Showing posts with label ჟურნალი „ფოკუსი“. Show all posts
Showing posts with label ჟურნალი „ფოკუსი“. Show all posts

Sunday, January 22, 2017

ვიდეოთამაშების მუსიკა

დღევანდელ მსოფლიოში მუსიკა იქმნება არა მარტო კინოსთვის, თეატრისთვის, ტელევიზიისთვის, რადიოსთვის, არამედ ვიდეოთამაშებისთვისაც, რომლებსაც ჩვენში „კომპიუტერულ თამაშებს“ უფრო ეძახიან. ამ სფეროში, როგორც იტყვიან, დიდი ფული ტრიალებს. 2016 წელს ვიდეოთამაშების ბაზრის მოცულობამ მთელ მსოფლიოში 95 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. სწორედ ამიტომ, კომპიუტერული თამაშების საუნდტრეკებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგიერთი თამაშის მუსიკა მოთამაშეს აჰიპნოზებს, ზოგიც ეხმარება იმ ადგილმდებარეობის ატმოსფეროში გაერკვეს, სადაც ვირტუალურად იმყოფება, ზოგიერთი კი ენერგიით მუხტავს და კიდევ უამრავ შეგრძნებას აღძრავს...

1970-იან წლებში, როცა ვიდეოთამაშები პირველად გამოჩნდა, როგორც გართობის ერთ-ერთი ფორმა, მუსიკა არსებობდა ანალოგური ფორმით კასეტებსა და ფირფიტებზე. ასეთი მატარებლებს სათამაშო ავტომატებში ვერ გამოიყენებდი, ამიტომ თამაშების შემქმნელები დაფიქრდნენ, როგორი სახით ჩაენერგათ მუსიკა ამ ავტომატებში. ბევრად უფრო იაფი და უბრალო იქნებოდა ციფრული მუსიკის ჩართვა. ხმოვან ბგერაში პროგრამული კოდის გარდაქმნამ 1970-იან წლებში საშუალება მისცა თამაშების შემქმნელებს მუსიკა ჩაერთოთ სათამაშო ავტომატებში. ისე კი, პირველი თამაშების მუსიკა აუდიოკასეტებზე იწერებოდა, რადგან ამ ათწლეულში „ხმის დაფა“ (ე.წ. „აუდიო პლატა“) არ არსებობდა.

ადრეული სათამაშო მუსიკა საკმაოდ მონოტონური იყო, მუდამ მეორდებოდა, ან მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში უკრავდა, როგორც ყველაზე ცნობილ თამაშში „პაკმენი“. სათამაშო ხმებად ციფრული ბგერები გამოიყენებოდა. გაციფრულების პროცესი 1980-იანი წლების თამაშებში განსაკუთრებით გააქტიურდა და ავტომატებსა თუ სათამაშო დანადგარებში მუსიკალური გაფორმება უფრო ინტენსიური გახდა. ამ ათწლეულის მეორე ნახევრიდან ვიდეოთამაშების მუსიკის შექმნაში გაცილებით მეტი მუსიკის მცოდნე ადამიანი ჩაერთო, ვიდრე მანამდე. ასეთი ცნობილი კომპოზიტორები არიან: კოძი კონდო (დაწერა მუსიკა თამაშებისთვის („Super Mario Bros.“, „The Legend of Zelda“, კოიტი სუგიამა („Dragon Quest“), რობ ჰაბარდი („Monty On the Run“), ჰიროსი კავაგუჩი („Out Run“) და სხვები. გარდა სპეციალურად დაწერილი მუსიკისა, თამაშებისთვის დაიწყეს სხვადასხვა კომპოზიციების გამოყენება. მაგალითისთვის, სუპერპოპულარულ „ტეტრისში“ რუსული ხალხური სიმღერის, „კორობეინიკის“ მელოდია ჩართეს.

