Friday, May 30, 2014

ბესელა რაზმაძე – მუსიკის კონტრაბანდისტი

ქართულ ალტერნატიულ სცენაზე ძნელად თუ მოიძებნება მეორე ისეთი ხმაურიანი, ექსპანსიური და აგრესიული ჯგუფი, როგორიც თბილისური „კონტრაბანდაა“. ბენდის საკმაოდ მძიმე მუსიკა სრულ ჰარმონიაშია მისი ფრონტმენის და ლიდერის, ბესელა რაზმაძის ქართულენოვან ტექსტებთან. „კონტრაბანდა“ ჰარდკორითა და ინდასტრიალით შეზავებულ ალტერნატიულ როკს ასრულებს. შეიძლება ითქვას, ჯგუფი დღემდე ანდერგრაუნდშია და ოფიციალური ალბომები გამოშვებული არა აქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე არაოფიციალური მაგნიტო-ალბომი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩაიწერა და დღეს მხოლოდ კერძო კოლექციებშია შემორჩენილი. ბესელას განცხადებით, „კონტრაბანდა“ ალბომებზე არ მუშაობს, უფრო პერფომანს-ჯგუფია, ხოლო საკუთარ ჩანაწერებს დროთა განმავლობაში იგი წვავს, ან ამტვრევს.

„კონტრაბანდა“ უკვე 20 წლისაა. იგი 1994 წელს თბილისში შეიქმნა. მისი დამაარსებელი – ბესელა რაზმაძე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში ქართულ-რუსული ომის მონაწილეა. ამ ომიდან შინ დაბრუნების შემდეგ ბესელამ ავტომატის ნაცვლად ხელში გიტარა აიღო და ჯგუფი ჩამოაყალიბა. ბენდი უკრავდა სხვადასხვა კლუბში, ფესტივალებზე და დღემდე ასეა. მაგალითად, ბოლოს ჯგუფმა უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ბესელა რაზმაძე ახლა Riffer Bar-ის მენეჯერია, რომლის სცენაზეც ქართველი როკმუსიკოსები უკრავენ. „კონტრაბანდისტების“ შემადგენლობა იგივეა, რაც 90-იან წლებში იყო: ბესელა რაზმაძე (ვოკალი, გიტარა, სიმღერების ავტორი), კოტე კალანდაძე (ბასი), კახა გულიაშვილი (სოლო გიტარა) და გოგა სამხარაძე (დასარტყამები). ამჯერად ჯგუფი ემზადება 20-წლიანი იუბილესთვის და სავარაუდოდ, ეს იქნება ხალხმრავალი და ხმაურიანი კონცერტი-პერფომანსი.

ჟურნალი „თბილისი Out“ #40, მაისი, 2014 წელი

მოუსმინე:


Tuesday, May 20, 2014

წერილი დანგრეული სახლიდან

ჯგუფმა „წერილმა“ თავისი მე-4 ალბომი „დანგრეულ სახლში“ გამოუშვა. ბენდის შემოქმედება ჩემთვის 1997 წლიდან გახდა ცნობილი, როცა ჯგუფს „ამორალი“ ერქვა. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი, საავტორო ტელე-გადაცემა „ანარეკლი“ მქონდა და ამავე დროს, იმ ღონისძიების („ნიღბების კლუბის“ პრეზენტაცია) ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახლდით, რომელზეც „ამორალის“ წევრები და მისი ფრონტმენი გია თოიძე გავიცანი. იმავე წლის მიწურულს FM-რადიოში გასაშვებად თბილისიდან ქუთაისში კასეტით ჩავიტანე დედაქალაქური ჯგუფების ჩანაწერები. ეს კასეტა ახლაც მაქვს და მასზე შესულია გიას ადრინდელი „იცეკვე ჩემთან“, რომელიც ჩემი რადიოგადაცემის მსმენელთა ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა გახდა.

გია თოიძის სიმღერების გმირებმა ჩვენსავით უამრავი გასაჭირი, ომი, იმედგაცრუება, სიცივე გამოიარეს და გადახარშეს. გიას შემოქმედება 1990-იანი და 2000-იანი წლების ერთგვარი რეტროსპექტივაა და საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისთვისაც ეს გარემო ნაცნობი და მტკივნეული არ იყოს. „წერილის“ შემოქმედების გმირები ნაადრევად დადინჯებული, ზოგჯერ დაბრძენებული ჩემი თაობის მარტოსული, მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებიც სევდანარევი ოპტიმიზმით ან ირონიაშეპარული, ზოგჯერ ცინიკური პესიმიზმით იღებენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. „წერილის“ მუსიკა სწორედ ამ თაობის ერთ-ერთი სულიერი მდგომარეობაა, თუმცა ავტორი ამას მუსიკალურად ისე უზადოდ გადმოსცემს, ბევრად უფრო ახალგაზრდისთვისაც აბსოლუტურად გასაგები ხდება.

