Friday, November 5, 2010

პინკ ფლოიდი (ნაწილი III)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

I ნაწილი იხილეთ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი I)
II ნაწილი იხილეთ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი II)

გაგა: – Dark Side-ის ტრიუმფიდან განვლილ ორ წელიწადს ჯგუფისთვის თავის ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია. ჩაფიქრებული ექსპერიმენტული ალბომი არ შედგა. გაურკვეველი დროით თაროზე შემოიდო ორი კომპოზიციური იდეაც. მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ ჯგუფმა ბოლო ალბომით თითქმის ყველა ამბიცია დაიკმაყოფილა.

მან თითქოს მიაღწია თავისი შესაძლებლობების პიკს, რის ქვემოთაც ჩამოსვლას მომავალში მათ უკვე აღარავინ აპატიებდა. შედეგად ჯგუფში გაიზარდა როჯერის ამბიციები, რომელმაც ერთპიროვნულად ჯგუფის შემოქმედებითი მხარის სადავეები ხელში ჩაიგდო, მაგრამ ძველი ინერციით ბიჭები მაინც ერთად იყვნენ.

ამ ყველაფერს დაემატა ერთი არასასიამოვნო ისტორიაც – ჯგუფის ფანებმა 1974 წელს გამალებით დაიწყეს „ფლოიდების“ „ახალი ალბომის“ შეძენა, რომელიც ამ ხუმრობა-ხუმრობაში საკმაოდ დიდი ტირაჟით გავრცელდა. სინამდვილეში კი ეს საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული და შეფუთული ჯგუფის საკონცერტო ჩანაწერი გახლდათ, რომელსაც მეკობრული წესით უკანონოდ ავრცელებდნენ.

ლაშა: – ამ არასასიამოვნო ინციდენტის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა მარადიული სიბრძნე, რომ ადამიანმა ნებისმიერ ნეგატიურ ამბავში პოზიტივიც უნდა ეძებოს და შესაძლოა იპოვოს კიდეც. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მეკობრულად გავრცელებულ British Winter Tour' 74-ის მასალებით შეკოწიწებულ „ახალ ალბომში“ ერთი ექსპერიმენტული კომპოზიციაც შევიდა, რომელსაც ბენდი იმ წელს კონცერტებზე პერიოდულად უკრავდა. იმ უკანონო დისკზე სწორედ ეს საკმაოდ გაწელილი შესრულება აღმოჩნდა მსმენელისთვის ყველაზე მოსაწონი. აღნიშნული ფაქტი ჯგუფში განსჯის საგანიც გახდა და ისინი სტუდიაში შეიკრიბნენ. მუშაობის პროცესში ზემოთ აღნიშნული კომპოზიცია დაიხვეწა და გალამაზდა. მის დამუშავებაში ოთხივემ მიიღო მონაწილეობა და როჯერის მიერ ტექსტის საბოლოო კორექტირების შემდეგ ჯგუფმა მიიღო სიმღერა, რომელიც მოგვიანებით მთლიანი ალბომის კონცეფცია აღმოჩნდა.