ვიდეოთამაშების განვითარების ყველა ეტაპზე მუსიკის შექმნის თუ მორგების ორგვარი ხერხი არსებობს: პირველი – ესაა სემპლების გამოყენება, ანუ უკვე ჩაწერილი აუდიოფრაგმენტების ჩასმა და მეორე – მუსიკის კოდური გენერაცია. კომპიუტერის განვითარებასთან ერთად თამაშების ავტორები ძირითადად პირველ ხერხზე გადავიდნენ. მაგალითად, 2008 წელს გამოსულ თამაშში „Alone In The Dark“ (კომპოზიტორი: ოლივიე დერივიერი) ინსტრუმენტები და ორკესტრების ხმები ისმის. მეორე ხერხის მაგალითია ზემონახსენები „მარიო“, რომლის მუსიკა კოდური გენერაციითაა შექმნილი.

Saturday, December 17, 2016

6 რჩევა, თუ რას შეიძლება ვუსმინოთ ინტერნეტში

ადამიანი იბნევა, როცა რამდენიმე თანაბარი ღირებულების მქონე ვარიანტს შორის არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ამ დროს ხშირად ნატრობს ვინმეს, რომელიც თითოეულ ვარიანტს კარგად, დაწვრილებით დაუხასიათებს, რის შემდგომაც იგი უფრო თავისუფლად აირჩევს. მუსიკის მსმენელები ალბათ დამეთანხმებიან, რომ ახალ ეპოქაში სულ უფრო ხშირად ვსვამთ შეკითხვას – რას ვუსმინოთ, ან სად ვიპოვნოთ ჩვენთვის საინტერესო მუსიკა? მით უფრო მაშინ, როცა საქართველოში მუსიკალური მაღაზიები, სადაც ხარისხიან ვინილის დისკს თუ CD-ს შეიძენ, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ახალი თუ ძველი მუსიკის საძიებლად მელომანს ძირითადად ინტერნეტი რჩება, სადაც საკმაოდ რთულია ამდენ საიტს შორის მიაგნო საინტერესოს და სიახლე შეიტყო შემსრულებლებზე.

ადრე, როცა შოუბიზნესი ძირითადად მხოლოდ რადიოთი, ტელევიზიით და პრესით რეკლამდებოდა, რამდენიმე კარგი ჟურნალი, რადიოსადგური თუ ტელეგადაცემა საკმარისი იყო სასურველი ინფორმაციის მისაღებად. დღეს ამის გაკეთება რთულია, რადგან გლობალური ქსელის განვითარებასთან და ხელმისაწვდომობასთან ერთად უამრავი ახალი ინტერნეტგამოცემა თუ საიტი გაჩნდა. პლუს ამას, საქართველოში მუსიკალური გადაცემები, რადიოსა თუ ტელევიზიაში საკმაოდ მცირეა და ამიტომ კიდევ უფრო რთულია ვინმესგან რაიმე კარგი რჩევა მიიღო. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსოფლიოში სულ უფრო გაპოპულარულდა აუდიოწიგნები, რომლის მშობლიურ ენაზე პოვნა ასევე არც ისე მარტივია.

შევეცდები რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რა სად ეძებოთ ინტერნეტში – უფასოდ და ლეგალურად, რაღა თქმა უნდა.

1.    ყველაზე მოსახერხებელი საიტი, ჩემი აზრით, YouTube-ია, რომელზეც ზღვა მუსიკაა ატვირთული და მათი მოძიება-მოსმენა-ნახვა ძალიან მოსახერხებელია. უბრალოდ, საძიებელში უნდა აკრიფოთ სასურველი მუსიკოსისა და სიმღერის სახელები. იშვიათია ჩანაწერი, რომელსაც ამ არხზე ვერ იპოვნით. ბევრი ალბომი სრულადაა განთავსებული. სასურველი მუსიკის მოსმენის დროს, ვიდეოს ფანჯრის მარჯვნივ თავად „იუტუბი“ შემოგთავაზებთ იგივე შემსრულებლის სხვა კომპოზიციებს ან სიმღერის სხვა ვერსიებს, რაც ბევრად სასიამოვნოს ხდის მუსიკის ძიება-სმენას. თუ არხზე დარეგისტრირდებით, გაცილებით მეტი ფუნქცია ჩაირთვება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ნავიგაციას თუ მუსიკის ძიებას. ამავე დროს, შეინახავს საყვარელ კომპოზიციებს თუ დასაკრავ სიებს (იგივე ფლეილისტებს), ასევე ამ საიტზე ნავიგაციის ისტორიას.

