Saturday, February 3, 2001

ჯგუფი „პარალელი“

ირაკლი გოჩალეიშვილი: „თბილისში ახლა რომ წაიქცე – გაგთელავენ“


დღეს წარმოგიდგენთ ქართულენოვან თბილისურ ჯგუფს „პარალელი“, რომლის მიერ გასულ წელს გამოსული მაგნიტოალბომის („შორს“) ყდას ამშვენებს ჟურნალ „ვარსკვლავების“ ლოგოტიპი, როგორც ამ ალბომის საინფორმაციო მხარდამჭერი. „პარალელი“ 1998 წელს შეიქმნა და მისი წევრები არიან: ზაზა ხარაზიშვილი (ლიდერ-გიტარა, ვოკალი), ირაკლი გოჩალეიშვილი (ბასი, ვოკალი), დიმიტრი სანიშვილი (რიტმ-გიტარა) და კახა გურასაშვილი (დასარტყამები). კვარტეტი ასრულებს მსუბუქ როკს, მშვენიერ ბალადებს. „შორს“ მოეწონება ყველას, ვისაც მოსწონს მელოდიური როკი. მე ვესაუბრე ჯგუფის ბასგიტარისტს ირაკლი გოჩალეიშვილს, რომელიც პროფესიით ჰიდრომელიორატორია. გარდა ამისა, არის მხატვარი. ირაკლის გამოქვეყნებული აქვს საკუთარი მოთხრობები და ლექსები ჟურნალებში „დროშა“ და „მნათობში“.

ირაკლი გოჩალეიშვილი
– „ჯგუფი „პარალელი“ მე და ზაზა ხარაზიშვილმა ჩამოვაყალიბეთ. ზაზა ადრე „ბითლზებს“ უკრავდა. მერე ცოლი მოიყვანა, ბავშვი შეეძინა და მუსიკას თავი დაანება. იმ მომენტისათვის მეც ჩამოვედი ჯარიდან. ზაზას რამდენიმე ჩემი სიმღერა ვაჩვენე. ძალიან მოეწონა და გიტარაზე თავისი სიმღერებიც მიმღერა. მერე შევიძინეთ ინსტრუმენტები. გვქონდა სარეპეტიციო და ბავშვებს ვასწავლიდით. შემდეგ ხელში ჩაგვივარდა 100 დოლარი და ჩავწერეთ სიმღერა „ნახე როგორ თოვს“, რომელიც მივიტანეთ „აუდიენციაში“, კერძოდ ბიბის გადაცემაში Лучшая двадцатка от Биби. ეს მოხდა შემთხვევით. სიმღერამ რამდენიმე კვირაში საპრიზო ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობდა და ჩავწერეთ ეს შარშან გამოსული ალბომი „შორს“.

ჩვენ გვიყვარს უფრო როკენროლში მუშაობა, მაგრამ მთლიანობაში ეს არ არის სუფთა როკენროლი, ალბომში შესული ორი სიმღერის გარდა. დანარჩენი არის ბალადები. ადრე გვქონდა ჯაზური ელემენტებიც, რომლებიც შემდეგ ამოვაგდეთ, რადგან ალბომს არ მოუხდებოდა, სხვა იერს მისცემდა. 

– ირაკლი, პირადად რომელი უცხოური ჯგუფი მოგწონს და ბოლოს ვისი ალბომი მოგეწონა?

– ძალიან გვიყვარს Oasis, რომელმაც შარშან ორი კარგი ალბომი ჩაწერა. კიდევ მომწონს Red Hot Chili Peppers. მის ბასისტ ფლიზე მართლაც ჭკუას ვკარგავ. ძალიან მომეწონა ამ ჯგუფის ბოლო ალბომი Californication.

– ტექსტებს თუ ანიჭებ მნიშვნელობას და, საერთოდ, მუსიკასა და ტექსტს ვინ წერს „პარალელში“? 

– ტექსტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, მელოდიასაც, რომელიც თვითონ გვიბიძგებს, რა სტილის ლექსი უნდა დაიწეროს ვთქვათ სიყვარულზე, პოლიტიკას საერთოდ არ ვეხებით. მუსიკასა და ტექსტს ზაზა და მე ვწერთ. 

– რომელ ქართველ მუსიკოსებს სცემთ პატივს?

– კაკო ვაშალომიძეს. მოგვწონს თემურ ყვითელაშვილიც. განსაკუთრებით მისი ალბომი „ნოსტალგია“. ყველაფერი ბაჩი ქიტიაშვილმა დაიწყო. ძლიერი ახალგაზრდობა წამოვიდა, რომლებიც კარგად უკრავენ როკს. იყო პერიოდი, როდესაც როკენროლს უკრავდა ჯგუფი „ბიჭები როკენროლიდან“, მაგრამ ისინი უფრო კლასიკას მღეროდნენ. ალტერნატივიდან ძალიან მომწონს ირაკლი ჩარკვიანი. გენიალურია მისი პირველი ალბომი Svan Songs და სიმღერები „ქაღალდის ნავი“, მენატრები“... ამ ლამაზი კომპოზიციების შემდეგ გამიკვირდა, როგორ დაწერა მან „შენ აფრენ“, მაგრამ კაცია და გუნება. ალბათ ამ ცხოვრებას შეხედა და თქვა, შენ აფრენო. მე უფრო ბალადების მოყვარული ვარ. 

– რომელ ენაზე უნდა შეასრულოს ქართველმა მუსიკოსმა სიმღერა?