Friday, November 25, 2022

თინათინ წერეთელი – გერმანელი მომღერალი ქართული მუსიკის სამყაროდან

თინათინ წერეთლის მუსიკალური შემოქმედება ფეისბუქზე აღმოვაჩინე. მუსიკოსი გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. შემდეგ თინათინისა და ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველ მუსიკოსის, მარიამ ქირიას ერთად ჩაწერილ  დუეტსაც მოვუსმინე. მისი შემოქმედება მომწონს და ჩვენ ვირტუალური მეგობრები გავხდით. თინათინი დღეს სოულსა და ჯაზში მუშაობს. 2019 წელს თავის ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პირველ გლობალურ ფესტივალში, რომელიც იტალიაში გაიმართა. ფესტივალზე მან გერმანიის სახელით იუნესკოს დელეგაციის წინაშე ორი კონცერტი გამართა. იგი ამ ღონისძიებაზე ერთადერთი  მუსიკოსი ქალი გახლდათ. თინათინ წერეთელმა 2020 წლის მიწურულს ალბომი Alles Zu Seiner Zeit („ყველაფერს თავისი დრო აქვს“) გამოუშვა. იგი ცნობილ ლეიბლ Peppermint Park Studios-ში ჩაიწერა, რომელთანაც თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმული ვარსკვლავები: მადონა, ჯგუფი „სკორპიონსი“, ტომ ჯონსი და სხვები. თავისი შემოქმედების ინტერკულტურულობის დამსახურებით, თინათინი ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ფესტივალზე ჰანოვერისა და გერმანიის მუსიკალურ ელჩად იყო მიწვეული. 


ქართული წარმოშობის გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი თინათინ წერეთელი 1982 წლის 14 სექტემბერს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ბავშვობა მუსიკალურ გარემოცვაში გაატარა. გოგონა რეპეტიციებს ხშირად ოპერის საორკესტრო ორმოდან ადევნებდა თვალს. როგორც თავად ამბობს, სადაც მუსიკა ისმოდა, იქ თავს ყოველთვის შინაურულად გრძნობდა. ხუთი წლის ასაკში თინათინმა ვიოლინოს შესწავლა დაიწყო. 6 წლისამ კი ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლაც მოისურვა. ამის შემდეგ მუსიკა მისი ყოველდღიური ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა და ასე გაეცნო ქართულ მრავალხმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვა ჟანრში მუშაობს, ქართულ ფოლკლორს, პოლიფონიას მის მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 

1993 წელს საქართველოში არსებული რთული სიტუაციის გამო, 10 წლის გოგონა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. დღეს თინათინი ჰანოვერისა და მისი შემოგარენის რამდენიმე უნივერსიტეტსა და სასწავლებელში ვოკალის პედაგოგად მუშაობს. მას აქვს  მუსიკალური პროექტებიც.  გთავაზობთ თინათინ წერეთელთან ინტერვიუს. იგი კარგად ლაპარაკობს ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, აზროვნებს გერმანულად. 

– თინათინ, როგორი შეგრძნება იყო, როდესაც 10 წლის ასაკში საქართველოდან შორს ამოყავი თავი?

– ორი ჩემოდნის ამარა უცხოეთში ჩარჩენილმა ოჯახმა ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. მაშინ მუსიკაზე ფიქრიც კი უადგილო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდა და მწყუროდა იგი. უბრალოდ, არ მინდოდა დედისთვის  რთულ სიტუაციაში სადარდებელი დამემატებინა, ამიტომ ხმამაღლა არ გამოვხატავდი ამ სურვილს. მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი, ამ წყურვილს სიმღერით ვიკლავდი. სიმღერისას და დაკვრისას დროის და სივრცეს შეგრძნებას ვკარგავ. მუსიკის შესრულებისას თავს სრულყოფილად აღვიქვამ, რადგან იმ „მე“-ს ვუერთდები, რომელიც თბილისში გატარებულ ბავშვობაში დარჩა. 


იმ ქალაქში, სადაც გიმნაზია დავამთავრე, გოსპელის გუნდში ვმღეროდი. პირველად სცენაზე სკოლის ბოლო ზარზე ვიმღერე. შემდეგ ჩრდილოეთ გერმანიაში კულტურის მეცნიერების ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, სადაც მუსიკა  ერთ-ერთი საგანი იყო. ჯაზ-როკ და პოპ ვოკალისკენ ნელ-ნელა გავიკვლიე გზა. გერმანიაში ფორტეპიანოს შესწავლა ხელახლა დავიწყე, ხოლო გიტარაზე დაკვრას ჩემით დავეუფლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ თავად შემეძლო სიმღერების წერა. იმის მიუხედავად, რომ გერმანელი სტუდენტების უმეტესობა სიმღერებს ინგლისურად წერდა, საკუთარი შემოქმედებისთვის მაინც გერმანული ენა ვარჩიე. ქართული სული და ემოცია გაჯერებული გერმანული აზროვნებით – ესაა ჩემებური მუსიკალური კოქტეილი, რასაც აქ განსაკუთრებულად აღიქვამენ.