ახალი ალბომის, „დანგრეულ სახლში“ პრეზენტაცია-კონცერტი კლუბ „დივანში“ 18 მაისს გაიმართა. მინდა კონცერტის შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კლუბები და ხმის რეჟისორები რატომღაც დარწმუნებულები არიან, ხმას რაც უფრო მაღალ დონეზე დააყენებენ, მით უკეთეს რეზულტატს მიიღებენ. შედეგად,  ე.წ. „პერეგრუზკები“ არც ისე სასიამოვნო მოსასმენია (თუ მთვრალი არა ხარ). „წერილის“ მუსიკას არ უხდება ზედმეტი ხმა. ამ ჯგუფის კონცერტზე მაყურებელს აუცილებლად უნდა ესმოდეს ტექსტიც. აპარატურის ზედმეტი ხმის გამო კი გია თოიძის ლექსების გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. იმის თქმა მინდა, რომ წნევის და დრაივის მისაღებად, სულაც არაა საჭირო ხმის აშკარა ზედმეტი დონე, მით უმეტეს, „დივანის“ მშვენიერ მცირე დარბაზში.

ახალი ალბომის პრეზენტაციაზე „დივანში“. ფოტო: © თამუნა ჩქარეული
ახლა ზოგადად ალბომის შესახებ. ფირფიტა ძალიან კარგი მოსასმენია და მის ჩაწერაში გია თოიძესთან ერთად მონაწილეობდნენ: ბასისტი და კლავიშისტი ლევან სვანიძე, გიტარისტი არჩილ „ფარჩილა“ ქელბაქიანი და დრამერი გოგა სამხარაძე, ასევე, კოტე კალანდაძე და დათო თოიძე. ალბომის სახელწოდებიდან გამომდინარე, დისკის ორიგინალური გაფორმება პირქუშია და მუსიკალური განწყობის ადეკვატურია.

„დანგრეულ სახლში“ ახალი და გადამღერებული სიმღერები შევიდა. ამ უკანასკნელთაგან ორი, ძველი „ამორალის“ შესანიშნავი სიმღერის „იცეკვე ჩემთან“ და „მოლაპარაკე ბუზების“ ახალი ვერსიებია. ბონუსად კი 1996 წელს ჩაწერილი სიმღერა „ოთხივე მხარეს“ შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ, რომელიც პირადად ჩემთვის მეტად სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. კომპაქტ-დისკზე შესული მასალები 5 წლის განმავლობაში მწიფდებოდა და იწერებოდა. ახალ სიმღერებში რომელიმეს გამოყოფა ცოტა გამიჭირდება, რადგან ყველა საკმაოდ მომწონს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ „იუტუბზე“ ცოტა ადრიანად ატვირთულ „ისევ არა ჩანს მზეს“ რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვუსმენდი, ხოლო კონცერტის შემდეგ სახლში მისვლამდე მანქანაში იგივე კომპოზიციით რამდენჯერმე გამეორებით ვიჯერე გული. ეს სიმღერა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუნდტრეკად გადაიქცა (ისევე როგორც „წერილის“ კიდევ რამდენიმე ძველი სიმღერა), რომელსაც აწი ყველგან დიდი სიამოვნებით მოვუსმენ.

შესანიშნავი სიმღერებია „პირველი ღამე“, „დანგრეულ სახლში“, „ახლოს ცასთან“, „გაზაფხული ძველი“, „ნათელი დღე“, „სიმარტოვე“. სიმღერა „გაზაფხულია“ დისკზე ბოლო სიმღერაა (ამის შემდეგ ბონუსი იწყება), რომელშიც სწორედ ის სევდანარევი ოპტიმიზმია გადმოცემული, რომელზეც ზემოთ ვწერდი.

როგორ დავრჩები აქ? რით გავიკაფავ გზას?
ვხედავ დანგრეულ ფანჯრებს, ძველად ნაცხოვრებ სახლს,
ველი იმ სიყვარულს, შენ რომ მიღებდი კარს,
გაზაფხულია გარეთ, რატომ არა ხარ აქ?
ფანჯრების იქით წვიმს, მძიმედ ვატარებ ფიქრს.
გაზაფხულია გარეთ, მიზეზი სიმღერის.
ციდან ვიღებთ ამ სხივს.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და ამ ლეგენდარული, შესანიშნავი ჯგუფის ახალ ალბომს ვურჩევ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ხარისხიანი ქართულენოვანი მუსიკა.

ალბომი „დანგრეულ სახლში“ უკვე იყიდება ფესტივალ-რესტორაცია „დივანში“ და კლუბ „რიფერში“.

ჩემი წინა რეცენზია „წერილის“ შესახებ აქაა.

მოუსმინე: