Monday, December 15, 2014

ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული დისკი „ვიხსენებ მე...“

ეს სტატია ამა წლის დასაწყისში დავწერე უსახელო ჟურნალისთვის, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხარჯებით უნდა გამოსულიყო. სამწუხაროდ, სამინისტრომ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, უარი ეთქვა გამოცემის დაფინანსებაზე და, რამდენადაც ვიცი, ბევრი ავტორის მასალა გამოუქვეყნებელი დარჩა. ამ სტატიას ახლა უცვლელად წარმოვადგენ.

ნანი ბრეგვაძე ქართული სიმღერის, ქართული რომანსის გამორჩეული ეტალონია, რომლის შემოქმედება წლებთან ერთად არათუ ხუნდება, არამედ უფრო მკვეთრდება და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში მას უამრავი ფირფიტა აქვს ჩაწერილი რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში. საოცარია, მაგრამ დღემდე მუსიკოსის ქართული დისკი არ არსებობდა. ცოტა ხნის წინ კი „ბრავო რეკორდსმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრის მხარდაჭერით გამოსცა ნანი ბრეგვაძის პირველი ქართული ალბომი „ვიხსენებ მე...“.

ალბომის ყდა, დიზაინი
მასში შევიდა ქართველი მომღერლის ყველა დროის საუკეთესო 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომლებსაც მეტად საინტერესო ახალი საორკესტრო არანჟირება გაუკეთა მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა. რეპერტუარში ჟღერს ქართველი კომპოზიტორების: ნუგზარ ვაჩნაძის, ვაჟა აზარაშვილის, ბიძინა კვერნაძის, გურამ ბზვანელის, გია ყანჩელის, დავით თორაძის, გიორგი ცაბაძის, მარიკა კვალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სიმღერები, რომელთა დიდი უმრავლესობაც სპეციალურად ნანი ბრეგვაძისთვის შეიქმნა.

მეტად ორიგინალურია დისკის გაფორმება. იგი წარმოადგენს საოჯახო ალბომს, რომელშიც ჩაკრულია ნანი ბრეგვაძის სხვადასხვა სურათები, მათ შორის საოჯახო ფოტოებიც. ფოტოებს შორის პერგამენტის ფურცლებზე სიმღერის ტექსტებია წარმოდგენილი. ამავე ქაღალდებზე დამაგრებულია რამდენიმე საჰერბარიუმე ნამდვილი ყვავილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, – მუსიკოსი ცხოვრებაში მსმენელისგან მიღებულ აურაცხელ ყვავილს მადლიერების ნიშნად ამ დისკის საშუალებით უკან აბრუნებს.

დისკის გაფორმების დეტალი
ალბომის არაოფიციალური პრეზენტაცია ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. საღამოზე ნანი ბრეგვაძემ შეასრულა ახალ ფირფიტაში შესული რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოები. პრეზენტაციის ბოლოს კი სპეციალურად მოწყობილ ადგილას გაიმართა ალბომზე ხელის მოწერის ცერემონია, ე.წ. „საინინგ-ფართი“, სადაც ნანი ბრეგვაძემ თითოეულ მოწვეულ სტუმარს ახალი ალბომი საკუთარი ავტოგრაფით უსახსოვრა და მათთან ერთად გადაიღო ფოტოები.

დიმიტრი ქაჯაია
დიმიტრი ქაჯაია („ბრავო რეკორდსის“ გენერალური დირექტორი): „ჩვენ უნიკალური ალბომი გამოვუშვით, სადაც ქ-ნი ნანის განუმეორებელი სიმღერები შევიდა. დისკის გასაფორმებლად ჩვენი მარკეტინგის ხელმძღვანელმა, სოფო ალექსიძემ დიზაინერებთან ერთად საოჯახო ალბომის კონცეფცია შეიმუშავა. შედეგად საკმაოდ მდიდრული და ლამაზი დიზაინის ალბომი მივიღეთ. სხვათა შორის, თითოეული ალბომი ხელითაა აკინძული. ესაა უნიკალური საკოლექციო დისკი. სხვადასხვა მიზეზების გამო, პროექტი დიდხანს გაგვეწელა. თავდაპირველად პროექტს ჩვენი ხმის რეჟისორი მატიას სარტორი იწერდა (მან ერთი წელი იმუშავა ჩვენთან) და შემდეგ ეს საქმე ალეკო ბერძენიშვილმა გააგრძელა. ძალიან საინტერესო გამოვიდა ალბომის პრეზენტაცია. დისკის ერთ-ერთმა სპონსორმა „თი-ბი-სი“ ბანკმა მთაწმინდაზე ფუნიკულიორის განახლებული რესტორნის მე-3 სართულზე არაჩვეულებრივ საზოგადოებას უმასპინძლა. შეხვედრა დასრულდა საინინგ-ფართით, რაზეც საკმაოდ დაღლილი ქ-ნი ნანი მსურველებს ავტოგრაფებს ურიგებდა ახლადშეძენილ დისკზე და ბოლო მსურველის გასტუმრებამდე თავი არ აუღია“.