Sunday, November 6, 2016

ვინილი vs CD

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, 21-ე საუკუნეში მუსიკაზე წვდომა ისეთი ადვილი გახდა, როგორც არასოდეს კაცობრიობის ისტორიაში. მისი მოსმენა შესაძლებელია ყველგან – საკუთარ სახლში, ტრანსპორტში, ბუნების წიაღში, ქუჩაში... ადამიანს სასურველ მუსიკაზე წვდომა გლობალურ ქსელში, ფაქტობრივად, უფასოდ შეუძლია თუნდაც ყველაზე დიდ ვიდეოპორტალ „იუთუბის“, აუდიოპორტალ „საუნდქლაუდის“ და მსგავსი ინტერნეტსაიტების საშუალებით. გამარტივებულია სასურველი მუსიკის შეძენაც. ციფრულ ტექნოლოგიებამდე, მუსიკალური ჩანაწერის შოვნა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა იყო. ის ბევრ დროსა და თანხას საჭიროებდა. 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ნახევარს გავცდით და მუსიკისმოყვარულებს, მუსიკოსებსა და სპეციალისტებს შორის არ ცხრება კამათი, რომელი მუსიკალური ფორმატი სჯობს – ძველი, ტრადიციული, თუ ახალი? დღეს თითქმის ყველაფერი შეიძლება იშოვო ინტერნეტმაღაზიებში. სანამ თანამედროვე მუსიკალური ბაზრის ტენდენციებსაც შევეხები, მუსიკალურ ფორმატებსა და მათ მატარებლებზეც მოკლედ მოგითხრობთ.

დღეისთვის არსებობს ორი მუსიკალური ფორმატი: ანალოგური და ციფრული. ანალოგური – ძველი, ტრადიციული ფორმატია, რომელიც იწერება ასევე ტრადიციულ მუსიკალურ მატარებლებზე – ვინილის ფირფიტებზე და მაგნიტურ ფირებზე (ყოფაცხოვრებაში გავრცელებული კოჭებიანი, ანუ „ბაბინებიანი“ და კასეტების მაგნიტოფონების სახით). ციფრული მუსიკა დააქვთ ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკებსა და სხვა ციფრულ მატარებლებზე (ე.წ. „ფლეშკაზე“, მყარ დისკზე და სხვა). თავის მხრივ, ციფრული ფორმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. არსებობს დანაკარგებით (lossy) და დანაკარგების გარეშე შეკუმშული (lossless) ციფრული მუსიკა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დანაკარგებით შეკუმშული ციფრული მუსიკის სახესხვაობაა MP3, რომელიც ინტერნეტსივრცეში ძალზე ხშირად გვხვდება. ბევრი შემსრულებელი ამ სახით ყიდის ხოლმე თავის ნაშრომს. დანაკარგების გარეშე შეკუმშული მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმატებია: FLAC და APE. დიფერენციაცია MP3-შიც გვხვდება, თუმცა მათი ჩამოთვლა და განმარტებები ახლა შორს წაგვიყვანს – ისევე, როგორც ყველა დანაკარგებით თუ დანაკარგების გარეშე შეკუმშული ფორმატის ჩამოთვლა.

