Tuesday, December 24, 2002

„ჩვენ ერთად ვართ“ – ქართული როკი ქუთაისში

„ქუთაისის კონცერტი ათასჯერ მეტი ენერგიის მომცემი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი კონცერტი თბილისში“

საქართველოში სიტყვა „აქცია“ რატომღაც რაღაცის ან ვიღაცის წინააღმდეგ გამოსვლასთან ასოცირდება. ანუ, თუ ვიღაცეები რაღაც აქციას ატარებენ, ის აუცილებლად რაღაცის ან ვიღაცის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიმართული. თუმცა აქცია შეიძლება იყოს მშვიდობიანი, რაღაც ერთიანობის სიმბოლოც.

გასულ კვირას ქუთაისში გაიმართა როკ-აქცია „ჩვენ ერთად ვართ“, რომელშიც ქუთაისისა და თბილისის როკ-კოლექტივები მონაწილეობდნენ. ეს იდეა ქუთაისში სამხარეო ადმინისტრაციამ განახორციელა. აქციის სპონსორი საქველმოქმედო-კულტურული ასოციაცია „ოკრიბა“ იყო. მასში მონაწილეობდნენ ჯგუფები: „სტუმარი“, „ზუმბა“, „პულსი“, „ბუნკერი“ და რობი კუხიანიძე.

ამავე დროს, აქციაზე თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა ამერიკელი ბლუზმენი პოლ რიმპოლი. კონცერტი გააშუქა ტელეკომპანია „ქუთაისმა“, ქუთაისურმა რადიო 105-მა და რადიო „ძველმა ქალაქმა“, რომელმაც ჯერ კიდევ გზაში მყოფი მუსიკოსები ეთერში გაიყვანა. სხვადასხვა საპატიო თუ არასაპატიო მიზეზის გამო, კონცერტზე ვერ ჩამოვიდნენ ნინო ქათამაძე („ინსაიტი“) და ფრედი პაიანი („შუქი მოვიდა“), თუმცა აღნიშნული ჯგუფის წევრები ქუთაისში იყვნენ.

აქცია „ჩვენ ერთად ვართ“ გაიმართა ტელეკომპანია „რიონის“ კინო-საკონცერტო დარბაზში. შეიძლება ითქვას, რომ კონცერტი წარმატებით ჩატარდა. საქენერგო ტრადიციებს არც ქუთაისში ღალატობს და აქციის მსვლელობისას შუქი ორჯერ ჩაქრა. ამან კონცერტის მსვლელობაზე მაინცადამაინც უარყოფითად ვერ იმოქმედა. ქუთაისელი ხმის რეჟისორის გუჯა ჯოხარიძის შესანიშნავი ჟღერადობის აპარატურაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ქუთაისელი და თბილისელი მუსიკოსები: ჯგუფები „სტუმარი“, „პულსი“, „ბუნკერი“, რობი კუხიანიძე (მასთან ერთად სიმღერებს სცენაზე ავარდნილი პატარა ბავშვები, მათ შორის, მაწანწალებიც ასრულებდნენ), პოლ რიმპოლი (რომელსაც ქართულად პავლეს ეძახდნენ) და ჯგუფი „ზუმბა“ (მასთან ერთად ათასკაციანი დარბაზი მღეროდა და ცეკვავდა).

Monday, December 23, 2002

„პატრიარქს იმდენად დიდი მოთმინება აქვს, არავის ცუდ ნათქვამს არ ჰყვება, სიტყვას არავის უბრუნებს“

25 დეკემბერი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს აღსაყდრების დღეა

ზუსტად 25 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საეკლესიო სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად უწმინდესი და უნეტარესი ილია II აკურთხეს. პატრიარქად კურთხევისას უწმინდესი მხოლოდ 44 წლის იყო. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს 25 დეკემბერს საზეიმოდ აღნიშნავს პატრიარქის აღსაყდრების, ანუ ინტრონიზაციის დღეს. მალე მართლმადიდებელი ქართველები თავიანთი სულიერი მწყემსმთავრის დაბადების 70 წლისთავსაც აღნიშნავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდა იმისა, რომ საქართველოს სულიერი მწყემსმთავარია და მრავალი სხვა ადამიანური ნიჭითაა დაჯილდოებული, ის შესანიშნავად ერკვევა მხატვრობასა და ხატწერაში. დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში არსებობს წმ. თამარ მეფის ფრესკა, რომელიც 80-იან წლებში თვით პატრიარქმა მოხატა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფემ სწორედ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი: „და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღვთისა მიერ, და მოვიდნენ სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა" (ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა, ქართლის ცხოვრება II, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, გვ.47).

დიდუბეში თამარის ქორწინებას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „... მცნობმან თამარ ამის ყოვლისავეთვის ნება სცა და ქმნეს ქორწილი სახლსა დიდუბისასა დიდებითა დიდითა“ („ქართლის ცხოვრება“, IV, 1973, გვ. 129).ხოლო იქ, სადაც სამეფო რეზიდენცია იყო, აუცილებლად კარის ეკლესიაც იქნებოდა. გადმოცემის მიხედვით, იგი თანამედროვე ღვთისმშობლის ეკლესიის ადგილზე უნდა მდგარიყო. დღევანდელი ეკლესია 1884 წელს არის აშენებული, სადაც მანამდე თაღჩამონგრეული ტაძარი იდგა.

„ახალი ვერსია“ ესაუბრა დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის დეკანოზს სვიმონ ნუცუბიძესა და ეკლესიის გამგებელს თაისი ტორონჯაძეს, რომელიც პატრიარქის მიერ ეკლესიის კედლის მოხატვის თვითმხილველი იყო.

თაისი ტორონჯაძე: – ჩვენი ტაძარი ფრესკებით მხატვარმა ალექსანდრე (შურა) ბანძელაძემ შეამკო. 1978 წლის 22 მარტს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დიდ საბჭოზე მხატვრის ესკიზების განხილვა მოეწყო, რომელსაც საბჭოს წევრების გარდა მისი უწმინდესობაც ესწრებოდა. პატრიარქმა სიუჟეტების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მისი კავშირი ძველი ქართული ფრესკული ხელოვნების ტრადიციებთან ძალიან მოიწონა და საბჭომ ისინი დაამტკიცა. დიდუბის ტაძარს მთელი ათი წლის განმავლობაში შურა ბანძელაძე ხატავდა.

