Showing posts with label ქუთაისი. Show all posts
Showing posts with label ქუთაისი. Show all posts

Friday, November 29, 2024

მუსიკის გავრცელება ქუთაისში

შესავალი

მუსიკასთან ზიარება დიდი სიამოვნებაა და ბევრი მელომანისთვის იგი უკავშირდება არა მარტო ჩანაწერების თუ ცოცხლად კონცერტების მოსმენას, არამედ მათ ფლობასაც. ადამიანი მესაკუთრეა, მას სურს ჰქონდეს და ეხებოდეს იმას, რაც ძალიან უყვარს. ამიტომ მელომანების დიდი ნაწილი მუსიკას აგროვებს. მუსიკის ქონა კი 21-ე საუკუნის დასაწყისამდე მუსიკალურ მატარებლების – ფირფიტების, კასეტების თუ კომპაქტ-დისკების დაგროვებასთან ასოცირდებოდა. მუსიკას ჰქონდა ფიზიკური ფორმა, მისი შენახვა შეიძლებოდა მაგიდაზე, თაროებზე, ჯიბეშიც კი. მასზე მუშაობდნენ არა მარტო ხმის ტექნოლოგები, არამედ დიზაინერები, სტამბის მუშები, გამავრცელებლები, გადამზიდველები და ა.შ. უკვე მზა პროდუქტს ჰქონდა სპეციფიკური ვიზუალი, ფერი, სუნი. შეგეძლო მუსიკა საკრავზე ჩაგერთო და შენ ფირფიტის, კასეტის ან სიდის ყდა და ბუკლეტი დაგეთვალიერებინა. 21-ე საუკუნიდან კი მუსიკის ქონა ნაწილობრივ აბსტრაქტულ ცნებად იქცა. იგი მხოლოდ კომპიუტერის ან აიპოდის მყარ დისკზე შენახული ციფრულ ფაილებს ან ონლაინ ღრუბლებში განთავსებულ მუსიკას გულისხმობს, რომლებსაც არც ფორმა აქვთ, არც სხეული, შესაბამისად ვერც შეეხები, ვერც დაათვალიერებ, ვერც მის სუნს იგრძნობ. ჰოდა, სწორედ ამიტომ 2010-იანების მეორე ნახევრიდან ვინილის ფირფიტები და კასეტები ისევ მოთხოვნადი გახდა.


ადრე, როცა ჩვენს ქვეყანასა და შესაბამისად ქუთაისში არ არსებობდა ინტერნეტი, სმარტფონები, თხელი ტელევიზორები, თანამგზავრული ტელევიზიები, FM რადიო და პლასტმასის ბოთლები, როცა ყველაზე სწრაფი კავშირგაბმულობის საშუალება დეპეშის გაგზავნა ან ხაზის ტელეფონი იყო, როცა სხვა ქალაქში დასარეკად ე.წ. სალაპარაკოში უნდა მისულიყავი, ზარი შეგეკვეთა და მერე ხშირად დიდი ხნით დალოდებოდი, როცა ორცხობილას მართლა ორცხობილა ერქვა, ადგილებს კი ადგილები და არა ლოკაცია, როცა ქუთაისში ჯერ კიდევ ტროლეიბუსი მოძრაობდა და მგზავრები გადაჰყავდა, როცა ფალიაშვილის ქუჩაზე სპორტულ მაღაზია „სპარტაკში“ ფეხბურთის ტყავის ბურთი 11 მანეთი ღირდა, როცა სარაგბო კლუბ „აიას“ ჯერ კიდევ „სახლმშენი“ ერქვა, როცა ადამიანები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ფოტოებს მეტწილად ფოტო-ატელიეებში იღებდნენ ისეთ ფოტომეტრებთან, როგორიც ილო ხახიაშვილი იყო, როცა წყალი მაღაზიებში არ იყიდებოდა და სიცხეში წყურვილის მოკვლა პირდაპირ ქუჩებში მდგარი „ფანტანებიდან“ იყო შესაძლებელი, როცა ქალაქში 2-კაპიკიანი ტაქსოფონები და 5-კაპიკიანი გაზირებული ლიმონათების ჩამოსასხმელი ავტომატები იდგა, როცა კინოთეატრების ფოიეებში 15-კაპიკიანი სათამაშო ავტომატებით ვერთობოდით, მუსიკა ისეთი იოლად ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც დღესაა. დღეს მუსიკა ყველგან ისმის – სმარტფონებში, პლანშეტებში, კომპიუტერებში, ტელევიზორებში, FM რადიოებში, სავაჭრო ცენტრებში, სადგურებში, კაფეებში, სტადიონებსა თუ უბრალოდ ქუჩაში. რა თქმა უნდა, მაშინ მუსიკალური ტელე და რადიო გადაცემები არსებობდა, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ დროს და საერთო ჯამში, კვირაში ალბათ 2-ჯერ ან 3-ჯერ იყო მათი ნახვის ბედნიერება. კლასიკური მუსიკის მოსმენა გაცილებით ხშირად შეიძლებოდა ე.წ. ხაზის რადიოებში, რომლებიც ქუთაისის თითქმის ყველა შენობაში იყო შეყვანილი. დიახ, სადენებით შეჰყავდათ და მასზე სპეციალური რადიომიმღებები იყო დაერთებული, რომელსაც მხოლოდ ხმის ასაწევ-დასაწევის ღილაკი ჰქონდა. ამ რადიოების მოსმენაში კი ხალხი ყოველთვიურად ფულს იხდიდა. ხაზის რადიო კი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო რადიოს გადაცემებს უკეთებდა რეტრანსლაციას. ამას ემატებოდა ადგილობრივი ქუთაისური რადიო სტუდიის მაუწყებლობაც, რომელსაც დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი თუ ეთმობოდა.

რა მუსიკა ისმოდა საბჭოთა ქუთაისში

სანამ სსრკ დაიშლებოდა, საქართველოს სსრ ჰიმნი ალბათ ყველაზე ხშირად მოსმენადი მუსიკალური ნაწარმოები იყო, რადგან იგი ხაზის რადიოში ყოველ დილით 6 საათზე და შუაღამის ზუსტად 12 საათზე აჟღერდებოდა ხოლმე. მუსიკა ჟღერდა სტადიონზეც, სანამ „ტორპედოსა“ და რომელიმე გუნდის თამაში დაიწყებოდა და შესვენებებზე ტაიმებს შორის. რეპერტუარში ძირითადად ქართული ე.წ. ესტრადა იყო, მაშინდელი ან უფრო ადრინდელი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ან მომღერლების სიმღერები. მუსიკა ისმოდა კაფეებშიც, რომელთა რეპერტუარშიც მეტწილად საბჭოთა საესტრადო მუსიკა გახლდათ. რესტორნებსა და ქორწილებში კი 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე მუსიკალური კოლექტივები (კვარტეტები, კვინტეტები, სექსტეტები და ა.შ.) უკრავდნენ, რომლებიც სწორედ ამ საქმიანობით ირჩენდნენ თავს. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ე.წ. „პერესტროიკის“ ეპოქაში, საქართველოში იაპონური სინთეზატორები (მეტწილად „იამაჰას“ ფირმის) გაჩნდა და სარესტორნო თუ საქორწინო ბიზნესის ბენდებში მუსიკოსების რაოდენობა შემცირდა ჯერ ტრიომდე, შემდეგ დუეტამდე, ბოლოს კი ერთი ადამიანიც მშვენივრად ართმევდა ყველაფერს თავს. სარესტორნო თუ საქორწინო რეპერტუარში შედიოდა იმ პერიოდის პოპულარული საესტრადო სიმღერები, ხოლო 1980-იან წლების მეორე ნახევრიდან მსოფლიო თუ ევროპული ჰიტებიც.

Tuesday, October 3, 2023

ქუთაისური მუსიკა

ქუთაისი უძველესი, როგორც ამბობენ, 3500 წლის ქალაქია, რომელსაც ნიჭიერი ხელოვანები არასოდეს აკლდა. ამერიკელი კლასიკოსი მწერალი, უილიამ ფოლკნერი ამბობდა, რომ „პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“. სიჩუმე და სიმშვიდე ყოველთვის ქუთაისის თანამდევი იყო. საბჭოთა ინდუსტრიალიზაციამდე ქალაქში რიონის ხმა თუ ისმოდა მხოლოდ, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმოდა გიტარაზე დამღერებული ქართული პოლიფონიური ფოლკი, რომელსაც დღეს „ქალაქურ მუსიკას“ უწოდებენ და კლასიკური მუსიკა. კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ კი, როცა საწარმოები გაჩერდა და ჩარხების ხმაურიც მიწყდა, ქუთაისი კიდევ უფრო დადუმდა. თუმცა ეს იყო ერთგვარი სიმშვიდე ქარიშხლის წინ. ზოგადად, თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისი პოლიტიკური აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა და საზოგადოებაში დაგროვილი მუხტი მიტინგებზე კი არა, უფრო ხელოვნებაში აისახებოდა ხოლმე. მაშინ კი, პოსტ-საბჭოთა ქალაქში გამეფებული სიჩუმე დაარღვიეს მუსიკოსებმა – დამოუკიდებელმა ქართველმა როკერებმა, პანკებმა, მეტალისტებმა, ელექტრონისტებმა, ჰიპ-ჰოპერებმა... და მათი ეს ხმაური შემდეგში მთელმა საქართველომ გაიგონა. თუმცა ეს ხმა ნაკლებად ესმოდათ თავად ამ ქალაქში და ამ განსხვავებული მუსიკის მსმენელთა მხოლოდ მცირე წრეები არსებობდა.

რობი კუხიანიძე, 1997 წელი

ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერმა შავმა პრინცმა ადრე ინტერვიუში მითხრა: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.
 

ზოგადად ქუთაისელ არტისტებს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორ და პროტესტულ მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. თუმცა მოდით ეს მუსიკალური პროტესტი ახლა დროებით გვერდზე გადავდოთ და ისიც ვთქვათ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლებიც ამ ქალაქში გაიზარდნენ. ზაქარია ფალიაშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე (მისი შვილები იყვნენ კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ამერიკული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი) ამის ნათელი მაგალითები არიან. ბაფთიან გიტარაზე დამღერებული ე.წ. ქალაქური პოლიფონიური მუსიკაც მთელი დასავლეთ საქართველოდან სწორედ ამ ქალაქში აკუმულირდა და დები იშხნელები იყვნენ ის პირველი შემსრულებლები, რომელთაც სწორედ ამ მუსიკით გაითქვეს სახელი. მე-18 საუკუნის გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი იმერლებს ასე ახასიათებს: „მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. უცქვიტესად მოუბარნი...“


მეტყველების ეს სიცქვიტე კი კარგად მოარგეს თავიანთ შემოქმედებას ქუთაისელმა ჰიპ-ჰოპერებმა. მუსიკალური ცხოვრება ქუთაისში კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო ინტენსიური გახდა. აქ მთავარი იარაღი გიტარა იყო, რომლის შემსწავლელ წრეებში ბევრი ახალგაზრდა დადიოდა. ქვეყანაში ენერგოკრიზისის დროს, ისინი აკუსტიკურ გიტარებზე უკრავდნენ. გიტარა დღემდე რჩება გამორჩეულად სასურველ ინსტრუმენტად, რომელსაც მომავალი თაობა განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს. „აუტსაიდერელ“ რობი კუხიანიძეს კი ადრე ჩემთვის ინტერვიუში უთქვამს, რომ „ქუთაისს რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ახასიათებს კულტურული აფეთქება და სიახლეების დანერგვა“. მე-20 საუკუნის დასაწყისში ასეთი სიახლე თუნდაც პოეტური ორდენის „ცისფერყანწელები“ ჩამოყალიბება გახლდათ. 