გრამოფონი
გრამფირფიტა მე-20 საუკუნის მუსიკალური სიმბოლოა. იყო დრო, როცა იგი მუსიკალური ინფორმაციის თითქმის ერთადერთი მატარებლად მიიჩნეოდა. მისი ისტორია 1877 წლიდან იწყება, როცა თომას ედისონმა საკუთარი გამოგონება – ფონოგრაფი დააპატენტა. ის ხმას ნემსით იწერდა ცილინდრის ფორმის ღერძზე და შემდეგ უკრავდა. ამ მოვლენიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, ედისონის აღმოჩენაზე დაყრდნობით, ამერიკელმა ემილ ბერლინერმა გრამოფონი და ჩამწერი მოწყობილობა დააპატენტა. სწორედ მისი იდეა იყო, რომ ხმოვან მატარებელს დისკის ფორმა ჰქონოდა. პირველად ფირფიტებს ებონიტისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით დაიწყეს შელაკის (ბუნებრივი ფისი, რომელსაც ზოგიერთი ტროპიკული მცენარე გამოიმუშავებს) დისკების წარმოება. თუმცა ეს ფირფიტები მძიმე, ძალიან სქელი და ადვილად მსხვრევადი იყო. ამავე დროს, ნემსთან შეხების გამო  ხშირად ცვდებოდა. ამიტომ, დისკის ექსპლუატაცია რომ გაეხანგრძლივებინათ, ორივე მხარეს ხშირად ერთსა და იმავე სიმღერას წერდნენ. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს გაჩნდა ვინილისგან დამზადებული ბევრად გამძლე ფირფიტები და თანდათან დისკების ბრუნვის სიჩქარის სტანდარტიზაციაც მოხდა. გრამოფონის ფირფიტების ბრუნვის სიჩქარე იყო: 78 ბრუნი წუთში, შემდეგ RCA-მ 45 ბრ/წთ-ში შემოიღო (შემდეგ ეს სიჩქარე და ზომა იქცა სინგლების სტანდარტად) და ფირფიტის ზომა შეამცირა, ხოლო Columbia Records-ის ინიციატივით სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული ზომის ფირფიტების სიჩქარე 33 1/3-ბრ/წთ-მდე შემცირდა. 1958 წლიდან კი ფირსაკრავების ნემსის განვითარების შემდეგ სტერეოფონური ფირფიტებიც გამოჩნდა. აქედან მოყოლებული დღემდე ჩაწერის ტექნოლოგია საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ ჩამწერი აპარატურა დაიხვეწა. ვინილის ფირფიტებზე დღემდე გამოდის შემსრულებელთა ალბომები და სინგლები.

Thursday, June 16, 2016

არალეგალური მუსიკის პლუსები და მეკობრეთა პარტია

მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ არალეგალურად გავრცელებული მუსიკა, ზოგადად მეკობრეობა (ჩვენში პირატობასაც ეძახიან) მისი მფლობელის უფლებებს ლახავს. ირღვევა საავტორო უფლებები. მოკლედ, ძალიან ცუდია. შეიძლება თუ არა, არალეგალურ, კონტრაბანდული გზით შემოსულ მუსიკას ჰქონდეს რამე პლუსი? უპირველესად, მოდი ვთქვათ ის, რომ დღეს, ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, კონტრაბანდული მუსიკა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ტოტალიტარულ ან რელიგიურ-ფუნდამენტურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობას ინტერნეტთან და მსოფლიო შოუბიზნესთან წვდომა რადიოსა და ტელევიზიითაც კი შეზღუდული აქვს. დღეს ციფრული ტექნოლოგიების წყალობით მუსიკასთან წვდომა ღიაა მთელს მსოფლიოში და ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, თუნდაც ჩვენი ქვეყნის ახალი თაობა, რომ ოდესღაც საქართველოში სასურველი მუსიკა ფაქტობრივად არ იშოვებოდა და ფარულად ვრცელდებოდა.

ახლავე ავხსნი ყველაფერს:

