Showing posts with label შუქი მოვიდა. Show all posts
Showing posts with label შუქი მოვიდა. Show all posts

Sunday, September 21, 2014

„შუქი მოვიდა“ – ქართულ-ფრანგული ალტერნატივა

ქართულ თანამედროვე ალტერნატიული მუსიკის ისტორიაში ჯგუფი შუქი მოვიდა“, ალბათ, ის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც არაქართველმა, კერძოდ, საფრანგეთის მოქალაქემ ჩამოაყალიბა. ფრედერიკ, იგივე, ფრედი პაიანი საქართველოში 1995 წელს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ჩამოჰყვა. მან მალე შეისწავლა ქართული ენა, შეიძინა ქართველი მეგობრები და ჯგუფიც ჩამოაყალიბა, რომელსაც შუქი მოვიდა“ დაარქვა. ეს ფრაზა 1990-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად წარმოითქმებოდა. აღნიშნულ ათწლეულში საქართველოს ძალიან უჭირდა და ენერგოკრიზისის გამო ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა. დენის ჩართვისას კი მთელი ქუჩა, უბანი ერთად ყვიროდა: შუქი მოვიდა!

ფრედი პაიანის გარდა, შუქი მოვიდა“-ს წევრები იყვნენ და არიან: დავით ხოსიტაშვილი (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი) და კიდევ ერთი ფრანგი ივონ კაბაკოვი (დასარტყამები). ჯგუფის ქართულენოვანი სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა ირონიულად ასახავს 1990-იანი წლების ყოველდღიურობას, ადამიანთა მაშინდელ ყოფას. ფრედი პაიანი მღეროდა ენერგოკრიზისზე, იმ ათწლეულის ყველაზე პოპულარულ საბჭოთა მანქანა ჟიგულიზე, ნაყინზე, ხალხით გადაჭედილ სამგზავრო სამარშრუტო ტაქსებზე (მინიბუსებზე), მოსახლეობაშ ყველაზე გავრცელებულ ნავთქურა ტურბოზე, რომელიც ზამთრობით ბევრისთვის გათბობის ერთადერთი საშუალება გახლდათ, აგრეთვე, ხაჭაპურზე, ბორჯომზე, კაქტუსებზე თუ ჩურჩხელებზე...

თავის სიმღერებს ფრედი ფრანგული აქცენტით მღერის და ყველა, ვინც კი უსმენს, აუცილებლად იცინის ან იღიმის მაინც. კვარტეტს ორი ოფიციალური ალბომი აქვს გამოშვებული: შუქი მოვიდა და გულზე მოგეშვება. ჯგუფმა იმ მძიმე, ხშირად სასტიკ რეალობაზე, ომელი ირგვლივ სუფევდა, ქართველების გაცინება შეძლო, ამიტომ მსმენელმა ეს ფრანგულ-ქართული პროექტი ძალიან შეიყვარა. 2000-იანების დასაწყისში ფრედი სამშობლოში დაბრუნდა და ჯგუფის შემოქმედებითი პროცესი შეწყდა. თუმცა 11 წლის შემდეგ საქართველოს მონატრებული ფრანგი მუსიკოსი ისევ ჩამოვიდა თბილისში და 4 საკლუბო კონცერტი გამართა, რომელთაც ბევრი მაყურებელი დაესწრო. ამჯერად მუსიკოსი ისევ საფრანგეთშია, მაგრამ, სავარაუდოდ, გაისად ახალ ალბომის ჩასაწერად ისევ დაბრუნდება და ჯგუფთან ერთად იმუშავებს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #42, სექტემბერი, 2014 წელი

მოუსმინე:

Tuesday, June 17, 2014

„შუქი მოვიდა“ 21-ე საუკუნის თბილისშიც

ქართველებს ცოტა უცნაური იუმორის გრძნობა გვაქვს ხოლმე. კუთხური ხუმრობები გვიყვარს კახელებზე, მეგრელებზე, სვანებზე, იმერლებზე... გვეცინება იმ ანეკდოტებზეც, სადაც მთავარი გმირია სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი და ა.შ. დავცინით ერთმანეთს და ჩვენს მეზობლებს, მაგრამ თუ ვინმე უცხოელი ჩვენზე იხუმრებს, ვიძაბებით და ყურები დაცქვეტილი გვაქვს, რამე უხეირო არ წამოცდეს, არ დაგვცინოს, დაგვამციროს. მოკლედ, ისევე ვჭედავთ, როგორც თავის დროზე ყაზახეთმა გაჭედა „ბორატზე“ და ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
 
