Monday, February 19, 2007

საზოგადოებრივად აქტიური

ვინ არის საზოგადოებრივად აქტიური? ბრტყელი და ბანალური სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ალბათ: ინიციატივიანი, არაგულგრილი, სოციალური, კომუნიკაბელური, კრისტალურად სუფთა, სხვა ადამიანთა პრობლემებზე ჩაფიქრებული, საზოგადოებრივ სასარგებლო საქმეებში მონაწილე, საკუთარი ქვეყნის გულშემატკივარი, კეთილი, თვითგანვითარების მოყვარული, ხალხისთვის აუცილებელ ნებისმიერ საქმეში ნებაყოფლობით მონაწილე, პატიოსანი ადამიანი... აქ კიდევ შეიძლება რაღაც რეგალიების ჩამატება. საბოლოოდ შეიძლება გასხივოსნებული, ნიცშესეული ზეკაცი, ზეადამიანი მივიღოთ. არსებობენ ასეთი ადამიანები დღეს? აგული ერისთავის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი დიმიტრი იყო, გელოვანი (ჩვენს მესვეტეში არ აგერიოთ).

მოდი, ეს კითხვაც დავსვათ, რატომ აქტიურობს ადამიანი? უმთავრესად იმიტომ, რომ საკუთარი ადგილი იპოვოს საზოგადოებაში, ამისათვის კი ყურადღების მიპყრობაა საჭირო. ცნობადი რომ გახდე, საკუთარი ნიჭი უნდა გამოამზეურო. ხელოვანი ხალხი ამას თავისი შემოქმედებით ახერხებს. ზოგი წერს, ზოგი – მუსიკოსობს, ზოგი – ხატავს, ზოგი – კინოში თამაშობს ან ფილმს იდებს და ა.შ. ექიმები ექიმობენ, მეცნიერები კიდევ სულ რაღაცას იკვლევენ. აქაც ბანალური ვიქნები და ვიტყვი, რომ საკუთარ თავს იკვლევენ... მუშა ჩარხთან ან დაზგასთან შემოქმედობს, ბიზნესმენი საქმეს ჩარხავს და ა.შ. მაგრამ რა ქნას ადამიანმა, რომელსაც ღვთისგან ბოძებული შემოქმედებითი ნიჭი არ გააჩნია, ან სუსტად აქვს გამოკვეთილი? პლუს დიდი ამბიციებიც თუ აქვს? გულზე ხელს ხომ არ დაიკრეფს?! მასაც ხომ უნდა საზოგადოებაში, თანაც ქვეყნის ელიტარულ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება?!

ხშირად სწორედ ასეთები იწყებენ აქტიურობას. მათი მთავარი არგუმენტი მრავალგზის ტანჯული ხალხის სახელით ლაპარაკია და არა საკუთარი თავისა და ადგილის კვლევა. შეიძლება ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა უნიჭო და თანაც ზედმეტად აქტიური ადამიანი იმდენად ახერხებს ყურადღების მიპყრობას, რომ მისი სახე თითქმის ყოველდღე ტელეეკრანზე ჩანს, მისი ხმა რადიომიმღებებიდან ყურებს გიბურღავს და მისი ფოტოები ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე იწონებს თავს (თანაც არაფერს ჭკვიანურს არ ამბობს, უბრალოდ ლაყბობს), ეს უკვე ნერვებსა და ჯანმრთელობაზე მოქმედებს ცუდად. ხედავ, რომ ვიღაც უნიჭო ვიგინდარა ზოგადსაკაცობრიო თემებზე მუსაიფობს და თანაც შენი უფლებების დამცველადაც ასაღებს თავს.

ჩვენს ქვეყანაში ბევრი ხელმოცარული მწერალი, პოეტი, მხატვარი თუ რეჟისორი საზოგადოებრივად აქტიურია. მასმედიის საშუალებით, ისინი ხშირად ჭკუას გვარიგებენ, დისკუსიობენ, ხუმრობენ, ოხუნჯობენ კიდეც და ძირითადად პოლიტიკასა და სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. თანაც სულ ერთი და იგივე სახეები. ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება გაიფიქროს, ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და რა მრავალფეროვნება მოგინდაო, მაგრამ კარგად დააკვირდით მედიას. ტელეეკრანებსა თუ ჟურნალ-გაზეთების გვერდებზე ნიჭიერი ხელოვანი ხალხის გამოჩენა უიშვიათესი მოვლენა გახდა. ბოლო წლების განმავლობაში ისინი ჩრდილში არიან, ან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ გაიელვებენ. არადა, მათი აზრი უფრო საინტერესოა, ვიდრე მოყაყანე აქტიური ინტელიგენციის.

რა თქმა უნდა, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი მარტო ხელოვანი კი არა, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი შეიძლება გახდეს. უბრალოდ, ამ პატარა წერილში ვსაუბრობ იმაზე, რაც რეალურ ცხოვრებაში თვალს ყველაზე მეტად ჭრის. მასმედია პოლიტიკოსებითა და ფსევდოაქტიური „ხელოვანი“ ხალხითაა სავსე, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ ბევრს ლაპარაკობს და არაფერს ღირებულს არ ქმნის. ყურადღების მიპყრობას კი სკანდალებითა და სხვადასხვა თემებზე საუბრებით ახერხებს. სკანდალის მოწყობასაც არაფერი უნდა, შეურაცხყოფა უნდა მიაყენო რამე ტრადიციულ ან რელიგიურ ღირებულებას, ანუ ხალხი გააღიზიანო და შედეგიც გარანტირებულია. ყველას შენი სახელი ეკერება პირზე, ჟურნალისტები შენგან ეცდებიან ინტერვიუს აღებას. შენც გაბღენძილი და ცარიელი თავით სიტყვის თავისუფლებაზე ილაპარაკებ, მერე სხვა თემებსაც გადასწვდები და ბოლოს იმ ხალხის უფლებებზე დაიწყებ ლაპარაკს, რომელსაც ცოტა ხნის ნინ შეურაცხყოფა მიაყენე.

არადა, მე მგონი, საზოგადოებრივად აქტიური მაშინაა ადამიანი, როცა თავის საქმეს სასიკეთოდ და ხარისხიანად აკეთებს.