კოჭებიანი, ე.წ. „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონი
სტალინს მიაჩნდა, რომ „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, ამიტომ ჯაზი 1917 წლის რუსეთის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, მის გარდაცვალებამდე (ინერციით 1950-იანი წლების მეორე ნახევრის ბოლომდე) ფაქტობრივად აკრძალული იყო. 1920-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში უკვე შეიქმნა „ფილარმონია“, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა მუსიკოსები და მათი შემოქმედება. ეს ორგანიზაცია მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე თანამედროვე მუსიკას. ფილარმონია ერთგვარ საპროდიუსერო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. ფილარმონია განაგებდა მუსიკალურ, საცეკვაო თუ მხატვრული კითხვის შემსრულებლებს, გეგმავდა მათ კონცერტებს, ხოლო გასტროლებს საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში „სოიუზკონცერტი“ და „გოსკონცერტი“ უკეთებდნენ ორგანიზებას. თანამედროვე მუსიკაში ქვეყანაში მხოლოდ ე.წ. „ესტრადა“ იყო ლეგიტიმური, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა ე.წ. „მსუბუქი მუსიკის“ (ჯაზის გავლენის მქონე) ორკესტრები, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები (ე.წ. ვია-ები, რომლებიც ფარულად მაინც განიცდიდნენ დასავლური ჯაზ, როკ, ფოლკ თუ პოპ-შემსრულებელთა გავლენას), სხვადასხვა მომღერლები და იუმორისტები, – სასაცილო მონოლოგებს რომ კითხულობდნენ სცენაზე. მუსიკალურ მაღაზიებში ოფიციალურად მხოლოდ საბჭოთა და ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნების (პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია და ბულგარეთი) წარმოებული, ძირითადად, ცენზურაგავლილი ფირფიტები იყიდებოდა.

Thursday, December 10, 2015

#წერექართულად – მუსიკის ჟურნალისტიკა


ქვეყანაში ნებისმიერი დარგის (სპორტის, მეცნიერების, ხელოვნების თუ რომელიღაც სხვა) განვითარებას თან სდევს სპეციფიკური ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება და მისი დახვეწა. გასული საუკუნის დასაწყისში ასე ინერგებოდა მანქანათმშენებლობის, გეოლოგიის, ბიოლოგიის, ფეხბურთის, კალათბურთის, ელექტრობისა და უამრავი სხვა დარგის ტერმინოლოგია. ენა, რაც უფრო სრულყოფილად გადმოსცემს მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურ თუ კულტურულ მოვლენებს, ცივილიზაციის სიახლეებს, მით უფრო თანამედროვეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მშობლიური ენა ლექსიკური თვალსაზრისით მდიდარი და თანაც საკმაოდ მოქნილია, თანამედროვე ტერმინოლოგიების აღწერა ჯერ სრულყოფილად არ ძალუძს. ამაში ალბათ გარკვეული წვლილი გლობალიზაციამაც შეიტანა, რადგან გასული საუკუნის 1990-იანების დასაწყისიდან, დამოუკიდებლობის მიღების პირველივე წლებიდან, მთელი მსოფლიოდან შემოდინდა საბჭოთა პერიოდში დაბლოკილი ინფორმაციის ნაკადი. ამ პერიოდიდან დღემდე, ჩვენს ენაში ბევრი უცხო სიტყვა თუ ტერმინი დამკვიდრდა, რადგან ხშირად არც კი ვამოწმებდით, ჰქონდა თუ არა მას ქართული შესატყვისი. ამ უკანასკნელის არმქონე სიტყვებმა კი მყარად მოიკიდა ფეხი.

ლაშა გაბუნია
საბჭოთა საქართველოს დროს, მთელი სახელმწიფო ორგანო არსებობდა, რომელიც იგონებდა ახალ-ახალ, უცხოურის შესაბამის სიტყვებს. თუმცა დღეს მსგავსი ორგანო აღარ არსებობს და ენის ცხოვრება თავისუფლად მიედინება. სხვათა შორის, ასეთ შემთხვევაში ჩვენი, ჟურნალისტების როლი ახალი ტერმინების დამკვიდრებაში უზომოდ დიდია. ძალიან სასიამოვნოა, რომ რაგბიში, ბოლო წლებში, სწორედ ჟურნალისტების დამსახურებით, საკმაოდ ბევრი ინგლისურის შესატყვისი კარგი ქართული ტერმინი დამკვიდრდა, როგორებიცაა „ხეირი“, „კვაჭი“ და სხვები. აღარაფერს ვამბობ „ჯახზე“, „შერკინებასა“ თუ „ლელოზე“.