როდესაც მხატვარმა ტაძრის ზედა ნაწილი ხარაჩოებიდან მოხატა და ქვემოთ ჩამოვიდა, გადაწყვიტა, საკუთარი სურვილით ერთი ფრესკა დაეხატა. ამის უფლება მას მინიჭებული ჰქონდა. ერთში მან საკუთარი თავი ბერის სამოსში გადმოსცა (უწმინდესმა იგი ბერად აკურთხა), თითქოს ხელთუქმნელ ხატთან დგას და მაცხოვარი აკურთხებს. გუმბათის მოხატვის შემდეგ მან განაცხადა: ჩემი თავისუფალი უფლება უნდა გამოვიყენო და უწმინდესის სურათის დახატვა მსურსო. ასეც მოიქცა. მაშინ პატრიარქისთვის არაფერი გვითქვამს, მან არც კი იცოდა, რომ შურამ მისი პორტრეტი დახატა. მხატვარი პატრიარქთან ხშირად დადიოდა და მისგან რჩევა-დარიგებებს იღებდა, კანონიკური მხატვრობის წესებში თანდათან ერკვეოდა. უწმინდესმა წიგნები მისცა და ისიც ბევრს კითხულობდა, სწავლობდა. ამის სამადლოდ გადაწყვიტა პატრიარქი დაეხატა. ამბობდნენ, ჯერ პატრიარქი ცოცხალია და რატომ უნდა დახატოო, მაგრამ შურა ბანძელაძე პასუხობდა, ადრე თუ გვიან ამ ქვეყნიდან მაინც ყველანი წავალთ, ხოლო ფრესკა დარჩებაო.

Tuesday, December 17, 2002

სასწაულები

ჩვენ უკვე საშინლად გადავიღალეთ, ხელები ჩამოვყარეთ, ცხვირები ჩამოვუშვით და სასო წარგვეკვეთა. თვალებანთებულები შევცქერით სატელევიზიო ბანძ საინფორმაციო პროგრამებს იმის იმედით, რომ იქნებ მასში კარგი ამბები გადმოსცენ, მაგალითად, ის, რომ რუსეთი აღარ არსებობს! ან საქართველოში ადამიანებს აღარ იტაცებენ და ენერგოსისტემაში დარღვევები აღარ არის. ხოლო ცუდ ამბებს იმ იმედით ვუყურებთ, რომ ეს ჩვენ არასოდეს შეგვეხება. ყოველთვის მღელვარებით დავცქერით საკუთარ ფოტოებს და ვიხსენებთ წარსულს, რომელიც, გვეჩვენება, რომ ძალიან ლამაზი იყო. რაღაცას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვგონია, ხვალაც გავაკეთებთ. ხვალ კი დავრწმუნდებით, რომ უკვე გვიანია.

ბევრს ვწუწუნებთ, თითქოს იმიტომ, რომ გვერდით მდგომს მსგავსი პრობლემა თავიდან ავაცილოთ, სინამდვილეში კი საკუთარ გრძნობებს და, შესაბამისად, საკუთარ თავს რეკლამას ვუკეთებთ და ამით სხვის ცხოვრებას ვამძიმებთ. ჩვენ თითქმის ყველგან და ყოველთვის რეკლამას ვიკეთებთ. რეკლამისთვის სიმღერის ნაცვლად, ვყმუით და ვბღავით, თითქოს ვინმესგან გამორჩეულები ვიყოთ. რეკლამისთვის პარლამენტარები ერთმანეთს თავში წალდებს ვურტყამთ. საკუთარი სახელის განდიდებისათვის რაც შეიძლება საშინელ ამბებს ვყვებით ტელეეკრანებსა და გაზეთის ფრცლებზე. იმისათვის, რომ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის სახელი გვერქვას, თვალს ვხუჭავთ ყოველგვარ სიმახინჯეზე. სოროებში ვცხოვრობთ და ისე ვუყურებთ ყველაფერს. პესიმიზმი ჩვენი ამოსაცნობი ნიშანია, ოპტიმიზმს კი საკუთარი ხელით ვასამარებთ.

ჩვენ აღარ გვაღელვებს ადამიანთა გარდაცვალება, თვით ბავშვების მკვლელობა, სიცივე, სიბნელე. ვემსგავსებით ცხოველებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის და შვილების გადარჩენისთვის ცხოვრობენ. ფეხებზე გვკიდია ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. შევძვერით ინტერნეტის აბლაბუდებში და ვეღარ ვხედავთ, როგორ სასტიკად კლავენ ზოოპარკში ცხოველებს და ქუჩაში ძაღლებს. ჩამოვეკიდეთ ჩვენს მობილურ ტელეფონებს და გვავიწყდება ჩვენი ახლობლების ავადმყოფობა, წუხილი. სხვების ტკივილზე აფთრებივით ვხარხარებთ. ინტელექტუალი და ელიტური ადამიანების სახეებს ვიღებთ და თვალები კი დახუჭული გვაქვს. ბრმებივით დავბორიალობთ, კედლებს დავყვებით, ვიღაცეების შიშით ქვეშ ვისვრით, ვიფსამთ და უკვე ამის აღარც გვრცხვენია. აგერ უკვე 15 წელია გულდამშვიდებით შევცქერით როორ გაჰყავთ ჩვენს ბინებში შუქი და მათი გვჯერა. ისიც გვკიდია, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ დიდ ნავთობისა და გაზის „ტრუბად“ გადავაქციეთ.

რაღაცაზე ვბრაზობთ, ოღონდ თავად არ ვიცით რაზე. ვიღაც უმიზეზოდ გვიყვარს, ვიღაც უმიზეზოდ გვძულს. გვგონია, რომ დროს ვკლავთ, სინამდვილეში კი დროს ვაკვლევინებთ თავს. ლამაზმა სიზმრებმაც კი მიგვატოვეს. შფოთით გვძინავს და ნერვიულები ვიღვიძებთ. ყველა საქმის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ არაფერი გამოგვდის. საკუთარ ჭირში ვიხრჩობით და თავი მაინც ყელგამოსაღადრი ბატკნებივით გვიჭირავს. გვშია, გვწყურია და ამით ერთმანეთთან ვამაყობთ კიდეც. ბევრი ფული არა გვაქვს და ესეც გვიხარია, ვინმემ რომ არ მოგვკლას. თუმცა აქ ხომ ღარიბსაც და მდიდარსაც ერთნაირად ხოცავენ. მათხოვრებად ვიქეცით. დეპრესია და სასოწარკვეთილება ჩვენთვის ბოროტების ის ნიშანია, შუბლზე რომ ამოგვატიფრეს. ჩვენ კი ბოროტისგან გათავისუფლება არ გვსურს, რადგან მონობასა და უკანალების ლოკვას შევეჩვიეთ. ჩვენ კი არ გვსურს მოვუსმინოთ ნამდვილ მუსიკას, ვიცხოვროთ ადამიანურად.

