Tuesday, February 18, 1997

„აუტსაიდერის“ კონცერტი მთვარეზე დაიგეგმა

არ ვიცი როგორ დავიწყო ეს სტატია ერთ უბრალო ქუთაისურ ჯგუფზე, რომელსაც „აუტსაიდერი“ ჰქვია, რადგან ბოლო დროს  პრესაში მის შესახებ უამრავი მასალა მოზღვავდა ათასნაირი სათაურით: „აუტსაიდერი – ქუთაისური ალტერნატივა“ („7 დღე“), „აუტსაიდერი ლიდერი გახდა“ („რეზონანსი“) და ა.შ. ეს ყველაფერი გასულ წელს მიღწეული წარმატებების შედეგია. წარმატებებისა, რომლებმაც გამოუცდელ ადამიანს შესაძლოა თავგზა აუბნიოს.

ახლა მოკლედ ჯგუფის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები:

1989 წელი: ქალაქში იქმნება ჯგუფი „აუტსაიდერი“.

1990 წელი: ხანგრძლივი რეპეტიციები გაერთიანება „მელომანში“.

1991 წელი: მონაწილეობა ტალინის ალტერნატიული კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით Noorteground; მონაწილეობა მოსკოვის როკ-ლაბორატორიის მიერ მოწყობილ „იმედების ფესტივალზე“.

1992 წელი: გამოსვლები მოსკოვის როკ-ენ-როლ კლუბ „სექსტონში“; მუშაობა ალბომზე.

1993 წელი: გამოდის „აუტსაიდერის“ ფირფიტა, სახელწოდებით „ინსაიდი“.

1994 წელი: ჯგუფის ირგვლივ ყალიბდება „ნიღბების კლუბი“.

1995 წელი: „ნიღბების კლუბი“ და „აუტსაიდერი“ ყოველი თვის 8 რიცხვში ატარებენ აქცია-რეპეტიციებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში.

1996 წელი: გასტროლი თბილისში კლუბ „ყაზბეგის“ ორგანიზებულ ფესტივალზე „ხელები“; კონკურს „მარგარიტა 96“-ზე გამარჯვება ალტერნატიული მუსიკის ნომინაციაში.

დღიდან ჯგუფის პირველი რეპეტიციებისა, „აუტსაიდერი“ აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობს. მას არასდროს ჰყოლია ე.წ. „სამხატვრო ხელმძღვანელი“, როგორც იყო მიღებული საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ ანსამბლებში. ჯგუფის წევრებს ნამღერი (დაკრული) არა აქვთ ქორწილებში, არ გამხდარან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები და არასდროს ყოფილან მიცემული პასუხისგებაში.

ამ ტრიოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობები ემუშავა ცივილიზებული შოუბიზნესის მეთოდებით. მას ადრევე ჰყავდა პროდიუსერი და მენეჯერი, რომელთაც ჯგუფის მომავალი წარმატებებისთვის თავის დროზე ძალიან ბევრი გააკეთეს.

დღეისათვის ჯგუფის შემადგენლობაა: რობი კუხიანიძე (1965, გიტარა, ვოკალი), საბა კუპრაშვილი (1972, ბას-გიტარა), გია შილაკაძე (1967, დასარტყამი ინსტრუმენტები). აგრეთვე მენეჯერი კახა ძიძიგური (1970), პროდიუსერი – გია მირიანაშვილი (1973) და აღმასრულებელი პროდიუსერი ხვიჩა დოღონაძე (1964).