Tuesday, November 11, 2014

„მეფეს“ საუკეთესო სიმღერები

რაც დრო გადის, ირაკლი ჩარკვიანის, იგივე „მეფეს“ გარდაცვალებიდან, მის შემოქმედებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. მისი მუსიკით განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან დაინტერესებულნი. თანამედროვე მუსიკის ლეგენდის ძველი ალბომები სულ უფრო რთული საშოვნელი გახდა. რამდენიმე ცალად შემორჩენილ მუსიკალურ მაღაზიებში საერთოდ აღარ დარჩა „მეფეს“ ჩანაწერი. სწორედ ამიტომ „ბრავო რექორდსმა“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კომპაქტ-დისკებზე გამოუშვა ალბომი The Best Of King, რომელშიც ირაკლი ჩარკვიანის 11 ჰიტი და მსმენელისთვის უცნობი 5 სიმღერა შევიდა. ამათგან 3 ძველი, ფირიდან აღდგენილი სიმღერაა, ერთიც დათო მაჭავარიანის, „კაკადუს“ გარემიქსებულია, ხოლო ბოლო კომპოზიცია კახაბერ ცისკარისძესთან ერთადაა ჩაწერილი.


ალბომის ორიგინალური გაფორმება ნამდვილად შთამბეჭდავია და მისი კონცეფცია მხატვარ-დიზაინერსა და მუსიკოს დათო „კაკადუ“ მაჭავარიანს და ქეთათო პოპიაშვილი-ჩარკვიანს ეკუთვნით. დისკის ჩასადები ხავერდოვანი ქაღალდითაა დამზადებული. ალბომს თან ერთვის 20-გვერდიანი ბუკლეტი, რომელშიც შესულია ირაკლის ექსკლუზიური ფოტოები, მისი ლექსები და ჩანახატები. ბუკლეტს გადაშლით თუ არა, მუსიკოსის სიტყვებს ამოიკითხავთ: „მე ვარ გმირი, რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას. მე ვარ მეფე, რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს, რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან, დარწმუნდებიან ჩემი სიტყვების სისწორეში“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #44, ნოემბერი, 2014 წელი

Saturday, October 11, 2014

ვიზუალური ციფრული ხელოვნებისა და მუსიკის ქართულ-გერმანული ფესტივალი მთაწმინდაზე

გერმანულმა კლუბმა „აუტონომიკამ“ და ქართულმა მუსიკის, ხელოვნებისა და დიზაინის სტუდია MAD-მა 19 და 20 სექტემბერს, საქართველოში პირველად, ვიზუალური არტის, თანამედროვე ციფრული კულტურისა და ელექტრონული მუსიკის 36-საათიანი ნონ-სტოპ ფესტივალი Autonomica Meets MAD მოაწყვეს, რომელიც მთაწმინდის კლუბ „ანდერვილში“ გაიმართა. სტუდია MAD-მა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს, მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალ Future Short-ს უმასპინძლა, მოგვიანებით კი ანიმაციური ფილმების ჩვენებაც გამართა. უნდა ითქვას, რომ ამ და სხვა ღონისძიებებზე მხოლოდ ფილმებს არ აჩვენებდნენ და მათ ფარგლებში ასევე ტარდებოდა ელექტრონული მუსიკის კონცერტები და ვიზუალური ხელოვნების წარმოდგენები.

სექტემბრის ფესტივალი Autonomica Meets MAD ვიზუალური არტით, 3D ვიდეომეფინგით ივო კოვაქსმა და Bordos.ArtWorks-მა გააფორმეს. ამავე დროს, 36-საათიანმა ნონ-სტოპ ფესტივალმა ბრიტანელ და გერმანელ სახელგანთქმულ ელექტრონულ მუსიკოსებს უმასპინძლა. „ანდერვილში“ დაუკრეს ისეთმა ცნობილმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Nick Warren, Sascha Sibler, Baal, Staab, Peter Schumann, Erhanika, Niconé, Ruede Hagelstein და Matthias Meyer. ქართველთაგან თავიანთი ელექტრონული შემოქმედება წარმოადგინეს: დავით გაბუნიამ, ჟორჟიკამ, ტომამ და Cobert & Bacho-მ. ფესტივლის ტერიტორიაზე იდგა „ნატვრის ხე“ და ჩატარდა ფოტოკონკურსი. ამ ხესთან გადაღებული საუკეთესო ფოტოს ავტორს უფლება მიეცა, თავად აერჩია მომავალი ფესტივალის ჰედლაინერი. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის ეს ფესტივალი თბილისში ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #43, ოქტომბერი, 2014 წელი

Sunday, September 21, 2014

„შუქი მოვიდა“ – ქართულ-ფრანგული ალტერნატივა

ქართულ თანამედროვე ალტერნატიული მუსიკის ისტორიაში ჯგუფი შუქი მოვიდა“, ალბათ, ის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც არაქართველმა, კერძოდ, საფრანგეთის მოქალაქემ ჩამოაყალიბა. ფრედერიკ, იგივე, ფრედი პაიანი საქართველოში 1995 წელს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ჩამოჰყვა. მან მალე შეისწავლა ქართული ენა, შეიძინა ქართველი მეგობრები და ჯგუფიც ჩამოაყალიბა, რომელსაც შუქი მოვიდა“ დაარქვა. ეს ფრაზა 1990-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად წარმოითქმებოდა. აღნიშნულ ათწლეულში საქართველოს ძალიან უჭირდა და ენერგოკრიზისის გამო ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა. დენის ჩართვისას კი მთელი ქუჩა, უბანი ერთად ყვიროდა: შუქი მოვიდა!

ფრედი პაიანის გარდა, შუქი მოვიდა“-ს წევრები იყვნენ და არიან: დავით ხოსიტაშვილი (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი) და კიდევ ერთი ფრანგი ივონ კაბაკოვი (დასარტყამები). ჯგუფის ქართულენოვანი სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა ირონიულად ასახავს 1990-იანი წლების ყოველდღიურობას, ადამიანთა მაშინდელ ყოფას. ფრედი პაიანი მღეროდა ენერგოკრიზისზე, იმ ათწლეულის ყველაზე პოპულარულ საბჭოთა მანქანა ჟიგულიზე, ნაყინზე, ხალხით გადაჭედილ სამგზავრო სამარშრუტო ტაქსებზე (მინიბუსებზე), მოსახლეობაშ ყველაზე გავრცელებულ ნავთქურა ტურბოზე, რომელიც ზამთრობით ბევრისთვის გათბობის ერთადერთი საშუალება გახლდათ, აგრეთვე, ხაჭაპურზე, ბორჯომზე, კაქტუსებზე თუ ჩურჩხელებზე...

თავის სიმღერებს ფრედი ფრანგული აქცენტით მღერის და ყველა, ვინც კი უსმენს, აუცილებლად იცინის ან იღიმის მაინც. კვარტეტს ორი ოფიციალური ალბომი აქვს გამოშვებული: შუქი მოვიდა და გულზე მოგეშვება. ჯგუფმა იმ მძიმე, ხშირად სასტიკ რეალობაზე, ომელი ირგვლივ სუფევდა, ქართველების გაცინება შეძლო, ამიტომ მსმენელმა ეს ფრანგულ-ქართული პროექტი ძალიან შეიყვარა. 2000-იანების დასაწყისში ფრედი სამშობლოში დაბრუნდა და ჯგუფის შემოქმედებითი პროცესი შეწყდა. თუმცა 11 წლის შემდეგ საქართველოს მონატრებული ფრანგი მუსიკოსი ისევ ჩამოვიდა თბილისში და 4 საკლუბო კონცერტი გამართა, რომელთაც ბევრი მაყურებელი დაესწრო. ამჯერად მუსიკოსი ისევ საფრანგეთშია, მაგრამ, სავარაუდოდ, გაისად ახალ ალბომის ჩასაწერად ისევ დაბრუნდება და ჯგუფთან ერთად იმუშავებს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #42, სექტემბერი, 2014 წელი

მოუსმინე:

