Showing posts with label 2000-იანები. Show all posts
Showing posts with label 2000-იანები. Show all posts

Friday, July 13, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი VI)

(2000-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17, #18, #19, #20 და #21

ქართული ალტერნატიული როკმუსიკის ისტორიისთვის 2000-იანების დასაწყისი ყველაზე უფრო მწირი და მშრალი პერიოდია. მუსიკაში ისე საგრძნობლად შეიჭრნენ პოლიტიკა და პოლიტიკოსები, რომ ალტერნატივის ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩა. პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ მუსიკით ამომრჩეველთა ხმების მონადირება შეეძლოთ. მათ მიერ დაფინანსებულ ნაირნაირ ღონისძიებებზე სხვადასხვა ყაიდისა და ჟანრის შემსრულებლები გამოდიოდნენ. დაიწერა მაშინდელი მმართველი პოლიტიკური პარტიის რამდენიმე ჰიმნი, რომელშიც ე.წ. ესტრადის მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

ამ დეკადის დასაწყისში ჯგუფ „სახეს“ დამსახურებით განსაკუთრებით პოპულარული გახდა სოული და ბოიბენდებიც, შესაბამისად, საკმაოდ დიდ პატივში იყვნენ. 90-იანებიდან საქართველოში შემორჩენილ ალტერნატიულ მუსიკოსებს ახალი ათასწლეულის პირველივე წლებში მეინსტრიმში გადასვლის სურვილი გაუჩნდათ, მაგრამ ეს უკანასკნელი არ არსებობდა და ამიტომ, ისინი დარჩნენ იქ, საიდანაც წამოვიდნენ. თუმცა ასეთ მუსიკოსთაგან ირაკლი ჩარკვიანმა – „მეფემ“ მეტ-ნაკლებად მაინც მოახერხა ეს გარღვევა და შექმნა გემოვნებიანი თანამედროვე ქართული პოპის მშვენიერი ნიმუშები.

საკმაოდ აგრესიული და საინტერესო იყო ათ(ას)წლეულის დასაწყისის ქართველი რეპერების შემოქმედებაც. თუმცა ბოლომდე სიმწვავის შენარჩუნება თითქმის ვერავინ შეძლო.

2000-ების ყველაზე გამორჩეულ ალტერნატივად ელექტრონული მუსიკა იქცა. ნიკა მაჩაიძე (ნიკაკოი), გოგი ძოძუაშვილი, ტუსია ბერიძე (ტბა), ნიკა წერეთელი და სხვები მეტად ფასეულ ალტერნატიულ ელექტრონულ მუსიკას ქმნიდნენ, რომელიც უცხოელმა მსმენელმა სათანადოდ დააფასა. ასევე, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2007 წელს პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია „ელექტრონავტი“, რომელიც ტრადიციული გახდა. ტრადიციული გახდა ასევე „ალტერვიჟენ გრუპის“ მიერ 2009 წელს დაარსებული ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელიც ყოველ წელს ტარდება.

და კიდევ ერთი: ამ ათწლეულის მიწურულს საქართველოში აღმოცენებულ ახალ მუსიკალურ კოლექტივებში განსაკუთრებით პრესტიჟული გახდა ინგლისურ ენაზე სიმღერა. ინგლისურად სიმღერა მოდად იქცა, რაც დღემდე გრძელდება. იმ პერიოდში ჩამოყალიბებული ჯგუფების თემატიკა აღარ იყო იმდენად მწვავე. ნარკოტიკზე, სექსსა და აბსურდულ თემებზე უცხო ენაზე სიმღერა ზოგს ახლაც ძალზე აქტუალური ჰგონია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის რამდენიმე ჯგუფს ენერგეტიკა თავის ადგილზე აქვს, თუმცა არის თუ არა ეს ალტერნატიული მუსიკა – უკვე სხვა თემაა...

ჟურნალი „თბილისი Out“ #22, ივლისი, 2012 წელი

Saturday, April 5, 2008

ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)


I ნაწილი იხილეთ აქ: ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)

1990-იანების მიწურული და 2000-იანების დასაწყისი

დასავლეთ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი FM რადიოსადგური „ძველი ქალაქი“ სწორედ ქუთაისში შეიქმნა, რომლის ბაზაზე ჯგუფი „ბესტ ჰისტორი“ ჩამოყალიბდა. მალე ქალაქში კიდევ ერთი რადიოსადგური გაიხსნა, რომლის სიხშირეც რამდენიმე ადამიანმა ვიქირავეთ და რადიო „ლეგენდა“ გავაკეთეთ, რომლის ფორმატი ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ჩემს გადაცემაში „შუაღამის გემი“ როკში, ელექტრონიკასა და რეპში მომუშავე ქუთაისელ მუსიკოსებს ვიწვევდი, რომლებიც საკუთარ კომპოზიციებს პირდაპირ ეთერში ცოცხლად ასრულებდნენ. პარალელურად ტელერადიოკომპანია „ივერიონში“ საავტორო გადაცემაში „ანარეკლი“ სატელევიზიო სტუდიურ ვიდეოალბომებსაც ვიწერდი.