დღეს მინდა მოკლედ მიმოვიხილო თანამედროვე მუსიკის ჟურნალისტიკა. ალბათ ხშირად წაგიკითხავთ ან ტელევიზიიდან თუ რადიოდან მოგისმენიათ სიტყვები: ჩარტები (საუკეთესო სიმღერების შეჯამება გამოკითხვის ან ხმის მიცემის საშუალებით), სინგლი (მცირე დისკი, რომელზეც ჩვეულებრივი დისკიდან განსხვავებით შესულია ბევრად ნაკლები ხანგრძლივობის ან რაოდენობის სიმღერა), რელიზი (დრო, როდესაც მუსიკალური პროდუქტის გაყიდვა იწყება), ფლეილისტი (ფირფიტაზე ან ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიურ მატარებელზე შესული კომპოზიციების ერთობლიობა), ტრეკი (ცალკეული ნაწარმოები, სიმღერა მუსიკალურ მატარებელზე), რიმეიქი (მუსიკოსის მიერ საკუთარი ძველი ნაწარმოების ხელახლა გაკეთება), ქავერი (სხვა მუსიკოსის მიერ შესრულებული ნაწარმოების თავისებურად გადაკეთება), რემიქსი (რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების ელექტრონულ-საცეკვაო ფორმატში გადაკეთება), ფრონტმენი (მუსიკალური კოლექტივის წამყვანი მუსიკოსი), საუნდტრეკი (მუსიკა ფილმისათვის, თამაშისთვის და ა.შ.) და მრავალი სხვა. ესენი პირდაპირ ინგლისურიდან შემოსული მუსიკალური ტერმინებია, რომელთა ქართული განმარტებებიც ფრჩხილებში მივაწერე. როგორც ხედავთ, თითოეული ტერმინის აღწერისთვის რამდენიმე სიტყვა გამოვიყენე, რადგან ქართული შესატყვისები არ არსებობს. თავადაც მუსიკაზე ვწერ და ხშირად იძულებული ვარ, აზრის ჩამოსაყალიბებლად ინგლისური ტერმინები გამოვიყენო, თუმცა ვცდილობ, უფრო გასაგები გავხადო. მაგალითად, „რიმეიქსა“ და „ქავერს“ „გადამღერებულებს“ ვუწოდებ... დამაინტერესა, ამ სფეროში მომუშავე სხვა ჟურნალისტები და ბლოგერები რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხზე. მათ ორიოდე შეკითხვა დავუსვი. პირველი, არის თუ არა პრობლემა ქართულ ენაზე თანამედროვე მუსიკის შესახებ სტატიის წერა, როცა ამდენი სიტყვები ბრმად გადმოგვაქვს ინგლისურიდან და მეორე – თავად თუ ცდილობენ რომელიმე ტერმინის გაქართულებას.

Tuesday, April 7, 2015

ჯაზის ქართველი ლეგენდა გიული ჩოხელი

მაღალი დონის ხელოვანი თავისი კარიერის განმავლობაში ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარდება ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც მოვლენის ან შემთხვევის წყალობით, საზოგადოება ხელახლა აღიარებს მას. პოპულარული ქართველი ჯაზმომღერალი ქალი, გიული ჩოხელი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩრდილში იყო. საქართველოს ჯაზის ლეგენდა იმ იშვიათ ადამიანებს განეკუთვნება, რომლებზეც თამამად შეიძლება ითქვას „უბერებელი“. მუსიკოსი 80 წლის გახდა, თუმცა მისი ენერგია და თვალებში ჩამდგარი ბავშვური პოზიტიური სხივი ბევრ 20 წლის ახალგაზრდას შეშურდება. ახალგაზრდული იერისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო, ალბათ ვერავინ იფიქრებს, რომ უამრავი საერთაშორისო პრიზის მფლობელი და ამერიკელი კრიტიკოსების მიერ „ჯაზის ქართველ ლეგენდად“ წოდებული მომღერალი 1950-იანების დასაწყისიდან საქართველოს ჯაზის სათავეებთან დგას და ერთ-ერთი პიონერია. მისი ძლიერი, და ამავე დროს, ძალიან თბილი ხმა, ტემბრი, შესრულების მანერა, განუმეორებელი და უნიკალურია.