რობი კუხიანიძე, 1998 წელი

პირველი ანდერგრაუნდ-დაჯგუფება ქუთაისში ჯერ კიდევ 1980 წელს, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, ე.წ. „პერესტროიკამდე“ გამოჩნდა და მას „თეთრი ფრთები“ ერქვა. იგი ქუთაისელმა მეგობრებმა – მხატვარმა, მუსიკოსმა და პოეტმა როლანდ, იგივე შალა შალამბერიძემ, მხატვარმა, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა  ავთო, იგივე ბაჩუ ავალიანმა და მხატვრებმა: მერაბ ამაღლობელმა, გია ხურციძემ, გოჩა დარახველიძემ და დათო გოფოძემ დააარსეს. დაჯგუფებას კიდევ დაემატნენ შემოქმედები და 1982 წლისთვის 20-მდე წევრს ითვლიდა. დაჯგუფება აწყობდა იატაკქვეშა პერფორმანსებს. როლანდ შალამბერიძემ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონება დაიწყო და დღემდე უამრავი ინსტრუმენტი აქვს დამზადებული, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ამ ინსტრუმენტებით მას რამდენიმე ავანგარდული ალბომი აქვს ჩაწერილი და გამოშვებული. „თეთრი ფრთების“ დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაიფანტა. 

Thursday, March 14, 2019

ქუთაისის ღამის ცხოვრება – „რეფლექტორისა“ და „ბუდეს“ ელექტროშუქების ფონზე

საქართველოში რეივ-ცხოვრება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ბოლო წლებში დასავლურ პრესაში თბილისი სულ უფრო ხშირად აღმოსავლეთ ევროპაში ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ცენტრადაა წარმოჩენილი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.

ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ქუთაისური რეივ-სცენაც, რომელიც ამ ქალაქში ორი უკვე ცნობილი კლუბით –  „რეფლექტორი“  და  „ბუდე“  არის წარმოდგენილი. ორივე კლუბს თავისი სპეციფიკური ნიშა უჭირავს. ისინი მუსიკალური სტილისტიკითაც განსხვავდებიან.

„ბუდე“ უფრო ანდერგრაუნდ-კლუბია და აქ ძირითადად ტექნო მუსიკა ჟღერს, ხოლო „რეფლექტორში“ მუსიკოსები ჰაუსს, ტრანსს, მინიმალს და სხვა ელექტრონული მუსიკის სტილსაც ასრულებენ. ქუთაისში ეს ორი კლუბი განსაზღვრავს ელექტრონულ ამინდს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე მათგანი თბილისისგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად იწვევს მუსიკოსებს გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ამას, რაღა თქმა უნდა, ქუთაისის აეროპორტის მრავალფეროვანი ევროპული რეისები, შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა და იაფი ავიაბილეთებიც ხელს უწყობს.

ბევრი ჩემი დედაქალაქელი ნაცნობი უკვე სპეციალურად ჩადის ქუთაისში, რათა კლუბურ საღამოებს დაესწროს და დრო გაატაროს. უკან დაბრუნების შემდეგ კი ისინი უმეტესწილად კმაყოფილები არიან მუსიკით, ორგანიზების დონით და იქაური განწყობითაც. სწორედ ამიტომ, კლუბებიც ცდილობენ უფრო უკეთესი მუსიკოსები ჩამოიყვანონ. თუმცა ადგილობრივ შემსრულებლებსაც არ ივიწყებენ და სცენაზე უამრავი ქართველი ელექტრონული მუსიკოსი ასევე სიამოვნებით დგება.

ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი): „ეს კლუბები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ სივრცეში ძალიან განსხვავებული ადამიანები იყრიან თავს, რომლებიც ერთობიან, ცეკვავენ – ამაზე დიდი მოვლენა რაღა უნდა იყოს? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისი თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვის. 

ერეკლე დეისაძე
თავიდან მხოლოდ „რეფლექტორი“ იყო და მერე დაემატა „ბუდე“. ამჯერად ქალაქში ელექტრონული მუსიკის და ღამის კლუბის ორი ძალიან კარგი სივრცე არსებობს. ამ კლუბებში მოსახვედრად მაყურებლები ჩამოდიან ზუგდიდიდან, ბათუმიდან, თბილისიდან. ძალიან ბევრი მსურველია ხოლმე და ეს საკუთარი თვალით მინახავს. 

ჩვენს ქალაქში კლუბური რეივ-ცხოვრება მაინც ახალი წამოწყებაა, რომელსაც ძალიან კარგად აუბა მხარი მსმენელმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. იმდენად გათავისებული აქვს ყველას ეს ყველაფერი, რომ ქუთაისში ის სირთულეები არ გაჩენილა, რისი დაძლევაც თბილისურ კლუბებს მოუხდა.

Tuesday, February 5, 2019

შავი პრინცი – დამშვიდობება

აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, ძებნილი, პრინცი პი და უბრალოდ შურიკა (შურა), როგორც ახლობლები ვეძახდით, ერთ-ერთი პირველი ადამიანია საქართველოში, ვინც იმღერა რეჩიტატივით და მის აგრესიულ რეპში ანტიგმირები განასახიერა.

იგი ხან ნარკომანი, ხან ქურდი, ხანაც ყაჩაღი იყო. პრინციპში, ეს მისი მხრიდან უბრალოდ ამ კონკრეტული მუსიკის სიყვარული კი არა, მისი ცხოვრების სტილი იყო. საერთოდ, იგი რეპერი რიტმის სიყვარულის გამო გახდა. 

1990-იანების გარიჟრაჟზე მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ის უკვე თავზე წაკრული ბენდენით, ბალახონით (ჰუდით), ბეისბოლის ქუდით, შავი სათვალით, ოდნავ ჩაჩაჩული შარვლით დადიოდა და უსმენდა ფაქტობრივად ყოველგვარ მუსიკას. მას ნახავდით იმ პერიოდის ქალაქში გამართულ თითქმის ყველა ალტერნატიულ „ტუსოვკაზე“. როკ-კონცერტებზე სცენასთან ახლოს აქტიურობდა, ხტოდა, ცეკვავდა ბრეიკ დენსს.

სწორედ მაშინ დაიწყო გარეპვა მეგობრებთან ერთად ტრიოში, ტრიოსთან ერთადვე გახდა ტელეკომპანია „რიონზე“ ტელეგადაცემის თანაწამყვანი, რომელსაც მაშინ უბრალოდ „ქუთაისის კომერციული ტელევიზია“ ერქვა.



ამ პერიოდში მელომანებში გავრცელდა უბრალო კოჭებიან („ბაბინებიან“) მაგნიტოფონზე ზემოთ ნახსენები უსახელო ტრიოს ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა: „დაგანახებ რეკორდს“, „აჭრა“, „მფრინავი ხალიჩა“ და „მწვანე თხა“, სადაც შურიკა ენერგიულად რეპავს. ტრიო კი მალე დაიშალა, მაგრამ ქალაქის ქუჩებში სიარულის დროს იგი მარტო არასდროს იყო. ჩვენი შეხვედრებისას სულ მეგობრებთან ერთად ვნახულობდი.

Saturday, April 5, 2008

ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)


I ნაწილი იხილეთ აქ: ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)

1990-იანების მიწურული და 2000-იანების დასაწყისი

დასავლეთ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი FM რადიოსადგური „ძველი ქალაქი“ სწორედ ქუთაისში შეიქმნა, რომლის ბაზაზე ჯგუფი „ბესტ ჰისტორი“ ჩამოყალიბდა. მალე ქალაქში კიდევ ერთი რადიოსადგური გაიხსნა, რომლის სიხშირეც რამდენიმე ადამიანმა ვიქირავეთ და რადიო „ლეგენდა“ გავაკეთეთ, რომლის ფორმატი ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ჩემს გადაცემაში „შუაღამის გემი“ როკში, ელექტრონიკასა და რეპში მომუშავე ქუთაისელ მუსიკოსებს ვიწვევდი, რომლებიც საკუთარ კომპოზიციებს პირდაპირ ეთერში ცოცხლად ასრულებდნენ. პარალელურად ტელერადიოკომპანია „ივერიონში“ საავტორო გადაცემაში „ანარეკლი“ სატელევიზიო სტუდიურ ვიდეოალბომებსაც ვიწერდი.

Tuesday, February 19, 2008

ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)

პირველთქმა

მოდით, პირდაპირ საუნდით დავიწყოთ, ანუ რა ხმა შეიძლება ჰქონოდა და ჰქონდეს ქუთაისს? ამაში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება ისიც, რომ ეს ქალაქი კომუნისტების დროს ინდუსტრიულად მონათლეს და მასში უამრავი „საკავშირო თუ რესპუბლიკური მნიშვნელობის“ ფაბრიკა-ქარხანა ააგეს. როგორც ქუთაისელმა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ქარხანას თავისებური ხმა ჰქონდა, მაგრამ ყველა ერთად მონოტონურად გუგუნებდა. პირველი ქართული დინოზავრის, პირველი ქართული ავტომობილის, პირველი ქართული თეატრალური დასის, პირველი ქართული პოეტური ორდენის, პირველი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების, პირველი ქართული ქალაქური სიმღერის მშობლიურ ქალაქს შეიძლება თანამედროვე მუსიკის ბევრი სტილის პირველობაზე ჰქონდეს პრეტენზია.

სტატიაში მოყვანილი მოსაზრებები სუბიექტური იქნება. ფაქტები კი მხოლოდ ჩემი მეხსიერებიდან და ბლოკნოტებიდანაა ამოკრეფილი. ისე, ხუმრობით რომ ვთქვა, საქართველო, წესით, მძლავრი როკ-ქვეყანა უნდა იყოს, რადგან არსებობს პანკისი (მხარე, სადაც წესით პანკები უნდა ცხოვრობდნენ), როკის გვირაბი, ორი მეტალურგიული გიგანტი რუსთავსა და ზესტაფონში, სადაც ასევე ლოგიკურად, მეტალისტები უნდა ცხოვრობდნენ და კიდევ... ქუთაისი. ქუთაისელ მუსიკოსებს საქართველოში ყველაზე პროტესტულ და უკომპრომისო მუსიკის შემსრულებლებად იცნობენ. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში ყველაზე სოციალური და პროტესტული მუსიკა, რომელიც თავისუფალია ელიტურობისა და სნობიზმისგან, სწორედ, დიდი ქალაქების გარეუბნებში ან შედარებით პატარა ქალაქებში იბადება.

