Wednesday, May 30, 2001

რობერტ ბარძიმაშვილი – ხელმძღვანელობა ყოველთვის შეცდომაში შემყავდა

რობერტ ბარძიმაშვილი ნახევარსაუკუნოვანი ქართული პოპულარული მუსიკის სათავეებთან დგას. ბ-ნმა რობერტმა, პირველმა ყოფილ საბჭოთა კავშირში, შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ორერა“, რომლის სიმღერებმა დროის მკაცრ გამოცდას გაუძლო. „ორერას“ შემდეგ იყო არანაკლებ პოპულარული „75“ და ანსამბლი „ჯორჯია“. ჩვენი რესპონდენტი შესანიშნავი მოსაუბრეა. ის გულახდილად და საინტერესოდ პასუხობდა დასმულ შეკითხვებს.

– როგორ მოხდა თქვენი ზიარება მუსიკასთან? 

– სკოლაში სწავლისას 5-6 უბნის ბიჭმა სამეგობრო წრე შევკარით. ჩვენ სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით და სიმღერით ვიყავით დაინტერესებულები. ამავე დროს, გიტარაზეც ვუკრავდით. არ ვფიქრობდი, რომ პროფესიონალი მუსიკოსი დავდგებოდი. სწორედ ამიტომ უცხო ენათა ინსტიტუტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინ იქ ლექციებს კითხულობდა უნიჭიერესი ქალბატონი ინოლა გურგულია, რომელმაც შემამჩნია და საკუთარ ტრიოში ჩამრთო, სადაც ერთად ვმღეროდით ქალბატონები ინოლა გურგულია, გიული დარახველიძე და მე. აქედან დაიწყო მუსიკისადმი ჩემი დიდი სიყვარული და ბევრი რამ ქ-ნი ინოლა გურგულიასგან ვისწავლე. 

მესამე თუ მეოთხე კურსზე მსურდა საკუთარი ვაჟთა ვოკალური კვარტეტის ჩამოყალიბება, მაგრამ უცხო ენათა ინსტიტუტი ბიჭების დეფიციტს ყოველთვის განიცდიდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეიქმნა უცხო ენათა ინსტიტუტის ვოკალური კვარტეტი. იმ დროს აკრძალული იყო უცხოური სიმღერების რეპერტუარში შეტანა, მაგრამ ჩვენ ეს შეგვეძლო, რადგან პრაქტიკულ მეცადინეობაში გვეთვლებოდა. ჩვენ ვმღეროდით როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სიმღერებს, ამიტომ სწრაფად გავხდით პოპულარულები არა მარტო სტუდენტებს შორის, არამედ ქალაქშიც. ხშირად პროფესიონალების გვერდით დიდი წარმატებით გამოვდიოდით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ფილარმონიაში მიგვიწვიეს იგივე შემადგენლობით და ფილარმონიის ვოკალური ანსამბლი გავხდით. აქაც სწრაფად მივაღწიეთ წარმატებას. მუსიკალურ აკომპანიმენტს ჩვენ თვითონ აკუსტიკური გიტარების თანხლებით ვაკეთებდით. პოპულარობასთან ერთად შემოგვიერთდნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, გენო ნადირაშვილი და ლენინგრადელი ქართველი, თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი. გამიჩნდა იდეა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის შექმნისა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის მუსიკალურ ენციკლოპედიაში „ორერა“ შევიდა, როგორც პირველი ვია (ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი) მთელი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს შორის. სწორედ „ორერას“ შემდეგ გაჩნდა რუსეთში თუნდაც „პესნიარი“ და სხვა ვია-ები.  

– რატომ დაარქვით ანსამბლს „ორერა“?

– „ორერამდე“ არ იყო მიღებული სახელწოდებები. არსებობდა ვაჟთა (ქალთა) ტრიოები, კვარტეტები და ა.შ. მსურდა ეფექტური სახელი მომეძებნა. ვარჩიე „ორერა“, რადგან უფრო თანამედროვედ ჟღერდა ესტრადაზე. როგორც ვიცი, „ორა“ ძველი ურარტუდან მოდის და ქართული სიმღერების მისამღერში ხშირად გვესმის „რერო-ორერა“. „ორა“ ნიშნავს ჰიმნი მზეს. ეს მოხდა 1963 წელს. 

– დაახლოებით, „როლინგ სთოუნზის“ ასაკის ყოფილა.

– „როლინგ სთოუნზის“ გარდა სხვა დამთხვევებიც არსებობს. 1964 წელს გაზეთმა „პრავდამ“ გაგვამგზავრა ლონდონში, სადაც პირველად მოვუსმინე „ბითლზებს“. 1960 წელს ჩვენ რომ ინსტიტუტში ჩამოვყალიბდით, „ბითლზები“ მაშინ იწყებდნენ სარდაფებში დაკვრას. სხვათა შორის, მაშინ ჩვენმა ლონდონელმა კომუნისტმა მასპინძლებმა დაგეგმეს „ორერას“ მათთან შეხვედრა ჯემ-სეიშენის სახით. მაგრამ ბოლო მომენტში გაირკვა, რომ „ბითლზებს“ ლივერპულში გადაღებები ჰქონდათ და ლონდონში ვერ ჩამოვიდოდნენ. მასპინძლებმა სანაცვლოდ სხვა ჯგუფს შეგვახვედრეს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაჯობეთ. ჩვენ ოთხ ხმაში ვმღეროდით, რადგან ძალიან მოგვწონდა ამერიკული კვარტეტები: The Hi-Lo's და The Four Freshmen, მაგრამ მერე და მერე ისე მომხიბლა „ბითლზების“ შესრულების მანერამ, რომ მათი ადრეული შემოქმედების ორი სიმღერა გავაკეთე. თბილისში კონცერტების დროს დარბაზს ვუხსნიდი, რომ ინგლისში ასეთი ჯგუფი არსებობდა.

„ორერას“ არსებობის ათი წლის თავზე მომეჩვენა, რომ ანსამბლმა უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები და დავიწყე ახალგაზრდების აყვანა. ჩემმა მეგობრებმა იეჭვიანეს, რომ „ორერას“ არავის მიღება არ სჭირდებაო. ამის შემდეგ ანსამბლს ჩამოვცილდი 1975 წელს და შევქმენი „75“. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ანსამბლი უნდა არსებობდეს 10 წელი, რადგან შემდეგ ახალს ვეღარ აკეთებს და მეორდება. „ბითლზი“ შექმნიდან 9 წლის შემდეგ დაიშალა.

„75“ აბსოლუტურად განსხვავდებოდა „ორერასაგან“. არც მინდოდა ძველის განმეორება. მუსიკალური სასწავლებლებიდან და კონსერვატორიიდან ავიყვანე სრულიად უცნობი მუსიკოსები, რომლებიც დახვეწილად უკრავდნენ, მღეროდნენ; საერთოდ მომწონს, როდესაც ინსტრუმენტალისტი მღერის, რადგან ის უფრო სხვანაირად ასრულებს სიმღერას, ვიდრე სუფთა ვოკალისტი. ბიჭები ამ პრინციპით შევარჩიე. ჩემი აზრით, „75“-მა საკუთარი კვალი დატოვა.

– როგორც მახსოვს, „75“-ს მხოლოდ ქართული სიმღერები ჰქონდა.