Monday, January 24, 2000

მუსიკოსების აღიარებასა და მუშაობას ხელს უშლის ქართული მენტალიტეტი

ის, რაც გია სალაღიშვილს და მე ყველაზე მეტად ერთმანეთთან გვაახლოებს, – ჩვენი საერთო დაბადების დღეა, დაბადების წლები კი სხვადასხვა გვაქვს. მაშ ასე, გია სალაღიშვილი დაიბადა 1963 წლის 27 იანვარს. მე-4 კლასიდან დაიწყო დასარტყამების შესწავლა გია წკეპლაძესთან. მერე ნიკოლოზ ედგარიძის ორკესტრში მოხვდა. დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი და კონსერვატორია. ამ პერიოდში უკრავდა ვიტალი სამხარაძესთან. თბილისში გადასვლის შემდეგ, როგორც გია ამბობს, გაუმართლა, რომ ყველანაირ სტილსა და მიმართულებაში მოუწია მუშაობა. გიას მრავალ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მას კარგად იცნობენ ევროპის ქვეყნების სოლიდურ ჯაზურ წრეებში. ქუთაისელი გია სალაღიშვილი მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოდის. ბოლოს 29 დეკემბერს ჩამოვიდა დათო ევგენიძესთან ერთად და კონცერტის შემდეგ ახალწლებზე ქალაქს შემორჩა. ჩვენი საუბარი ლუდის ბარში გაიმართა, რა თქმა უნდა, კათხა ლუდის თანხლებით. გია, ჩვეულებისამებრ, სასიამოვნო მოსაუბრეა, რომელიც ყოველთვის გასაგებად ამბობს თავის სათქმელს.

– ის, რომ ბავშვობიდან მუსიკით ვცოცხლობ, ალბათ, უფრო გენის ბრალია. ჩემი გვარის წარმომადგენლები უმეტესად მუსიკოსები იყვნენ. ბაბუაჩემის ერთი ბიძა ვირტუოზულად, ცხვირის ნესტოებითაც კი უკრავდა სალამურზე, მეორე – აკორდეონზე, მესამე – დუდუკზე, თვითონ ბაბუაჩემი კი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მედოლე იყო, სუხიშვილებშიც უკრავდა. 

1973 წლიდან ვუკრავ და ამ საქმით პურსა ვჭამ, რადგან სხვა ბიზნესი არა მაქვს, თუმცა, მქონია სურვილიც, თავი დამენებებინა მუსიკისთვის, ვინაიდან ორი პატარა ბიჭი მყავს და ხომ იცი, შვილებს რამდენი რამ სჭირდება? მივხვდი, რომ ასეთ საქმიანობაში ვერ ვივარგებდი. მე არ მესმის ბუღალტერია და ეკონომიკური მომენტები. მუსიკოსი ბოჰემაში, მისტერიაში ცხოვრობს, ხოლო ბიზნესი სულ სხვა გარემოა. ამიტომ მარტო მუსიკალური ბიზნესის გაკეთება მსურს: საკუთარი კლუბის შექმნა, ჯგუფების ჩამოყვანა და ა.შ.

ჩვენთან, საქართველოში, არიან პიროვნებები, რომელთა იდეებიც არ ჩამოუვარდება იდეებს. როკშიც არიან საინტერესო, ნიჭიერი შემსრულებლები. მთავარია აზროვნება, თორემ 7 ნოტს, შეგიძლია, ტექნიკურად კარგად დაეუფლო, იმეცადინებ და მორჩა. მთავარია, რა აზრებით მოდიხარ და რისი თქმა გსურს. დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციასა და არანჟირებას, მაგრამ ეს ნიჭიერი მუსიკოსები ნათლად არ ჩანან. მე, მაგალითად, გამიმართლა, რადგან მქონდა საშუალება, მეკეთებინა ის, რისი კეთებაც მსურდა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებიც მქონდა. ამ მუსიკოსების აღიარებასა და მუშაობას ხელს უშლის ქართული მენტალიტეტი, რომ ჩემზე წინ არავინ არ უნდა წავიდეს. მე კარგად მახსოვს პიანისტებს შორის შეხლა-შემოხლა, რომ მე უნდა ვიყო და არა შენო... აი, ამას უნდა გავექცეთ მუსიკის კეთება თუ გვინდა. მაგ. ჩიკ კორეა და კიტ ჯარეტი ნიუ-იორკში ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთი არ დაუჭამიათ. ჩვენ ხომ სუყველანი სხვადასხვანაირად ვფიქრობთ. მე ჩემი აზროვნება მაქვს, შენ – შენი. ჩვენ ერთმანეთს ვერ დავემგვანებით. ჩვენ თუ ერთმანეთს დავემსგავსებით ერთფეროვან სამყაროს შევქმნით. როდესაც ერთად დაკვრას ვიწყებთ, ვამბობ ხოლმე, მოდით, ყველა ვიყოთ ისეთი, როგორიც ვართ. 

გია სალაღიშვილი შესანიშნავი ვიბროფონისტი და დრამერია. მან აზროვნება ახსენა. მე მახსოვს მისი კონცერტები ქუთაისში: „ბითლზების“ მუსიკის კამერული ინტერპრეტაცია. სუფთა, ქართული სულის მქონე დასარტყამების გრანდიოზული შოუ და კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. საინტერესოა, საით არის მიმართული დღეს გიას აზროვნება და რას აპირებს უახლოეს მომავალში.


– მზად მაქვს ოთხი საკონცერტო მასალის პარტიტურა. ოთხივე ქუთაისში მსურს განვახორციელო ერთმანეთის მიყოლებით – ერთგვარი მინი-ფესტივალი იქნება. ცოტა ეგოისტურადაც გამომდის 4 საღამო (იცინის). ყველაფერს ფული უნდა. დიდი პრობლემაა სიმფონიური ორკესტრი. მინდა, მოსკოვიდან ჩამოვიყვანო ჩემი მეგობარი საქსოფონისტი, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოში კარგი ჩასაბერი ინსტრუმენტალისტები, იმპროვიზატორები და არა ნოტებზე დამკვრელები, – არა გვყავს. თბილისიდან ჩასაბერი ორკესტრიც უნდა ჩამოვიყვანო, ქუთაისური გუნდი მეყოლება. დღეისათვის მხოლოდ ტელეპროგრამა „ჯემი“ მაძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას. იქ ჩემი მეგობრები მუშაობენ.