Sunday, March 4, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი II)

(1960-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17

1960-იან წლებში საქართველოში ალტერნატიული, ანუ არაფილარმონიული, უცხოური, ე.წ. „კაპიტალისტური“ მუსიკა მეტად უცნაურად ვრცელდებოდა. აკრძალული სიმღერები რენტგენის ფოტოფირებზე დრეკადი ფირფიტების სახით იწერებოდა და არალეგალურად ვრცელდებოდა. ერთი ასეთი ფირფიტა მეც შემომრჩა სახლში: უცნობი პიროვნების ფილტვების რენტგენის სურათზე „ბითლზის“ სიმღერაა ჩაწერილი. „ბითლზმა“, „როლინგებმა“ და როკის სხვა კლასიკოსებმა სსრკ-სა და საქართველოში ლეგალურად მხოლოდ 80-იანებში შემოაღწიეს, მანამდე კი მელომანები ერთმანეთს ყველა შესაძლო გზით უზიარებდნენ აკრძალულ მუსიკას.

60-იანებში სსრკ-ში ჩამოყალიბდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები (ვია), რომელთაც სახელმწიფო აკონტროლებდა. სხვათა შორის, პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი 1958 წელს შექმნილი ქართული „ორერა“ გახლდათ, რომელიც, მიუხედავად ფილარმონიულობისა, მაინც ახერხებდა სხვადასხვა ალტერნატიული მუსიკის შემოთავაზებას.

ანსამბლის დამაარსებელს, აწ განსვენებულ რობერტ ბარძიმაშვილს ადრე ჩემთვის მოუყოლია, როგორ აბნევდა „გოსკონცერტს“. მაგალითად, როდესაც ანსამბლის სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, რუსულად თარგმნისას ის მიუთითებდა ხოლმე, რომ ტექსტი კომუნისტურ პარტიას ეძღვნებოდა და ამ ტექსტს მოსკოვში დასამტკიცებლად აგზავნიდა. ამით „ორერას“ შეცდომაში შეჰყავდა მკაცრი საბჭოთა ცენზურა, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა სიმღერებს პარტიასა და კომკავშირზე.

„ორერა“ პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც ინგლისურ ენაზე თვით აკრძალული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება გაბედა. ამ შემთხვევაში ცენზურა მას ვერ შეეხო, რადგან ანსამბლი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა სასწავლო პრაქტიკაში ეთვლებოდა.

კარლოს სანტანას კომპოზიციის „გაესტრადება“ მოახერხა კიდევ ერთმა უხუცესმა ქართულმა ВИА-მ, რომელსაც „დიელო“ ჰქვია. აღნიშნული ანსამბლი 1961 წლიდან არსებობს. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი ამირან ებრალიძე გახლავთ. 60-იანების ბოლოს კი უკვე რეალურად გამოჩნდნენ საბჭოთა სისტემისთვის შეუსაბამო ალტერნატიული ქართული მუსიკალური როკ-შემსრულებლები: მიშიკო ფოფხაძის „კვადრატი“ და ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხა“, თუმცა, ამ უკანასკნელის შესახებ უკვე 70-იანი წლების მიმოხილვისას გიამბობთ.


ჟურნალი „თბილისი Out“ #18, მარტი, 2012 წელი