Wednesday, May 9, 2001

ბაკურ ბურდული

„საქართველოში დაბადებული ქართველი ვარ და ეს ქვეყანა მიყვარს“

მუსიკოს ბაკურ ბურდულს ქართველ როკ-მოყვარულთა წინაშე არ სჭირდება წარდგენა. სცენაზე გამოჩენის პირველივე დღიდან მას ჟურნალისტებმა და მსმენელებმა ქართველი ალტერნატივშიკის წოდება მიაკერეს. ბაკური კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მუსიკალური დარგის დირექტორია. ის რამდენიმე ალტერნატიული ფესტივალის ორგანიზატორია, რომელთა შორისაცაა ცნობილი „მატარებლის“ აქცია. დიდი დრო არ გასულა, რაც ეს ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის დედაქალაქში ბევრ რამეს მიხვდა, შეისწავლა შოუ-ბიზნესის ანი-ბანი და აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები დაუგროვდა, რაზეც ნაკლებად ილაპარაკა. ჩემთვის ეს გასაგებია – კაცს არ უნდა ყველაფერი გაამხილოს, რასაც იმედია, მომავალში საქმით დაგვანახებს.

* * *


ბაკურ ბურდული:
– 1975 წლის 3 მარტს თბილისში, ფილარმონიის უკან დავიბადე. იმ დღეს ისეთი თოვლი მოსულა, ქუჩაში მოძრაობაც კი შეწყვეტილა. ბურდულების ოჯახში მე მესამე შვილი ვიყავი. თავდაპირველად სამსახიობოზე ვსწავლობდი, მერე საოპერატოროზე, – დიპლომიც მაქვს, მაგრამ მაინც მუსიკოსი ვარ. მუსიკალურ ათწლედში ვმღეროდი, ოღონდ არასერიოზულად. დღეს რასაც ვასრულებ, იმის დაკვრა 14-15 წლის ასაკიდან დავიწყე. 

– პირველ შენს სიმღერას რა ერქვა? 

– არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთ პირველს ერქვა „იყავი, როგორიც ხარ“.

– ბაკურ, შენი ჯგუფის შემადგენლობა ხშირად იცვლება თუ სტაბილურია? 

– ძალიან ხშირად იცვლება. მე ალბათ ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ჯგუფში მუშაობა შეუძლია. ეს ჩემმა პრაქტიკამ დამანახა. როდესაც, ვთქვათ, 4 ადამიანი ერთად უკრავს, იქ ოთხი სხვადასხვა აზრი ჩნდება და ბევრი პრობლემა იქმნება. ამდენად, შენს შემოქმედებაში არანაირი წინსვლა აღარ ჩანს. მიმაჩნია, რომ მარტო უნდა ვიმუშაო, თუმცა არა ვარ რაღაც დიქტატორი. უბრალოდ, მუსიკა და ტექსტი ჩემია, არანჟირებას ჯგუფთან ერთად ვაკეთებ, რაშიც ყველას თავისი შენიშვნა შეაქვს.

– რას ნიშნავს შენთვის ცნება „ალტერნატივა“? 

– ალტერნატივა ირგვლივ არსებულის საწინააღმდეგო გამოხატვის ფორმაა, მაგრამ დღეს ეს სტილი თითქმის პოპი გახდა.

– ბაკურ, საინტერესოა, თუ ჰქონდა რაიმე ზეგავლენა შენს შემოქმედებაზე შენს ძმას, ლადო ბურდულს? 

Wednesday, March 7, 2001

ჯგუფი „ემბრიონი“ – ჩვენ თაობის ნორმალური წარმომადგენლები ვართ

„ვარსკვლავების“ როკ-ალტერნატივის რუბრიკას დღეს ძალიან მომხიბვლელი სტუმრები ჰყავს. ტრიო „ემბრიონს“ 3 მარტს არსებობის 3 წელი შეუსრულდა. საქართველოში გოგონებით დაკომპლექტებული როკ-კოლექტივი უიშვიათესი მოვლენაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი თინეიჯერები და საოცრად ინტელექტუალი ახალგაზრდები არიან, ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება მათი შეხედულებების გაცნობა. თუნდაც ის, თუ რატომ უკრავს სამი პატარა ქართველი გოგონა საკმაოდ ხმაურიან, მძიმე მუსიკას. „ემბრიონის“ შემადგენლობაა: მაკა ბაქრაძე (ბას-გიტარა), ნინო ლეშენკო (გიტარა, ვოკალი) და სოფო ფრუიძე (დასარტყამები). ჩვენი ინტერვიუ სოფოსთან და ნინოსთან ჩაწერილია ვერის პარკში, სადაც საუბრის ფრაგმენტების უნებური მოწმე გახდა სოფოს სპანიელის ჯიშის მეტად ენერგიული ლეკვი, 6 თვის ოზი, რომელიც დიდი ოზი ოსბორნის სეხნიაა.

* * *

ნინო, მაკა და სოფო
– თქვენი აზრით, უფრო რომელ სტილს მიეკუთვნება „ემბრიონის“ მუსიკა?

სოფო: – ჩვენ ცოტა მძიმე ალტერნატივას ვუკრავთ. კონკრეტულად არც ჰარდ-როკია, არც პანკ-როკი, არც – მეტალი და არც, რა თქმა უნდა, პოპსა.

