Wednesday, January 31, 2001

ლადო ბურდული – ქართული ხელოვნება არ არსებობს

საქართველოს ალტერნატიული როკის ვეტერან, მაგრამ მარად ახალგაზრდა მუსიკოსს ლადო ბურდულს თქვენ წინაშე, ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი, ერთი შეხედვით, არაორდინარული, ზოგჯერ ბევრისთვის გამაღიზიანებელი, მეორეს მხრივ, კი ძალზედ ადამიანური, ხშირად სამართლიანი რეალური სამყაროს აღქმით. დღევანდელი ჩვენი უშუალო საუბარიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. ჟურნალ „ვარსკვლავების“ გამოკითხვების შედეგად, ეს მუსიკოსი საქართველოს შოუბიზნესში წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ მამაკაცად დაასახელეს, რაც ლადოს ძალიან ესიამოვნა.

– ლადო, რა ხდება ახალი შენს ცხოვრებაში?

– დღეს მზიანი ამინდია. გუშინ თოვდა. 

– მუსიკის გარდა კიდევ რითი ხარ დაკავებული?

„ვარსკვლავების“ არქივიდან
– ბევრი შაქრიანი არ დავლიო და არ გავსუქდე. მუსიკის გარდა დილაობით ხან დავრბივარ, ხანაც – არა. კიდევ რაღაც ტუსოვკებს ვაწყობ.

– შენს სახლში ხო? 

– აბა, სხვა თავის სახლში არ მიშვებს და კიდეც რომ შემიშვას, მაგარი გოიმური „აბსტანოვკა“ იქნება ყოველთვის. 

– როგორ ცდილობ, შენთან არაგოიმური სიტუაცია შეინარჩუნო?

– ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. ეს სახლი კი არა, უნივერსიტეტია, სადაც ახალგაზრდები და ის ხალხი, ვისაც ხელოვნება უყვარს, უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე გამოყინულ ინსტიტუტებში ბაბუაჩემის და ბებიაჩემის ასაკის ლექტორებიდან. მეტი რა გითხრა?!

– რატომ არ ეშვები როკენროლს?

– აბა, სხვას რას უნდა ჩავეჭიდო? მითხარი და მოვეშვები. პოლიტიკოსი რომ გავხდე და პარლამენტში დავჯდე, უფრო კარგი პონტი იქნება? 

– ხომ შეიძლება გახდე ვთქვათ, ბიზნესმენი, ან თუნდაც ქურდი? 

– ქურდობა უკვე დაგვიანებულია. ბიზნესმენიც ვერ ვიქნები, რადგან თვლა არ შემიძლია – ორჯერ ორი რომ ხუთია, ვიცი და იმის იქით ვერ ვქაჩავ. 

– ლადო, საკუთარ მუსიკალურ ახალ პროექტს როდის და სად მოვუსმენთ ან ვიხილავთ?

– მუსიკალური პროექტების მეტი რა მაქვს, მაგრამ, ალბათ, ყველას მოგეხსენებათ, პროექტის განხორციელებას მარტო სურვილი არ ყოფნის. ფინანსებიც საჭიროა. ფინანსები კი, შენც იცი, ვისაც აქვს. აქედან გამომდინარე, მე არ შემიძლია ერთდროულად ბიზნესმენიც ვიყო და მუსიკოსიც, როგორც ეს საქართველოში ხდება. 

ფოტოს ავტორი: ლაშა გაბუნია
– ნუთუ მთელ საქართველოში არ მოიძებნება ვინმე ფულიანი ბიძია, ბაბუა ან შენი თანატოლი, რომელიც შენი მუსიკალური იდეების განხორციელებით დაინტერესდება?

– მე უფრო ნაშებს ვეძებდი, ბიძებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე. ფულიანი, ამასთანავე, როკენროლის მოყვარული ნაშა კი ჯერ არ გამოჩენილა, რომელიც დაასპონსორებდა ჩემს სიცოცხლით, იმედით და ოპტიმიზმით აღსავსე პროექტებს. 

– კი მაგრამ, შენ ხომ რამდენიმე გრანდიოზული ფესტივალი მოაწყვე? ვიღაცები ხო დაგეხმარნენ? 

– მათში უმთავრესად იდო არა ქართული, არამედ ინგლისური ფული. ვინც კი ჩვენთან ჩამოდის და ხედავს ყველაფერ ამ საშინელებას, უჩნდება სურვილი, რომ ვიღაცას დაეხმაროს. ბევრი ხშირად ჩვენებურ ყაიდაზე გადადის და ისეთივე ხდება, როგორც აქაური ბიუროკრატი და კორუმპირებული ადამიანები. მე კი, რა თქმა უნდა, იმათზე ვლაპარაკობ, რომლებიც ვერ ასწრებენ გარყვნას. ასეთი იყო ენდრიუ ბარნაბი, რომელმაც ჩადო მასში ინგლისური ფული. კიდევ მეხმარებოდნენ ჩემი ძველი მეგობრები და ახლობლები, რომლებიც ძალიან ნორმალურები არიან. 

– ლადო, ჩვენმა საერთო მეგობარმა, ჟურნალისტმა ბიძინა მაყაშვილმა ჩემთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართული როკი თუნდაც იმიტომ არსებობს, რომ არსებობს ლადო ბურდულიო. შენ თავად ვის მიიჩნევ ქართული როკის თვალსაჩინო წარმომადგენლებად?