Tuesday, July 1, 2014

„მუღამში მყოფთა“ „მედიტაციები“

საინტერესო თბილისური ინგლისურენოვანი ჯგუფი The Groove სულ რაღაც წელიწადნახევარია არსებობს. სეპტეტი სადებიუტო ორმაგ ალბომს Meditate „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში თითქმის 6 თვე იწერდა. აუდიო კომპაქტ-დისკზე ჯგუფის 12 სიმღერაა წარმოდგენილი, ხოლო DVD-ზე მათი ვიდეო Run, Forrest, Run შევიდა, რომლის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი. The Groove-ს წევრები არიან: გიორგი ვახტანგიშვილი (რიტმგიტარა, სიმღერების ავტორი), გიორგი მეფისაშვილი (ვოკალი), ანი კეკუა (ვოკალი), ირაკლი გაფრინდაშვილი (სოლოგიტარა), ლევან მიქაბერიძე (ბასგიტარა), პაპუნა შარიქაძე (კლავიშებიანი ინსტრუმენტი) და გიორგი გვანცელაძე (დრამი). ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ დრამერები – რევაზ ედგარიძე, ზაზა ცერცვაძე და ბასისტი ლევან დეისაძე.
The Groove
„ბრავო რექორდსის“ თაოსნობით, ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი ჯგუფმა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართა, სადაც ალბომში წარმოდგენილი ყველა სიმღერა შეასრულა. კონცერტის ბოლოს კი ხელმოწერის წვეულება, ე.წ. საინინგფართი გაიმართა. დისკი უკვე იყიდება საქართველოს მუსიკალურ მაღაზიებში. ალბომის თანდართულ ბუკლეტში The Groove-ს სახელით წერია: „ბენდის სახელწოდება ჩვენი ერთობლივი შემოქმედების აღქმიდან გამომდინარეობს – შემოქმედებით პროცესს „მუღამში ყოფნას“ (grooving) ვუკავშირებთ. ალბომს მისი ერთ-ერთი შემადგენელი სიმღერის Meditate (მედიტირება), სახელი ჰქვია. ეს სახელი საკმაოდ კარგად ასახავს ჩვენს განწყობას ამ ალბომის მიმართ და, ზოგადად, ჩვენს მდგომარეობას მასზე მუშაობის დროს“.

ალბომში The Groove-ს მუსიკა მრავალჟანრიანია. მიუხედავად ამისა, ისიც იგრძნობა, რომ მისი წევრები უპირატესობას როკს ანიჭებენ. მაგრამ ეს არაა მკვეთრი ან აგრესიული ჟღერადობის მუსიკა, არამედ მელოდიური პოპროკია, რომელშიც სხვადასხვა დოზით გემოვნებით გაზავებულია სოულის, ფანკის, ბოსანოვას ელემენტები. მეტად სასიამოვნო ბალადებია Memories, This Love და My Friends. ძალიან კარგი სიმღერაა Change, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების აუცილებლობაზეა. ალბომი შეიძლება მოეწონოთ ინდიროკის მოყვარულებსაც.

Tuesday, June 24, 2014

გიული ჩოხელი – ქართველი ჯაზდივა

მაღალი დონის ხელოვანი თავისი კარიერის განმავლობაში ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარდება ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც მოვლენის ან შემთხვევის წყალობით, საზოგადოება ხელახლა აღიარებს მას. 1960-იანი და 1970-იანი წლების პოპულარული ქართველი ჯაზმომღერალი ქალი გიული ჩოხელი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩრდილში იყო და მსმენელს მისი არსებობა თითქმის მიავიწყდა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ საზოგადოებრივ არხზე გასული ბიძინა მაყაშვილისა და ლევან კიტიას დოკუმენტური ფილმის, „ეს იყო სიზმარი“ წყალობით, რომელშიც ჩოხელის დღევანდელი ცხოვრებაა ასახული, ქართველმა მსმენელმა უნიჭიერესი მუსიკოსი ხელახლა აღმოაჩინა და მისი მოსმენა დაიწყო.

გიული ჩოხელი მეუღლესთან, მუსიკოს ბორის რიჩკოვთან ერთად
გიული ჩოხელი სცენაზე 1960-იან წლებში გამოჩნდა და უდიდეს საერთაშორისო აღიარებას და პოპულარობას მიაღწია, განსაკუთრებით 1978 წელს, როცა ფესტივალ „სოპოტის“ გრან-პრის მფლობელი გახდა. ამერიკაში მას „ჯაზის ლეგენდაც“ კი უწოდეს და რამდენიმე კომპაქტ-დისკიც გამოსცეს. კარნეგი ჰოლში, სადაც გიული ჩოხელი საერთაშორისო ჯაზფესტივალის საპატიო სტუმარი იყო, მას ჯაზმენ უილის კანოვერის მიკროფონი გადასცეს. სსრკ-ში სუფთა ჯაზკარიერის გაკეთების უფლებას ბოლომდე ვერავის აძლევდნენ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისთვისაც კი ერთგვარად სავალდებულოც იყო, ხარკი გადაეხადათ ე.წ. ესტრადისთვის, ანუ პოპულარული სცენისთვის. გიული ჩოხელი, როგორც ჯაზმომღერალი, ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. მას რამდენიმე ფირფიტა აქვს გამოცემული. მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო სიმღერებია: „პაემანზე“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ეს იყო სიზმარი“, „სიყვარულის ვალსი“ და სხვები, რომელთაც მომღერალი განუმეორებლად თბილი და, ამავე დროს, ძლიერი ხმით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით ასრულებს.