ნინო: – ჩვენი სიმღერები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ კონკრეტულ მიმდინარეობას ვერ დაარქმევ. ჩვენ ვმღერით ინგლისურ და ქართულ ენებზე.

– მსოფლიოს მუსიკაში რომელი ქალი შემსრულებლები მოგწონთ?

სოფო: – Hole-ს კორტნი ლავს არა უშავს, ვაღიარებ ჯენის ჯოპლინს. საქართველოში ნინო ქათამაძეს ვცემთ უდიდეს პატივს.

ნინო, სოფო და მაკა
ნინო:
– ერთ-ერთ მხატვრულ ფილმში მომეწონა რეალურად არარსებული ჯგუფი, რომელსაც „ბანდიტები“ ერქვა.

– როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში თუ აქვს მომავალი ქალების მიერ დაკრულ როკს?

სოფო: – ქალების როკს იმ შემთხვევაში აქვს მომავალი, თუ პროფესიონალურად დაუკრავ, თამაში არ შეიძლება. საქმე მაშინ გამოვა, თუ სერიოზულად მიუდგები და ამჯერად ჩვენ თუ არ გავაკეთებთ, სხვა ვინ გააკეთებს? ყველა ხელოვანს აქვს სურვილი, გამოჩნდეს მთელ მსოფლიოში. ჩვენ პირველ რიგში გვინდა საქართველოს მასშტაბით გაგვიცნონ, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს უცხოეთში გასვლის საშუალება. მერე კი, ალბათ, ნელ-ნელა გავცილდებით საზღვრებსაც.

– როგორ აღიქვამთ გამოთქმას: sex, drugs & rock’n’roll?

სოფო: – ჩვენ გასართობად არ გვინდა ვიყოთ მუსიკაში, უფრო სერიოზულად ვუყურებთ მას. სადაც ნარკოტიკებზე და ა.შ. წავა ლაპარაკი, იქ უკვე ვეღარ მიუდგები სერიოზულად საქმეს, რადგან სხვა სურვილები ჩნდება.

– რა არის „ემბრიონის“ მიზანი?

სოფო: – პირველ რიგში, გვინდა მსმენელს დავეხმაროთ ცხოვრების შემსუბუქებაში. პირადად მე სხვისი მუსიკა ბევრჯერ დახმარებია თუნდაც დეპრესიის ან რაღაც პრობლემის შემსუბუქებაში. მუსიკა განწყობას გიქმნის და ძალას გმატებს. გვსურს, რომ ჩვენი მუსიკაც ვინმეს დაეხმაროს. თანაც გვინდა არ ვიყოთ უსაქმოდ. მე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურზე პირველ კურსზე ვსწავლობ, მაგრამ ფსიქოლოგობას ჩემი მეგობრებისთვის, საკუთარი თავისთვის ვაპირებ. თუ კი ვინმეს დავჭირდები, უარს არასოდეს ვეტყვი, მაგრამ არ მინდა კაბინეტში ვიჯდე და პაციენტებს ვიღებდე.

Wednesday, February 21, 2001

მედიტაციური ხასიათის ირაკლი ჩარკვიანი ბეთჰოვენის ნიღბით ღრუბლებში

მახსოვს, ინტერნეტში ჩემს მეგობართან ერთად ხეტიალის დროს წავაწყდი ცნობილ ანდერგრაუნდში მომღერალი ქალის PJ Harvey-ის ვებ-საიტს, სადაც მის ავტობიოგრაფიულ მონახაზებში უბრალოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა. „PJ Harvey დაიბადა“ და მორჩა. დღევანდელი ჩემი ინტერვიუს შესავალს ცნობილ ქართველ ანდერგრაუნდ მუსიკოსთან – ირაკლი ჩარკვიანთან ანალოგიურად დავიწყებ.

ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა და ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ენების ლიტერატურის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ ენას. როკ-მუსიკაში 80-იანი წლებიდანაა, უკრავდა ჯგუფებში „ტაქსი“ და „საბავშვო მედიცინა“, წერდა „რეაქტიულ ლექსებს“. 

მისი პირველი სოლო ალბომი Svan Songs გამოვიდა 1993 წელს და იგი გერმანიის ქალაქ კიოლნში ჩაიწერა. ამ ალბომის სამი სიმღერა „ქაღალდის გემი“ („მე გადავცურავ ზღვას“), „მენატრები“ და „ჰგავდე სხვას“ მაშინვე ჰიტებად იქცა. ჩემის აზრით, აღნიშნული ალბომი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ქართული ანდერგრაუნდის და საერთოდ, საქართველოს როკ-მუსიკის მცირე ისტორიაში როგორც მუსიკალურად, ასევე იდეურად. 

1998 წელს ირაკლი ჩარკვიანი უშვებს მეორე სოლო ალბომს „აფრენ“. მასში გაჩნდა ელექტრონული ჟღერადობის ოთხი კომპოზიცია, რომელიც მუსიკოსმა დიდ ბრიტანეთში დადა დადიანთან ერთად ჩაწერა. ტელემაყურებელი უკვე გაეცნო ირაკლის სამ ახალ სინგლს, რომლებიც, სავარაუდოდ, მის მომავალ ალბომში აჟღერდება. ირაკლისთან ეს ინტერვიუ ტელეფონის საშუალებით ჩავიწერე.

* * *

– ირაკლი, თქვენი აზრით, რა არის როკი, – ეს ხელოვნებაა თუ უფრო სოციალური მოვლენა?

– სოციალური მოვლენაც არის და ხელოვნებაც.

– თქვენთვის რას ნიშნავს ანდერგრაუნდი?


– ეს არის ადგილი მიწის ქვეშ.

– მიგაჩნიათ, რომ მიწისქვეშ ცხოვრობთ?

– მე მგონი, ადამიანი მიწისქვეშაც ცხოვრობს და მიწის ზემოთაც ამოდის ხოლმე. მერე ისევ ჩადის და ისევ ამოდის...

– თუ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ანდერგრაუნდში არსებობს მძლავრი მოძრაობა?

– ანდერგრაუნდი არ არის მოძრაობა. მასში ყოფნა უბრალოდ უნდება ადამიანს.

– მსოფლიოს თანამედროვე მუსიკაში რომელ შემსრულებლებს სცემთ პატივს და თქვენი შემოქმედების დასაწყისში რომელიმე მათგანს თქვენს მუსიკაზე თუ მოუხდენია გავლენა?

– არავის დავასახელებ, რადგან ჯობს, ყველამ საკუთარი თავი დაასახელოს. მსოფლიოში ყველას ყველაზე აქვს გავლენა. ვფიქრობ, თუ ადამიანი ამ საუკუნის კულტურულ პროცესებშია ჩართული, ის განიცდის გავლენას. კონკრეტულად ვიღაცეების დასახელება, მე მგონი, არ ღირს.

– ირაკლი, თქვენს ახალ სიმღერაში ამბობთ – „მე აღარ გადავცურავ ზღვას“, რატომ? 

– იმიტომ, რომ მე ის უკვე გადავცურე. უკან დაბრუნება რაღა საჭიროა? ერთხელ უნდა გადმოცურო ზღვა, მეორედ უკვე აღარ არის საჭირო. 

– პოეზიის „რეაქტიულ კლუბთან“ თუ გაქვთ კავშირი?

– აბსოლუტურად არანაირი. მეგობრები კი მყავს, მაგრამ უკვე მეექვსე წელია მასთან შემოქმედებითი ურთიერთობა აღარ მაქვს.

– „ჯეოსელის“ ჟურნალ „დიALOგის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა ფრაგმენტი („შავიმე“) თქვენი რომანისა „მშვიდი ცურვა“. დამთავრებული გაქვთ თუ არა ეს რომანი და თუ აპირებთ მის დაბეჭდვას?

Saturday, January 27, 2001

ბიძინა მაყაშვილი – ნეტავ საერთოდ არ ვუყურებდე ქართულ პოპმუსიკას

ჟურნალისტი ბიძინა მაყაშვილი ალბათ, ერთადერთი როკ-მიმომხილველი იყო და არის ქართულ პრესაში. ბევრი თქვენგანი, სავარაუდოდ, უკვე იცნობს მას, წაუკითხავს მისი სტატიები ქართველ და უცხოელ შემსრულებელთა შესახებ გაზეთებში: „ახალგაზრდა კომუნისტი“ (შემდგომში „ახალგაზრდა ივერიელი“), „7 დღე“, „საქართველოს გაზეთი“, „ეკოდაიჯესტი“. ჩვენ უკვე 6 წელია, რაც ვმეგობრობთ. ამ ხნის განმავლობაში მხიბლავდა და მხიბლავს მისი წერილების მართალი, ზოგჯერ ირონიული, მაგრამ არა გესლიანი ტონი. ამჯერად ბიძინა კომპანია „ჯეოსელის“ ჟურნალ „დიALOგის“ რედაქტორია, არის ჟურნალ „სტუდიას“ რედკოლეგიის წევრი. მას დიდ პატივს სცემენ ქართველი როკმუსიკოსები, ჟურნალისტები და, რა თქმა უნდა, მეგობრები. ჰყავს მეუღლე და 15 წლის ქალიშვილი. 

ბიძინა მაყაშვილი: – დავიბადე 1955 წელს თბილისში. დავამთავრე 24-ე საშუალო სკოლა. ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. მაქვს ფიზიკის დიპლომი, თუ გინდა, გაჩვენებ. ჩემი სპეციალობით ცოტა ხანს ვიმუშავე ენერგეტიკის ინსტიტუტში. მერე ძმაკაცმა ჯანმრთელობის სამინისტროს ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში წამიყვანა ჩემს მეგობარ მუსიკოს ზურა კაკაბაძესთან ერთად. ჩვენ მელომანები ვიყავით. ერთმანეთთან დაგვქონდა ფირფიტები, ვუსმენდით დასავლურ კლასიკურ როკს. თანაც ხელში გვივარდებოდა ცნობილი მუსიკალური ჟურნალები Rolling Stone და Q. ამას ყველაფერს, ანუ ჩვენს ასეთ გატაცებას კვლევით ცენტრში ხედავდა ერთი კაცი, რომელმაც გვირჩია, ამდენ დაგროვილ ინფორმაციას რაღაც რეალიზაცია გაუკეთეთო. ამ პიროვნების მეუღლე მუშაობდა იმჟამად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გაზეთ „7 დღეში“. მან თითქმის ძალით მიმიყვანა ამ გაზეთში და დამაწერინა სტატია როკზე. ასე მოვხვდი ჟურნალისტიკაში, თუმცა მანამდე, კომუნისტების დროს, იშვიათად ვწერდი „ახალგაზრდა კომუნისტში“, სადაც პირველად გამოვაქვეყნე პატარა სტატია ჯონ ლენონის სიკვდილზე, რომელმაც ჩემზე ძლიერ იმოქმედა.

– ბიძინა, რატომ აირჩიე როკ-ჟურნალისტის, ერთი მხრივ, წამგებიანი პროფესია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველა რიგით ჟურნალისტს საკმაოდ უჭირს?

– არ ვიცი. ეტყობა, მართლაც ძალიან მომეწონა ეს საქმე. მოგეხსენება, ამ საქმიანობით თავს ვერ შევინახავდი, ამიტომ თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროს ერთ პროექტში ვმონაწილეობდი, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. ვიყავი ამ პროექტის კოორდინატორი. მაშინ 150 დოლარს მიხდიდნენ და ეს კარგი ფული იყო. თანაც ამ საქმეს ბევრი დრო არ მიჰქონდა – ამერიკელები ჩამოდიოდნენ ატლანტიდან და მხოლოდ მათი ჩამოსვლის პერიოდში მქონდა ძირითადად დაძაბული მუშაობა, ხოლო დანარჩენ დროს მთლიანად „7 დღეზე“ ვიყავი გადართული. 

– სხვა რომელ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობდი?

– „7 დღეში“ მუშაობისას ყოველთვის უარს ვამბობდი სხვა გაზეთებთან თანამშრომლობაზე, სანამ ზემოთ ნახსენებ გაზეთს ძალიან არ გაუჭირდა და სანამ თავად „7 დღის“ დამფუძნებლისგან არ მივიღე წინადადება ახალ გაზეთთან თანამშრომლობისა. 1992-1998 წლებში „7 დღიდან“ ფეხი არ გამიდგამს. მერე გაზეთ „საქართველოს გაზეთში“ ვიყავი რედაქტორის მოადგილე. ამ გაზეთმა მცირე ხნით იარსება. ამის შემდეგ ვიმუშავე „ეკოდაიჯესტში“. ვთანამშრომლობდი რადიო „მწვანე ტალღასთან“. ახლა აქ ვარ „ჯეოსელის“ ჟურნალ „დიALOგში“ და ოფიციალურად ვარ ჟურნალ „სტუდიაში“. ეს ჟურნალი უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს, მაგრამ დღემდე გამოცემული აქვს მხოლოდ 8 ნომერი. მე-9 ახლა გამოდის. ამ ჟურნალს არარეგულარული ხასიათი აქვს. 

Saturday, December 16, 2000

ნინო ქათამაძე

შესაძლოა ადამიანი შევჭამო, თუკი ენერგია ვერ დავხარჯე

ბათუმელ მუსიკოს ნინო ქათამაძეს და ჯგუფ Insight-ს პირველად ამა წლის გაზაფხულზე ლადო ბურდულის მიერ გამართულ ფესტივალზე მოვუსმინე. უნდა ითქვას, რომ ამ საოცარმა მომღერალმა მონუსხა მთელი დარბაზი და ფესტივალის სხვა შემსრულებლებიც. რუსული ალტერნატიული როკის ერთ-ერთმა თვალსაჩინო მუსიკოსმა ალექსანდრ ფ. სკლიარმა (ჯგ. Ва-Банкъ) კი გოგონას სცენაზე დაუჩოქა. ეს ფაქტიურად სერიოზული გარღვევა აღმოჩნდა ნინოს ცხოვრებაში. „ინსაიტი“ ამ ფორმით საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. მიიწვიეს მოსკოვში, სადაც მან აღაფრთოვანა რუსი მსმენელი. დღეს ჩემი სტუმარია ამ ჯგუფის (რომელიც უკვე ოთხი წელია არსებობს) ფრონტვუმენი, ვოკალისტი, 28 წლის ნინო ქათამაძე. ის წარმოშობით ქობულეთელია და ცხოვრობს ბათუმში, დაბადებულია ვირთხის წელიწადში, მისი ზოდიაქოს ნიშანი ლომია. მოსწონს ელა ფიცჯერალდი, ჯენის ჯოპლინი და ნუსრატ ფატეჰ ალი ხანი.

* * *

ნინო ქათამაძე
– სიტყვა Insight ერთ-ერთი განმარტების თანახმად, არის მიხვედრა, რაღაც თემის, ნიჭის სრულყოფილად ცოდნა. ეს ყველაფერი თუ მოგცა ამ ჯგუფმა?

– რა თქმა უნდა. თბილისში ძალიან ბევრი წინადადება მივიღე, თითქმის ყველა სტუდიიდან, რათა სოლო პროექტი გამეკეთებინა, მაგრამ „ინსაიტის“ ბგერა და ურთიერთობა განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. პრობლემა ისაა, რომ ჯგუფის წევრები ერთად ვერ ვცხოვრობთ.

– ნინო, სცენაზე შესრულების მანერით, გულახდილობით შეგიძლია მონუსხო, გააშტერო მსმენელი (ამას შენი გულშემატკივრები აღნიშნავენ). ხომ არ ფლობ ჰიპნოზური ზემოქმედების რაიმე უნარს, თუ ეს თავისთავად ხდება?

– როცა ვმღერი, ერთადერთი სურვილი მაქვს – სცენაზე ტყუილად არ ვიდგე. როცა სცენაზე ვდგავარ, მაშინ ვგრძნობ სრულყოფილად თავს. მაშინ ვარ ქალი, მეგობარი. ყველაფერი ვიცი, რას ვაკეთებ და რისი გულისთვის ვარ სცენაზე. დაცემამდე ვცდილობ მოვასწრო, გავცე ის სითბო და ენერგია, რაც ჩემშია და არა აქვს მნიშვნელობა, ერთ სიმღერას შევასრულებ, თუ – ათს. ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ტურფას (ნაგულისხმევია ცნობილი სიმღერა „აჰ, ტურფავ, ტურფავ“ – ლ.გ.). საკმარისია, სიმღერისას თვალი გავახილო და შევხედო ვინმეს, რომელიც მისმენს და რაღაცას ელოდება ჩემგან, აბსოლუტურად ქრება დაღლილობა, დაცლილობა და მომენტალურად, ავტომატურად ვივსები ხოლმე ახალი ენერგიით. მე მაყურებლისთვის ვმღერი. ჩემთვის სახლშიც შემიძლია ვიმღერო.

– მოსკოვის გასტროლზე რას მოგვიყვები?

– მოსკოვის გასტროლი ძალიან საინტერესო იყო თუნდაც თავისი თემით: Мир на Кавказе. იქ იყვნენ ვლადიკავკაზიდან, სომხეთიდან, ბაქოდან. ეს მოაწყო ორგანიზაციამ Рок Держава. ძალიან საინტერესო იყო, ბევრი წინადადებაც მივიღეთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვჭირდებით მოსკოვს, ეს ვიგრძენით მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებებიდან.

– სავიზო რეჟიმი ხელს არ შეგიშლით?

– სავიზო რეჟიმი ამ შემთხვევაში არაა პრობლემა, რადგან ისინი არა მარტო ვიზებს, კიდევ ბევრ კარგ რამეს გაგვიკეთებენ, ოღონდ იქ ვიყოთ.

– ნინო, თუ ხედავ რაიმე განსხვავებას და მსგავსებას აქაურ და იქაურ მაყურებლებს შორის?

– ჩემთვის ადამიანი ყველგან ერთია: აქაც და იქაც. იქ, სადაც ვიმღერე, ისე მიგვიღეს, როგორც აქ გვეფერებოდნენ. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ თუ დარბაზში, ვთქვათ, 200 კაცია, იქ ორასივე შენთან ერთადაა და ერთ ჩურჩულსაც ვერ გაიგონებ. ვინც მოსულია, მას ნაღდად მოსმენა უნდა. ნაღდს და ნატურალურს თუ გასცემ, სადაც უნდა იყო, ანალოგიურად აღიქმება.

– შეგიძლია განაცხადო, რომ შენი შემოქმედებით თავს მაინც ინახავ?

– რა სისულელეა! ვერანაირად. არ მინდა ფინანსებზე ვილაპარაკო. ეს პრობლემა ძალიან მტკივა, რადგან ვერ ვახერხებთ კონცერტი გავმართოთ, შევიძინოთ აპარატურა, კონცერტზე გადავიხადოთ აპარატურის ქირა და ა.შ. სწორედ ამიტომ ცოცხალი ჯგუფის კონცერტზე გაყვანა პრობლემაა.

– ჩვეულებრივი, უბრალო დღე როგორ იწყება და მთავრდება შენთვის?

Saturday, December 9, 2000

ბაჯუ შამანური მუსიკით

ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გარეშე 21-ე საუკუნეში

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი მუსიკოსი Bajoo  ბაჯუ (იგივე გიგა მჟავია) [Update: დღეს უკვე გიგა ერისთავი] დაიბადა ქუთაისში. ზოდიაქოს ეტლით თევზებია. შემოქმედებითი მუშაობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. აქვს აბსოლუტური სმენა. მიუხედავად დიდი პოპულარობისა, მულტიინსტრუმენტალისტი ბაჯუ ამტკიცებს, რომ არ არის ვარსკვლავი, რადგან ვარსკვლავებით უკვე მოჭედილია ჩვენი ცა... იგი იყო, არის და, იმედია, იქნება ისეთი პიროვნება, რომელიც არასოდეს დაკმაყოფილდება მიღწეულით და განვლილი გზით. პანკი, მეტალი, როკი, ტრანსი, ესიდი – არასრული ჩამონათვალია იმ მუსიკალური მიმდინარეობებისა, რითაც გატაცებული იყო ეს უნივერსალური მუსიკოსი. ბაჯუს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, ისრაელში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

* * *

– ბაჯუ, შენ კარგად ფლობ ბევრ ინსტრუმენტს. რომელიმე მათგანი განსაკუთრებით ხომ არ მოგწონს?

– მე მომწონს ბგერა და არა ინსტრუმენტები. ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი, მე რასაც მალე გამოვიგონებ, ის იქნება. ნახავთ, რაც იქნება. ჯერ სახელი არ მომიფიქრებია, მაგრამ მას ექნება ბგერა.