თუმცა ადამიანები ყოველთვის სასწაულებს ველოდებით, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ვიღაცამ უნდა მოახდინოს. რაც მთავარია, ვცდილობთ დავიჯეროთ, რომ სასწაული აუცილებლად მოხდება. ვეძებთ სიმშვიდეს. ვოცნებობთ ვიცხოვროთ განმარტოებულ სახლში, სადმე ზღვის ნაპირას, რომელიც აუცილებლად პალმებში იქნება ჩაფლული (აფხაზეთზე ხომ არ ვოცნებობთ?). თუკი უკურნებელი სენით ვართ დაავადებულები, გვჯერა, რომ აუცილებლად გამოვჯანმრთელდებით. გვგონია, რომ მარადიულად ვიცოცხლებთ და არასოდეს მოვკვდებით. ბავშვებივით გვწამს, რომ სადღაც შორს, თუნდაც ლაპლანდიაში მართლაც არსებობს თოვლის ბაბუა, რომელიც შობის ღამეს სასთუმალთან საჩუქრებს დაგვიწყობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ადრე თუ გვიან ის სიყვარული გვეწვევა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებოდით. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ჩვენში რწმენა, სასოება და სიყვარული დაისადგურებს. იმედი კი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს. მარტო ოცნებები დაგვახრჩობს. სასწაულების მოხდენა ჩვენ თავად შეგვიძლია. მავანი ჩვენთვის სასწაულს არ მოახდენს. საკუთარი თავი კი დღეს ამის საშუალებას არ გვაძლევს.

Monday, December 16, 2002

„ხელოვანი ექსტრემისტი და სულით ანარქისტი უნდა იყოს“

ზურაბ რთველიაშვილისთვის პოეზია ასაფრენი ზოლია

მულტიმედია არტისტს, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს საზოგადოება უფრო ანდერგრაუნდ სივრციდან იცნობს. 90-იან წლებში რთველიაშვილი და მისი მეგობრები არაორდინარულ პერფომანსებსა და აქციებში მონაწილეობდნენ. ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლება სწორედ მათი დამსახურებაა.

გასულ კვირას „კავკასიურმა სახლმა“ ზურაბ რთველიაშვილის ახალი წიგნის – „აპოკრიფის“ პრეზენტაცია მოაწყო. ეს პოეტური კრებული ზურასთვის რიგით მეორეა.

პრეზენტაციაზე ზურაბ რთველიაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს მწერლებმა შოთა იათაშვილმა, ნაირა გელაშვილმა, შალვა ბაკურაძემ, გიორგი ბუნდოვანმა (რომელმაც აღნიშნა, რომ „კავკასიურ სახლს“ ბოლო წლებში ამაზე უკეთესი წიგნი არ გამოუშვია) და სხვებმა. რთველიაშვილმა ჩვეული არტისტულობით ახალი კრებულიდან საკუთარი ლექსები წაიკითხა.

პრეზენტაციის შემდეგ გავესაუბრე ავტორს, რომელიც ამბობს: „მე ლექსებს არ ვწერ, უსასრულოდ სტრიქონებს ვკარგავ“...

– როგორ იწერებოდა შენი წიგნი, მაინც როგორ კარგავ უსასრულოდ სტრიქონებს?

– წელიწადში ზოგჯერ ერთ ლექსს ვწერ. ხელოვნების ენა იმდენად მდიდარია, მარტო ვერბალური ფორმებით არ შემოიფარგლება. ამას სხვადასხვა აქციონისტური ნამუშევრებით, პერფომანსით, საუნდპოეზიით ვავსებდი. ჩვენში ეს კულტურა დამკვიდრებული არ არის. დასავლეთისთვის კი ეს უკვე კლასიკაა. აქ აცხადებენ, რომ მე მულტიმედია არტისტი ვარ, მაგრამ ჩემი ბაზისი ყოველთვის პოეზია იქნება. გააჩნია, არტისტი საიდან მოდის. მე პოეზიიდან მოვდივარ. ის ჩემი საფუძველია – ასაფრენი ზოლი.

– როგორ ფიქრობ, რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ მწერლობაში და კერძოდ პოეზიაში თუნდაც ბოლო ათი წლის განმავლობაში?

Thursday, December 12, 2002

კულტურა

კულტურა ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ ქვეყნის თუ ეროვნების ბუნებრივ სახეს. თავად კულტურას ქვეყნის ხელისუფლება კი არა, ხალხი, საზოგადოება ქმნის. ჩვენში კულტურა რატომღაც მხოლოდ კულტურის მინისტრთან, თეატრთან, კინოსთან და საერთოდ, ხელოვნებასთან ასოცირდება. ხელოვნებას კი სწორედ იმიტომ ჰქვია ხელოვნება, რომ ის არ არის მარტოოდენ კულტურა. ხელოვნება, რა თქმა უნდა, შემოქმედებაა, რომელიც ერის კულტურის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ერის კულტურას არა მარტო მუსიკოსი, მსახიობი, მხატვარი, სკულპტორი, რეჟისორი, ჟურნალისტი, არქიტექტორი ან მწერალი, არამედ ხალხი ქმნის.

შესაძლოა საქართველოში ხელოვნების გარკვეული დარგები შესანიშნავ დონეზეა, მაგრამ ალბათ, ბევრი თქვენგანი დამერწმუნება, რომ ჩვენ, საერთო ჯამში, უკულტურო ერი ვართ. ჩვენი უკულტურობა კი იმდენად თვალში საცემია, ხშირ შემთხვევაში, მსოფლიოში სირცხვილით თავი ვერ გამოგვეყოფა. შევეშვათ იმას, რომ ჩვენ ელემენტარულ ბიურგერულ (ეს სიტყვა სრულებით არ არის სალანძღავი) ეტიკეტებს არ ვიცავთ. ამდენი ტყუილებისა და ნევროზული სიტუაციის გამო კი ძალიან არაბუნებრივები და პირქუშები გავხდით. ამით არამარტო ერთმანეთს, არამედ აქ ჩამოსულ სტუმრებსაც თავს ვაბეზრებთ. ჩვენ არა გვაქვს არც ქუჩაში ქცევის, არც ტრანსპორტით მგზავრობის, არც ტელეეკრანიდან საუბრის, არც ტელეფონზე ლაპარაკის, არც კინოსა და სპექტაკლის ყურების, არც ტაძარში დგომის, თუნდაც არჩევნების ჩატარების, ან სუფრის კულტურაც კი. შესაძლოა, ადრე გვქონდა კიდეც, მაგრამ დღეს სრული უკულტურობაა გამეფებული. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ საქართველო მსოფლიოს ხალხებში არა თავისი ხელოვნებითა თუ კულტურით, არამედ მხოლოდ ნავთობის „ტრუბით“ გახდა ცნობილი. თუმცა ეს ლოგიკურია. ამდენი ფარსი და ხელოვნურობა, რაც დღეს ქართულ ხელოვნებაშია, ალბათ, ავადსახსენებელ „კომუნისტების დროსაც“ კი არ არსებობდა. ისიც გაურკვეველია, რატომ იბრიქება დღეს, ქართული ხელოვნების ზოგიერთი „თვალსაჩინო“ მოღვაწე და რატომ აიგივებს თავის უნიჭო შემოქმედებას ქართულ კულტურასთან.