Thursday, January 27, 2005

თანამედროვე ქუთაისური პროტესტი და ქართული ტალღა

ქართული სატელევიზიო მუსიკალური ეთერი სავსეა ქუთაისელი რეპერის „შავი პრინცის“ კლიპებით. მისი და სხვა რეპერების თითქმის ყველა კლიპში, რომელთა სცენარებიც ძალზედ ბანალურია და ერთმანეთს წააგავს, შესანიშნავი სხეულების მქონე, ნახევრად შიშველი გოგონები იწონებენ თავს. ქართველი რეპერები დაგრიალებენ „ფირმა“ მანქანებით, თამაშობენ კაზინოებსა და ისვენებენ საუნებში. „შავი პრინცი“ ასაკით ყველა ქართველ რეპერზე უფროსია, რაც ლოგიკურად იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში „ეროვნული რეპის“ აკვანი „სავარდო და სამაისო“ ქუთაისში დაირწა. რატომ უნდა ჩასახულიყო საქართველოში ეს ამერიკული მეგაპოლისების ურბანისტული, ზანგური მუსიკა მაინცა და მაინც ქუთაისში?

თბილისში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, თითქოს, ქუთაისელი ახალგაზრდები დღესაც ე. წ. „ქურდულ მენტალიტეტს“ ეტრფიან. მისაღებია თუ არა „შავი გაგება“ თანამედროვე რეპერისთვის? ქართული რეპი შეიძლება იყოს სექსი, კრიმინალი, ნარკოტიკები, მაგრამ იგი არანაირად არ ეხმაურება ტრადიციულ ქურდულ კანონებს. რეპერის „შავი გაგება“ უფრო ახლოს დგას ამერიკელ შავკანიანთა ქუჩურ, განგსტერულ ცხოვრებასთან. „შავი პრინცისა“ და სხვა ქუთაისელი რეპერების შემოქმედება ადრე უფრო აგრესიულობით გამოირჩეოდა და შეიძლება ითქვას, ანდერგრაუნდშიც კი იყო, თუმცა მაშინ „შავ პრინცს“ ცოტა თუ იცნობდა. ერთ დროს უკომპრომისო „ქუჩის ბიჭი“ და აგრესიული მუსიკოსი დაწყნარდა, დამშვიდდა და დღეს, უფრო მსუბუქ, მელოდიურ სიმღერებსაც ასრულებს. თუმცა, მოდით, ისევ ქუთაისს დავუბრუნდეთ. ზემოთ დასმულ კითხვაზე თავად „შავი პრინცი“ პასუხობს: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემის აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები რა გინდა“.

Monday, May 5, 2003

ქუთაისი ქალაქია...

ქუთაისი რომ საქართველოს უძველესი სულიერებისა და კულტურის ცენტრია, ამაზე დღეს არა მგონია, ვინმე შემომედავოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ 3500 წლის ქალაქს რატომღაც რაიონად, რეგიონად ან პროვინციად მოიხსენებენ, მისი სტუმარი აუცილებლად იგრძნობს ამ არქაული ქალაქის ფარულ, მშვიდ, თბილ სუნთქვას.

ისევე, როგორც დედაქალაქში, გაჭირვების გამო, ქუთაისშიც ძველი ქალაქელების რიცხვი შემცირდა. მათმა დიდმა ნაწილმა ქალაქი იძულებით მიატოვა და საშოვარზე შედარებით განვითარებულ ქვეყნებს მიაშურა. თუმცა ქუთაისლობა არც ისე რთულია. მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრეთ ქუთაისში და თავს სრულუფლებიან ქუთაისელად იგრძნობთ. თუკი იუმორის გრძნობა (და, საერთოდ, გრძნობა) გაგაჩნიათ, რიონის სანაპიროზე, უქიმერიონზე, გელათსა და მოწამეთაზე გონება გაგეხსნებათ და არც ხელოვნების მუზებიც მიგატოვებენ. ეს მუზები შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მოგასვენებთ და სადაც არ უნდა იცხოვროთ, მთელს სამყაროს მხოლოდ ქუთაისელის თვალებით შეხედავთ.

ქუთაისელები კი მხოლოდ ყველაფერს ქართულს აღმერთებენ – იქნება ეს ძველი თუ ახალი. ვერ იტანენ ხელოვნურობას, ამიტომ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც რაიმე ახლის წარმოდგენა გსურთ. ბევრს ჰგონია, რომ ამ ქალაქში მხოლოდ ქურდები და „ძველები“ ცხოვრობენ. აბა, გაიხედ-გამოიხედეთ, საქართველოს რომელ ქალაქში არ არიან ეს უკანასკნელები.

საქართველოს საფეხბურთო გუნდის გამარჯვებისას, მართალია, ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას, უკვე პირველი გოლის შემდეგ ბევრ ოჯახში ღვინით ქართველ ფეხბურთელებს, შუშაკისა და თანაქალაქელის, მალხაზ ასათიანის თამადობით ლოცავდნენ. საგულისხმოა, რომ მატჩის დიდი ნაწილი ქალაქმა სრულ სიბნელეში გაატარა, თვით სატელევიზიო ანძაც კი გაითიშა. მეორე დღეს ბევრი ქუთაისელი უკმაყოფილო იყო თუნდაც იმით, რომ კოკა ყანდიაშვილმა საქართველოს ფეხბურთელების გამარჯვება ზურნა-დუდუკით მიულოცა, რაც ქუთათურთათვის და საერთოდ იმერელთათვის ნაკლებად ქართული მოვლენაა.

სამწუხაროა, რომ ამ ქალაქის ხელოვნება საკუთარ წვენში იხარშება, უფრო სწორად – ხარშავენ. მხატვრებს იმდენი თანხა არა აქვთ, რომ საკუთარი ნამუშევრები თბილისის გალერეებში გამოფინონ. იგივე ითქმის მუსიკოსებზეც, რომლებსაც საშუალება არა აქვთ საკუთარი ხელოვნება ქართველ მსმენელს მოასმენინონ. მწერლებზე საერთოდ აღარა მაქვს საუბარი... ამოდენა ქალაქში ერთი ნორმალური წიგნის მაღაზია არ არის. ისე, საინტერესოა, რატომ უნდა სჭირდებოდეს ასეთი კულტურის მქონე ქალაქის ხელოვანებს თვითდამკვიდრებისათვის თბილისში ჩასვლა. ასე ხომ, თვით ჩვენსავით დაქცეულ რუსეთშიც არ ხდება, სადაც ხელოვანები მოსკოვის გარეშედაც შესანიშნავად გრძნობენ თავს პეტერბურგსა თუ ეკატერინბურგში...

ქართული პროვინციალიზმი თავად დედაქალაქიდან მოდის.

ქუთაისში ორი ადგილობრივი ტელეკომპანიაა. სამწუხაროდ, მათი ტექნიკური დონე ვერანაირ კრიტიკას უძლებს, რაც, რა თქმა უნდა, უსახსრობის ბრალია. დედაქალაქს კი ქუთაისის არაფერი აინტერესებს იმ მოტივით, რომ იქ არაფერი საინტერესო არ ხდება. როგორც ამბობენ შეძახილმა ხე გაახმოო. ქალაქი მართლაც ჩაკვდა. ორმაისობისა და სასექტემბრო მოჩვენებითი საჩვენებელი ზეიმები არაფერზე მეტყველებენ. ამიტომ ქუთაისი თბილისში მცხოვრებელთათვის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ვიდეოკამერებზე გადაღებულ და მერე „რუსთავი 2“-სა თუ „პირველ არხის“ საინფორმაციო პროგრამებში ციხეებსა და სასამართლოებზე გაკეთებული სიუჟეტების უფერულ კადრებთან ასოცირდება.

გასულ წელს ქალაქში სიუჟეტის გადაღებისას ტრაგიკულად დაიღუპა „მე-9“ არხის კორესპონდენტი, ახალგაზრდა გოგონა ნინო გაბიძაშვილი. ავტოკატასტროფის შედეგად „მე-9“ არხის ოპერატორთან ერთად დაშავდა „პირველი არხის“ გამოცდილი ტელეოპერატორი რეზო ბუხსიანიძეც, რომელსაც აფხაზეთის ომი ფეხით აქვს მოვლილი. ის დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როდესაც „პირველი არხიდან“ ქუთაისში დაურეკავთ, პირველად უკითხავთ – ვიდეოკამერა თუ გადარჩაო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ამავე დროს, „მოამბის“ ქუთაისელი კორესპონდენტების სახელფასო დავალიანება დღემდე გაუსტუმრებელია. არც ერთ თათბირზე „პირველი არხის“ ხელმძღვანელობას დღემდე არ უკითხავს რეზო ბუხსიანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ქუთაისში დარჩენილი ახალგაზრდა ხელოვანები ცდილობენ ადამიანური სახე შეინარჩუნონ, რაღაცას თავისით ხლაფორთობენ. ქუთაისს გაფრთხილება სჭირდება ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებს – თელავს, გორს, ხაშურს, ბათუმს და ა. შ. მარტო თბილისი არ არის საქართველო.

Monday, October 22, 2001

„მერვეკლასელო“ სოსო ივანეიშვილმა უცნობ გოგონას მიუძღვნა, რომელიც მერე შეუყვარდა

„ცოის Восмикласница-ს თემა ავიღე და მერე ჩემებურად გადმოვაქართულე“

ჯგუფი „პულსი“ ერთ-ერთი პირველი როკ-ჯგუფია ქუთაისში. ის არ მიეკუთვნება არც მძიმე, არც ალტერნატიული ჯგუფების რიცხვს, რომლებიც საკუთარ თავში ძირითადად პროტესტს ატარებენ. „პულსი“ შეიძლება ისეთ კოლექტივად ჩაითვალოს, რომლის შემოქმედება თანაბრად შეიძლება მოეწონოს როგორც კლასიკური როკის, ასევე, პოპულარული მუსიკის თაყვანისმცემლებს. ჯგუფის ასეთი ზომიერება, რა თქმა უნდა, ემთხვევა მისი შემქმნელის, ფრონტმენის, გიტარისტის, კომპოზიტორისა და ტექსტის ავტორის, სოსო ივანეიშვილის ხასიათს, აგრეთვე, ცოტა არ იყოს, მის უცნაურ შინაგან სამყაროს.




















Monday, September 10, 2001

ქუთაისმა ფუნქცია დაკარგა და უკვე ქუთაისლობაც იკარგება

საქართველოს ინტელექტკლუბის კაპიტანი, ფსიქიატრი ლაშა კილაძე – „საქართველოში ზომბირება მიმდინარეობს“

-------------------
მოკლე დოსიე
-------------------
საქართველოს ინტელექტკლუბის ნაკრების კაპიტანი ლაშა კილაძე დაიბადა 1972 წლის 27 ოქტომბერს, ქუთაისში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ფსიქიატრია. არის ქუთაისის ინტელექტკლუბის პრეზიდენტი და გაეროს სკოლის ფსიქოლოგი. ლექციებს კითხულობს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უყვარს მუსიკა, სპორტი და „კავეენი“.
---------------------------------------------------------------------

– ლაშა, შენი აზრით, როგორი მდგომარეობაა დღეს კულტურული ტრადიციებით ისეთ მდიდარ ქალაქში, როგორიც ქუთაისია?

– უფროსი ალექსანდრე დიუმა თავის ნაშრომში ქუთაისის შესახებ აღნიშნავდა, – ქალაქი პატარა, ჭუჭყიანი, ვიწრო ქუჩებით არის სავსე, მაგრამ გაოცებული ვარ, რომ ამ ქალაქში ახალი პარიზული მოდა ორ კვირაში შემოდისო. ქუთაისი არასდროს ყოფილა მეგაპოლისი, მაგრამ ყოველთვის კულტურული ცენტრი იყო, თანაც არა პირველობის პრეტენზიით. ეს ქუთაისელთა გენეტიკაში იყო ჩადებული და, თავად ქუთაისლობა, კულტურას ნიშნავდა.

დღეს კი, ქუთაისელი ღრმა პროვინციალის სინონიმია. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული, რადგან თავად საქართველო, რაღაც ბარბადოსის პროვინციად გადაიქცა. ქალაქს ამ პირობებშიც შეუძლია საკუთარი სახე არ დაკარგოს, მაგრამ ინტელექტისა და კულტურის დონე ქუთაისში საშინელ დონეზეა. ძირძველი ქუთაისლები აქედან წავიდნენ და ამ ქალაქში სოციალისტური ფეოდალიზმი ჩამოყალიბდა. ქალაქში არ არის ფული, არ ტრიალებს სული, ის, ფაქტობრივად, მკვდარია. სამარცხვინოა, რაც ჩვენს თეატრში ხდება. თეატრის ყველა სერიოზული დადგმა გროტესკს წააგავს და სპექტაკლები „კავეენის“ სტილში იდგმება. სამარცხვინოა, რომ ქალაქში არ არსებობს კინოთეატრი, რადგან ერთში ქელეხები და ქორწილები იმართება, მეორე დაინგრა, მესამეში კი, რა ხდება, კაცმა არ იცის.
 

Saturday, July 7, 2001

გოგა ჟორჟოლაძე – ჩემი სახლი ანდერგრაუნდია

ქუთაისური როკის ერთ-ერთი პიონერი, გოგა ჟორჟოლაძე დაიბადა 1962 წლის 23 მაისს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პროფესიით არქიტექტორია. ამავე დროს, ის არის კარგი მხატვარი, რადიოს შესანიშნავი დისკ-ჟოკეი (დიჯეი „ჰოტეი“), ზოგიერთი საკუთარი სიმღერის ტექსტის ავტორი და, რაც მთავარია, მუსიკოსი (მღერის, უკრავს გიტარასა და კლავიშებზე), ბიბლიომანი, კინომანი, მელომანი. აქვს საკუთარი, საკმაოდ მაღალი დონის სტუდია GOS. 1999 წელს გამოუშვა პირველი ალბომი Homegrown, თუმცა რამდენიმე სიმღერა მან ჯერ კიდევ 1992 წელს ჰოლანდიის სტუდიაში ჩაწერა. მოსწონს „ახალი ტალღა“, რეგეი და სხვა მუსიკალური მიმდინარეობები, განსაკუთრებით კი პანკი. ჰყავს მეუღლე ოლღა და ქალიშვილი ქრისტინა.

გოგა ჟორჟოლაძე: – მე-7 კლასიდან უკვე რაღაცეებს ვაკეთებდი. დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი. მაშინ რადიო „ამერიკის ხმა“ ხშირად ატრიალებდა პანკს და დაკვრაც დავიწყე, თუმცა მანამდე ძალიან სერიოზულად ვუსმენდი მუსიკას. პატარაობიდანვე დიდი მელომანი ვიყავი. სამხატვრო აკადემიაში გვქონდა ჯგუფი, სადაც ფორტეპიანოზე ვუკრავდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ არქიტექტორად ვმუშაობდი ქუთაისში ჯერ „ქალაქპროექტში“, მერე რესტავრაცია-რეგენერაცია-რეკონსტრუქციის კომბინატში. 1991 წელს არეულობისას მუშაობას თავი გავანებე, რადგან აღარც ხელფასი და აღარც სამუშაო იყო. ამის შემდეგ უკვე ინტენსიურად ვწერ მუსიკას.

– ბავშვობისას რომელი ჯგუფები მოგწონდა?

– 1969-70 წლებში მოვუსმინე „ფარფლებს“. მანამდე კი „ბითლზებს“ ვუსმენდი „ნეკნებზე“, ანუ რენტგენის ფოტო-ფირფიტებზე. შემდეგ მოჰყვა ჯიმი ჰენდრიქსი, „გრენდ ფანკი“, „ლედ ზეპელინი“, „როლინგ სთოუნზი“ და სხვა. 1970 წელს მაჩუქეს პირველი ფირფიტები: „ჰუს“ (The Who) ნაკრები და საიმონი და გარფუნკელის დუეტი. მას შემდეგ ფირფიტების შეგროვება დავიწყე. ახლა 200-ზე მეტი მაქვს. 1975 წელს პანკის შემოვარდნამ გამაცოფა. განსაკუთრებით პანკების იდეოლოგია მომწონდა. დღეს „რედ ჰოთ ჩილი პეპერსი“, ლენი კრავიცი, „ოფსპრინგი“, „გრინ დეი“, ნიკ ქეივი, ტომ უეიტსი, ანუ უფრო ნაკლებად კომერციული მუსიკა მომწონს. თუმცა, ამათგან „ოფსპრინგი“ ნაღდად კომერციულია, მაგრამ კარგი პროექტია.

– დღეს გავრცელებულია აზრი, რომ პანკი ნაკლებადინტელექტუალური მუსიკაა, სადაც წივიან, კივიან, ჩხავიან და ა.შ. შენ რას ფიქრობ?

– პანკი აგრესიული პროტესტის სახეა. პირველად როკში იყო ჰიპების პროტესტი, რომელიც მხოლოდ სიყვარულსა და ყვავილებზე იყო დაფუძნებული. ჰიპების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და პანკური პროტესტი წამოვიდა. პანკი იაფფასიან დისკოკულტურას დაუპირისპირდა. ამას წინ უსწრებდა ბრიტანეთში ლეიბორისტების გამარჯვება, ფუნტის დევალვაცია, საწვავის კრიზისი და უმუშევრობის მაღალი დონე. მუსიკოსებს აღარ ჰქონდათ საშუალება ეყიდათ მაღალხარისხოვანი აპარატურა. გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დაიწყო პანკის სიმღერა. პანკი სუბკულტურად ჩამოყალიბდა, ამიტომ მისგან იდეალურ ტექნიკურ შესრულებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ დღევანდელი დასავლური განვითარებული პანკი ძალიან მაღალი დონისაა. პანკ-როკს ეკუთვნოდა „პოლისიც“. მხეცი მუსიკოსები იყვნენ სტინგი, სამერსი და კოპლენდი.

Saturday, June 30, 2001

„მესამე კლასის ვაგონის“ პრეზიდენტი პლანეტა აცეკორზე

მხატვარი ანდრეი ზვერევი საკუთარი სამყაროს შესახებ

მხატვარი ანდრეი ზვერევი დაიბადა 1974 წლის 28 სექტემბერს. ის ქუთაისურ სამხატვრო არტკლუბ „მესამე კლასის ვაგონის“ ერთ-ერთი პრეზიდენტია. ამ კლუბის შესანიშნავი ნახატები მრავალ დამთვალიერებელს იზიდავდა ფესტივალზე „მზიური“. ანდრეი და არტკლუბის წევრები საკუთარი ძალებით აწყობენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს, პერფორმანსებს. ანდრეის ნახატებმა არა მარტო ქართველი ხელოვნების მოყვარულები დააინტერესა, მისი ნამუშევრები უცხოეთშიც გავიდა. „ვარსკვლავებში“ პირველი პრეცენდენტია, როდესაც ჩვენი ჟურნალის სტუმარია ახალგაზრდა მხატვარი.

 

ანდრეი ზვერევი: – ჩვენი არტ-კლუბი „მე-3 კლასის ვაგონი“ უკვე წელიწადნახევარია არსებობს. მომავალი კლუბის წევრები მის შექმნამდეც ვიცნობდით ერთმანეთს და ვმეგობრობდით. ვაწყობდით საკუთარ გამოფენებს, გვქონდა ჩვენ-ჩვენი იდეები და სახელოსნოები, მაგრამ მეტ-ნაკლებად ერთნაირი სულიერი მისწრაფებები გვქონდა. თავდაპირველად ვიყავით მე და გია ჭიღლაძე, რომელიც ამავე დროს, ჩემი მეზობელიცაა. სხვათა შორის, გიამ მიმიყვანა მასწავლებელთან და ხატვა დამაწყებინა. ჩვენთან ერთად იყვნენ მაკა ვეკუა და თემურ ტუკვაძე. ვიფიქრეთ, თუ არსებობს მუსიკალური კოლექტივები, სრულიად შესაძლებელია შევქმნათ მხატვრული კოლექტივი-თქო. დასაშვებია ერთი იდეის ირგვლივ მხატვართა გაერთიანება.

ადრე ჩვენ გვერქვა „პალატა №108“, რომელიც საგიჟეთთან ასოცირდებოდა. მერე სახელწოდება შეიცვალა. ცხოვრებიდან გამომდინარე, საქართველოში გინდა თუ არა, ხელოვნება „მე-3 კლასის ვაგონში“ იმყოფება. დასავლეთში ვიცი, რაც ხდება, მაგრამ აქ ასეთი რეალობაა. ჩვენ ყველანი პრეზიდენტები ვართ, გააჩნია ვინ წარადგენს კლუბს.

– რომელი სასწავლებელი დაამთავრე და სად გქონდა გამოფენები?

– დავამთავრე ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის უნივერსიტეტი, თუმცა პედაგოგობის არაფერი მესმის. უბრალოდ, ვხატავ. მეორე კურსზე ავურიე სავალდებულო და საკუთარი თემები. ლექტორი მთხოვდა დამეხატა „იმერეთი“, ბარზე, თოხზე მომუშავე კაცი და ა.შ. ძალიან მიყვარს ქართული, ტრადიციული თემა, მაგრამ უკვე მაშინ დავიწყე მექსიკის, ჩინეთის, ტაილანდის კომპოზიციების ხატვა, როცა იქ საერთოდ არ ვყოფილვარ. ერთმა ტაილანდში ნამყოფმა პიროვნებამ გაიკვირვა, თუ იქ არ ყოფილხარ, ასე ზუსტად როგორ დახატეო. კურსიდან კინაღამ გამრიცხეს, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე. მე-5 კურსზე მივხვდი, რომ ყინული დაიძრა და სადღაც შორს წავედი.

Saturday, March 31, 2001

„გოგლი-მოგლი“: ქართულ სცენაზე პლაგიატობა იგრძნობა

ჯგუფი „გოგლი-მოგლის“ შემადგენლობა ქართულ სცენაზე 1994 წლიდან უცვლელია. თუმცა, აღნიშნული სახელი კვინტეტმა სულ ახლახან დაირქვა. ბოიბენდი შეიქმნა ქუთაისში და მისი შემადგენლობაა: რეზო ჯავახიშვილი, ვალერი და კახა ქუთათელაძეები, ლაშა დოღონაძე და ერეკლე დიდია. „გოგლი-მოგლის“ მენეჯერია სულხან გოგოლაშვილი. თავდაპირველად ბიჭები მღეროდნენ არაკომერციულ, ანტიფონოგრამულ სოულს. ასრულებდნენ და ასრულებენ ხუთხმოვან კლასიკური ფორმის სიმღერებს, აკაპელებს და პოპ-კომპოზიციებს. 1996 წლის მაისში მონაწილეობა მიიღეს იუნესკოს ეგიდით მოწყობილ ქუთაისის დღეებში, რომელიც პარიზში ჩატარდა. შემდეგ გამოვიდნენ ფესტივალზე „მარგარიტა 96“. ამჯერად ჯგუფი თბილისშია. ბიჭები იწერებიან და მუშაობენ სტუდია „გამაში“, სადაც შედგა კიდეც ჩვენი საუბარი.

* * *


რეზო ჯავახიშვილი:
– მიუხედავად იმისა, რომ არსებობის პირველ წლებში ჩვენ ვმღეროდით სიმღერებს, რომლებიც არ იყო გათვლილი ფართო მასებისთვის, საკუთარ თავთან ვიყავით მართლები და მუსიკოსები კარგად გვიცნობდნენ. მხოლოდ სალონურ წრეებში გვიხდებოდა გამოსვლა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ამიტომ ამ წლებს დაკარგულად ვთვლით. ახლა ჩვენი კონცეფცია შევცვალეთ. შესაძლოა, საკუთარ თავს ვღალატობ, რადგან სხვანაირი გემოვნება მაქვს. დღეს შოუბიზნესს, რომელიც ახლა იდგამს ფეხს, მოთხოვნა აქვს, რომ მუსიკა ძირითადად უნდა იყოს საცეკვაო. ჩვენ, ბევრისგან განსხვავებით, არ ვაკეთებთ იაფფასიან სიმღერებს. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა ხარისხიანი კომპოზიციებია, რომელთა ჟღერადობა სხვებისგან უნდა განსხვავებოდეს.

– რატომ დაირქვით „გოგლი-მოგლი“?

სულხან გოგოლაშვილი: – 27 დეკემბერს ჩვენ წარგვადგინეს პირველი სიმღერით რადიო „ფორტუნა პლუსში“. მაშინ ახალი სახელი არ გვქონდა და მსმენელს ვთხოვეთ დახმარება მის შერჩევაში. უამრავი წინადადება შემოვიდა, მაგრამ არ მოგვეწონა. იდეაში გვქონდა „გოგლი-მოგლი“, რომელიც ლაშას უნდოდა და ბიჭებსაც მოსწონდათ, მაგრამ თავს ვიკავებდით. მერე მამუკა ბერიკამ მოგვცა სტიმული, კარგი სახელიაო. მე მგონი, მართლაც ორიგინალური სახელია. „გოგლი-მოგლი“ თავის სიტყვას უკვე ამბობს და იტყვის კიდეც. 

გადასარევი გადაცემაა „მუსიკალური ოქტაგონი“, სადაც ნათლად ჩანს, რომ მომღერლების 70%-ს არ უნდა მღეროდეს. ჩვენ ხარისხის პრეტენზია გვაქვს, გვინდა სახელი და მალე მსმენელი ამაში დარწმუნდება.

ერეკლე დიდია:
– ჯერ მხოლოდ ორი სიმღერა ჩავწერეთ, ხოლო 31-ში „კოკა-კოლას“ კონცერტზე გამოვალთ.

რეზო: – მოხდა რეინკარნაცია და „გოგლი-მოგლის“ სახით ჩვენ ხელმეორედ დავიბადეთ.

– რატომ მიატოვეთ მშობლიური ქალაქი და გადმოხვედით დედაქალაქში?

სულხანი: – ჩვენ ზოგიერთებივით არ ვმალავთ, რომ არა ვართ თბილისელები. ჩვენ ქუთაისელები ვართ. ადრე რომან რცხილაძემ მითხრა, რომ ქუთაისიდან ნებისმიერ სფეროში დიდი ძალა და ენერგია მოდისო. სამწუხაროდ, დღეს ქუთაისში არ არის საქმე ისე აწყობილი, რომ ჩვენთვის მიეხედათ. ჩემი და ჩვენი მეგობრების წყალობით ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისში, თორემ ქუთაისი არ მიგვიტოვებია. ჩვენ პირველი სოლო, ცოცხალი კონცერტი ამ ქალაქში გვექნება. ჩვენი ყოველი სიახლე მიეძღვნება ქუთაისს.

რეზო: – ბევრი აღნიშნავს, რომ ქუთაისი სუფთა ქართული ქალაქია. იქ მუსიკაში არასდროს იგრძნობოდა აღმოსავლური, აშუღური მუსიკისა და ბაიათების გავლენა. ცნობილია, რომ მრავალხმიანი ქართული, ქალაქური სიმღერის და გიტარის კულტურამ ამ ქალაქში მიიღო საბოლოო სახე.

Wednesday, January 17, 2001

ქუთაისი – როკის ქალაქი

(მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში)

ჟურნალ „ვარსკვლავებს“ დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდ ქალაქ ქუთაისში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, რომელთა წერილებსაც რედაქცია ხშირად იღებს და აქვეყნებს კიდეც. ახლა მინდა მოგითხროთ ამ ქალაქის მოკლე ისტორია თანამედროვე მუსიკის, კერძოდ, როკ-მუსიკის ცხოვრების შესახებ.

ისტორიული პრეამბულა

გოგა ჟორჟოლაძე
ქალაქი ქუთაისი (ადრე ის ქალაქი იყო და არა პროვინცია ან რეგიონი, როგორც დღეს მას ეძახიან) არსებობის 3500 წელს ითვლის. შორეულ წარსულში მას აია ერქვა და იყო ეგრისის, კოლხეთის, აფხაზეთისა და, საერთოდ, მთელი დასავლეთ საქართველოს კულტურისა და ვაჭრობის ცენტრი. ქუთაისის სახელთან არიან დაკავშირებული თუნდაც მეფეები, – აიეტი თუ დავით აღმაშენებელი; ლიტერატორები, – აკაკი წერეთელი, გალაკტიონი, ვლადიმერ მაიაკოვსკი; მხატვარი დავით კაკაბაძე; კომპოზიტორები, – ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე. აგრეთვე სპორტსმენები, მეცნიერები, გამომგონებლები და სასულიერო პირები.

ქუთაისი მდებარეობს 42 გრადუს გრძედსა და 42 გრადუს განედზე (დახეთ, როგორი დამთხვევაა) და ის გაშენებულია მდინარე რიონის ორივე სანაპიროზე, მთისა და ბარის გზაგასაყარზე. ქუთაისიდან დასავლეთით იწყება კოლხეთის დაბლობი. აღსანიშნავია, აგრეთვე, ისიც, რომ დაახლოებით 1000 წლის წინ ქუთაისი იყო გაერთიანებული ქრისტიანული საქართველოს პირველი დედაქალაქი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აშენდა, რის გამოც ქალაქი თანდათანობით კარგავდა ქართული კულტურის ცენტრის ფუნქციას და საბოლოოდ მას საქართველოს სსრ მეორე ინდუსტრიული ცენტრის დანიშნულება ერგო წილად. ლექსი და სიმღერაც კი შეიქმნა ტექსტით: „ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი“...

გადაცემა „ანარეკლის“ ქუდი
სიმღერაზე გამახსენდა, სხვათა შორის, ბაფთიან გიტარაზე დამღერებული ტკბილხმოვანი ქართული პოლიფონიური ქალაქური სიმღერაც სათავეს სწორედ ამ ქალაქიდან იღებს. მისი რეალური გამოვლინება დები იშხნელების მოღვაწეობა იყო. ქუთაისური ქალაქური სიმღერა არ აგერიოთ თბილისურში, რომელშიც მრავალხმიანობასთან ერთად ირანულ ზურნა-დუდუკზე დაფუძნებული აზიური მელოდიებიც შედის.

დღეისთვის ქუთაისს საქართველოს ახალგაზრდა თანამედროვე მუსიკისმოყვარულები ყველაზე ხმაურიანი (არა მძიმე!) და პროგრესული ჯგუფების როკ-ქალაქად მიიჩნევენ. შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ ამ ქალაქში აღიზარდნენ ე.წ. „სერიოზული“ მუსიკოსებიც, მათ შორის არიან თუნდაც ევროპაში სახელგანთქმულები: ჯაზ-მევიოლინე ვიტალი სამხარაძე, დრამერი გია სალაღიშვილი და სხვები. სამწუხაროდ, ამ ქალაქიდანაც, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, ხდება ნიჭიერი მუსიკოსებისა და ხელოვნების სხვა დარგის შემოქმედების გადინება.

როკ-მიმოხილვა

ქართული როკის ფენომენი ქუთაისში 1980-იანი წლების მე-2 ნახევრიდან გააქტიურდა. ამ პერიოდში ე.წ. „პერესტროიკის“ დროს ქალაქში ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის ერთ-ერთ ოთახში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „მელომანი“, რომელიც დააფუძნეს თემურ ჯოხაძემ („ტუსოვკა“) და ვახტანგ ნებიერიძემ („სტრადივარი“). ამ ორგანიზაციის შექმნამდე ქუთაისში უამრავი მუსიკისმოყვარული იყო, რომლებიც ძალიან ძვირად, 100 მანეთამდე ღირებულების საქართველოში სპორტსმენებისა და მეზღვაურების მიერ შემოტანილ ფირფიტებს ყიდულობდნენ და ამ ჩანაწერებს (ძირითადად „ბაბინებზე“, ანუ კოჭებზე) ერთმანეთში ავრცელებდნენ. ამ პიროვნებებს დღესაც უმდიდრესი ფონოტეკები გააჩნიათ და ისინი უმაღლესი ხარისხის ციფრულ კომპაქტ-დისკებს, ისევ ფხაჭუნა ვინილის ფირფიტებს ამჯობინებენ. აი, ასეთი ბრიტანული კონსერვატულობით ხასიათდებიან ქუთაისელი მუსიკისმოყვარულები.

თემურ „ტუსოვკა“ ჯოხაძე
ორგანიზაცია „მელომანში“ შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის: „პროვინციალბენდი“ (შემდგომში „აუტსაიდერი“), „ტრიბუნალი“, „პრომეთე“ და სხვები. აქ დადიოდა გოგა ჟორჟოლაძეც, რომლის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.

Saturday, January 13, 2001

ქუთაისის რადიო „ძველი ქალაქი“

„არ შეიძლება საქართველოს მუსიკალური გემოვნება მხოლოდ თბილისური რადიოების ხარჯზე შეფასდეს“

2000 წლის 2 დეკემბერს, 14 საათსა და 37 წუთზე დასავლეთ საქართველოში პირველი FM რადიოსადგური 5 წლის გახდა. დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია ქუთაისის დამოუკიდებელი რადიოსადგური „ძველი ქალაქი“, რომელიც იმერეთის რეგიონში FM 107.9 Mghz სიხშირის ტალღაზე მაუწყებლობს. რადიო დააფუძნეს ტელეგადაცემა „კედელის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა. ეს პროგრამა 1992-94 წლებში გადიოდა საქართველოს ტელევიზიის მეორე არხზე. გადაცემა აშუქებდა მსოფლიო როკის იატაკქვეშა მიმდინარეობებს და, რა თქმა უნდა, ქართული ანდერგრაუნდის წიაღსაც. ინტერვიუ „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთ დამაარსებელთან, კობა ჟორჟოლიანთან ჩავწერე ქუთაისში, ე.წ. „პრესის სახლის“ მე-4 სართულზე, სადაც მდებარეობს აღნიშნული რადიოს ოფისი.

* * *

– ქუთაისს დედაქალაქში მაინც პროვინციად მიიჩნევენ. საინტერესოა, პროვინციაში რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს FM რადიოს? 

– მე ვიტყოდი, რომ FM რადიოს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით რაღაც მნიშვნელობა არ უნდა შეეცვალოს. ის თავისი სტრუქტურით ძირითადად მაინც გასართობი მუსიკალური არხია. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია ნებისმიერი რადიოსადგური, რომელიც პროვინციაში დაფუძნდა, გახდეს ნაციონალური რადიოსადგური. თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, დღევანდელ პირობებს თუ გავითვალისწინებთ. ამას სერიოზული ფინანსური საფუძველი უნდა გააჩნდეს, საქართველოში კი ვიცით, რა პოლიტიკური მდგომარეობაცაა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პროვინციაში, ანუ დედაქალაქს მოშორებულ რეგიონებში FM რადიოსადგურები მოსახლეობას მაინც უნარჩუნებს იმის შეგრძნებას, რომ ცივილიზებულ სამყაროს არ მოწყდეს, თუნდაც მსმენელს მიაწოდო ის ჰიტი, რომელიც პოპულარულია, ვთქვათ, ჰოლანდიაში...

არის მეორე, საინფორმაციო მხარე, სადაც უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რადიოს. რეგიონში საინფორმაციო სამსახურს პრიორიტეტული ადგილი უნდა ეჭიროს, რადგან ადგილობრივი მმართველები ხშირად ბევრს თავნებობენ ხოლმე. საინფორმაციო სამსახურის კარგად ამუშავებას სერიოზული ფინანსები სჭირდება, რომელიც რეგიონში რთული მოსაპოვებელია. აი, ეს ორი მხარე არსებობს, ანუ გასართობი – მუსიკალური, რომელიც შესაძლოა ისეთ დონეზე იყოს, როგორც ცენტრში და საინფორმაციო უზრუნველყოფა, რომელიც რეგიონში, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის განხორციელება აქ უფრო რთულია, ვიდრე თბილისში. რადგან თბილისში, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება სპონსორის მოძიება, რეკლამების მოზიდვა და საერთოდ, დაფინანსება.

– კობა, „ძველი ქალაქი“ უფრო გასართობი არხია თუ საინფორმაციო? 


– ალბათ, უფრო გასართობი, თუმცა რადიოს აქვს მკვეთრად გამოხატული საკუთარი საინფორმაციო პოლიტიკა ორი მიმართულებით. ერთია, საინფორმაციო სამსახურის გამართულად ამუშავება და სააგენტოებთან თანამშრომლობა. მეორეა, საკუთარი საკორესპონდენტო ქსელის ამუშავება, რომელიც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენება, ადგილზე ინფორმაციის მოპოვება უფრო რთულია, ვიდრე ცენტრიდან მისი მიღება. შევეცდებით განვავითაროთ ადგილობრივი ქსელი.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ე.წ. „ენჯეოებთან“, მესამე სექტორთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობას. საუბარია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც, ბრტყელი სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებაში დემოკრატიული იდეების პროპაგანდას ეწევიან და ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ადრეც გვქონდა მათთან ურთიერთობა. ახლაც ერთობლივ პროექტს ვიწყებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იმერეთის ორგანიზაციასთან ერთად. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა და მხარს ვუჭერთ ამ ორგანიზაციას, რომელიც ძირითადად მაინც მონიტორინგის სისტემით იმუშავებს. პროექტი დაფინანსებულია და ეთერში გავა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ მომზადებული გადაცემები და, აგრეთვე, სოციალური რეკლამის სახით, მომზადდება პატარა ჯინგლები, რომლებიც ადამიანებს დაანახებს, თუ როგორი ფორმით ვებრძოლოთ კორუფციას მაშინ, როდესაც არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ მის წინააღმდეგ.

Monday, June 19, 2000

„საუკეთესო ისტორია“ ქართულ როკ-სცენაზე

„ჩემი ბგერა შეიძლება არ იყოს მოსაწონი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, იყოს სიცოცხლისუნარიანი“ 
© გიორგი ხონელიძე

რადიკალური, უკომპრომისო მუსიკა მასებისთვის ცოტა ძნელად აღსაქმელია. ჩვენს ქვეყანაში ბევრს მიაჩნია, რომ ისედაც პრობლემებით გადაღლილ ხალხს დასვენება და არა აზროვნება, სჭირდება. სწორედ ამიტომაა, ალბათ, გატანჯული ადამიანები საღამოს ხანს ცისფერ ეკრანებს – და არა წიგნებს – ჩააჩერდებიან და სხვების სიხარულითა და ტკივილით ცხოვრობენ, ანუ ტელესერიალებს ყლაპავენ (არა, არ გეგონოთ ეს გართობა, ტელესერიალები არ არის გასართობი ფილმები!) ასეთ საშინელებაში ტკბილად ჩათვლემილებს, რაღა თქმა უნდა, აღიზიანებთ სიცოცხლე, ხმაური, თუნდაც სიჩუმეც.

ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში მომუშავე ჯგუფების მისამართით ხშირად გაისმის: „ნეტა რა აყვირებთ?“, „პატრონი არა ჰყავთ?“, „ესეც თუ სიმღერაა!“, „ესენი სატანისტები არიან“ და ა.შ. ნეტა, იმაზე მეტი სატანიზმი რა უნდა იყოს, რასაც ისინი ყოველდღე (უკვე გამოსასვლელი დღეების ჩათვლით) ისისხლხორცებენ ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სერიალებიდან.

მგონი, თემას გადავუხვიე, უკაცრავად.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი თანაქალაქელი ჯგუფი Best History, რომლის წევრებიც, მიუხედავად მინიმალური საარსებო საშუალებების არქონისა, ცდილობენ იცხოვრონ ისეთ მდორე ქალაქში, როგორიც ქუთაისია და უმრავლესობასავით მარტოოდენ არ იარსებონ. „ბესტ ჰისტორია“: გიო „ჟორა“  ხონელიძე – ვოკალი; ნიკა „ნიკალა“ სვანაძე – გიტარა; ზვიად „სექსა“ საკანდელიძე – გიტარა; თემურ „ჩიი“ ფხაკაძე – ბასი და ზაალ საკანდელიძე – დასარტყამები. დღეს, გასაუბრება მხოლოდ ნიკასთან და თემურთან მოვახერხე, მაგრამ დროდადრო ჩვენს საუბარში გიოც შემოიჭრებოდა ხოლმე. მასთან ინტერვიუ შარშანაც ჩავწერე. დღევანდელი საუბარი კი რადიო „ლეგენდა 105“-ის ოფისში შედგა.

* * *

ნიკა: ჯგუფი Best History 1996 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა. რადიოში (იგულისხმება რადიო „ძველი ქალაქი“. ლ.გ.) მე და გიომ ჩამოვაყალიბეთ შემოქმედებითი გაერთიანება „არმატურა“, მოგვიანებით დავარქვით „32 კბილი“. ჩვენ ვწერდით სხვადასხვა პატარ-პატარა, გასართობ ისტორიებს. მერე ამათ მუსიკალური აკომპანიმენტის ქვეშ ვასრულებდით და ამიტომ ამ ჯგუფს „ბესტ ჰისტორი“, ანუ „საუკეთესო ისტორია“ დავარქვით.

გიო ხონელიძე

– რისთვის, ვისთვის და რატომ შეიქმნა თქვენი ჯგუფი?

ნიკა: ჩვენ არ ვიცით, კომპეტენტურები არა ვართ (იცინის), რისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, ეს განგებამ იცის. მოგეხსენებათ, მთელი სამყარო ღმერთმა შექმნა...

თემური: მე როგორც ვიცი, თავდაპირველად ეს ჯგუფი ერთობოდა რადიოში. ერთი წლის წინ მოვედი ამ ჯგუფში, მას შემდეგ რაც ჩემი და ბაჯუს ჯგუფი დაიშალა. ერთ-ერთ რეპეტიციაზე დავსხედით და გადავწყვიტეთ, სერიოზულად გვემუშავა. ჯგუფი თუნდაც იმისთვის შეიქმნა, რომ როკ-კულტურაში „აუტსაიდერის“ მიერ წამოწყებულ საქმეს გამგრძელებლები ჰყოლოდა. ჯგუფმა სერიოზულად იმუშავა და ძალიან მალე, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ლადო ბურდულს ჯგუფის დახმარებისათვის...

– გინდა ამით თქვა, რომ ლადო ბურდული გვერდით უდგას ქუთაისური როკის განვითარებას?

თემური: ჯერ ერთი, მადლობა მას ამისათვის და მეორეც – მადლობა ჩვენი ჯგუფის სახელით. დღეს „ბესტ ჰისტორის“ შეუძლია საკუთარი თავის გატანაც, მაგრამ ყველაფერი ამის შესაძლებლობა კი ჯგუფს ლადომ მისცა.

– თქვენი აზრით, ვის არ სჭირდება როკი?

თემური: როკიც საჭიროა, პოპსაც საჭიროა. ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. მე, მაგალითად, პოპსა არ მჭირდება. ამ უკანასკნელის მსმენელს კი როკი არ სჭირდება. ყველას თავისი გემოვნება აქვს.

ნიკა: მე ჩემს პასუხს წინა კითხვასაც დავუკავშირებ. ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობდით, ვიდრე სხვები. პოპსა სიტუაცია მაგრად ავარდნილია ჩვენს ქალაქში... თუმცა, ეს პოპსაც არ არის, ჩვენთან ნორმალური პოპსაც კი არ არსებობს. ჩვენ გვინდა ეს ჩვენი ინფორმაცია მივიტანოთ ზოგიერთის გამოლაყებულ თავამდე. გვინდა რომ ასეთებს, ასე რომ ვთქვათ, ტვინებზე ფეხი დავაბიჯოთ, გამოვაფხიზლოთ, თვალებში გამოვახედოთ და რეალობა დავანახოთ.

რა ჭირს, ნიკა, იმ ადამიანებს თვალებში გამოსახედი, შენი აზრით?

Monday, May 8, 2000

ბასა – „აუტსაიდერის“ ძრავა

საერთოდ, თანამედროვე მუსიკაში ყველაზე სერიოზულები, ნაკლებად ენაწყლიანები და ნაკლებად პრეტენზიულები, მაგრამ ამავე დროს, გონებამახვილები, დაკვირვებულები უმრავლეს შემთხვევაში ბას-გიტარისტები არიან. ამ შემთხვევაში, გამონაკლისებად უნდა მივიჩნიოთ სიდ ვიშეზი, პოლ მაკარტნი, როჯერ უოტერსი. ძირითადად, ბას-გიტარისტებს მუსიკის გარდა სხვა გატაცებაც გააჩნიათ, მაგრამ მათ სამართლიანად ჯგუფის ძრავებს (გულს) უწოდებენ, რომელთა პულსაციაზეც დამოკიდებულია ნებისმიერი მუსიკალური კოლექტივის წინსვლა და წარმატება. სწორედ, ასეთ დიდ ბასისტებად როკში არიან აღიარებულები: ჯონ პოლ ჯონსი (Led Zeppelin), როჯერ გლოვერი (Deep Purple), ტერი ბატლერი (Black Sabbath), ქრის სქუაიერი (Yes), ჯონ დიკონი (Queen), ქრის ნოვოსელიჩი (Nirvana) და მრავალი სხვა. ამ და სხვა, კიდევ უკეთესი ადამიანური თვისებებით უხვად დაჯილდოებულია ის პიროვნება, რომელსაც დღეს მე თქვენ გაგაცნობთ.

სახელი, გვარი: საბა კუპრაშვილი.

ზედმეტსახელი: ბასა.


მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1972 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის მე-3 სამშობიაროში. სტაბილურად სწავლობდა ქალაქის პირველ საშუალო სკოლაში (დღეს კლასიკური გიმნაზია). 11 წლისამ დაიწყო ხალხური სიმღერების შესწავლა. 12 წლისა 7-სიმიანი გიტარის რამდენიმე აკორდს დაეუფლა. 14 წლისამ კი სკოლის ორკესტრ „გაზაფხულში“ შეისწავლა 6-სიმიან გიტარაზე დაკვრა, მაგრამ მალე იძულებული შეიქნა, გადასულიყო ბას-გიტარაზე დათო ჯანელიძის ბიგ-ბენდ „აისში.“ ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის ფესტივალში „შირე კრუგ“. 1989 წელს სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დაამთავრა უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით, ელექტროტექნიკის ინჟინერი.

1994 წელს მუშაობდა ეროვნულ ბანკში ინკასატორად და უფროს პროგრამისტად (ეკონომისტად), ნამუშევარი აქვს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში. მუშაობს საქართველოს ტელეკომსა და ჩვენს რედაქციაში კომპიუტერულ დიზაინერად.

ჰო, კიდევ ერთი აუცილებელი შტრიხი (საკმაოდ სქელი) – უნივერსიტეტში სწავლისას, I კურსის I სემესტრის მიწურულს ფიზკულტურის დარბაზში მან გაიცნო „სტრადივარი“ (ვატო ნებიერიძე), რომელმაც ის მიიყვანა „მელომანში.“ ასე მოხვდა ქუთაისის ლეგენდარულ როკ-ტუსოვკაში და მოგვიანებით ჯგუფ „აუტსაიდერში“, რომლის უცვლელი ბას-გიტარისტია დღემდე. 

მთავარი ღირსებები: აქვს შესანიშნავი იუმორის გრძნობა. „იუმორის გრძნობა კარგი გრძნობაა“ – ამბობს იგი. აქვს ბევრი პროფესია: არის ე.წ. კომპიუტერშჩიკი (პროგრამისტი), მის ხელში გამოვლილია თითქმის ყველა კომპიუტერი, რაც ქალაქში შემოსულა და შემოდის. არის, აგრეთვე, ზემოთაღნიშნული მოაზროვნე მანქანების შესანიშნავი დასტაქარი. ესმის ტელეოპერატორობა და ტელემონტაჟი. ამ უკანასკნელის უმწიკვლოდ მცოდნეა. ქალაქში პირველი ტელე-კომპიუტერული გრაფიკა, სწორედ, მისი ნახელავია. 

კურიოზი: ქუთაისში I პირდაპირ სატელევიზიო საკონცერტო ცოცხალ ჩართვაზე საბა ასრულებდა შემდეგ ფუნქციებს: 1. წინასწარი გადაღებები, 2. მონტაჟი, 3. სატელევიზიო ხმის რეჟისორი, 4. ცოცხალი, პირდაპირი ტელეეთერის ტრანსლაციის რეჟისორი, 5. ხარვეზების აღმომფხვრელი, 6. მუსიკოსი (დაუკრა ჯგუფ „აუტსაიდერთან“ ერთად). არის ხმის რეჟისორი – ქუთაისში პირველმა ჩაწერა კომპიუტერში ცოცხალი ჯგუფი (დასარტყამების ჩათვლით). შეუძლია შესანიშნავად წაიყვანოს რადიოგადაცემაც (ერთ დროს „შუაღამის გემში“ პროგრამა მიჰყავდა, მას „DJ გვირილა“ ერქვა). ესმის ტიპოგრაფია, აკეთებს შესანიშნავ ლიმონათის ეტიკეტებსა და სხვა სასუსნავების აქსესუარებს. შესანიშნავი დიზაინერია და კლიპმეიკერი. წინასაარჩევნო გაწამაწიისას მის მიერ დამზადებული სხვადასხვა დეპუტატობის კანდიდატისა და პარტიის რეკლამა თვალშისაცემად ბრუნავდა ჩვენი ქალაქის ლეგენდარული ტელევიზიების ეკრანებზე. კარგად ერკვევა კაბელებსა თუ ჯეკებში, შეუძლია დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთებაც. 

უკრავს სხვადასხვა სიმებიან გიტარებზე, მათ შორის ბასზე და ფორტეპიანოზე. ერკვევა ფიჭურ ტელეფონებში. ძალიან (ნამეტნავად) უყვარს ლუდი და მეგობრები  (სიმეგობრიზმობადობის გრძნობა უყვარს). ის უყვართ. 

ნაკლოვანი მხარეები: მეჩვენება, რომ ზოგჯერ იცის უადგილოდ დამთქნარება. მეტს ვერაფერს ვამჩნევ, რომ კეთილი გულით ასე ხმამაღლა განვაცხადო...

ჩვენს რედაქციაში დიდსა და პატარას ძალიან უყვარს საბა, ამიტომ, გადავწყვიტე, კითხვები ჩვენი საერთო კოლეგებისგანაც შემეგროვებინა და მისთვის დამესვა. ეს ინტერვიუ შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად. პირველში საბა ჩვენი რედაქციის თანამშრომელთა კითხვებს უპასუხებს, მეორეში – ჩემსას.

ნაწილი I

Monday, February 7, 2000

წითელთათმანიანი და წითელქოლგიანი თეთრი გოგონას შეხედულებანი

ჩვენს ქალაქში იყო დრო, როდესაც არსებობდა ერთი როკ-ტუსოვკა, მაშინ სატელევიზიო ეთერში პროგრამა „კედელი“ გადიოდა, ყალიბდებოდა „ნიღბების კლუბის“ (ერთგვარი როკ-კლუბი) პირველ წევრთა ბირთვი. ისინი ყოველი თვის 8 რიცხვში გეგმავდნენ აქციებს ხან ქუჩაში, ხან ნანგრევებში, ხანაც – შენობებში (არა დარბაზებში)... 

ამ როკ-ტუსოვკას ამშვენებდა ერთადერთი ალტერნატიული (არ იფიქროთ მუსიკალურ მიმდინარეობაზე) მომღერალი გოგონა, რომელიც ქუჩაში ყოველთვის თავისი განუყრელი ვიოლინოთი დაჰქროდა. ის მონაწილეობდა ამ აქციებში, მიჰყავდა „კედელის“ პროგრამები, სწავლობდა, მღეროდა სცენაზე, მოკლედ რომ ვთქვათ, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა. ცხოვრების ამ მონაკვეთს ახლა ის განვლილ ეტაპს ეძახის. დღესაც, ჩვენი სტუმარი, მომხიბლავი ქერა გოგონა ლელა ლომთაძე საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს, უკიდურეს შემთხვევაში ეს ასე ჩანს. ის შესანიშნავი მუსიკოსი და ამავე დროს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული აკადემიური თეატრის მსახიობია. 

წინამდებარე საუბარი ჩავიწერეთ თებერვლის ძალიან ცივ, წვიმიან და გათოშილ დღეს. ჩემი რესპონდენტი თეთრი ტანისამოსსა და წითელ თათმანებში იყო გამოწყობილი. შეხვედრაზე მოსულს ხელთ სისხლისფერი ქოლგა ეპყრა.

– ლელა ლომთაძის აზრით, ვინ არის ლელა ლომთაძე? 

– პირველ რიგში ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა, რათა საკუთარი საქმე აკეთოს.

– როგორ აჯერებ ერთმანეთთან მსახიობობასა და მუსიკოსობას? 

– მამაჩემი, გიორგი ლომთაძე, არის მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი, ამიტომ, ბავშვობიდან ასეთ გარემოში ვიზრდებოდი. მსახიობობა ჩემთვის უცხო არაა, რა თქმა უნდა, ამაში ჩემს გენებსაც წვლილი მიუძღვის. ძალიან საინტერესოა თეატრისა და მუსიკის სინთეზი. იმ ორივე პროფესიაში თავს თავისუფლად ვგრძნობ და ორივევე სიამოვნებას მანიჭებს. 

დღეისათვის არც ერთი მუსიკოსი თეატრის ელემენტების გარეშე სცენაზე არ გამოდის. ისინი ტრანსფორმაციულ შოუებს აწყობენ. კარგია, როდესაც შენს სრულყოფას უკან რაღაც შოუ მიმდინარეობს. ეს ასეც უნდა იყოს. 

მეც მაქვს რაღაც პროექტები და ჩანაფიქრები, რომელთა განხორციელებაც უსახსრობის გამო ვერ ხერხდება.

– დასავლეთისკენ თუ გიჭირავს თვალი? 

– დასავლეთიდან მხოლოდ ინფორმაციას ვიღებ. იქ რომ წახვიდე, იქაურებთან კონკურენციის უნარი უნდა გქონდეს, თორემ მათ ვერაფრით გააოცებ, თუ არა შენი ეროვნულობით. თუნდაც ზანგებს შენი რეპითა და სოულით ვერ გააკვირვებ, მაგრამ თანამედროვე მუსიკას მორგებული ქართული ელემენტებით უფრო დააინტერესებ.

– ლელა, რა მოგცა შენ როკ-ტუსოვკამ და როკ-მუსიკამ საერთოდ? 

Monday, January 24, 2000

მუსიკოსების აღიარებასა და მუშაობას ხელს უშლის ქართული მენტალიტეტი

ის, რაც გია სალაღიშვილს და მე ყველაზე მეტად ერთმანეთთან გვაახლოებს, – ჩვენი საერთო დაბადების დღეა, დაბადების წლები კი სხვადასხვა გვაქვს. მაშ ასე, გია სალაღიშვილი დაიბადა 1963 წლის 27 იანვარს. მე-4 კლასიდან დაიწყო დასარტყამების შესწავლა გია წკეპლაძესთან. მერე ნიკოლოზ ედგარიძის ორკესტრში მოხვდა. დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი და კონსერვატორია. ამ პერიოდში უკრავდა ვიტალი სამხარაძესთან. თბილისში გადასვლის შემდეგ, როგორც გია ამბობს, გაუმართლა, რომ ყველანაირ სტილსა და მიმართულებაში მოუწია მუშაობა. გიას მრავალ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მას კარგად იცნობენ ევროპის ქვეყნების სოლიდურ ჯაზურ წრეებში. ქუთაისელი გია სალაღიშვილი მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოდის. ბოლოს 29 დეკემბერს ჩამოვიდა დათო ევგენიძესთან ერთად და კონცერტის შემდეგ ახალწლებზე ქალაქს შემორჩა. ჩვენი საუბარი ლუდის ბარში გაიმართა, რა თქმა უნდა, კათხა ლუდის თანხლებით. გია, ჩვეულებისამებრ, სასიამოვნო მოსაუბრეა, რომელიც ყოველთვის გასაგებად ამბობს თავის სათქმელს.

– ის, რომ ბავშვობიდან მუსიკით ვცოცხლობ, ალბათ, უფრო გენის ბრალია. ჩემი გვარის წარმომადგენლები უმეტესად მუსიკოსები იყვნენ. ბაბუაჩემის ერთი ბიძა ვირტუოზულად, ცხვირის ნესტოებითაც კი უკრავდა სალამურზე, მეორე – აკორდეონზე, მესამე – დუდუკზე, თვითონ ბაბუაჩემი კი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მედოლე იყო, სუხიშვილებშიც უკრავდა. 

1973 წლიდან ვუკრავ და ამ საქმით პურსა ვჭამ, რადგან სხვა ბიზნესი არა მაქვს, თუმცა, მქონია სურვილიც, თავი დამენებებინა მუსიკისთვის, ვინაიდან ორი პატარა ბიჭი მყავს და ხომ იცი, შვილებს რამდენი რამ სჭირდება? მივხვდი, რომ ასეთ საქმიანობაში ვერ ვივარგებდი. მე არ მესმის ბუღალტერია და ეკონომიკური მომენტები. მუსიკოსი ბოჰემაში, მისტერიაში ცხოვრობს, ხოლო ბიზნესი სულ სხვა გარემოა. ამიტომ მარტო მუსიკალური ბიზნესის გაკეთება მსურს: საკუთარი კლუბის შექმნა, ჯგუფების ჩამოყვანა და ა.შ.

ჩვენთან, საქართველოში, არიან პიროვნებები, რომელთა იდეებიც არ ჩამოუვარდება იდეებს. როკშიც არიან საინტერესო, ნიჭიერი შემსრულებლები. მთავარია აზროვნება, თორემ 7 ნოტს, შეგიძლია, ტექნიკურად კარგად დაეუფლო, იმეცადინებ და მორჩა. მთავარია, რა აზრებით მოდიხარ და რისი თქმა გსურს. დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციასა და არანჟირებას, მაგრამ ეს ნიჭიერი მუსიკოსები ნათლად არ ჩანან. მე, მაგალითად, გამიმართლა, რადგან მქონდა საშუალება, მეკეთებინა ის, რისი კეთებაც მსურდა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებიც მქონდა. ამ მუსიკოსების აღიარებასა და მუშაობას ხელს უშლის ქართული მენტალიტეტი, რომ ჩემზე წინ არავინ არ უნდა წავიდეს. მე კარგად მახსოვს პიანისტებს შორის შეხლა-შემოხლა, რომ მე უნდა ვიყო და არა შენო... აი, ამას უნდა გავექცეთ მუსიკის კეთება თუ გვინდა. მაგ. ჩიკ კორეა და კიტ ჯარეტი ნიუ-იორკში ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთი არ დაუჭამიათ. ჩვენ ხომ სუყველანი სხვადასხვანაირად ვფიქრობთ. მე ჩემი აზროვნება მაქვს, შენ – შენი. ჩვენ ერთმანეთს ვერ დავემგვანებით. ჩვენ თუ ერთმანეთს დავემსგავსებით ერთფეროვან სამყაროს შევქმნით. როდესაც ერთად დაკვრას ვიწყებთ, ვამბობ ხოლმე, მოდით, ყველა ვიყოთ ისეთი, როგორიც ვართ. 

გია სალაღიშვილი შესანიშნავი ვიბროფონისტი და დრამერია. მან აზროვნება ახსენა. მე მახსოვს მისი კონცერტები ქუთაისში: „ბითლზების“ მუსიკის კამერული ინტერპრეტაცია. სუფთა, ქართული სულის მქონე დასარტყამების გრანდიოზული შოუ და კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. საინტერესოა, საით არის მიმართული დღეს გიას აზროვნება და რას აპირებს უახლოეს მომავალში.


– მზად მაქვს ოთხი საკონცერტო მასალის პარტიტურა. ოთხივე ქუთაისში მსურს განვახორციელო ერთმანეთის მიყოლებით – ერთგვარი მინი-ფესტივალი იქნება. ცოტა ეგოისტურადაც გამომდის 4 საღამო (იცინის). ყველაფერს ფული უნდა. დიდი პრობლემაა სიმფონიური ორკესტრი. მინდა, მოსკოვიდან ჩამოვიყვანო ჩემი მეგობარი საქსოფონისტი, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოში კარგი ჩასაბერი ინსტრუმენტალისტები, იმპროვიზატორები და არა ნოტებზე დამკვრელები, – არა გვყავს. თბილისიდან ჩასაბერი ორკესტრიც უნდა ჩამოვიყვანო, ქუთაისური გუნდი მეყოლება. დღეისათვის მხოლოდ ტელეპროგრამა „ჯემი“ მაძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას. იქ ჩემი მეგობრები მუშაობენ. 

Friday, December 31, 1999

საუკუნის მიწურულს ოპერის თეატრის ფოიეში მფრინავი ბოთლები შენიშნეს...

1999 წლის 25 დეკემბერს, 18 საათზე, ოპერის თეატრის ფოიეში უნდა გამართულიყო ახალგაზრდული მუსიკალური როკ-ფორუმი, რომელსაც იმერეთის განვითარების სააგენტო და „ლეგე არტისი“ აწყობდა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც ქუთაისელ, ასევე თბილისელ როკ-მუსიკოსებს. პროგრამას ერქვა „2+2=5“. ვატო ნებიერიძემ, კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რამდენიმე დღის უკან მიამბო, რომ თურმე ერთ ბავშვს რვეულში ჩაუწერია: 2+2=5. კითხვაზე რატომ 5-იო, პატარას უპასუხია, აბა სულ 4 ხომ არ იქნება, მოდით, იყოს 5-იო. ვატოს ეს პასუხი ძალიან მოეწონა და პროგრამას დაარქვა.


მაშ, ასე. 25 დეკემბერს, 18 საათისათვის, უკვე საკმაო მაყურებელი შეიკრიბა. მასში მუსიკოსებიც ათქვეფილიყვნენ. კონცერტების წინ სმა, ერთგვარი ქუთაისური ტრადიცია, – ერთგულად ემორჩილებოდა უბრალო რიტუალს: „გაგვიმარჯოს!“ და პირდაპირ ბოთლის ყელიდან გადახუხვას. ამასობაში კონცერტის დაწყებასა და აპარატურის გამართვას შესამჩნევად დააგვიანდა და მოხდა ის, რასაც ფხიზლად მყოფი ბილეთიანი მაყურებელი წინდაწინ შიშობდა. უეცრად ატყდა დებოში. გამძვინვარებულმა ბრბომ თბილისურ ჯგუფთან მოიყარა თავი. დაიწყო შეხლა-შემოხლა და გაწევ-გამოწევა, რა თქმა უნდა, დადგა „ლამაზი სიტყვების“ კორიანტელი. შედეგად გაილანძღნენ ორივე მხარის წარმომადგენლები. დარბაზში დაფრინავდნენ ბოთლები, ფეხსაცმელები და, თქვენ წარმოიდგინეთ, წინდებიც კი. ჩვენ არ შევეცდებით, გავარჩიოთ მტყუან-მართალი. სავარაუდოდ, ორივე მხარემ დააშავა, მაგრამ, საშინელება იყო იმის დანახვა, თუ როგორ მიიწევდა 20-მდე „მოხალისე“ ერთი კაცის გასალახად; როგორ გავრცელდა დარბაზში, როგორც შემდეგ გაირკვა, მცდარი შეხედულება, თითქოს თბილისელმა ქუთაისელებს შეაგინა; როგორ დაიჭირეს სრულიად უდანაშაულო თბილისელი და ქუთაისელი ბიჭები პოლიციელებმა; როგორ წაიყვანეს ისინი განყოფილებაში და მათ მიმართ უსამართლოდ მოქცევის შემდეგ გაათავისუფლეს. საშინელებაა, როდესაც დარბაზი თბილისელებად და ქუთაისელებად დაიყო 25 დეკემბერს, როდესაც საქართველოში ეს დღე სინანულის დღედ გამოაცხადეს. კონცერტი ჩაიშალა. ინციდენტის შემდეგ გავესაუბრე ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახტანგ ნებიერიძეს.

* * *

– ვატო, რა კომენტარს გაუკეთებ ყოველივე მომხდარს?

– ხალხმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა 2+2=5, რომელიც მე წინასწარ ტელევიზიით განვმარტე. მაყურებელი ვერ მიხვდა, ამით რისი თქმა მსურდა. მათ თავიანთი საქციელით დაამტკიცეს, რომ 2+2 აუცილებლად უნდა იყოს მაინცა და მაინც 4. მეორეს მხრივ, ის, რაც 30-40 წლის უკან დასავლეთში ცოცხალი მუსიკის კონცერტებზე ხდებოდა, ახლა ჩვენთან მეორდება, უფრო სწორედ, აქ იბადება. გახსოვს, იქაც იყო დებოშები? რაც ქუთაისში მოხდა, ერთის მხრივ, მისასალმებელია, ე.ი. როკ-მუსიკა ცოცხლობს. მართალია, ეს არ არის კარგი, მაგრამ სულ სხვა კუთხით უნდა შევხედოთ ამას. 

ვფიქრობ, მსმენელი საბოლოოდ ახლა ყალიბდება, ამიტომ კონცერტებს დებოშებიც მოჰყვება. რაც ნაკლებ დროის მონაკვეთში განვითარდება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება, მაგრამ ასეთი შეხლა-შემოხლები გარდაუვალია, რადგან ის წმენდს მსმენელს ზედმეტებისგან და ყველას საკუთარ ადგილას აყენებს.

– და ვინ არის დამნაშავე?