– საყვარელი მუსიკოსები თუ გყავს?

– არა, საყვარელი ხალხი მყავს, მაგრამ არა მუსიკოსები. არსებობენ მუსიკოსები, რომელთაც მე დიდ პატივს ვცემ. ადრე ვყოფდი მათ, მაგრამ დღეს ყველას თანაბრად ვცემ პატივს.

– როგორც ნოვატორი მუსიკოსი, რამე სიახლეს ხომ არ ჰპირდები მსმენელს?

– ქართულ მუღამში არაფერს ვაპირებ, რადგანაც ყოველივემ ისეთი ჩამოყალიბებული სახე მიიღო, რომ აზრი აღარა აქვს. ეს ზედმეტი, ხორცმეტი იქნება. რაც შეეხება პროგრესულ, აბსტრაქტულ, თუნდაც ავანგარდულ მომავლის მუსიკას, 21-ე საუკუნეში გავაკეთებ და თქვენც ნახავთ. მაგ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ, არ მიფიქრია.

– ბაჯუ, ჩემთან პირისპირ საუბარში აღნიშნე, რომ შენი მუსიკით ფრანგები დაინტერესდნენ. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან და რას გთავაზობენ?

– თავდაპირველად მართლაც ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა მქონდა მათთან, მაგრამ შემდეგ ჩვენი პირადი ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს, ამიტომ დღეს შიგადაშიგ ვკამათობთ კიდეც. აქ მიუღებელი არაფერია. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მე და ჩემი ფრანგი პროდიუსერი მარტინ გარატი ერთად ვაკეთებთ მიქსებს. ბევრი კარგი რაღაც გამოგვდის, მაგრამ ჩემი პროდიუსერი ამ ალბომების გამოცემას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგანაც მას აქაური ბაზარი აბსოლუტურად არ აინტერესებს. მისი აზრით, ეს ალბომი გათვლილია დასავლეთისთვის და მან მაისიდან ჩემი დიდი პრომოუშენი დაგეგმა ესპანეთში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში. ჩემი თანხმობა დამოკიდებულია მათ მიერ შემოთავაზებულ თანხებსა და პირობებზე. თუ დამაკმაყოფილებს, იმ შემთხვევაში მოვაწერ კონტრაქტს ხელს. ძველი კონტრაქტები კი ისევ ძალაშია, ვმუშაობთ და ვწერთ. 

ახლა აქ ჩამოვიდა ფრანგი DJ. მასთან ერთად ვწერ ფსიქოდელიურ მუსიკას. ამ მუსიკას ჩვენ უფრო ქართველი მსმენელისთვის შევასრულებთ. ეს ყველაფერი ხდება „სანო-რეკორდსში“. თვითონ სანო ჩემი კოლეგაა. ის უნიჭიერესი, კეთილშობილი, სულით კარგი ადამიანია. ისაა პიროვნება, რომელიც ძალზე ბევრს აკეთებს ქართველი მუსიკოსებისთვის და ბევრს ფიქრობს. სანო დრამერია და მას საკუთარი პროექტები აქვს.


– ბაჯუ, ცოცხალ ინსტრუმენტებს თუ იყენებ შენს შემოქმედებაში?

– ბევრს პირზე აკერია, რომ 21-ე საუკუნეში მხოლოდ ელექტრონული მუსიკა იჟღერებს, მაგრამ ცოცხალი ინსტრუმენტებიც იქნება. ჩემს ცოცხალ კონცერტში ალაგ-ალაგ არის ცოცხალი ინსტრუმენტები.

– თბილისში თუ აპირებ კონცერტის გამართვას?

– თბილისში დღემდე ძალიან ბევრი კონცერტი გავაკეთე. მომავალშიც ბევრი გაკეთდება, თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მაწყობს. ამჯერად არავისზე არა ვარ დამოკიდებული და თავად ვწყვეტ ყველაფერს. უფრო ცივილიზებულ ხალხთან ვიკავებ კონტაქტს. ვინც მეტს გადაიხდის, ის უფრო დიდ კონცერტს და საკაიფო მუსიკას მიიღებს. მინდა ცივილიზებული ურთიერთობები და არ მსურს დავემგვანო იმ ძველ ქართველ ულვაშა ხალხს, რომლებიც ნისია-სხვისიებით აკეთებენ საქმეს.