გიული ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. იგი წერს ლექსებს და გამოსაცემად ამზადებს პოეტურ კრებულს, ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და საქართველოში), ამავე დროს, რეჟისორიც გახლავთ და 17 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ავტორია. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სასცენო კოსტიუმი, მის მიერაა შექმნილი. გიული ჩოხელმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებაზე ასე განაცხადა: „ჩემი ცხოვრების გზა – ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია. მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მე მაქვს სიყვარულის ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ეს არის: ადამიანების სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა. თუ ეს სამი რამ ადამიანს შეუძლია, მას ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს! ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #41, ივნისი, 2014 წელი

მოუსმინე:



Tuesday, June 17, 2014

„შუქი მოვიდა“ 21-ე საუკუნის თბილისშიც

ქართველებს ცოტა უცნაური იუმორის გრძნობა გვაქვს ხოლმე. კუთხური ხუმრობები გვიყვარს კახელებზე, მეგრელებზე, სვანებზე, იმერლებზე... გვეცინება იმ ანეკდოტებზეც, სადაც მთავარი გმირია სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი და ა.შ. დავცინით ერთმანეთს და ჩვენს მეზობლებს, მაგრამ თუ ვინმე უცხოელი ჩვენზე იხუმრებს, ვიძაბებით და ყურები დაცქვეტილი გვაქვს, რამე უხეირო არ წამოცდეს, არ დაგვცინოს, დაგვამციროს. მოკლედ, ისევე ვჭედავთ, როგორც თავის დროზე ყაზახეთმა გაჭედა „ბორატზე“ და ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
 
ივონი & ფრედი
1990-იან წლებში, როცა ქართველები სრულ სიბნელეში, გაუგებრობაში, ქაოსში, ომში და მთელ უბედურებაში ვცხოვრობდით, თანამედროვე ქართულ მუსიკაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა და ალტერნატიულ შემსრულებელთა მთელი კოჰორტა გამოჩნდა, რომელიც ძალიან კარგად ასახავდა იმ ყოფას, რაშიც გვიხდებოდა არსებობა. მუსიკოსები ზუსტად გადმოსცემდნენ ჩვენი რეალობის მთელ ტრაგიზმს, თუმცა, ამავე დროს, ვერ ვაცნობიერებდით, თუ რა კომიკურ სიტუაციაში ვცხოვრობდით მე-20 საუკუნის მიწურულს. ეს არც ისე მარტივი იყო, რადგან ჩვენ არ გვიყვარს, „გვიტყდებასავით“ საკუთარ თავზე სიცილი.

სწორედ იმ პირქუშ 1990-იანებში საქართველოში ფრანგი ფრედერიკ პაიანი ჩამოვიდა. იგი თბილისში ერთ-ერთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა და ბევრი სხვა უცხოელისგან განსხვავებით, ქართულიც ისწავლა და აქაური მეგობრებიც შეიძინა. სწორედ მათთან ერთად ჯგუფი ჩამოაყალიბა და ქართულ ენაზე სიმღერაც დაიწყო. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე მას საფრანგეთში უკვე ყავდა პანკჯგუფი.
 
დათო, ფრედი & გობეჯა
ფრედი პაიანს საოცრად მახვილი თვალი, იუმორის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება აქვს. მის მიერ დანახული საქართველოს მაშინდელი ყოფა საკმაოდ სასაცილოა, როცა ქვეყანაში ყველაზე მაგარ მანქანად „ჟიგული“ ითვლებოდა, როცა თბოელექტროსადგურის მითიური სულგაფუჭებული მე-9 ბლოკი არსებობდა, როცა უსახსრობის და გაჭირვების გამო, დღეში რამდენჯერმე უნდა გეჭამა ქუჩაში ნაყიდი ხაჭაპური, როცა ქალაქში გადაადგილება მხოლოდ მარშრუტკით (მინიბუსით) იყო შესაძლებელი, როცა ზაფხულის ხვატში მხოლოდ „თბილისის ზღვაზე“ შეგეძლო დასვენება და „მაროჟნით“ ყელის გაგრილება, როცა მთელი ქვეყანა ნავთქურა „ტურბოთი“ თბებოდა, როცა შუქის მოსვლა ამქვეყნად ლამის ყველაზე მეტად გვახარებდა...

