Tuesday, July 25, 2017

ნატალია ბერიძე – ელექტრონული მუსიკიდან თანამედროვე კლასიკისკენ

ქართველი ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი და მუსიკოსი ნატალია (იგივე ტუსია) ბერიძე, რომელიც ცნობილია სასცენო ზედმეტსახელით ტბა, 1979 წლის 28 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა პირველი საჯარო სკოლა. სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში ჟურნალისტიკას კოტე მახარაძის ჯგუფში. შემდეგ დაამთავრა GIPA-ს სახელმწიფო ადმინისტრირების მაგისტრატურა და ოდნავ მოგვიანებით ისევ GIPA-ში ჟურნალისტიკის მაგისტრატურა. იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ვიდეო კლიპებს. 


მუსიკის შექმნა ახალი საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. დაწერილი აქვს საუნდტრეკები ფილმებისთვის, რეკლამებისთვის, ტელე და რადიოგადაცემებისთვის. იყო შემოქმედებითი ჯგუფის, Goslab წევრი. რამდენიმე წელი გერმანიაში ცხოვრობდა და ქმნიდა მუსიკას. მისი სამუშაო სტილებია: IDM, ემბიენტი, ელექტრონიკა, მინიმალი და ბოლო დროს – თანამედროვე კლასიკა. უცხოურ ლეიბლებში დღემდე გამოშვებული აქვს 10-მდე სოლო ალბომი და კიდევ ამდენის ჩაწერაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რამაც სახელი გაუთქვა საზღვარგარეთაც და სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსებთან ითანამშრომლა. მათ შორისაა მსოფლიოში სახელგანთქმული იაპონელი მუსიკოსი რიუიტი საკამოტო. ჰყავს ასევე მუსიკოსი მეუღლე – ნიკა მაჩაიძე და მცირეწლოვანი შვილი – ლეა. ჩვენი საუბარი რადიო „ქალაქის“ სტუდიაში გაიმართა.

– ტუსია, რა იყო პირველი მუსიკა, რასაც სერიოზულად მოუსმინე?

– სადაც გავიზარდე, იმ სახლში მუდამ მუსიკის ხმა ისმოდა. მამიდაჩემი ფორტეპიანოს პედაგოგია, ამიტომ სახლის იმ ფლიგელიდან, სადაც ის ცხოვრობდა, ყოველთვის ინსტრუმენტის ხმა გამოდიოდა. მამაჩემი და დედაჩემი ჯაზის ფანები იყვნენ და უამრავი ფირფიტა ჰქონდათ. ამავე დროს, მამა თავადაც ძალიან კარგად უკრავდა ჯაზს. ბავშვობისას „შტაბობანას“ ვთამაშობდი ხოლმე და მამიდას ფორტეპიანოს ქვეშ ვძვრებოდი, როცა მოწაფეებს ამეცადინებდა. ვუსმენდი მუსიკას და ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ ბახის პრელუდიები და ფუგები იყო. მახსოვს, მუსიკა ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა, – ვიტირე კიდეც. ვიკითხე, ვინ დაწერა-მეთქი. მერე თავადაც შემიყვანეს მამიდაჩემთან. რამდენიმე წელი ვიჯახირე. მაგ ნაწარმოებების დაკვრაზე ვგიჟდებოდი. კიდევ, ძალიან კარგად მახსოვს, რომ „ბურატინოს თავგადასავლის“ ფილმის საუნდტრეკი გვქონდა ვინილზე, რომელიც ძალიან მიყვარდა. მისი ავტორი – ალექსეი რიბნიკოვი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიტორია. ჩემს პირველ ალბომში რიბნიკოვის ტრიბიუტიც კი გავაკეთე. მოკლედ, კლასიკა და ჯაზი იყო ჩემთვის პირველი მუსიკა. როდესაც წამოვიზარდე, უკვე კასეტებზე ვუსმენდი Weather Report-ს, Earth Wind & Fire-ს და უამრავ ვინმეს. 

– შენი დიდი ბაბუა ენათმეცნიერი ვუკოლ ბერიძე იყო, ბაბუა – აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე. იქონიეს თუ არა მათ შენზე გავლენა?