აქ არსებული სტერეოტიპის მიხედვით, დღეს გაქსუებული ახალი ქართველი „კულტურული“ ადამიანი უნდა ესწრებოდეს „მეტეხი პალასში“ გამართულ მოდების ჩვენებებს, სადაც თავიანთ „კოსწიუმებს“ წარმოაჩენენ ელიტური მოდელიორები, უნდა დადიოდეს უნიჭო კლიპების პრეზენტაციებზე და ასევე უნიჭო მომღერლების „პირდასაბჩენ“ კონცერტებზე. საღამოს კი უნდა გაერთოს, ანუ „იგულავოს“ კაზინოებში ან საუნებში, დღე კი რომელიმე რესტორანში უნდა დაასრულოს, სადმე ძველი ტაძრის მახლობლად, სადაც უნდა შეისვას სამშობლოს, კაი ბიჭებისა და წმინდა სალოცავების სადღეგრძელოები. ამის შემდეგ კი საკუთარი იარაღის „გამოცდაც“ შეიძლება ჰაერში ან ცოცხალ სამიზნეში. ესაა ნამდვილი „კულტურული“ ქართველის ოცნება და მიზანი.

ნამდვილი „კულტურული“ ქართველი ვინმესთან საუბრისას, რაც შეიძლება ხშირად უნდა იგინებდეს დედას, ამავე დროს, ბოლომდე უნდა შესვას მშობლების, განსაკუთრებით კი დედის სადღეგრძელო. საქართველოში ხომ დედის კულტია?! ოღონდ დედის პატივისცემის კი არა – გინების! ამით, ანუ ამ კულტურით კი ქართველები თითქოს ვამაყობთ კიდეც. „კულტურული“ ქართველი აუცილებლად უნდა მისტიროდეს წარსულს. მან არ უნდა იფიქროს არც აწმყოზე, მით უმეტეს – მომავალზე.

„კულტურული“ ქართველის აზრით, სხვა ერები უკულტუროები არიან, რადგან როდესაც, ჩვენ, თურმე ბიბლიას ვთარგმნიდით, „ისინი“ წინ ფოთოლაფარებულები დარბოდნენ, ამიტომ არც ინგლისელებს, არც ფრანგებს კულტურა არა ჰქონია. ვინც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ყოფილა, პირველ რიგში, ალბათ, ამ ქვეყნების მოქალაქეების ქცევის კულტურა მოხვდება თვალში. ისინი, არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმითაც უზარმაზარ პატივს სცემენ საკუთარ წარსულს და კულტურას. ჩვენ კი, მოვიგონეთ უაზრო ტრადიციები, რიტუალები. მიცვალებულის სასახლეს თავით სამჯერ კარზე ვაჯახუნებთ და ისე ვასაფლავებთ. მერე კი ვჭამთ, ვსკდებით, ვსვამთ, ღვინით ვიჭყიპებით და ამას მიცვალებულის პატივისცემას ვეძახით. არადა, ჩვენი უკულტურობით ცოცხლები ერთმანეთს სიცოცხლეს ვუმწარებთ, მერე კი „აუჰ, რა კაცი (ქალი) დავკარგეთ!“ – ვიძახით.

რა თქმა უნდა, კულტურაა ისიც, რომ ადამიანს კარგის დანახვა შეუძლია, მაგრამ უკულტურობაა ყველაფერზე თვალების დახუჭვაც. ყველაზე მეტად ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ „სასახლეში“ ჩაწვენილი ქართველთა უკულტურობა სამჯერ თავით კარზე მივაჯახუნოთ და სამუდამოდ მიწაში ჩავაგდოთ.

Wednesday, December 11, 2002

„ზუმბა“ მიწისქვეშ და მიწის ზემოთ – ქუჩის აკადემია მუსიკაში

ზაზა კორინთელი: „თუ მუსიკაში გულწრფელი ხარ, ის არ გაგწირავს – მუსიკა ერთგული მეგობარია“

ქუჩაში სიმღერა და დაკვრა, ალბათ, იმ უძველესი დროიდან მოდის, როცა კაცობრიობამ პირველი ქალაქების აშენება დაიწყო. შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდნენ მენესტრელები, რომლებიც ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დადიოდნენ და საკუთარი მუსიკით ირჩენდნენ თავს. ასე რომ, ქუჩის მუსიკა ეროვნული ფოლკლორისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია.

დღეს, თბილისში, რამდენიმე ადგილზე შეხვდებით ქუჩაში მდგომ მუსიკოსებს, რომლებიც თავიანთი დაკვრის საფასურად ადამიანების ყურადღებასა და მცირე მატერიალურ შემონაწირსაც იმსახურებენ. თუმცა, ეს ზოგიერთს ძალიან უცხოდ ხვდება თვალში.

„ახალი ვერსია“ გაესაუბრა ბოლო წლების ერთ-ერთ პირველ თბილისელ ქუჩის მუსიკოსს, ზაზა კორინთელს, იგივე „ზუმბას“, რომელმაც თავისი შემოქმედებითი ცხოვრების 5-6 წელი ქუჩას დაუთმო და ცხოვრების ამ მონაკვეთს დიდი სიამოვნებით იხსენებს.

ზაზა კორინთელი: „ის წლები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეტაპი იყო. ეს სულის მოთხოვნილებაა. ქუჩის კონცერტებს სულ სხვა დანიშნულება აქვს. ეს არის ხალხთან უშუალო კონტაქტი, ყოველგვარი რეკლამის, ბიზნესის გარეშე. როდესაც დრო გვაქვს, ქუჩაში ისევ ვუკრავთ. ყველაფერი კი, 1990-იან წლებში დაიწყო, როცა სკოლა დავამთავრეთ, ცხოვრებაში ფეხი შევდგით და დაკვრა დავიწყეთ. ყველაზე საუკეთესო სცენა ქუჩა აღმოჩნდა. ეს ჩვენთვის არასოდეს ყოფილა რაღაც ორიგინალობის ძიება ან თვითრეკლამა. ქვეყანაში ძალიან დაძაბული, დეპრესიული, ომის მდგომარეობა იყო. არ არსებობდა შემოქმედებითი ცხოვრება, არც დაკვრის, არც საკონცერტო განწყობა შეიმჩნეოდა. ჩვენმა ქუჩის კონცერტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ხალხმა იცოდა, რომ ყოველდღე თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, დღის გარკვეულ მონაკვეთში ეწყობოდა სულის ერთგვარი ზეიმი. იქ იკრიბებოდნენ ადამიანები ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან. ჩვენ სიმბოლურად პატარა სცენა გამოვჭედეთ, რომელიც შეგეძლო წაგეღო ან წამოგეღო. მასზე სამი-ოთხი კაცი ეტეოდა. ეს სიმბოლური სცენა მხოლოდ 10 სანტიმეტრით იყო ამაღლებული. ზოგს ეგონა, რომ „საწყალ ბიჭებს“ ძალიან გვიჭირდა და ამის გამო მთავრობას დედას ვაგინებდით. ზოგს პოლიტიკური აქცია ეგონა.

