Monday, August 17, 2020

სტუმარი 1227 მეტრზე ზღვის დონიდან – ანსამბლ „სტუმარის“ ახალი ალბომი

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბუნებასთან ჰარმონიაში ცოცხლობენ ქართული და არა მარტო ქართული ზღაპრების და მითების გმირები, სადაც ყველას შეუძლია შელოცვებით, რწმენით სიკეთის კეთება, სადაც მზე ანათებს, სადაც მელიები, ტოროლები, ოლოლები, თაგვები, ცხვრები, თხები, მტრედები და მწყრები ერთად დასეირნობენ, მეცხვარე თავის სათქმელს გიტარაზე ამღერებს, სადაც გემების ღუზებთან თევზები მღერიან, სადაც პატარა ზღარბუნები მგლებთან ერთად ცხოვრობენ და კიდევ უამრავი ზღაპრული ამბავი…


წარმოიდგინეთ მეთქი, კი გითხარით, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს და მას „სტუმარის“ შემოქმედება, მათი მუსიკა ჰქვია, რომელიც აგერ უკვე 18 წელია ჟღერს. მინდა ვთქვა, „სტუმარის“ ეკოლოგიურად სუფთა მუსიკა ძველ ფრესკებს წააგავს. ეს ფრესკები ზოგი მოზაიკურია, ზოგიც საღებავებითაა შესრულებული. 

„სტუმარი“ იმ მხრივაც საინტერესოა, რომ იგი ოჯახური ანსამბლია. ამ ჯგუფის ბირთვს წარმოადგენენ: კომპოზიტორი, ვოკალისტი, ფლეიტისტი და კლავიშისტი ნინო ჯანჯღავა, მისი და – მევიოლინე მარინე ჯანჯღავა და ნინოს მეუღლე – გიტარისტი, კომპოზიტორი და ხმის რეჟისორი დავით ხოსიტაშვილი. 


საოჯახო მუზიცირება საქართველოსთვის უცხო არაა და ასეთ ოჯახებს არაერთი გენიალური ქართული ნაწარმოები შეუქმნიათ თუ აუჟღერებიათ. შეგვიძლია გავიხსენოთ ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილი დები იშხნელები, დები ჩაფიჩაძეები, ჩიქოვანების ოჯახი, არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების დუეტი, ლეჟავების ოჯახი და სხვა. „სტუმარიც“ ღირსეულად აგრძელებს საოჯახო მუზიცირების ტრადიციას და აბსოლუტურად ახალ სიტყვას ამბობს ამ სფეროში. მათ მუსიკაში ჰარმონიულადაა შერწყმული როგორც ქართული, ისე დასავლური თუ აღმოსავლური მოტივები, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, რომელიც ზოგ სიმღერაში ძირითადად ფონის ფუნქციას ასრულებს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ფოლკი + ფიუჟენი + პროგრესივ როკი + უორლდ მუსიკა. გამოშვებული აქვს ორი ალბომი: 2004 წელს – „ბეწვის ხიდი“ და 2009 წელს – „დილა“.


რამდენიმე დღის წინ „სტუმარის“  მესამე სტუდიური ალბომი გამოვიდა – „1227 მეტრი ზღვის დონიდან“ , რომელიც წინა ალბომების მსგავსად, „სტუმარის“ წევრების მიერ დაარსებულ „საავტორო სტუდიაშია“ ჩაწერილი. ახალი ნამუშევრის მუსიკალური ქსოვილი წინანდელებთან შედარებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. ალბათ უფრო რთულიც, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ სპეციფიკური მსმენელისა და მუსიკისმცოდნეებისთვის იყოს მისაღები. 


ალბომს სიამოვნებით მოუსმენს ყველა ასაკის წარმომადგენელი, იმდენად გასაგები და კარგად აღსაქმელია. „სტუმარი“ ზემოთ ნახსენები ბირთვის გარდა, კიდევ რამდენიმე მუსიკოსისგან შედგება,  შემადგენლობა კი სხვადასხვა დროს იცვლებოდა. ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯავად ჯავადზადე (კონტრაბასი), ავთო თაბუკაშვილი (დრამი), კაკი ჯაფარიძე (დაირა), ნოდარ მანჩხაშვილი (პერკუსია) და ვატსალ პრაშერი (ტაბლა).