– რასაკვირველია, ჰქონდათ გავლენა. ამას ახლა ვხვდები მეც და ხვდებიან ჩემი და და ძმა, ანუ მამიდაშვილები. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. დიდ ოჯახში ათნი ვცხოვრობდით. ეს ბავშვისთვის ნამდვილი სამოთხეა, რადგან ყოველდღიურ დღესასწაულებს ვაწყობდით. ჩვენს ოჯახში კარი არ იკეტებოდა, მუდამ სტუმრები გვყავდა. ბაბუას გარდა, საოცარი ბებია მყავდა – ტუსია ფალავანდიშვილი, – ძალიან კარგი მხატვარი და არაჩვეულებრივი ადამიანი.  ხასიათით იგი ბაბუას საპირისპირო მხარე იყო. ფაქტობრივად, ბებიას ებარა ოჯახი და ქმნიდა, როგორც იტყვიან, ამინდს. ბაბუ საკუთარ თავთან განმარტოებული, კაბინეტში ჩაკეტილი ადამიანი იყო – ძალიან ბევრს შრომობდა. იმედი მაქვს, რომ მუშაობის კულტურა და სამუშაოსადმი დიდი სიყვარული მისგან მივიღე მემკვიდრეობით. ხშირად ვერთობოდით ხოლმე ოჯახის წევრები, ის კი თავის საქმეს ჩაჰკირკიტებდა, რაც იშვიათობაა. დღესაც ადამიანები ერთმანეთზე სოციალურად დამოკიდებულები ვართ, გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა და მხიარულება, რაც, რა თქმა უნდა, ცუდი არაა, თუმცა ამაში ზომიერებაა საჭირო, რაც ქართველებს, ხშირ შემთხვევაში, არ გვახასიათებს და მუშაობას ხშირად გართობას ვარჩევთ.

Friday, July 21, 2017

Szomorú Vasárnap (პირქუში კვირადღე), ანუ „უნგრელი თვითმკვლელების სიმღერა“

Gloomy Sunday მუსიკის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სიმღერაა. ამ სიმღერაზე დაგროვილი ისტორიები ისეთია, მათზე თავისუფლად შეიძლება მისტიკური თრილერის ჟანრის სერიალის გადაღება, მით უმეტეს, რომ სინამდვილე და მოგონილი ამბები ხშირად ერთმანეთშია აზელილი. „პირქუში კვირადღე“ შეასრულეს ისეთმა დიდებულმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: ბილი ჰოლიდეი, სარა ვონი, რეი ჩარლზი, ელვის კოსტელო, მარკ ალმონდი, სერჟ გინსბური, დიამანდა გალასი, შინედ ო’კონორი, ბიორკი და უამრავი სხვა. სულ 90-მდე ოფიციალური გადამღერებული ვერსია არსებობს. სიმღერა ძალიან ლამაზია, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტად სევდიანიც. 

ურბანული ლეგენდების მიხედვით: ერთმა კაცმა სიკვდილის წინ წერილი დატოვა სიმღერის ტექსტით; რამდენიმე ადამიანს გარდაცვალების შემდეგ ხელში Szomorú Vasárnap-ის ნოტები აღმოუჩინეს; საკონცენტრაციო ბანაკში გერმანელმა ჯარისკაცმა ებრაელ ტყვე მევიოლინეს ამ სიმღერის შესრულება სთხოვა და მისი მოსმენის შემდეგ მალე გარდაიცვალა; ერთმა მდივანმა ქალმა თავი გაზით მოიწამლა, მის სხეულთან იპოვეს სიმღერის ნოტები და თხოვნა, დაკრძალვაზე ეს მუსიკა დაეკრათ და ა.შ.... თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ თავად Gloomy Sunday-ის კომპოზიტორმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სიმღერის შექმნაც ლეგენდის საბურველშია გახვეული. ერთი რამ ეჭვგარეშეა, რომ „პირქუში კვირადღის“ უნგრული ორიგინალი პიანისტმა და კომპოზიტორმა რეჟე შერეშმა დაწერა 1932 წელს და ზუსტად ერთი წლის თავზე გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თავდაპირველად სიმღერას „სამყარო აღსასრულისკენ მიექანება“ ერქვა. იგი ომს, მსოფლიოს დასასრულს ეძღვნებოდა და სიმღერის ბოლოსკენ კაცობრიობის ცოდვებს აღწერდა. სიტყვების ავტორიც შერეშია, თუმცა ტექსტი ზედმეტი პესიმიზმის გამო დაიწუნეს. შეცვლილი მეორე ტექსტის ავტორი ბუდაპეშტელი ჟურნალისტი ლასლო იავორია. თუმცა ბოლომდე გაურკვეველია, ვის ეძღვნება სიმღერის ტექსტი – შერეშის თუ იავორის გოგონას. სამაგიეროდ ცხადია, რომ სიმღერა საყვარელ გოგონასთან სამუდამო განშორებაზეა, ამიტომაც აპირებს გმირი თავისი ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულოს. 