Friday, May 30, 2014

ბესელა რაზმაძე – მუსიკის კონტრაბანდისტი

ქართულ ალტერნატიულ სცენაზე ძნელად თუ მოიძებნება მეორე ისეთი ხმაურიანი, ექსპანსიური და აგრესიული ჯგუფი, როგორიც თბილისური „კონტრაბანდაა“. ბენდის საკმაოდ მძიმე მუსიკა სრულ ჰარმონიაშია მისი ფრონტმენის და ლიდერის, ბესელა რაზმაძის ქართულენოვან ტექსტებთან. „კონტრაბანდა“ ჰარდკორითა და ინდასტრიალით შეზავებულ ალტერნატიულ როკს ასრულებს. შეიძლება ითქვას, ჯგუფი დღემდე ანდერგრაუნდშია და ოფიციალური ალბომები გამოშვებული არა აქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე არაოფიციალური მაგნიტო-ალბომი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩაიწერა და დღეს მხოლოდ კერძო კოლექციებშია შემორჩენილი. ბესელას განცხადებით, „კონტრაბანდა“ ალბომებზე არ მუშაობს, უფრო პერფომანს-ჯგუფია, ხოლო საკუთარ ჩანაწერებს დროთა განმავლობაში იგი წვავს, ან ამტვრევს.

„კონტრაბანდა“ უკვე 20 წლისაა. იგი 1994 წელს თბილისში შეიქმნა. მისი დამაარსებელი – ბესელა რაზმაძე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში ქართულ-რუსული ომის მონაწილეა. ამ ომიდან შინ დაბრუნების შემდეგ ბესელამ ავტომატის ნაცვლად ხელში გიტარა აიღო და ჯგუფი ჩამოაყალიბა. ბენდი უკრავდა სხვადასხვა კლუბში, ფესტივალებზე და დღემდე ასეა. მაგალითად, ბოლოს ჯგუფმა უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ბესელა რაზმაძე ახლა Riffer Bar-ის მენეჯერია, რომლის სცენაზეც ქართველი როკმუსიკოსები უკრავენ. „კონტრაბანდისტების“ შემადგენლობა იგივეა, რაც 90-იან წლებში იყო: ბესელა რაზმაძე (ვოკალი, გიტარა, სიმღერების ავტორი), კოტე კალანდაძე (ბასი), კახა გულიაშვილი (სოლო გიტარა) და გოგა სამხარაძე (დასარტყამები). ამჯერად ჯგუფი ემზადება 20-წლიანი იუბილესთვის და სავარაუდოდ, ეს იქნება ხალხმრავალი და ხმაურიანი კონცერტი-პერფომანსი.

ჟურნალი „თბილისი Out“ #40, მაისი, 2014 წელი

მოუსმინე:


Tuesday, May 20, 2014

წერილი დანგრეული სახლიდან

ჯგუფმა „წერილმა“ თავისი მე-4 ალბომი „დანგრეულ სახლში“ გამოუშვა. ბენდის შემოქმედება ჩემთვის 1997 წლიდან გახდა ცნობილი, როცა ჯგუფს „ამორალი“ ერქვა. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი, საავტორო ტელე-გადაცემა „ანარეკლი“ მქონდა და ამავე დროს, იმ ღონისძიების („ნიღბების კლუბის“ პრეზენტაცია) ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახლდით, რომელზეც „ამორალის“ წევრები და მისი ფრონტმენი გია თოიძე გავიცანი. იმავე წლის მიწურულს FM-რადიოში გასაშვებად თბილისიდან ქუთაისში კასეტით ჩავიტანე დედაქალაქური ჯგუფების ჩანაწერები. ეს კასეტა ახლაც მაქვს და მასზე შესულია გიას ადრინდელი „იცეკვე ჩემთან“, რომელიც ჩემი რადიოგადაცემის მსმენელთა ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა გახდა.

