Monday, November 5, 2018

მოგზაურობა ჯაზში


„ჯაზი თეთრი ხალხის მოგონილი ტერმინია შავების მუსიკის განსამარტად. ჩემი მუსიკა შავი ხალხის კლასიკური მუსიკაა“
ნინა სიმონი

ჯაზი ის მუსიკალური ჟანრია, რომელიც თინეიჯერობისას ძალიან არ მიყვარდა. მეტიც, თუ სადმე იყო ჩართული, ვცდილობდი იქაურობას შეძლებისდაგვარად სწრაფად გავცლოდი. საბჭოთა კავშირში თანამედროვე მუსიკაზე ინფორმაციის დეფიციტის გამო, მასზე მცდარი წარმოდგენა მქონდა – რატომღაც მიმაჩნდა, რომ ის მხოლოდ მდიდრების მუსიკა იყო.  

ბავშვობისას, ბიძაჩემის წყალობით, ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ფირფიტებს მოვუსმინე, მაგრამ დიდად არ მომეწონა. საშინლად მიმაჩნდა ის საბჭოთა ინსტრუმენტული ჯაზიც, რაც სატელევიზიო თუ რადიოარხებიდან მესმოდა. ეს გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ გვიან ღამით ტელევიზორში შემთხვევით ოსკარ პიტერსონისა და ქაუნთ ბეისის საფორტეპიანო ჯაზ-დუეტს არ ვუყურე. უფრო სწორედ, შემომეყურა და დიდი სიამოვნებაც მივიღე. 


როგორც მუსიკალური ხელოვნების ნაწილი, ჯაზი მე-20 საუკუნის დასაწყისის შეერთებულ შტატებში აფრიკული და ევროპული კულტურების შერწყმით ჩამოყალიბდა. ის „ახალ კონტინენტზე“ ჩამოსახლებული, დამონებული აფრიკელი ხალხის მრავალფეროვანი რიტუალური რიტმებიდან აღმოცენდა, რასაც ბაპტისტური და პროტესტანტული ეკლესიების აფროამერიკელი მრევლის საგალობლები დაემატა, რომლებიც სპირიჩუალსის სახელითაა ცნობილი. 

ამერიკის კონტინენტზე ჩასული აფრიკელები სხვადასხვა ეროვნების იყვნენ. დროთა განმავლობაში მათი გაერთიანების, საერთო კულტურის შექმნის აუცილებლობაც მომწიფდა. ერთ-ერთი ასეთი გამაერთიანებელი ფაქტორი მუსიკა, კერძოდ კი ჯაზი გახდა. ამ უკანასკნელის ისტორია ძალზედ დინამიკურია და  სავსეა ისეთი მოვლენებით, რომლებმაც მსოფლიო მუსიკალურ და არა მხოლოდ მუსიკალურ პროცესებზე უდიდესი გავლენა იქონიეს.

ჯაზისთვის დამახასიათებელია სინკოპირებაზე დაფუძნებული პოლირიტმიკა, რეგულარული პულსაცია – ბიტი, ბიტიდან გადახრა – სვინგი, იმპროვიზაცია, ჰარმონიული და ტემბრული ხაზი. ის სოლისტის ხელოვნებაა, მაგრამ ამავდროულად ორკესტრის ყველა წევრთან უანგარო თანამშრომლობას მოითხოვს. მას მდიდარი ტრადიციები და საკუთარი დაუწერელი კანონები აქვს, რომლებსაც შემსრულებლები მკაცრად იცავენ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჯაზ-კონცერტზე იგი ხელახლა იბადება. ეს მუსიკა ღარიბებისა და მდიდრების, უბედურებისა და ბედნიერების, სოფლელებისა და ქალაქელების, შავებისა და თეთრების, კაცებისა და ქალების მილიონობით შეხვედრის, კონტაქტის, მათ შორის ინტენსიური დიალოგის შედეგია.