სიმღერის გამოსვლის შემდეგ დაიწყო მთელი ისტერია. გადმოცემის თანახმად, გამოქვეყნების შემდეგ 18 სუიციდის შემთხვევაში სწორედ Szomorú Vasárnap აღმოჩნდა გარეული, დაუმტკიცებელი მონაცემების მიხედვით კი, მან რამდენიმე ასეულ თვითმკვლელობის შემთხვევაზე იქონია ზეგავლენა. ცხედრებთან პოულობდნენ „პირქუში კვირადღის“ ნოტებს ან ტექსტს. ერთ-ერთი სასტიკი ლეგენდის თანახმად, კომპოზიტორი რეჟე შერეში შეეცადა დაბრუნებულიყო იმ გოგონასთან, ვისაც თავისი ნაწარმოები მიუძღვნა. თუმცა გაირკვა, რომ გოგონამაც სხვა თვითმკვლელების ბედი გაიზიარა და მასაც ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ეკავა, რომელზე სიმღერის სახელწოდება ეწერა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უნგრეთში სიმღერა საერთოდ აკრძალეს. 


ამ დროს Szomorú Vasárnap-მა ამერიკასა და ინგლისშიც ჩააღწია და Gloomy Sunday-დ გადაიქცა. პირველმა თარგმანმა სუიციდის ფაქტი ვერ გააქარწყლა და ამიტომ სიმღერას ძალიან უხეშად გაუკეთეს ქვესათაური – „უნგრელი თვითმკვლელების პოპულარული სიმღერა“. ალბათ არაა გასაკვირი, რომ სიმღერის თანმხლებმა ურბანულმა ლეგენდამ იგი ოკეანეს გაღმაც ძალიან პოპულარული გახადა. ამ დროს, გაერთიანებულ სამეფოში „პირქუში კვირადღე“ უბრალოდ დაბლოკეს და 2002 წლამდე BBC-ს რადიოსადგურებში არასდროს აჟღერებულა. მიუხედავად ამისა, ინსტრუმენტული ვერსია თავისუფლად ხვდებოდა ეთერში. ისე, უნდა ითქვას, რომ ამერიკაშიც რამდენჯერმე სცადეს სიმღერის აკრძალვა, – რადიოწამყვანებიც წუწუნებდნენ, სიმღერა „ზედმეტად დეპრესიულიაო“, თუმცა შტატებში ბლოკირებას იგი მაინც გადაურჩა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, კომპოზიტორმა რეჟე შერეშმაც თავი მოიკლა. ეს 1968 წელს მოხდა. მან დატოვა წერილი, სადაც საუბრობდა სუიციდის მიზეზზეც. მისი სიტყვების თანახმად, იგი მიხვდა, რომ Szomorú Vasárnap-ზე უკეთესს ვეღარასოდეს დაწერდა, რადგან სწორედ ამ სიმღერაში ჩადო თავისი გულის ყველა იმედგაცრუება და მთელი ტკივილი. მისი აზრით, ამ სიმღერას მსგავსი ეფექტი არ უნდა მოეხდინა, პირიქით, „პირქუშ კვირადღეს“ ადამიანი განცდების იმ მაღალ ხარისხამდე უნდა მიეყვანა,  რომლის იქითაც დაიწყებოდა გზა უკან, – სიხარულისკენ და შვებისკენ... 

ისტორიაში არა ერთი მსგავსი ფაქტი არსებობს, როდესაც ლიტერატურული, კინემატოგრაფიული ნაწარმოები, თუ სატელევიზიო პროგრამა ადამიანების მასობრივი სიკვდილის მიზეზი გამხდარა. ამ მოვლენას 1970-იან წლებში ამერიკელმა სოციოლოგმა „ვერტერის ეფექტი“ უწოდა, რომელიც იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ნაწარმოების, „ახალგაზრდა ვერტერის ვნებების“ მიხედვით შეარქვა. დღევანდელი მკვლევარები ამ სიმღერის მიერ გამოწვეულ „ვერტერის ეფექტს“ უკავშირებენ 1930-იანი წლების „დიდ დეპრესიად“ წოდებულ მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ადამიანებზე ძალიან დამთრგუნველად მოქმედებდა და ამას „პირქუში კვირადღის“ მელანქოლიური განწყობა კიდევ უფრო ამძაფრებდა.