Saturday, January 27, 2001

ბიძინა მაყაშვილი – ნეტავ საერთოდ არ ვუყურებდე ქართულ პოპმუსიკას

ჟურნალისტი ბიძინა მაყაშვილი ალბათ, ერთადერთი როკ-მიმომხილველი იყო და არის ქართულ პრესაში. ბევრი თქვენგანი, სავარაუდოდ, უკვე იცნობს მას, წაუკითხავს მისი სტატიები ქართველ და უცხოელ შემსრულებელთა შესახებ გაზეთებში: „ახალგაზრდა კომუნისტი“ (შემდგომში „ახალგაზრდა ივერიელი“), „7 დღე“, „საქართველოს გაზეთი“, „ეკოდაიჯესტი“. ჩვენ უკვე 6 წელია, რაც ვმეგობრობთ. ამ ხნის განმავლობაში მხიბლავდა და მხიბლავს მისი წერილების მართალი, ზოგჯერ ირონიული, მაგრამ არა გესლიანი ტონი. ამჯერად ბიძინა კომპანია „ჯეოსელის“ ჟურნალ „დიALOგის“ რედაქტორია, არის ჟურნალ „სტუდიას“ რედკოლეგიის წევრი. მას დიდ პატივს სცემენ ქართველი როკმუსიკოსები, ჟურნალისტები და, რა თქმა უნდა, მეგობრები. ჰყავს მეუღლე და 15 წლის ქალიშვილი. 

ბიძინა მაყაშვილი: – დავიბადე 1955 წელს თბილისში. დავამთავრე 24-ე საშუალო სკოლა. ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. მაქვს ფიზიკის დიპლომი, თუ გინდა, გაჩვენებ. ჩემი სპეციალობით ცოტა ხანს ვიმუშავე ენერგეტიკის ინსტიტუტში. მერე ძმაკაცმა ჯანმრთელობის სამინისტროს ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში წამიყვანა ჩემს მეგობარ მუსიკოს ზურა კაკაბაძესთან ერთად. ჩვენ მელომანები ვიყავით. ერთმანეთთან დაგვქონდა ფირფიტები, ვუსმენდით დასავლურ კლასიკურ როკს. თანაც ხელში გვივარდებოდა ცნობილი მუსიკალური ჟურნალები Rolling Stone და Q. ამას ყველაფერს, ანუ ჩვენს ასეთ გატაცებას კვლევით ცენტრში ხედავდა ერთი კაცი, რომელმაც გვირჩია, ამდენ დაგროვილ ინფორმაციას რაღაც რეალიზაცია გაუკეთეთო. ამ პიროვნების მეუღლე მუშაობდა იმჟამად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გაზეთ „7 დღეში“. მან თითქმის ძალით მიმიყვანა ამ გაზეთში და დამაწერინა სტატია როკზე. ასე მოვხვდი ჟურნალისტიკაში, თუმცა მანამდე, კომუნისტების დროს, იშვიათად ვწერდი „ახალგაზრდა კომუნისტში“, სადაც პირველად გამოვაქვეყნე პატარა სტატია ჯონ ლენონის სიკვდილზე, რომელმაც ჩემზე ძლიერ იმოქმედა.

– ბიძინა, რატომ აირჩიე როკ-ჟურნალისტის, ერთი მხრივ, წამგებიანი პროფესია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველა რიგით ჟურნალისტს საკმაოდ უჭირს?

– არ ვიცი. ეტყობა, მართლაც ძალიან მომეწონა ეს საქმე. მოგეხსენება, ამ საქმიანობით თავს ვერ შევინახავდი, ამიტომ თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროს ერთ პროექტში ვმონაწილეობდი, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. ვიყავი ამ პროექტის კოორდინატორი. მაშინ 150 დოლარს მიხდიდნენ და ეს კარგი ფული იყო. თანაც ამ საქმეს ბევრი დრო არ მიჰქონდა – ამერიკელები ჩამოდიოდნენ ატლანტიდან და მხოლოდ მათი ჩამოსვლის პერიოდში მქონდა ძირითადად დაძაბული მუშაობა, ხოლო დანარჩენ დროს მთლიანად „7 დღეზე“ ვიყავი გადართული. 

– სხვა რომელ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობდი?

– „7 დღეში“ მუშაობისას ყოველთვის უარს ვამბობდი სხვა გაზეთებთან თანამშრომლობაზე, სანამ ზემოთ ნახსენებ გაზეთს ძალიან არ გაუჭირდა და სანამ თავად „7 დღის“ დამფუძნებლისგან არ მივიღე წინადადება ახალ გაზეთთან თანამშრომლობისა. 1992-1998 წლებში „7 დღიდან“ ფეხი არ გამიდგამს. მერე გაზეთ „საქართველოს გაზეთში“ ვიყავი რედაქტორის მოადგილე. ამ გაზეთმა მცირე ხნით იარსება. ამის შემდეგ ვიმუშავე „ეკოდაიჯესტში“. ვთანამშრომლობდი რადიო „მწვანე ტალღასთან“. ახლა აქ ვარ „ჯეოსელის“ ჟურნალ „დიALOგში“ და ოფიციალურად ვარ ჟურნალ „სტუდიაში“. ეს ჟურნალი უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს, მაგრამ დღემდე გამოცემული აქვს მხოლოდ 8 ნომერი. მე-9 ახლა გამოდის. ამ ჟურნალს არარეგულარული ხასიათი აქვს.