გია თოიძის სიმღერების გმირებმა ჩვენსავით უამრავი გასაჭირი, ომი, იმედგაცრუება, სიცივე გამოიარეს და გადახარშეს. გიას შემოქმედება 1990-იანი და 2000-იანი წლების ერთგვარი რეტროსპექტივაა და საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისთვისაც ეს გარემო ნაცნობი და მტკივნეული არ იყოს. „წერილის“ შემოქმედების გმირები ნაადრევად დადინჯებული, ზოგჯერ დაბრძენებული ჩემი თაობის მარტოსული, მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებიც სევდანარევი ოპტიმიზმით ან ირონიაშეპარული, ზოგჯერ ცინიკური პესიმიზმით იღებენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. „წერილის“ მუსიკა სწორედ ამ თაობის ერთ-ერთი სულიერი მდგომარეობაა, თუმცა ავტორი ამას მუსიკალურად ისე უზადოდ გადმოსცემს, ბევრად უფრო ახალგაზრდისთვისაც აბსოლუტურად გასაგები ხდება.

ახალი ალბომის, „დანგრეულ სახლში“ პრეზენტაცია-კონცერტი კლუბ „დივანში“ 18 მაისს გაიმართა. მინდა კონცერტის შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კლუბები და ხმის რეჟისორები რატომღაც დარწმუნებულები არიან, ხმას რაც უფრო მაღალ დონეზე დააყენებენ, მით უკეთეს რეზულტატს მიიღებენ. შედეგად,  ე.წ. „პერეგრუზკები“ არც ისე სასიამოვნო მოსასმენია (თუ მთვრალი არა ხარ). „წერილის“ მუსიკას არ უხდება ზედმეტი ხმა. ამ ჯგუფის კონცერტზე მაყურებელს აუცილებლად უნდა ესმოდეს ტექსტიც. აპარატურის ზედმეტი ხმის გამო კი გია თოიძის ლექსების გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. იმის თქმა მინდა, რომ წნევის და დრაივის მისაღებად, სულაც არაა საჭირო ხმის აშკარა ზედმეტი დონე, მით უმეტეს, „დივანის“ მშვენიერ მცირე დარბაზში.

ახალი ალბომის პრეზენტაციაზე „დივანში“. ფოტო: © თამუნა ჩქარეული
ახლა ზოგადად ალბომის შესახებ. ფირფიტა ძალიან კარგი მოსასმენია და მის ჩაწერაში გია თოიძესთან ერთად მონაწილეობდნენ: ბასისტი და კლავიშისტი ლევან სვანიძე, გიტარისტი არჩილ „ფარჩილა“ ქელბაქიანი და დრამერი გოგა სამხარაძე, ასევე, კოტე კალანდაძე და დათო თოიძე. ალბომის სახელწოდებიდან გამომდინარე, დისკის ორიგინალური გაფორმება პირქუშია და მუსიკალური განწყობის ადეკვატურია.

„დანგრეულ სახლში“ ახალი და გადამღერებული სიმღერები შევიდა. ამ უკანასკნელთაგან ორი, ძველი „ამორალის“ შესანიშნავი სიმღერის „იცეკვე ჩემთან“ და „მოლაპარაკე ბუზების“ ახალი ვერსიებია. ბონუსად კი 1996 წელს ჩაწერილი სიმღერა „ოთხივე მხარეს“ შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ, რომელიც პირადად ჩემთვის მეტად სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. კომპაქტ-დისკზე შესული მასალები 5 წლის განმავლობაში მწიფდებოდა და იწერებოდა. ახალ სიმღერებში რომელიმეს გამოყოფა ცოტა გამიჭირდება, რადგან ყველა საკმაოდ მომწონს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ „იუტუბზე“ ცოტა ადრიანად ატვირთულ „ისევ არა ჩანს მზეს“ რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვუსმენდი, ხოლო კონცერტის შემდეგ სახლში მისვლამდე მანქანაში იგივე კომპოზიციით რამდენჯერმე გამეორებით ვიჯერე გული. ეს სიმღერა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუნდტრეკად გადაიქცა (ისევე როგორც „წერილის“ კიდევ რამდენიმე ძველი სიმღერა), რომელსაც აწი ყველგან დიდი სიამოვნებით მოვუსმენ.

შესანიშნავი სიმღერებია „პირველი ღამე“, „დანგრეულ სახლში“, „ახლოს ცასთან“, „გაზაფხული ძველი“, „ნათელი დღე“, „სიმარტოვე“. სიმღერა „გაზაფხულია“ დისკზე ბოლო სიმღერაა (ამის შემდეგ ბონუსი იწყება), რომელშიც სწორედ ის სევდანარევი ოპტიმიზმია გადმოცემული, რომელზეც ზემოთ ვწერდი.