Tuesday, December 10, 2002

აკა მორჩილაძე: „ძალიან მინდა, ჩემი წიგნები ერთმანეთს არ ჰგავდეს“

„სხვა“ ამბავი პალტოიანი კაცისა და მისი ცოლისა, რომელიც იქ მკვდარია, მაგრამ აქ ცოცხალია

აკა მორჩილაძის (გიო ახვლედიანის) ყოველ წიგნს ქართველი მკითხველი სულმოუთქმელად ელის. მის მიერ დაწერილი თითქმის ყველა რომანი თუ მოთხრობების კრებული ბესტსელერად იქცევა ხოლმე. ამას ადასტურებს თბილისის წლევანდელი ტრადიციული წიგნის ბაზრობა, სადაც გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ხალხმა აკა მორჩილაძის წიგნები შეიძინა.

წინა კვირას კლუბ „სარდაფში“ სახუთშაბათო ლიტერატურული საღამო აკა მორჩილაძის ახალი წიგნის („სხვა“) პრეზენტაციას დაეთმო, რომელსაც თავად ავტორი ესწრებოდა. მის ახალ წიგნზე ისაუბრეს, თქვეს, რომ ეს არის თრილერი, ამავე დროს, იქ შეკრებილმა საზოგადოებამ ავტორს, კითხვები დაუსვა. საღამო მალე დამთავრდა. გიო ახვლედიანი საზოგადოებრივ თავყრილობებს ნაკლებად ეტანება და ამაში მისი გამართლებაც შეიძლება. „ახალმა ვერსიამ“, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევით ისარგებლა და მწერალს გავესაუბრეთ.

აკა მორჩილაძე: „ძალიან მინდა, რომ ჩემი წიგნები ერთმანეთს არ ჰგავდეს. „სხვას“ ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს ნაწარმოებიდან „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ – პალტოიანი კაცი და მისი ცოლი, რომელიც იმ ნაწარმოებში მკვდარია, მაგრამ აქ ცოცხალია.

– გიო, დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს როგორ უყურებ?

– რა უნდა გითხრა, მე არა ვარ ისეთი სერიოზული და ღრმა კაცი, რომ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე გელაპარაკო. რაიმე რომ გითხრა, მოგატყუებ. დღეს აქ ბესო ხვედელიძის წიგნის პრეზენტაციაც იყო. ვფიქრობ, ბესო ძალიან მაგარი მწერალია და სულ უფრო უკეთეს ნაწარმოებებს წერს. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანები ბევრს წერენ, მუშაობენ.

– უპრეტენზიო, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან პოპულარული მწერალი ხარ.

– რუსულ სატელევიზიო არხზე „კულტურა“ იყო გადაცემა მწერლობაზე. იქ ისაუბრეს „მოდურ“, „პოპულარულ“ და „ნამდვილ“ მწერლებზე. „მოდური“ მწერლები ძალიან გამოლანძღეს. ვთვლი, რომ სწორედ მოდის ბრალია ჩემი პოპულარობა. ეს ტალღა რომ გადაივლის, აღარავის ემახსოვრები, დაჯდები შენთვის წყნარად და დაწერ თუ კიდევ გეწერინება და მართლა მოდისთვის არ წერ. ეს მერე გამოჩნდება.

– საქართველოს უამრავი პრობლემიდან გამომდინარე, მაინც გეწერინება?

– მე ჩემთვის უკეთესი გასართობი და სასიამოვნო ვერაფერი მოვიფიქრე. ბორხესი ამბობს, იმ კაცისთვის, ვინც წერს, ყველაზე დიდი გამოგონების სიამოვნებაა, სხვა სიამოვნება მწერლისთვის არ არსებობსო. მეც ვიგონებ და ვიგონებ, მეგონინება. სანამ გეგონინება, ეს პროცესი ხელოვნურად არ უნდა შეაჩერო. გარშემო არსებულმა მძიმე მდგომარეობამ არ უნდა იმოქმედოს. უფრო სწორად, არ უნდა ამოქმედებინო საკუთარ თავზე. ერთი ძველი პატიმარი მიყვებოდა, როდესაც სტალინის დროს ხალხს იჭერდნენ, ჩვენს საკანში ერთი კაცი იჯდაო. ვესაუბრებოდით და არ გვპასუხობდა, ნუ მელაპარაკებით, გამორთული ვარ, ციხეში ნუ გგონივართო. ეს ძალიან კარგი მაგალითია, როდესაც ციხეში ხარ და თან არა ხარ კიდეც. როდესაც ადამიანი ამას მიაღწევს, მას იმდენად აღარ შეაწუხებს პრობლემები. წერა მატანინებს ამ უარყოფითი ინფორმაციის ნაკადს, რასაც მასმედია ასე დაჟინებით აშუქებს.

– ჟურნალისტურ მუშაობას თუ აგრძელებ?

– როგორ არა. „სარბიელში“ სპორტულ ჟურნალისტად ვმუშაობ.

– რომელი საქმიანობა უფრო სახალისოა შენთვის და რომელი უფრო სერიოზული?

– პროფესიას ასე ვერ დავყოფ. შესაძლოა, წიგნების წერა ცუდად გამოგდიოდეს და კარგი ჟურნალისტი იყო, ან პირიქით. არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს ფეხბურთზე, კრივზე წერა. ვერ გავარკვიე, რომელი მათგანი უფრო მომწონს".

Monday, December 9, 2002

ბესო ხვედელიძე მოჯადოებული პერსონაჟების ტყავში ძვრება

„ათ წელზე მეტია, ამ დონის პროზაული კრებული არ გამოცემულა“ – ამბობს ბაკურ სულაკაური

ბესო ხვედელიძემ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე მოასწრო სამი წიგნის გამოცემა. ბოლო დროს მას საქმეც მოემატა – ლიტერატურულ გაზეთს „სუფთა წერა“ რედაქტორობს. წინა კვირას კლუბ „სარდაფში“ მისი ახალი პროზაული კრებულის „ჯადოს“ პრეზენტაცია მოეწყო. ამჯერად ბესოს წიგნი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ დასტამბა. წიგნში შესულია ავტორის საუკეთესო მოთხრობები, რომელიც 1998-2002 წლებში დაწერილა.

ბაკურ სულაკაურმა პრეზენტაციაზე განაცხადა: „ათ წელზე მეტია, ამ დონის პროზაული კრებული არ გამოცემულა“. მწერალ შოთა იათაშვილის აზრით, ბესოს ძლიერი ლიტერატურული ენერგეტიკა აქვს, ბოლო დროს კი ენობრივი ექსპერიმენტები დაიწყო. „ჯადოს“ ავტორი ჩვენი სტუმარია.

– ბესო, რატომ თვლი, რომ „ჯადო“ ამ წიგნის წამყვანი მოთხრობაა?

– ჩემი მეგობრების აზრით, ამ ნაწარმოებს ყავლი არ გასდის, ანუ დრო ვერაფერს ავნებს. კრებულის პირველმა მოთხრობამ „თამრო“ ბაკურ სულაკაურზე თვალშისაცემი ეფექტი მოახდინა. ეს ძალიან მტკივნეული ამბავია. მასში ნამუსახდილი რეალობაა გადმოცემული. ეს და-ძმის ტრაგედიაა.

– რას ფიქრობ დღევანდელ ქართულ მწერლობაზე და საერთოდ, ლიტერატურულ სივრცეზე?

– როგორც მკითხველი, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კარგი ნაწარმოებები დაწერილიყოს, მწერლები უფრო პროდუქტიულნი ყოფილიყვნენ. კარგი ნაწარმოების წაკითხვა ჩემთვის ორი-სამი ნაბიჯია ღმერთისკენ. ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ ტყიური ცხოვრებიდან გამოსვლას.

– არის თუ არა კარგი პროზაიკოსების დეფიციტი საქართველოში?

– რა თქმა უნდა, ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად, ცოდნისა და განათლების მიღების აუცილებლობამ ფასი დაკარგა. მისი ადგილი თანდათან დაიკავა გარე ძალებისა და მასმედიის მიერ შემოტენილმა მდარე პოპ-კულტურამ, რომელმაც თაობები მშობლიურ ენას ძალიან დააცილა. ეს ძალიან დიდი დარტყმაა ლიტერატურისათვის. ქვეყნის ცხოვრების სპექტრში ეს შეიძლება არ იყოს შესამჩნევი, მაგრამ, ვინც ლიტერატურულ წრეში ტრიალებს, მათთვის კრიზისი ძალიან შესამჩნევი და მტკივნეულია.

– ბაკურ სულაკაურმა აღნიშნა, რომ გაისად შენს რომანსაც დაბეჭედავს. რა რომანზეა საუბარი?

– ამ რომანის წერა 8 წლის წინ დავიწყე და იანვრის ბოლოს მზად იქნება. ის კინოსცენარის სახით შეიქმნა და ერთ-ერთ სასცენარო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. ამ სცენარის მიხედვით ფილმიც უნდა გადაღებულიყო, მაგრამ სულელური, სუფთა „ქართული“ მიზეზების გამო, ჩაიშალა. ძალიან მენანებოდა და ამიტომ დავიწყე რომანად გარდაქმნა. მისი სამუშაო სათაურია „ლბილი სევდის დედა“, ანუ აბრევიატურით „ელესდე“. რომანში საუბარია რაღაც ცუდის საწყისზე. ვნახოთ, ბაკურს უყვარს სათაურების შეცვლა და რა დარჩება საბოლოოდ. რომანს ალბათ სკანდალური ელფერი გასდევს. რამდენიმე სიუჟეტი ერთდროულად ვითარდება და ბოლოს ერთ კვანძად იკვრება. მასში გადმოცემულია ახალგაზრდა გოგონასა და ბიჭის სიყვარულის ამბავი, რომელთა ურთიერთობაც ინგრევა.

– ჰემინგუეი მძაფრი ემოციებისთვის ომშიც კი მიდიოდა მოხალისედ. ჩვენი გარემო პირობები ნამდვილად არაა სახარბიელო. რამდენად აისახება ეს თუნდაც შენს შემოქმედებაზე? არის თუ არა საქმე საწუწუნოდ?

– არა, საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არა გვაქვს და არც არასდროს მიწუწუნია, რადგან ყოველთვის არსებობდა რაღაც თემები, გარკვეული ადგილები და სივრცეები, სადაც შესაძლებლობა მქონდა შევყუჟულიყავი, იქაურობისთვის ალღო ამეღო, გამეშიფრა და ნაწერის სახით გადმომეღვარა ფურცელზე. ვიყავი აფხაზეთის ომში, როგორც ჟურნალისტი და ორი წლის განმავლობაში მომიწია მის ქაოსში ყოფნამ, რაც ჩემს შემოქმედებაზე აისახა. ფაქტობრივად, რაც ჩემს მოთხრობებშია გადმოცემული, იმ რეალობის მოტანილია, რომელსაც ვეზიარე. ჩემი პერსონაჟების ტყავში ვძვრები და ვალაპარაკებ. ჩემი მოთხრობები, ძირითადად, დოკუმენტურია და ფანტაზია მხოლოდ სიუჟეტის აგებაში მჭირდება.

Wednesday, December 4, 2002

ჟორა საკუთარ თავს ზებრას ადარებს

„თუ ქვეყანაში წესრიგი გვინდა, მუსიკით უნდა დავიწყოთ“

ქართულ მუსიკალურ სცენას, მით უმეტეს, ალტერნატიული მუსიკის სცენას ყოველთვის აკლდა და აკლია შინაარსიანი შოუ, თუნდაც უპრეტენზიო წარმოდგენა, რომელშიც შემსრულებელი უფრო ნათლად წარმოაჩენს საკუთარ თავსა და სათქმელს. როდესაც შოუს ვახსენებ, არავითარ შემთხვევაში რაღაც პომპეზურ წარმოდგენას ან მრავალფეროვან ფოიერვერკებს არ ვგულისხმობ.

გასულ კვირას „თეატრალური სარდაფის“ სცენაზე მუსიკის მოყვარულები მოწმენი გახდნენ ჟორას (დავით ჟორჟოლაძის) მუსიკალური აქციისა „ჟორას აქ ცი(ვ)ა“. პატარა შოუ დაახლოებით საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა.

ჟორა უკვე დიდი ხანია, რაც ალტერნატიული მუსიკის წიაღში ტრიალებს არა მარტო იმის გამო, რომ მღერის და შესანიშნავ მუსიკას წერს, ის თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო რადიოს – „პირველი რადიოს“ (FM 106.4) მხატვრული ხელმძღვანელი და საავტორო პროგრამის „საღამოს სტუმარის“ წამყვანიცაა. ბოლო აქცია (რაც არ ნიშნავს, რომ იგი რაღაცის წინააღმდეგაა მიმართული) ჟორამ თავის გულშემატკივრებს ზუსტად ორი წლის წინ აჩუქა. მანამდე კი, თბილისის ომის დაწყებამდე, ჟორა ერთ-ერთ თბილისურ ჯგუფში უკრავდა ძირითადად „ბითლზების“ რეპერტუარს. მისი ყველაზე მხცოვანი სიმღერაა „მაისის ბლუზი“, რომელსაც მსმენელი უფრო კარგად იცნობს სახელით „ჩემი გიტარა ეწევა სიგარას“.