ივონი & ფრედი
1990-იან წლებში, როცა ქართველები სრულ სიბნელეში, გაუგებრობაში, ქაოსში, ომში და მთელ უბედურებაში ვცხოვრობდით, თანამედროვე ქართულ მუსიკაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა და ალტერნატიულ შემსრულებელთა მთელი კოჰორტა გამოჩნდა, რომელიც ძალიან კარგად ასახავდა იმ ყოფას, რაშიც გვიხდებოდა არსებობა. მუსიკოსები ზუსტად გადმოსცემდნენ ჩვენი რეალობის მთელ ტრაგიზმს, თუმცა, ამავე დროს, ვერ ვაცნობიერებდით, თუ რა კომიკურ სიტუაციაში ვცხოვრობდით მე-20 საუკუნის მიწურულს. ეს არც ისე მარტივი იყო, რადგან ჩვენ არ გვიყვარს, „გვიტყდებასავით“ საკუთარ თავზე სიცილი.

სწორედ იმ პირქუშ 1990-იანებში საქართველოში ფრანგი ფრედერიკ პაიანი ჩამოვიდა. იგი თბილისში ერთ-ერთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა და ბევრი სხვა უცხოელისგან განსხვავებით, ქართულიც ისწავლა და აქაური მეგობრებიც შეიძინა. სწორედ მათთან ერთად ჯგუფი ჩამოაყალიბა და ქართულ ენაზე სიმღერაც დაიწყო. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე მას საფრანგეთში უკვე ყავდა პანკჯგუფი.
 
დათო, ფრედი & გობეჯა
ფრედი პაიანს საოცრად მახვილი თვალი, იუმორის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება აქვს. მის მიერ დანახული საქართველოს მაშინდელი ყოფა საკმაოდ სასაცილოა, როცა ქვეყანაში ყველაზე მაგარ მანქანად „ჟიგული“ ითვლებოდა, როცა თბოელექტროსადგურის მითიური სულგაფუჭებული მე-9 ბლოკი არსებობდა, როცა უსახსრობის და გაჭირვების გამო, დღეში რამდენჯერმე უნდა გეჭამა ქუჩაში ნაყიდი ხაჭაპური, როცა ქალაქში გადაადგილება მხოლოდ მარშრუტკით (მინიბუსით) იყო შესაძლებელი, როცა ზაფხულის ხვატში მხოლოდ „თბილისის ზღვაზე“ შეგეძლო დასვენება და „მაროჟნით“ ყელის გაგრილება, როცა მთელი ქვეყანა ნავთქურა „ტურბოთი“ თბებოდა, როცა შუქის მოსვლა ამქვეყნად ლამის ყველაზე მეტად გვახარებდა...

Monday, September 24, 2001

ფრედი პაიანი: „საქართველოს ტერიტორია შვეიცარიული ყველივითაა დაჭრილი“

„შუქი მოვიდა“ მღერის ჟიგულის კაცზე, ხაჭაპურზე, უშუქობაზე, მაგრამ საქართველოზე არ ღადაობს

ქართულ-ფრანგული ჯგუფის „შუქი მოვიდას“ ქართულ სცენაზე გამოჩენას ხალხი არაერთგვაროვნად შეხვდა. ცოცხალი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ჯგუფის ფრანგი ფრონტმენის, ფრედი პაიანის მიერ ქართულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა ბევრი მსმენელი გააღიზიანა. მსმენელის გაღიზიანების მიზეზი „შუქი მოვიდას“ სოციალურ თემებზე დაწერილი ტექსტები გახდა, რომელიც მსუბუქი იუმორით ასახავს დღევანდელი ქართველების ყოფა-ცხოვრებას. ზოგიერთმა ეს უწყინარი სიმღერები რატომღაც ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აღიქვა.



















როგორც ჩანს, მასაში სერიოზულად დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ სიმღერა აუცილებლად სიყვარულზე, მონატრებაზე, განშორებაზე და დაბრუნებაზე უნდა იყოს. სოციალურ თემებზე დაწერილი სიმღერები კი იმავე სოციალურ გარემოში მცხოვრებ ხალხს რატომღაც ეუცხოება. თავად ფრედის მიაჩნია, რომ „შუქი მოვიდა“ არ მღერის რაღაც პრობლემატურ სიმღერებს. მისი აზრით, ეს სიმღერები უბრალოდ საქართველოს ერთგვარი სურათია, რომელსაც თითოეული ქართველი ყოველდღიურად უყურებს.