როგორ დავრჩები აქ? რით გავიკაფავ გზას?
ვხედავ დანგრეულ ფანჯრებს, ძველად ნაცხოვრებ სახლს,
ველი იმ სიყვარულს, შენ რომ მიღებდი კარს,
გაზაფხულია გარეთ, რატომ არა ხარ აქ?
ფანჯრების იქით წვიმს, მძიმედ ვატარებ ფიქრს.
გაზაფხულია გარეთ, მიზეზი სიმღერის.
ციდან ვიღებთ ამ სხივს.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ და ამ ლეგენდარული, შესანიშნავი ჯგუფის ახალ ალბომს ვურჩევ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს ხარისხიანი ქართულენოვანი მუსიკა.

ალბომი „დანგრეულ სახლში“ უკვე იყიდება ფესტივალ-რესტორაცია „დივანში“ და კლუბ „რიფერში“.

ჩემი წინა რეცენზია „წერილის“ შესახებ აქაა.

მოუსმინე:


Friday, February 14, 2014

თემურ ყვითელაშვილის მსოფლიო და თბილისი

„მუსიკაში რომ წარმატებას მიაღწიოთ, ნიჭის გარდა, უნდა გქონდეთ არანორმალური შრომისმოყვარეობა, ერთგულების გრძნობა და თავგანწირვის უნარი“

გასულ წელს, შემოდგომაზე, ტრადიციულ „თბილისობის“ დღეებში, სახელგანთქმული ქართველი მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი საქართველოს დედაქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა. იგი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსია, რამდენჯერმე პლანეტის საუკეთესო ფიუჟენ-გიტარისტად აღიარეს, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერიცაა, მაგრამ მიაჩნია, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მისი საუკეთესო ჯილდოა. „თბილისობის“ დასასრულს, „თბილისი ივენთ-ჰოლში“ მუსიკოსის სოლო კონცერტი და ახალი ალბომის „ჩემი თბილისის“ პრეზენტაცია მოეწყო. ეს მისი რიგით მე-8 ალბომია. კომპოზიციების უმრავლესობა სპეციალურად თემურისთვის დაიწერა, რომელთაც გიტარისტი თავად ასრულებს და მღერის.

კონცერტი „თბილისი ივენთ-ჰოლში“. 2013 წელი
თემურ ყვითელაშვილი 1960 წლის 4 ივლისს თბილისში ქართველი ებრაელების ოჯახში დაიბადა. გიტარით 10-11 წლის ასაკში დაინტერესდა. „დედა მეუბნებოდა, რომ ბავშვობიდან თურმე არანორმალური განცდით, თვალდახუჭული და გათიშული ყურს ვუგდებდი მუსიკას. ამ პერიოდში ინტენსიურად ვუსმენდი Deep Purple-ს, Led Zeppelin-სა და Jimi Hendrix-ს, რომელიც ჩემს ძმას მაგნიტოფონზე ჰქონდა ჩაწერილი. ერთ დღესაც ავიღე გიტარა და ხელი თვითონ დავიყენე. ვისაც ამას ვეუბნები, ნაკლებად სჯერა. ახლაც ჩემი გამოგონილი მედიატორით ვუკრავ, რომელსაც განსხვავებული ფორმა, სისქე და ზომა აქვს“, – იხსენებს მუსიკოსი. 1970-იანი წლების ბოლოს თემურ ყვითელაშვილი ყველა თვითმოქმედ მუსიკალურ ანსამბლში სასურველი მუსიკოსი იყო და იწვევდნენ კიდეც. 

კონცერტი ისრაელის ქალაქ აშდოდში. 2011 წელი
1981 წელს ანსამბლ „დიელოში“ მოხვდა. მანამდე კი თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლებში უკრავდა. ამის შემდეგ პოპულარულ „ორერაში“ მიიწვიეს. 1980-იან წლებში იგი უკრავდა ასევე პოპულარული ანსამბლებში: „ნატვრის ხე“, „თეატრონი“, „ივერია“. თანამშრომლობდა ვახტანგ კიკაბიძესთან, ნანი ბრეგვაძესთან, მერაბ სეფაშვილთან, სოსო პავლიაშვილთან, თამრიკო გვერდწითელთან, თეონა კონტრიძესთან და სხვებთან. ამ პერიოდში მის შემოქმედებაში ქართული ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა შემოვიდა. მან გიტარისთვის გადაამუშავა ქართველი კომპოზიტორების – ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, რევაზ ლაღიძისა და სხვათა ნაწარმოებები. იმ პერიოდისთვის ეს ახალი სიტყვა იყო და ყველა გაოცებული დარჩა.