Friday, February 14, 2020

ზამთრის მუსიკა

ზამთარი ერთადერთი დროა, რომელიც არც ხასხასა სიმწვანეს გვთავაზობს, არც გრძელსა და თბილ დღეებს გვჩუქნის და არც ბუნების ფერებით გვანებივრებს. და მაინც, მისი სიცივით, ყინვით და თოვლით, ბევრ ადამიანს ძალიან უყვარს, რადგან მასაც აქვს ჩვენთვის თავისი უნიკალური საჩუქრები: ჯადოსნური დღესასწაულები, სათხილამურო სეზონი, ციტრუსის სურნელი... ადრე, სანამ ქალაქები ასე გაიზრდებოდა და განვითარდებოდა, ზამთარში სოფლის მცხოვრებნი სხვა სეზონებისგან განსხვავებით, უმეტესად ისვენებდნენ, ბუხრებთან თბებოდნენ, თავიანთი მოწეული ჭირნახულით ტკბებოდნენ, მიირთმევდნენ ღვინოს, ერთობოდნენ, დროს ატარებდნენ – ბევრს ცეკვავდნენ და მღეროდნენ. კომპოზიტორები წერდნენ მრავალფეროვან მუსიკას, რომელიც ამ სეზონით იყო შთაგონებული. ბევრს შეიძლება ჰგონია, რომ ზამთარი მხოლოდ საშობაო და საახალწლო მუსიკით შემოიფარგლება, თუმცა ეს ასე არ არის. 

ჯგუფ Supertramp-ის 1977 წლის ალბომის Even In The Quietest Moments... ყდის გაფორმება
მოდით, ჩვენი მუსიკალური მოგზაურობა ქართული ხალხური, ქართლ-კახური „ზამთარით“ დავიწყოთ – „ზამთარი ვარდსა დააჭკნობს, ფურცელი ჩამოსცვივაო“... გირჩევთ, ამ სიმღერას მოუსმინოთ ჰამლეტ გონაშვილის და ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით. რევაზ ინანიშვილის ერთი მშვენიერი მოთხრობა – „ზამთარი“ გამახსენდა, რომელშიც ზუსტად ეს ხალხური სიმღერაა აღწერილი. 



საერთოდ, რეზო ინანიშვილს ბევრი ლამაზი მოთხრობა აქვს ზამთარზე. ჩვენ ისევ მუსიკას დავუბრუნდეთ. ქართული ქალაქური ფოლკლორის ნამდვილი მარგალიტია თამაზ ჯორბენაძის სიმღერა „ზამთარია სიცივეა“, რომელსაც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ ასრულებს „ცისფერი ტრიო“. მოგვიანებით, სიმღერა საინტერესოდ გადაამღერეს ირაკლი ჩარკვიანმა, ჯგუფ „ფრანის“ და რობი კუხიანიძის დუეტმა და მრავალმა სხვამ. ქართულ მუსიკას ჩვენ ისევ მივუბრუნდებით.


ახლა გადავხედოთ კლასიკურ მუსიკას, რომლის წიაღშიც უამრავი გასაოცარი საზამთრო და საშობაო მუსიკა დაიწერა. პირველ რიგში მახსენდება „სიცივის სიმღერა“ (The Cold Song), რომელიც იმდენმა მუსიკოსმა გადაამღერა, რომ ბევრს შეიძლება დამოუკიდებელი სიმღერა ჰგონია. სინამდვილეში კი ის ინგლისელი კომპოზიტორის, ჰენრი პერსელის (1659 – 1695) ოპერის, „მეფე არტურის“ ნაწილია. ლიბრეტო ჯონ დრაიდენს ეკუთვნის. ბაროკოს სტილის ეს ოპერა მეტად მიმზიდველია იმ მხრივ, რომ მასში ერთად მღერიან ისტორიული და ზებუნებრივი, მითიური პერსონაჟები. ინტერპრეტაციებიდან ყველაზე ცნობილი მე-20 საუკუნის ექსპერიმენტატორი გერმანელი მომღერლის, კლაუს ნომის ვერსიაა. მელოდია მარტოობის, ზამთრის სიმყუდროვის და მისტიკურობის განცდას ბადებს, სიტყვები კი ასეთია: „რომელი ძალა ხარ? ვინ გამაცოცხლა მარადიული თოვლის სარეცლიდან? ვერ ხედავ, როგორი დაუძლურებული ვარ? განა შემიძლია ამ სიცივეს გავუძლო? მოძრაობა და სუნთქვა მიჭირს. გამიშვი, გამიშვი, რომ ისევ გავიყინო, ისევ გავიყინო სამუდამოდ, სასიკვდილოდ“. 2009 წელს ამ სიმღერის უფრო რბილი ვერსია შემოგვთავაზა ინგლისელმა მომღერალმა სტინგმა და იგი შესულია სწორედ ზამთარში მოსასმენ ალბომში, სახელწოდებით „თუკი ერთხელ ზამთრის ღამით...“ (If On A Winter's Night...).


კლასიკურ მუსიკაში არ შეიძლება არ გაგვახსენდეს დიდი იტალიელი კომპოზიტორისა და მევიოლინის, ანტონიო ვივალდის (1678 – 1741) სავიოლინო კონცერტების მთელი ციკლი, რომელიც წელიწადის დროებს ეძღვნება, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ოდნავ სევდიანი, ალაგ-ალაგ თოვლიანი ქარბუქივით სუსხიანი, მშვიდი და ლამაზი სამნაწილიანი „ზამთარი“, რომელიც მე ვივალდის მიერ დაწერილ სხვა სეზონებს მირჩევნია. ამ ნაწარმოების გადამღერებული ვარიანტებს შორის, ყველაზე მეტად მომწონს ფრანგი ჯაზ-პიანისტის, ჟაკ ლუზიერის და მისი ტრიოს მიერ შესრულებული ვერსია.