მიჩნეულია, რომ ლეგენდარული ბილი ჰოლიდეის ნამღერი „პირქუში კვირადღე“ ამ სიმღერის ერთ-ერთი საუკეთესო გადამღერებული ვერსიაა. „იუტუბზე“ 1930-იანი წლების უნგრულ ორიგინალსაც იპოვით, თუმცა პირადად მე ყველაზე მეტად მაინც ბიორკის შესრულებული ეს ვერსია მომწონს. 

ვებსაიტი On.ge, 2017 წლის 21 ივლისი

Wednesday, July 12, 2017

ამონარიდები ირაკლი ჩარკვიანის ინტერვიუებიდან

15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო – ირაკლი ჩარკვიანი / ისტორია გაიმართება.

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან უკვე 11 წელი შესრულდა. რაც დრო გადის, მისი მუსიკა კიდევ უფრო ღირებული ხდება და, შეიძლება ითქვას, აქტუალურობას არასოდეს კარგავს. მისი დამსახურება ქართული მუსიკის და არა მარტო მუსიკის, არამედ მთლიანად თანამედროვე ქართული კულტურის წინაშე დიდია. ამას მსმენელი კარგად გრძნობს და შეიძლება ითქვას, „მეფე“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსია, რომლის სიმღერებსაც ახალი თაობაც კარგად იცნობს და ზეპირად მღერის.

ანდერგრაუნდიდან წამოსული მუსიკოსი, რომელიც ცდილობდა საქართველოში ხარისხიანი პოპ-მუსიკის კულტურა დაემკვიდრებინა, ახალი საუკუნის დასაწყისის პირველ წლებში (2000 – 2003) არაერთხელ ჩამიწერია სატელევიზიო თუ საგაზეთო ინტერვიუსთვის, სადაც იგი გულისწყვეტით საუბრობდა იმ რეალობაზე, რომელშიც ყველას გვიხდებოდა ცხოვრება. ბევრი მაშინდელი პრობლემა დღემდე აქტუალურია.

ირაკლი მუსიკოსებს, ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობების შესახებ:
„ჩვენ ანომალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თორემ გიჟი უნდა იყო მუსიკოსი, პოლიტიკოსთან რომ მიხვიდე. კონტრკულტურა, მართალია, ოპოზიციაშია, მაგრამ მისი გამოვლენის საშუალებები დიდ ან მცირე ბიზნესთან მაინც არის დაკავშირებული. კონტრკულტურა იყო ენდი უორჰოლი, პიკასო და დალი, მაგრამ ყველამ თავისი ხელოვნება, გარკვეულწილად ბიზნესს დაუკავშირა. ჩვენთან ადამიანი უარესს მდგომარეობაშია. ჩვენი მუსიკოსი ვერ ახერხებს რაღაც ერთ ხაზს გაჰყვეს, რადგან ჩვენს გაუბედურებულ ყოფაში ჟღერს კითხვა: იარსებებ თუ არა? ყოფილა შემთხვევა, ერთი ნაჭერი პურიც აღარ მქონია და მუსიკა ვერ გამიკეთებია. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკა და დიდი ბიზნესი ანდერგრაუნდთან წინააღმდეგობაშია, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, სადაც, თუნდაც ჩემი ალბომი „ამო“ არ გამოვიდოდა, რომ არა „მაკდონალდსი“. ჩემი ალბომები შეიძლება მიიღო, როგორც წინააღმდეგობა, აგრეთვე, როგორც მეინსტრიმი, რომელიც მომავალში შესაძლოა პოპი გახდეს. მე ახლა ყველას ვთავაზობ იმას, თუ როგორი უნდა იყოს პოპი. თუკი ადამიანები მიდიან პოლიტიკოსებთან, ეს იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში მარტო პოლიტიკოსებს აქვთ ფული. შეიძლება საინტერესო ადამიანი ანდერგრაუნდში იყოს, მაგრამ პროდუქციის კეთება აღარ შეეძლოს. საერთოდ, ჯობს, ბაზარმა შექმნას ისეთი პირობები, რომ ალბომის გამოცემას პოლიტიკოსები და მსხვილი ფირმები არ დასჭირდეს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ჩვენთან არ გამოდის“.

პატრიოტიზმის შესახებ:
„პატრიოტიზმი, ვფიქრობ, ჩვეულებრივი გრძნობაა. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ეს არის სიყვარული საკუთარი თავისა. ანუ შენ შენივე თავის პატრიოტი ხარ, ხოლო ასე, გლობალურად, პატრიოტიზმი ცოტა სასაცილოდ ჟღერს.“