Tuesday, December 3, 2002

ეროვნული ჰიმნი

ყოველთვის, როდესაც ეროვნული ჰიმნი ჟღერს, თვალწინ მიდგას არა ადამიანი, რომელიც გულზე ხელმიდებული, სმენაზე დამდგარი თვალებგაბრწყინებული მღერის თავისი ქვეყნის მთავარ მუსიკალურ ნაწარმოებს, არამედ ცაზე მუშტმოღერებული, წარბშეკრული ქართველი, რომელიც, ამავე დროს, ეგზალტირებულიცაა. მისთვის ეროვნული ჰიმნი არა სიამაყე, არამედ იმის განცდაა, რომ მის დაბეჩავებულ ქვეყანას მუსიკალური ჰერალდიკაც ჰქონია, რომელსაც რაღაც ტექსტიც აქვს. ეს მუსიკალური ნაწარმოები კი ამ მუშტებმოღერებული ქართველისთვის არ იმღერება. აი, „სიყვარული დაფრინავს“ კი იმღერება, უფრო მეტიც, ირეპება და რემიქსდება კიდეც, მაგრამ ამ ეროვნული ჰიმნის მელოდიას ქართველმა ვერაფერი გაუგო.

არადა, ამ ეგზალტირებულ, მაგრამ, ამავე დროს, ნევროზულ ქართველს კარგად ესმის, რომ ქვეყანას ჰიმნი უნდა ჰქონდეს. ო, რამდენჯერ უნატრია სტადიონზე მყოფი გერმანელი ან ინგლისელი ფეხბურთის გულშემატკივრის ბედი, რომლებიც სიამოვნებითა და სიამაყით მღერის საკუთარი ქვეყნის ჰიმნს, თანაც ისე ლაღად, თავისუფლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რომ... მოკლედ, მათი ძლიერ შურს. ამას წინათ სტადიონზეც კი მივიდა საკუთარი საფეხბურთო გუნდის საგულშემატკივროდ. იქ ეროვნული ჰიმნის ტექსტი დაახვედრეს, მაგრამ რად გინდა, ვერაფრით იმღერა. ამაზე გაბრაზებულმა კი მოწინააღმდეგე გუნდის ნაციონალური ჰიმნის გაგონებაზე ისეთი სტვენა და გინება ატეხა, თავადაც მიხვდა, ზედმეტი რომ მოუვიდა. ნერვიულობისგან სამშობლოს ჰიმნის ტექსტიანი ქაღალდი ნაკუწებად აქცია და ირგვლივ მიმოფანტა.

მერე წარმოიდგინა ქართველთა სპორტული წარმატებები, როდესაც დიდების კვარცხლბეკზე ასული სპორტსმენის საპატივცემულოდ სადღაც ამერიკაში თუ ტანზანიაში ქართული ჰიმნი ჟღერს. ვერც ამან უშველა. ეგზალტირებული ქართველისთვისთვის აღნიშნული ჰიმნი არ არის შვებისა და სიამაყის მომგვრელი. ამავე დროს, მას ქართული დროშის შავი ზოლიც არ მოსდის თვალში. ნერვიულმა ქართველმა სხვა გამოსავალს დაუწყო ძებნა და წარმოიდგინა გარემიქსებული, გაპოპსებული ჰიმნი, რომელსაც გამოზანგებული სულიკო ბიჭები შეასრულებდნენ, მაგრამ გუნება წაუხდა. მას ფანტაზია არ ეყო, თუ როგორ შეიძლება დისკოთეკაზე ჩართული აღნიშნული ჰიმნის რემიქსის გაურკვეველ ტექსტზე კურტუმოები აქნიონ ე. წ. თინეიჯერმა გოგონებმა და ბიჭუნებმა. თანაც... ოჰჰ, ეს ტექსტი! მან ვერაფერი გაიხსენა სიტყვა „დიდების“ გარდა.

ეგზალტირებული ქართველის ფანტაზია იქამდე დაეცა, რომ საქართველოს ჰიმნად „სიყვარული დაფრინავს“ წარმოიდგინა. ამ შემთხვევაში ნერვიული ქართველი ჰიმნს თავისუფლად შეასრულებდა როგორც სტადიონზე, ასევე – ტუალეტშიც. მისი აზრით, ეს ჰიმნი თანაბრად მისაღები შეიძლება გახდეს როგორც ახალი, ისე ძველი ქართველისთვის. მის ტექსტსაც არა უშავს, ადვილად დასამახსოვრებელია. ნერვიული ქართველის აზრით, აღნიშნული სიმღერა თუ ეროვნული ჰიმნი გახდა, მისი გარეპვა და გარემიქსებაც ადვილად მოხდება. თუმცა ქართველმა იგრძო, რომ რაღაც მაინც არ იყო თავის ადგილზე, რომ ეს სიმღერა მაინც ვერ იჰიმნებოდა. მართალია, ამ სიმღერაში „სიყვარული არ დადის“, მაგრამ მუსიკალური ეროვნული ჰერალდიკისთვის უფრო ამაღლებული მოტივებია საჭირო. ნერვიული ქართველი ახლა უკვე მართლა საგონებელში ჩავარდა. მან კიდევ რამდენიმე პოპულარული სიმღერა „მოსინჯა“ ეროვნული ჰიმნის ადგილას, მაგრამ კვლავ გაწბილებული დარჩა. იგი კიდევ უფრო ეგზალტირებული გახდა, თუმცა მაინც ჩაფიქრდა.

„ეროვნული ჰიმნი ეროვნული, ამაღლებული, ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიითა და ტექსტით უნდა იყოს“ – თავის ფიქრებში „აღმოაჩინა“ მამულის სიყვარულით გულანთებულმა ქართველმა და თვალები გაუბრწყინდა. თვალებანთებული უკვე ნაკლებად ეგზალტირებული ქართველი დამშვიდდა და მას თვალწინ წარმოუდგა ომსა და სპორტში გამარჯვებული თანამემამულენი როგორ სიამაყით, სიხარულით თვალცრემლიანები უსმენენ და ასრულებენ თავიანთი ქვეყნის ჰიმნს, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს.

Monday, December 2, 2002

ვისაც კომპიუტერი გაქვთ, დიდი ბედნიერება გელით

„ქართული ფოლკლორი“ თანამედროვე კარცერ-ლუქსებისთვის

ალბათ ზედმეტი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანას ფოლკლორისა და ხალხური შემოქმედების გაქრობის შემდეგ აღარ ერქმევა საქართველო. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გაუფრთხილდება მომავალი თაობა იმ კულტურულ ფასეულობებს, რაც დღემდე ჩვენმა დიდმა წინაპრებმა მოიტანეს.

„პირველი ელექტრონული გამომცემლობა“ („პემ“) ქართული ტრადიციული კულტურული ღირებულებების ელექტრონულ, კომპიუტერულ ფორმატში პოპულარიზაციას ეწევა. ამ გამომცემლობამ და მისმა ხელმძღვანელმა კახა დავითურმა შექმნეს სერია „ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის“.

