, რომლის წინაშე დგას თანამედროვე კაცობრიობა. ეს მეტად რთული და მწვავე საკითხი საუკეთესოდ წარმოაჩინა არა ტექნიკურ სიახლეებში მუდამ მოკირკიტე რომელიმე კალმოსანმა მამაკაცმა, არამედ ახალგაზრდა, მეტად მგრძნობიარე გოგონამ, რომელმაც მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე მსოფლიოს ლიტერატურის კლასიკური რომანი „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთე“ აჩუქა. ლიტერატურის ისტორიას ჯერ არ ახსოვს მსგავსი შემთხვევა, როცა დამწყები, 19 წლის ავტორის პირველივე ნაწარმოები ასე უცებ მოხვედრილიყოს ლიტერატურის კლასიკის საგანძურში.
![]() |
| მერი შელი |
გაგა: – ამ წიგნმა გამოსვლისთანავე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და, მოდი, ლაშა, თამამად ვიტყვი, შეცვალა საერთოდ აზროვნება და ისეთ ნოვაციებს დაუდო სათავეები, რომლებიც იმ პერიოდის პურიტანულ ინგლისში (და არა მარტო ინგლისში) წარმოუდგენელიც კი იყო. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო და თითქოსდა უცნაური ისაა, რომ საუბარი არ არის რაიმე პოემაზე, სადაც მარადიული ფასეულობებია აღწერილი ან თუნდაც მძაფრ სოციალურ რომანზე. მსგავსი რომ მომხდარიყო, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მაინც ჩაჯდება სტანდარტულ ჩარჩოებში. არა, აქ უფრო უცნაურ და დამაინტრიგებელ ისტორიასთან გვაქვს საქმე, რომელსაც თუ ჩავუღრმავდებით და ბოლომდე გავიაზრებთ, შეიძლება გაკვირვებისგან წავუსტვინოთ კიდეც.
ლაშა: – „წასტვენის“ საბაბებიც არსებობს და, რაც მთავარია, მიზეზებიც. ძალიან კონკრეტულები რომ ვიყოთ, მოდით, ასე ვთქვათ – 1910 წლიდან 2007 წლამდე მსოფლიო კინომატოგრაფმა 64-ჯერ მოახდინა იმ ყველაფრის ეკრანიზირება, რაც ჟენევის ტბასთან ერთი დიდი ინგლისელი პოეტის ახალგაზრდა მეუღლემ დაწერა.
