Tuesday, July 1, 2014

„მუღამში მყოფთა“ „მედიტაციები“

საინტერესო თბილისური ინგლისურენოვანი ჯგუფი The Groove სულ რაღაც წელიწადნახევარია არსებობს. სეპტეტი სადებიუტო ორმაგ ალბომს Meditate „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში თითქმის 6 თვე იწერდა. აუდიო კომპაქტ-დისკზე ჯგუფის 12 სიმღერაა წარმოდგენილი, ხოლო DVD-ზე მათი ვიდეო Run, Forrest, Run შევიდა, რომლის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი. The Groove-ს წევრები არიან: გიორგი ვახტანგიშვილი (რიტმგიტარა, სიმღერების ავტორი), გიორგი მეფისაშვილი (ვოკალი), ანი კეკუა (ვოკალი), ირაკლი გაფრინდაშვილი (სოლოგიტარა), ლევან მიქაბერიძე (ბასგიტარა), პაპუნა შარიქაძე (კლავიშებიანი ინსტრუმენტი) და გიორგი გვანცელაძე (დრამი). ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ დრამერები – რევაზ ედგარიძე, ზაზა ცერცვაძე და ბასისტი ლევან დეისაძე.
The Groove
„ბრავო რექორდსის“ თაოსნობით, ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი ჯგუფმა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართა, სადაც ალბომში წარმოდგენილი ყველა სიმღერა შეასრულა. კონცერტის ბოლოს კი ხელმოწერის წვეულება, ე.წ. საინინგფართი გაიმართა. დისკი უკვე იყიდება საქართველოს მუსიკალურ მაღაზიებში. ალბომის თანდართულ ბუკლეტში The Groove-ს სახელით წერია: „ბენდის სახელწოდება ჩვენი ერთობლივი შემოქმედების აღქმიდან გამომდინარეობს – შემოქმედებით პროცესს „მუღამში ყოფნას“ (grooving) ვუკავშირებთ. ალბომს მისი ერთ-ერთი შემადგენელი სიმღერის Meditate (მედიტირება), სახელი ჰქვია. ეს სახელი საკმაოდ კარგად ასახავს ჩვენს განწყობას ამ ალბომის მიმართ და, ზოგადად, ჩვენს მდგომარეობას მასზე მუშაობის დროს“.

ალბომში The Groove-ს მუსიკა მრავალჟანრიანია. მიუხედავად ამისა, ისიც იგრძნობა, რომ მისი წევრები უპირატესობას როკს ანიჭებენ. მაგრამ ეს არაა მკვეთრი ან აგრესიული ჟღერადობის მუსიკა, არამედ მელოდიური პოპროკია, რომელშიც სხვადასხვა დოზით გემოვნებით გაზავებულია სოულის, ფანკის, ბოსანოვას ელემენტები. მეტად სასიამოვნო ბალადებია Memories, This Love და My Friends. ძალიან კარგი სიმღერაა Change, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებების აუცილებლობაზეა. ალბომი შეიძლება მოეწონოთ ინდიროკის მოყვარულებსაც.