„პემ“-ის პირველი ნაყოფი იყო კომპაქტ-დისკი „გალაკტიონი“, რომელიც მთლიანად ქართველი კლასიკოსის შემოქმედებას მიეძღვნა. სულ ახლახანს კი გამომცემლობამ და „ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ფონდმა“ გამოუშვეს ახალი ელექტრონული წიგნი „ქართული ფოლკლორი“. ეს კომპიუტერული წიგნი (კომპაქტ-დისკი) მრავალფეროვანია და შეიცავს ძირითად თავებს: პოეზია, ზღაპრები, ლეგენდები, ანდრეზები, ვიდეოთეკა, აუდიოთეკა, საყმაწვილონი და ეპიტაფია. წიგნის მთავარი რედაქტორია ვახუშტი კოტეტიშვილი.

























ახალი ელექტრონული წიგნის შესახებ „ახალ ვერსიას“ მისი ავტორი, კახა დავითური გაესაუბრა.

კახა დავითური: „წიგნის კომპიუტერული გვერდები გაფორმებულია ძველი ქართული საფლავის ქვებით და ქართული ხალიჩების ორნამენტებით. აგრეთვე, მასში შესულია თენგიზ მირზაშვილის ნახატები. პოეზიის გვერდი იყოფა „პოემების“, „კლასიკურისა“ და „თანამედროვეს“ განყოფილებებად. ყველაფერი წიგნივით იკითხება და ტექსტს თან მუსიკალური ფონი გასდევს. ჩვენ შევეცადეთ, ყოველ გვერდზე სახასიათო ქართული მუსიკა დაგვედო. ამ წიგნში გამოყენებული მუსიკალური ფონების 80% კონსერვატორიის აუდიო ფონდიდანაა გამოყენებული. ფირების ჩანაწერები საკმაოდ კარგად გავასუფთავეთ. „კლასიკურ“ პოეზიაში გვერდები თემატურადაა აწყობილი. არის ცნობილ მოკაფიეთა ლექსები. მათი ავტორებიდან ბევრი ვაჟასაც იცნობდა. ლექსების გასწვრივ კაფიების ავტორთა ბიოგრაფიებიცაა მითითებული, მაგრამ დისკზე არიან უცნობი ავტორებიც. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა მკითხველის ინტერესები დაგვეკმაყოფილებინა. ამ წიგნს სიამოვნებით გაეცნობა როგორც სტუდენტი თუ რიგითი ფოლკლორის მოყვარული, ასევე, ბავშვიც.

ელექტრონულ წიგნში სიმბოლურად ცხრა ქართული ზღაპარი შევიტანეთ, რომელიც მსახიობების მიერაა გახმოვანებული. წიგნში შესულია ყველაზე გავრცელებული ძველი ქართული ლეგენდები. მასში მუსიკალურ ფონად გამოყენებულია უძველესი ქართული ინსტრუმენტი – უენო სალამური. ალბათ გახსოვთ, რომ ეს სალამური 60-იან წლებში აღმოაჩინეს უძველეს სამარხში, სადაც მწყემსი ბიჭუნა იყო დაკრძალული. დისკზე არის ანდრეზების გვერდი. მასში შესულია სვანური, მეგრული, სამცხე-ჯავახეთის, თუშური, ფშავური, გუდამაყრული და აფხაზური ანდრეზები. ანდრეზი ანდერძის სახესხვაობაა, რომელიც ძირითადად მთაში იყო გავრცელებული და მასში გადმოცემულია ამა თუ იმ გვარის, სალოცავის წარმოშობის კარდინალური ისტორიები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ანდრეზი წმინდათა წმინდა, მითოლოგიური ლეგენდაა.

„ვიდეოთეკის“ გვერდში ჩაწერილი სამი ფილმიდან ერთ-ერთი 1927 წელს გადაღებული უიშვიათესი ფირია, რომელიც ვინმე რუს კინოდოკუმენტალისტს შატილში ანტიალკოჰოლური კამპანიის ჩასატარებლად გადაუღია. მან ხევსურთა ყოფა-ცხოვრება ფირზე აღბეჭდა და უნებლიე მემატიანედ იქცა.

„აუდიოთეკაში“ შეტანილია სამი პუნქტი. ესენია: „ლექსები“, „სიმღერები“ და „ანდრეზები“. ზოგიერთი ანდრეზი გახმოვანებულია. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ მეცნიერს, ზურაბ კიკნაძეს და, საერთოდ, უნივერსიტეტის კათედრას. „სიმღერებში“ შესულია ხალხური სიმღერების საუკეთესო შემსრულებლები. ესენი არიან: აკაკი ხარებავა, მარო თარხნიშვილი, კირილე პაჭკორია, ანანია ერქომაიშვილი, ჰამლეტ გონაშვილი და სხვები.

„ლექსების“ გვერდში თავად მათი მთქმელების ხმები ჟღერს, მხოლოდ თენგიზ არჩვაძე ასრულებს რამდენიმეს.

დისკზე არის „საყმაწვილო“ გვერდი: „ანდაზები“, „გამოცანები“, „ენის გასატეხები“, „გამოსაჯავრებლები“, „ლექსები“, „თამაშობანი“, „ლოცვა-წყევლა“ და „მოსწრებული გამონათქვამები“. ყველა მათგანი გაფორმებულია კონსერვატორიის ფონდიდან ამოღებული სათამაშო, საყმაწვილო მუსიკით.

ჩვენი წიგნის ბოლო განყოფილებაა „ეპიტაფია“, რომელშიც შესულია აუდიოთეკაში დაცული ხმოვანი ბილიკები. ჩვენ ისინი ერთმანეთს გადავაბით და ძველი საფლავის ქვების სურათებს 24-წუთიანი უწყვეტი ფონი გასდევს. რა თქმა უნდა, ჩვენ მთლიანად ქართულ ფოლკლორს ვერ მოვიცავთ, მაგრამ, რასაც მივწვდით, დისკზე დავიტანეთ“.

წიგნის მუსიკალური რედაქტორია იაკობ ბობოხიძე. დისკზე, ასევე, იმუშავეს: ზურაბ კიკნაძემ (ანდრეზები და მისი ჩანაწერები), თენგიზ მირზაშვილმა (მხატვრული გაფორმება), ამირან არაბულმა (ეპიტაფიის ფოტოები), ეთერ თათარაიძემ და სხვებმა. ყველა გასაყიდ დისკში ხუთლარიანი კუპონი დევს, რომელიც მის მფლობელს საშუალებას მისცემს, შეღავათიან ფასში შეიძინოს მესამე წიგნი – „ვაჟა“, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას დაეთმობა. თბილისის თითქმის ყველა სკოლაში მოსწავლეთათვის „ქართული ფოლკლორის“ შესაძენი 20%-იანი ფასდაკლების ბარათები დარიგდება.