Saturday, December 2, 2000

ჯგუფი „მოდუსი“

„მოდუსის“ სტუდიაში, სადაც წინამდებარე ინტერვიუ იქნა ჩაწერილი, „ვარსკვლავები“ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯგუფის პროდიუსერმა გელა იმნაძემ მოგვცა საშუალება, მოგვესმინა ამ მუსიკალური კოლექტივის ორი ახალი, ჯერ არგამოქვეყნებული სიმღერის ციფრული ჩანაწერი. შეიძლება აღინიშნოს, რომ ჯგუფი ძალიან კარგად ასრულებს კომერციულ ჯაზ-როკს. „მოდუსი“ ცოცხალი ჯგუფია (ჩანაწერებში მუსიკოსები ნაკლებად მიმართავენ სინთეზირებულ ხმებს) და ეს სიმღერები უბრალოდ, მაღალ პროფესიულ დონეზეა ჩაწერილი. კოლექტივი 1994 წელს შეიქმნა თბილისში. თავდაპირველად ის ინსტრუმენტული ჯგუფი ყოფილა, რადგან, როგორც მისი წევრები აღნიშნავენ, მასში ყოველთვის არსებობდა ვოკალისტების პრობლემა. სწორედ ამიტომ ჯგუფში ხშირი იყო ცვლილებები. მუსიკოსები ამბობენ, რომ დღეისათვის შემადგენლობა სტაბილურია, ჩამოყალიბებული სახე აქვს და, ღვთის წყალობით, რაღაც უნდა გაკეთდეს. კვინტეტი დღეს ასე გამოიყურება: მარიკა ქაცარავა – ვოკალი (უყვარს ბევრი სოული, ჯაზი, როკი, ოღონდ არა მძიმე როკი); მანუჩარ მანჯავიძე – გიტარა (აბსოლუტურად ყველანაირ მუსიკას უსმენს, რაც კარგია და მისთვის მისაღები); ზაზა წურწუმია – კლავიშები; ზურაბ ხერხეულიძე – ბასი (ძირითადად მოსწონს როკი); გიორგი კამასიანი – დასარტყამები (მხოლოდ ჯაზი იტაცებს) და ჯგუფის მეექვსე წევრია პროდიუსერი გელა იმნაძე (გიჟდება ჯაზზე და მოსწონს ჯაზ-როკი).

* * *

– სიტყვა „მოდუსი“, ერთ-ერთი განმარტების თანახმად, აზროვნების ნაირსახეობას ნიშნავს. რას წარმოადგენს თქვენი ჯგუფი?


მანუჩარ მანჯავიძე
– „მოდუსი“ დროსა და სივრცეშია გაშლილი. დროის ცვალებადობის მიხედვით ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიმუშაოთ, რათა ახალი სიტყვა ვთქვათ. უბრალოდ, ვცდილობთ, თანამედროვედ ვიაზროვნოთ და დროს არ ჩამოვრჩეთ. ყოველი მხრიდან მაქსიმალურ ინფორმაციას ვიღებთ. მუსიკა ჩემი არამარტო ჰობია, არამედ საქმეა.

– მატერიალურად თუ გაკმაყოფილებთ თქვენი ეს საქმიანობა, რა განსაზღვრავს ჯგუფის პოპულარობას?

ზურაბ ხერხეულიძე – სასურველია, ასე ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ასე იყოს მომავალში. პოპულარობისათვის კი, ალბათ, უნდა გავყვეთ თანამედროვე მიმდინარეობებს და ავყვეთ ცხოვრების რიტმს, რაც აუცილებელია.

– საზღვარგარეთ თუ გქონდათ კონცერტები?

გელა იმნაძე – ჯერ არა, ეს ძალზედ რთულია, თუმცა ჩვენი მარიკა აპირებს წასვლას მაროკოში. ყოველ კვირას აპირებს და ჩემოდნებზე ზის. აქედან წასვლამდე ჯერ რაღაც ღირებული უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ხომ დასავლეთის მუსიკის ნაყოფი ვართ.

– თქვენი სიმღერები სრულდება ქართულ ენაზე. დასავლეთში რომ გახვიდეთ (რასაც გისურვებთ), მშობლიურ ენაზე იმღერებთ თუ ინგლისურად?

გ.ი. – ინგლისურად შესრულება პრობლემა არაა – მარიკა კარგად ფლობს ამ ენას.

მ.მ. – ჩვენ არამარტო საკუთარი, არამედ ქვეყნის სახელი უნდა გავიტანოთ იქ.

– ჯაზ-როკის გარდა, თუ აპირებთ სხვა მიმდინარეობებში ძალების მოსინჯვას?

გ.ი. – ჩვენ შევეცდებით, ჩვენი სტილით განსხვავებულები ვიყოთ სხვა თბილისური ჯგუფებისაგან. ეს არ უნდა იყოს რაღაც გადამღერება. შევეცდებით, შევინარჩუნოთ საკუთარი სტილი ისე, რომ კაცმა ერთი აკორდითაც გვიცნოს. ჯგუფი მიდის მაგ შედეგამდე თავისი განსხვავებული ხმოვანებით, ჟღერადობით. თბილისში არიან ჯგუფები, რომელთაც საკუთარი ხმოვანება აქვთ, მაგალითად, „33ა“, „ვაკის პარკი“. ვფიქრობ, ჩვენს სტილში დღეს არავინ მუშაობს საქართველოში. ამიტომ, ალბათ, ეს უფრო საინტერესო იქნება მსმენელთათვის.

– მარიკა, დიდი ხანია, რაც სცენაზე მღერით. ფონოგრამაზე თუ გიმღერიათ და, საერთოდ, როგორ უყურებთ ამ საკითხს?

მარიკა ქაცარავა – ვმღერი უკვე 7 წელია. საქართველოში ფონოგრამაზე სიმღერა არაა გასაკვირი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სულ ცოცხლად ვიმღერო, მაგრამ ზოგჯერ აპარატურა არ იძლევა ამის საშუალებას. მე მგონი, მომღერალმა საერთოდ არ უნდა იმღეროს „პლუსზე“, თუ ის მომღერალია.