Saturday, December 22, 2012

ოთარ იოსელიანი

რეჟისორი, 78 წლის, პარიზი

მსხვილი ხედი კინოს სირცხვილია. მე მას არ ვიყენებ. მსხვილი ხედი მსახიობის,  მოცემული კონკრეტული ადამიანის ისტორიაა. და რა შუაშია აქ კინო?

მე და ჩემი მეგობრები მშვიდად ვსხედვართ მაგიდასთან, ვსვამთ. ბევრი აღარაფერი გვაქვს სათქმელი, რადგან უკვე კარგა ხანია ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით და უხვსიტყვიანობით არ გამოვირჩევით. მაგრამ თუ ამ სუფრასთან ვინმე ნაძირალა მოხვდება, მაშინ ჯიუტად ვდუმვართ, სიტყვასაც კი არ ვამბობთ. ვფიქრობ, სიფათში გალაწუნებას აზრი არა აქვს.

დღევანდელი ყველა გმირი გამოგონილია, მათ არა ჰყავთ პროტოტიპები. აბა, ცხოვრებაში სად გინახავთ ჯეიმს ბონდი ან ინდიანა ჯონსი? ხოდა, ეს ოდისევსისა და ჰერაკლეს ძველბერძნული მითების რემინისცენციები ფილმიდან ფილმში დაეხეტებიან. ერთი ყველას წინააღმდეგ და ყველას ამარცხებს, სიკეთე სძლევს ბოროტებას – ეს ფორმულა კომერციულად ყოველთვის მომგებიანია. ხოლო ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე იღებდნენ: დე სიკა, დე სანტისი, ჩემი ახლობელი ჟაკ ტატი. კინო საავტოროა, როდესაც მოულოდნელი სიხარული გეუფლება, რადგან ხედავ, რომ ისევე ფიქრობ, როგორც ის ტიპი, რომელიც სურათს გაჩვენებს.

პარიზი, რომლის შესახებაც ვიღებ, უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. შესაძლოა არც არასდროს არსებულა, როგორც ის მოსკოვი, რომელიც დანელიას „მე დავაბიჯებ მოსკოვშია“ ნაჩვენები. იქნებ ჩვენ ქალაქები დავასახლეთ ისე, რაც ვიცით ცხოვრებისა და ადამიანების შესახებ და ისინი მხოლოდ ჩვენს სულში არიან. მოსკოვი და თბილისი ცარიელდება, ხოლო პარიზი უკვე დიდი ხანია დაცარიელდა, მაგრამ მათ მოდელს, რომელიც ჩვენ მეხსიერების სახით მემკვიდრეობით გადმოგვეცა, გარკვეული ღირებულება აქვს და შეგვიძლია ვაჩვენოთ.

ნამდვილი პარიზი სხვანაირია: მასში მაცხოვრებელი ნებისმიერი ცოცხალი სული იბრძვის და წვალობს, და ძირითადად, მარტოობით იტანჯება, ამიტომ დასაფასებელია ამ ქალაქში ვინმესთან მეგობრობა. ჩვენ, ქართველებს, ეს ოდნავ მაინც შეგვიძლია, ეს ჩვენი პროფესიაა.

Wednesday, December 19, 2012

ბაჩი ქიტიაშვილი – ქართული როკის ლეგენდა

ბაჩი ქიტიაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა წყობისას მოახერხა აკრძალული როკმუსიკის დაკვრა. მისი ბენდი „ბერმუხა“ 1965 წლიდან არსებობს და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. ჯგუფი საკმაოდ მძიმე რიტმ-ენდ-ბლუზს, პროგრესივ, ჯაზ და ჰარდ როკს ასრულებს. „ბერმუხა“ თავის დროზე ერთადერთი დამოუკიდებელი მუსიკალური ჯგუფი იყო, რომელიც მაშინდელი საბჭოთა რეჟიმის იდეოლოგიას უპირისპირდებოდა, როგორც მუსიკით, ისე ცხოვრების წესით. გიტარისტ ბაჩი ქიტიაშვილს მიაჩნია, რომ ის და მისი ჯგუფის წევრები დისიდენტები იყვნენ. კომუნისტი იდეოლოგები მათზე ამბობდნენ: აი, ესენი აფუჭებენ და რყვნიან ახალგაზრდებსო. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ე.წ. „პერესტროიკამდე“ ჯგუფი იატაკქვეშეთში იმყოფებოდა. 

ბაჩი ქიტიაშვილმა ჩემთან საუბრისას გაიხსენა: „12 წლის განმავლობაში „ბერმუხა“ ზენიტში იყო, სცენიდან ფეხი არ ჩამოგვიდგამს. ვმოგზაურობდით ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში. ვიყავით მოსკოვში, სოჭში, კიევში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში. მართალი გითხრათ, მიკვირს, რომ დღესაც ამდენი ახალგაზრდა გვისმენს... „ბერმუხა“ ის ჯგუფია, რომლის კონცერტის დროსაც ქუთაისში გზები გადაკეტეს, იმდენი ხალხი იყო. ფოთში გამოსვლისას კი კედელი გადავანგრიეთ, თუმცა ხალხის თხოვნით, კონცერტი გავაგრძელეთ. რამდენიმე ქართული ნაწარმოები, რომელსაც დღესაც ვასრულებთ, სწორედ მაშინდელია“. „ბერმუხას“ რამდენიმე გამორჩეულად ცნობილი ჰიტი აქვს – „არწივი“ და „დღეს ჩვენ ერთად ვართ“, ისინი ყველა კონცერტზე სრულდება.

ჟურნალი „თბილისი Out“ #27, დეკემბერი, 2012 წელი