ჩემი სტუმრობის პირველსავე წუთებში, სანამ საუბარს დავიწყებდით, მუსიკოსმა ახლახან მიღებული წერილი მაჩვენა. კუბელი წარმოშობის ამერიკელი სახელგანთქმული ჯაზმენი, საქსოფონისტი და კლარნეტისტი პაკიტო დე რივერა წერს, რომ 48 წელია ეძებს ჩოხელს და მის მეუღლეს – ბორის რიჩკოვს. მოხარულია, რომ იპოვა. იხსენებს იმ დღეებს, როცა 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, კუბაში ერთად უკრავდნენ. რივერა სიხარულით აღნიშნავს, რომ მცირე ხანში თბილისში ჩამოვა და შეძლებს მასთან შეხვედრას.

საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისში გიული ჩოხელის საღამო გაიმართა და მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. მომღერალმა ამ კონცერტთან დაკავშირებით ასეთი რამ მითხრა: „ფილარმონიის დარბაზზე უარი ვთქვი, რადგან ძალიან დიდია. ჯაზს უფრო კლუბური სიტუაცია შეეფერება, ამიტომ ივენთ-ჰოლში გადავწყვიტე, სადაც ჩამოსული ჯაზმენებიც უკრავენ. მაყურებელთან ასე უფრო იქნება კონტაქტი, რადგან მე უნდა ვხედავდე მაყურებლის თვალებს, მათ რეაქციას“. ამ საღამოზე გიული ჩოხელმა თავად შეასრულა რამდენიმე სიმღერა და ამავე დროს, მისი ძველი, ქართული რეპერტუარი ახალი თაობის მომღერლებმა იმღერეს.

მუსიკოსის შემოქმედების ათვლა 1953 წლიდან იწყება, როცა იგი იმ რეპერტუარს ასრულებდა, რომელიც სსრკ-ში ძალიან რთულად შემოდიოდა. მაშინ ჯაზი აკრძალული იყო და მუსიკოსს დიდ სცენაზე არ უშვებდნენ. მხოლოდ მივარდნილ კლუბებში შეიძლებოდა დაკვრა და სიმღერა. 1956 წელს გიული ჩოხელი დაქორწინდა პიანისტსა და კომპოზიტორზე – ასევე ჯაზმენ ბორის რიჩკოვზე. თავდაპირველად მათ ტრიო ჩამოაყალიბეს (მოგვიანებით ანსამბლი „ჩანგი“) და ჯაზის  დაკვრა დაიწყეს. სსრკ-ში სუფთა ჯაზკარიერის გაკეთების უფლებას ბოლომდე ვერავის აძლევდნენ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისთვისაც კი ერთგვარად სავალდებულოც იყო, ხარკი გადაეხადათ ე.წ. ესტრადისთვის, ანუ პოპულარული სცენისთვის. გიული ჩოხელი, როგორც ჯაზმომღერალი, ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა. მას რამდენიმე ფირფიტა აქვს გამოცემული. მისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო სიმღერებია: „პაემანზე“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ეს იყო სიზმარი“, „სიყვარულის ვალსი“ და სხვები.

გიული ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. იგი წერს ლექსებს, ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და საქართველოში), ამავე დროს, 17 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა. მის ძველ სიმღერებს, ნახატებს, ფოტოებს, წიგნს თუ ლექსებს მისსავე საიტზე გაეცნობით: giulichokheli.com. შარშან მუსიკოსზე გადაღებულმა ლევან კიტიასა და ბიძინა მაყაშვილის შესანიშნავმა დოკუმენტურმა ფილმმა „ეს იყო სიზმარი“ მისი შემოქმედების მიმართ მოთხოვნა გაზარდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სასცენო კოსტიუმი, მის მიერაა შექმნილი. გიული ჩოხელმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებაზე ასე განაცხადა: „ჩემი ცხოვრების გზა – ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია. მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მე მაქვს სიყვარულის ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ეს არის: ადამიანების სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა. თუ ეს სამი რამ ადამიანს შეუძლია, მას ცხოვრებაში ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს! ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“.

ჩვენი საუბარი ასე დაიწყო: