Showing posts with label ფესტივალი. Show all posts
Showing posts with label ფესტივალი. Show all posts

Saturday, January 9, 2021

ქართული მუსიკის ფესტივალების ისტორია

{საკუთარი სრული ვერსია}

ფესტივალი ყოველთვის ზეიმი, დღესასწაული და სასურველი განწყობაა, რომელსაც  იმ უამრავ ადამიანთან ერთად იზიარებ, ვინც ამ მოვლენას შენთან ერთად ესწრება. ფესტივალებს მსოფლიოში უკვე რამდენიმე ასწლეულია აწყობენ. ცნობილია, რომ პირველი ფესტივალი მუსიკალური იყო. იგი ინგლისში 1709 წელს ჩატარდა და მთლიანად საეკლესიო მუსიკას დაუკავშირდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ფესტივალები ევროპის ბევრ ქვეყანაში ეწყობოდა, ყველაზე ხშირად – გერმანიაში. მე-20 საუკუნეში საკმაოდ გახშირდა ფესტივალების ორგანიზება და ახალგაზრდები მათ რაიმე იდეის ირგვლივ გასაერთიანებლად იყენებდნენ. ამავე საუკუნეში ფესტივალების მოწყობა დაიწყეს სხვა დარგებშიც, როგორებიცაა თეატრი, კინემატოგრაფია, ლიტერატურა, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, ინოვაციური ტექნოლოგიები და ა.შ. ზოგადად, ფესტივალი განსხვავდება კონკურსისგან, სადაც გამარჯვებულები უნდა გამოვლინდნენ. თუმცა, ზოგიერთ ფესტივალს საკონკურსო მისიაც აქვს. ზოგადად კი, ფესტივალი, პირველ რიგში, მაინც ჟანრის დღესასწაულთან ასოცირდება, ყველაზე გვიან – კონკურსთან. 

1970-იანი წლები

საქართველოში მუსიკალური ფესტივალების მოწყობა მე-20 საუკუნეში დაიწყო, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. ამ სტატიაში არ შევეხები იმ უამრავ ფოლკლორული თუ კლასიკური მუსიკის და მცირე ფესტივალს, რომლებიც მაშინ ტარდებოდა და ახლაც იმართება. დავიწყოთ ჯაზ-ფესტივალით, რომელიც თბილისში 1978 წლის მარტში მოეწყო. ეს საბჭოთა კავშირში პირველი ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი აღმოჩნდა, რომელშიც 13 ქალაქის 23-მა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. 


მის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსები მოეწყო, ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა. თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. 

1980-იანი წლები

1980 წელს კი საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი, სახელწოდებით „გაზაფხულის რიტმები“, სწორედ თბილისში გაიმართა. ამ ფესტივალზე ოფიციოზის მხრიდან ნებადართულ ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლებთან ერთად პირველად წარმოჩინდა მუსიკალური როკ-ანდერგრაუნდი, რომელსაც მოგვიანებით „საბჭოთა როკი“ უწოდეს. ფესტივალზე სულ 20-მდე მონაწილემ დაუკრა. მის შესახებ 40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ფინელებმა გადაიღეს. ჟურნალ Rolling Stone-თან საუბრისას, რუსული ჯგუფ „ავტოგრაფის“ ბასისტმა ლეონიდ გუტკინმა გაიხსენა: „ნადვილი საძმო შევიკრიბეთ თბილისის ფესტივალზე, რომელიც თავისი სულისკვეთებით მაქსიმალურად უახლოვდებოდა „ვუდსტოკს“. ღვინო მდინარესავით მოედინებოდა. მეორე დღეს ჩვენ ვიღაც ქართველ დიდგვაროვნებთან გამოვფხიზლდით, სიმღერებს ქართულ ენაზე ვმღეროდით და მათზე უკეთესად გამოგვდიოდა“... 


1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10-დღიანი, უკვე მეორე, ამჯერად საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც. 



საბჭოთა წყობილების დროს ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო. სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. 


მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა მაშინ 140 მუსიკოსი გააერთიანა.

1990-იანი წლები

სსრკ-ის დაშლის შემდეგ 1991 წელს საქართველოში სამოქალაქო ომის ცეცხლი დაინთო, ერთი წლის შემდეგ აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. ეს პერიოდი ალბათ იმით შეიძლება გამოვარჩიოთ, რომ საქართველოში საოცრად ბევრი როკ-ჯგუფი შეიქმნა. 1993 წელს ორივე ომი დასრულდა, თუმცა ქვეყანაში კარგა ხანი კრიმინალები თარეშობდნენ. 

Saturday, January 26, 2019

Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს

ორი ათასწლეულისა და ორი საუკუნის მიჯნაზე ბათუმში საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა საკმაოდ ეკლექტური ფესტივალი, რომელშიც ელექტრონული მუსიკოსებიც გამოჩნდნენ. ეს მუსიკალური ღონისძიება ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იმართებოდა და იმ დროისთვის ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებდა.

ფესტივალს დამფუძნებლებმა „სუბტროპიკი“ დაარქვეს. მასზე მოსახვედრად მუსიკის მსმენელები და ცეკვის მოყვარულები არა მარტო საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, უცხოეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ფესტივალი, რომლის შემქმნელები შოუბიზნესის ცივილიზებული სტანდარტებით მასპინძლობდნენ როგორც მუსიკოსებს, ისე მედიის წარმომადგენლებსა და მაყურებლებს. ამ პერიოდის განმავლობაში „სუბტროპიკის“ თანაორგანიზატორები იყვნენ ცნობილი ბრენდები.


„სუბტროპიკი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც სხვადასხვა სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ. ეს სივრცე სწორედ ამ ფესტივალზე შეიქმნა, სადაც ერთმანეთს იდეურად და ემოციურად დაუკავშირდნენ ალტერნატიული როკის, პოპის, ჰიპ-ჰოპის, ტრიპ-ჰოპის, დისკოს, ელექტრონიკის, ტექნოს, ჰაუსის, კლასიკური მუსიკისა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობის წარმომადგენლები. მსგავს პრეცედენტს მანამდე საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ზაფხულის რამდენიმედღიანი „სუპტროპიკის“ კონცერტები სხვადასხვა ადგილებში გამართულ სცენებზე ტარდებოდა, მათ შორის პლაჟის რამდენიმე კლუბში, ბათუმის ცირკის შენობაში და სტადიონზე.

სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დიჯეებმა საფრანგეთიდან, რუსეთიდან, დანიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. პირველ ფესტივალებზე იმღერეს ისეთმა ცნობილმა რუსულმა შემსრულებლებმა, როგორებიც იყვნენ: „აგატა კრისტი“, „მაშა ი მედვედი“, „დელფინი“, „დვა სამოლიოტა“ და სხვა.

2002 წელს ფესტივალის თანაორგანიზატორი იყო ცნობილი რუსული ჟურნალის, „პტიუჩ-ქონექშენის“ მთავარი რედაქტორი იგორ შულინსკი, რომელიც შემდგომში გალა-კონცერტის წამყვანადაც მოგვევლინა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სწორედ 2002 წლის ფესტივალი, რომელიც ყველაზე წარმომადგენლობითი იყო „სუბტროპიკების“ ისტორიაში. 

დავიწყოთ იმით, რომ მისი ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო ცნობილი Aphex Twin. მახსოვს, რა ამბავი ატყდა მაშინ პრესაშიც და მსმენელებს შორისაც: ყველა ბათუმში გარბოდა.

Saturday, July 21, 2018

ჯაზ-ფესტივალები საქართველოსა და მსოფლიოში

დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის მუსიკალური კულტურა შეგვიძლია იქ მიმდინარე ფესტივალებითაც შევაფასოთ. საქართველოს ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია, ხოლო ჩვენს რეგიონში – სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება ითქვას, ლიდერია. მუსიკის თითქმის ყველა ძირითად სტილში ჩვენთან რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფესტივალის ტრადიცია დამკვიდრდა.

ამ ფესტივალთაგან ერთ-ერთი უპირველესი და ყველაზე „ხანდაზმული“ „თბილისის ჯაზ-ფესტივალია“, რომლის დაბადების თარიღად 1978 წლის მარტი შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაშინ თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სსრკ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი, რომელშიც საბჭოთა იმპერიის 8 რესპუბლიკის 13 ქალაქის 23-მა ჯაზ-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსებიც მოეწყო, ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა, თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას ხელი შეუწყო თბილისის ჯაზის აქტივის წევრების – ევგენი მაჭავარიანის, ბორის პეტროვის, თამაზ ყურაშვილისა და გაიოზ კანდელაკის (რომელიც ფილარმონიის დირექტორი იყო) დიდმა მონდომებამ. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10-დღიანი, უკვე მეორე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნების – უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც. საბჭოთა წყობილების დროს ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო. სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა 140 მუსიკოსი გააერთიანა.

შემდეგ წლებში, ქვეყნისთვის მეტად რთული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო, კონცერტებისა და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. თუმცა, 1998 წელს შეიქმნა კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“, რომელმაც 2000 წლიდან თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ჩატარების ტრადიცია აღადგინა. „ისთერნ პრომოუშენი“ მარტო დედაქალაქით არ შემოფარგლულა და 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს ატარებს „შავი ზღვის ჯაზ–ფესტივალს“. ამავე დროს, 2010 წლიდან ორგანიზაცია სხვადასხვა სეზონზე ჯაზ-სერიების საღამოებსაც მართავს ხოლმე. 

თბილისის და შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალების, ასევე ჯაზ-სერიების არსებობის პერიოდში საქართველოში კონცერტი გამართეს უმაღლესი სინჯის ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: ბილი კობემი, ჟან-ლუკ პონტი, ბილ ევანსი, ტანია მარია, ელ ჯერო, ინკოგნიტო, კრის ბოტი, ჯონ მაკლაფლინი, ბობი მაკფერინი, მაიკლ ფრენკსი, ჯორჯ ბენსონი, ჯემიროქუეი, ჰერბი ჰენკოკი, ჯო კოკერი, Earth, Wind & Fire, მარკუს მილერი, ერიკა ბადუ, დი დი ბრიჯუოთერი, ჩიკ კორეა, ნატალი კოული, ელ დი მეოლა, სტენლი კლარკი, ჰიუ მასაკელა, მეისი გრეი, Kool & The Gang, ერიკ ტრუფა, Parov Stelar, ჯოშუა რედმენი, ნილს პეტერ მოლვაერი, კეიკო მაცუი, დაიანა კროლი, სნუპ დოგი, ჯოს სტოუნი, The Prodigy, ლიზა სტენსფილდი, ქუინსი ჯონსი, ბასტა რაიმსი და მრავალი სხვა.

ჯაზ-ფესტივალებზე სცენა, რა თქმა უნდა, ქართველ მუსიკოსებსაც ეთმობა. ესენი არიან: ოთარ მაღრაძე, დავით მაზანაშვილი, ლალი ბერაძე, დინი ვირსალაძე, დათო ევგენიძე, დათო ოძელაშვილი, მაია ბარათაშვილი, „მწვანე ოთახი“, თბილისის დიქსილენდი, საქართველოს ჯაზ-ტრიო, ლევან ჩიჩუა, თამაზ ყურაშვილი, გიორგი მიქაძე, ბექა გოჩიაშვილი, „ასტროჯორჯია“, თბილისის ბიგ-ბენდი, ბაჩა მძინარაშვილი, ილუშა ცინაძე, ნინო ქათამაძე, პაპუნა შარიქაძე და სხვები.

Sunday, June 13, 2010

ახალი ღვინის ფესტივალი საქართველოში

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელიც 8 მაისს „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი, ეროვნული და ხალისიანი მოვლენა იყო. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, სამი ეზო ამ ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეთმო. წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა რეგიონის ღვინო. ფესტივალზე ამოსულ სტუმარს შეეძლო გაესინჯა შარშანდელი მოსავლის ღვინო, რომელიც წარმოადგინეს ღვინის კომპანიებმა, მცირე მარნებმა და ოჯახურმა მეურნეობებმა.

Monday, May 15, 2000

მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან (I და II ნაწილი)

I ნაწილი

„მე ბედნიერი ვარ, აქ რომ ჩამოვედი“ (ალექსანდრ სკლიარი. ჯგ. Ва-Банкъ)

„აქ რომ მოვდიოდით, რა თქმა უნდა, გარკვეული სკეპტიციზმი შეიმჩნეოდა. და მიუხედავად პატარა ლაფსუსებისა და ცოდვებისა,  საერთო შთაბეჭდილება ძალიან კარგია. ბევრმა ჯგუფმა არა მარტო გაგვახარა, არამედ გაგვაკვირვა“ (ეკატერინა ხრომოვა, რუსული MTv).

„ჩვენ, მართლაც სკეპტიკურად ჩამოვედით აქ, მაგრამ პირველივე ქართული ჯგუფის მოსმენამ შოკში ჩაგვაგდო. ჩვენ ვიდექით და ვტკბებოდით, რუსეთში ასეთი სიამოვნება კარგა ხანია არ გამოგვიცდია“ (არტურ რაკოვი, რუსული MTv). 

ასეთი შეფასებები გაუკეთდა 5-7 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ როკ-ფესტივალს „მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან“. ჩემის აზრით, ეს ფესტივალი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც საქართველოში ჩატარებულა. მისი სულისჩამდგმელი კი, როგორც ალბათ მოგეხსენებათ, არის ლადო ბურდული. პირველი ასეთი ფესტივალი ჩვენი გაზეთის მკითხველებმა იციან, რომ გასული წლის 17-18 სექტემბერს ჩაატარა თბილისის ღამის კლუბებსა და პაბებში. უკვე მაშინ ფესტივალისთვის შეგვეძლო „საერთაშორისო“ სტატუსი მიგვენიჭებინა. თავისი მასშტაბებით მაისის ფესტივალი უფრო გრანდიოზულია, ვიდრე სექტემბრის. აქ გამოვიდნენ ჯგუფები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ინგლისიდან. ფესტივალის რეკლამა დღეში 4-ჯერ ბრუნავდა ფრანგულ მუსიკალურ ტელეკომპანია MCM-ზე. ფესტივალს კი აშუქებდა მუსიკალური ტელევიზია MTv (რუსეთის). 

ლადო ბურდულთან
კონცერტები ტარდებოდა საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე საშინელი აკუსტიკის მქონე დარბაზში – სპორტის სასახლეში. როკ-მუსიკის მოყვარულები დამეთანხმებიან, ალბათ, თუ რა არაკარგი ჟღერადობა ჰქონდათ წარსულში ამ დარბაზში იან გილანსა და „ნაზარეთს“. მიუხედავად ამისა, ფესტივალის ხმის რეჟისორი, ლეგენდარული გენა მამედოვი მაქსიმალურად შეეცადა საუკეთესო ჟღერადობა მიეღო და არცთუ უშედეგოდ. სცენასთან ახლოს, სადაც მსმენელებმა თავი მოიყარეს, შესანიშნავი „საუნდი მოდიოდა“. 

როგორც ცნობილია, ფესტივალში მონაწილე ჯგუფები ორ დღეზე გადანაწილდნენ, ხოლო 7 მაისს ერთგვარი გალა კონცერტი ჩატარდა. წინა ფესტივალთან შედარებით, მინდა აღვნიშნო ორგანიზატორების მხრიდან ჩამოსული ჯგუფების წევრებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩინებული დამოკიდებულება. იმერლებს, – სამტრედიელებს და ქუთაისელებს, – ღამეს კოჯორში გვათევინებდნენ. დღეში ერთხელ ჟურნალისტები და მუსიკოსები დავყავდით სადილზე. სამწუხაროა, მაგრამ არ იყო დაბეჭდილი ფესტივალის პროგრამა, ამიტომ, მოულოდნელობისაგან ცოტა გაკვირვებული და გაოცებული დავრჩი, როდესაც პირველივე ღამეს თეატრალური სარდაფის ღამის კლუბში ამოვყავი თავი. 

როკ-ფესტივალს უამრავი სპონსორი ჰყავდა, რომელთაგანაც გამოვყოფ „ყაზბეგს“. იმ ლუდს ყოველდღიურად დიდი დოზებით არიგებდნენ ღამის კლუბში. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: ფრანგული MCM, რუსული MTv, ტელეკომპანიები: „I სტერეო“, „რუსთავი 2“ და გადაცემა „კომუნიკატორი“, ასევე „I რადიო“ (FM 106,4). 

ქუთაისელი მუსიკოსები ლადო ბურდულის სახლში
მიუხედავად იმისა, რომ კონცერტებს ბევრი მაყურებელი არ ესწრებოდა, ვინც მოდიოდა, ნაღდად იყო მუსიკით დაინტერესებული, ამიტომ, სერიოზული ექსცესი არ მომხდარა. სხვათა შორის, სხვა მუსიკალურ ღონისძიებებზე, რომელიც სპორტის სასახლეში ტარდება, ერთი პოლიციელის თქმით, თურმე ცხვირ-პირის დასისხლიანების გარეშე არ მიმდინარეობს. დარბაზში ზოგჯერ შეიმჩნეოდნენ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობათა მოყვარული პროვოკატორები, რომლებიც ცდილობდნენ დებოშის ატეხას, მაგრამ როკერები ამჯერად, მათ არ აჰყოლიან. მე ახლა შევეცდები, მიმოვიხილო ფესტივალის თითოეული დღე. ყოველი მათგანი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო. 

Sunday, October 3, 1999

თბილისის როკ ფესტივალი, 17-19 სექტემბერი (ნაწილი II)


18 სექტემბერი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თბილისური შემადგენლობა თავიანთი პრეტენზიების გამო, ამ დღეს ფესტივალს გამოეთიშა, ვფიქრობ, რომ 18 სექტემბერი შესანიშნავი დღე, უკაცრავად, ღამე იყო. თუკი პირველ დღეს დიდი დაძაბულობა და ნერვიულობა იგრძნობოდა როგორც ჯგუფებს, ასევე ორგანიზატორებს შორის. ამ დღისათვის ადამიანები ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ და უკვე ერთად სვამდნენ ლუდს. აღარ ნერვიულობდნენ, რომ ბარებში საღამოები თითქმის 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. სხვადასხვა ჯგუფის წევრები ტროტუარების კიდეებზე ისხდნენ და გიტარის თანხლებით ექსპრომტად შეთხზულ სიმღერებს ერთად ასრულებდნენ. 

საღამოს ლადო ბურდულმა გვაუწყა, რომ კაფე Earth Wind And Fire-მ უარი განაცხადა ჯგუფების მიღებაზე, რადგან ხმაურიანმა მუსიკამ თურმე მეზობლები შეაწუხა, ამიტომ შემსრულებლები ხელახლა გადანაწილდნენ. „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ მოხვდნენ: „ამორალი“, „კონტრაბანდა“, „აუტსაიდერი“ და Best History. დატვირთული იყო კიდევ ორი ღამის ბარი: Metro და Toucan Pub. დროდადრო ვახერხებდი ამ პაბებში შერბენასაც. „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ კი ფესტივალის მეორე დღე თბილისურმა „ამორალმა“ გახსნა. „ამორალის“ ფიქრიანმა სიმღერებმა ფიქრისმოყვარული, მცირერიცხოვანი მსმენელი ჩააფიქრა და შეზარხოშებულ მაყურებელთა უმრავლესობა აღაგზნო. ღამის ბარში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა. ისინი მაგიდებთან ისხდნენ და კონცერტების მსვლელობისას ახერხებდნენ საუბარსა და საკვებ-სასმელის შეთვისებასაც.

ბესელა („კონტრაბანდა“)
„უზნეო“ და „ამორალური“ ბიჭები მშობლიური ეკონომიკის „დამაქცევლებმა“, ანუ „კონტრაბანდისტებმა“ შეცვალეს. სცენაზე ბესელა, იგივე ბესო რაზმაძე და მისი ჯგუფი „კონტრაბანდა“ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ბარში, სადაც ფესტივალი მიმდინარეობდა, არ იყო შემაღლებული ადგილი მუსიკოსებისთვის, ე.ი. „სცენა“ ამ შემთხვევაში პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ. არ შემიძლია აღვწერო ენერგიის ის ნიაღვარი, რომელიც ამ ბიჭებიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბესელას და მის ჯგუფს აგერ უკვე 3 წელიწადია ვიცნობ, ამდენს მართლაც არ მოველოდი. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ „კონტრაბანდას“ ალბომს მოვუსმინე. ბესელა ჩემთვის ახალი თაობის შეუპოვარი მებრძოლია, რომელსაც აქვს მძლავრი პროტესტი ყოველგვარი დამყაყებულისა და ზოგადად სიბნელის მიმართ. სამწუხაროდ, ამ ალბომს ვერც ერთ მუსიკალურ მაღაზიაში ვერ შეიძენთ. „კონტრაბანდამ“ ძალზედ ექსპანსიურად იმუშავა. ბესელას, ბესო რაზმაძეს, ქუთაისელი მსმენელი კარგად იცნობს ტელეგადაცემა „ანარეკლიდან“, სადაც იგი ლაპარაკობდა, მღეროდა და ჰყვებოდა საკუთარ ზღაპრებს, „შუაღამის გემის“ კაიუტებში კი, ხშირად გაისმის მისი სიმღერები. „კონტრაბანდას“ ქუთაისში კონცერტი ჯერ არ ჰქონია.

***

– ბესელა, რა ხდება დღეს თბილისის მუსიკალურ სამყაროში? 

– თბილისში ამ მხრივ საქმე არის хреново, მაგრამ მაგის გამო თავს არ ვიკლავთ, ჩვენი პატარა ფინანსებით ვახერხებთ დაკვრას. ცოტას ვხერხავთ კიდეც და გვაქვს ორი პროგრამა: მძიმე და აკუსტიკური. როგორი სიტუაციაც იქნება ბარში, შესაბამის პროგრამას შევასრულებთ. მთლიანობაში თბილისში მუსიკა იკვრება და როკმოძრაობა ნელ-ნელა ქვემოთ ჩადის სარდაფებში. 

ლაშა გაბუნია და ბესელა
– ე.ი. ანდერგრაუნდში მიდის იმის ნაცვლად, რომ ზემოთ ამოვიდეს? 

– ჰო! იმიტომ, რომ მიწის ზემოთ წამოვიდნენ ისეთი საზიზღარი ე.წ. ჯგუფები, რომელთა სახელწოდებების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, ღირსადაც არ ჩავთვლი. მაგათ გამო ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილ, ნაღდ მუსიკას უკრავენ და გულსა და სულს აჩვენებენ მსმენელს, ჩაეშვნენ ქვემოთ. ესენი, სამწუხაროდ, ძალიან ვიწრო წრისთვის არსებობენ და მეგობრებისთვის ატარებენ კონცერტებს. ახლა, რა თქმა უნდა, უცხოელების ჩარევით, ეს 3 დღე ისეთი იქნება, როგორზეც ჩვენ, მუსიკოსები ვოცნებობდით. კარგია, რომ საზღვარგარეთიდან არიან ჩამოსული შემსრულებლები და ისინი ჩვენთან ერთად დაუკრავენ. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის არა გვაქვს საშუალება წავიდეთ იქ და დავესწროთ მათ კონცერტებს, მითუმეტეს დავუკრათ მათთან ერთად. ეს 3 დღე თბილისში დიდი ზეიმია და ყველანი ერთად ვზეიმობთ.

– რა ხდება შენს ჯგუფში? მას ისევ „ნეოკონტრაბანდა“ თუ ძველი, პირვანდელი სახელწოდება „კონტრაბანდა“ ჰქვია? 

– ჩემს ჯგუფს კვლავ „კონტრაბანდა“ ჰქვია. მისი შემადგენლობაა: ბესელა – ვოკალი (აკუსტიკურ პროექტში – გიტარა, ვოკალი), კახა გულიაშვილი – გიტარა, კოტე კალანდაძე – ბასი და რითმ-სექცია და გოგა სამხარაძე – დრამი. წელიწადზე მეტია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სხვათა შორის, არასოდეს მყოლია ერთი და იგივე შემადგენლობა წელიწადზე მეტხანს (აქ ბესელამ სამჯერ ზედიზედ გადააფურთხა, აქაოდა, არ გავითვალოო. ლ.გ.). 6 წლის განმავლობაში, რაც ჯგუფი არსებობს, მხოლოდ მე ვარ ერთადერთი ძველი და უცვლელი. თბილისში ვინც კი ინსტრუმენტს ხელი შეახო, ყველამ ჩემთან დაუკრა. ბოლო შემადგენლობა კი, კარგა ხანია, ერთმანეთს ვიტანთ. მე იმიტომაც ვუკრავ ამ ბიჭებთან ერთად, რომ, პირველ რიგში, ჩემი მაგარი ძმები არიან. კაცი თუ შენს გვერდით არ დგას, მისი დაკრულის დედა ვატირე! 

– მსოფლიოში გავრცელდა აზრი, რომ სხვა მუსიკალურმა მიმდინარეობებმა, თუნდაც ელექტრონულმა ტალღამ, რეივმა შეჭამა როკენროლი და აქედან გამომდინარე როკენროლი მოკვდა. ასეთი აზრი, ჩვენშიც არსებობს.  

Friday, September 24, 1999

თბილისის როკ ფესტივალი, 17-19 სექტემბერი (ნაწილი I)

თბილისური ჩანახატები მინდა დავიწყო ჩემის აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტით, რომ ამ ქალაქის ქუჩები, ადრინდელთან შედარებით, დაგვილ-დასუფთავებულია, ყველა უბანში მიმდინარეობს მშენებლობა. იქნებ, სასწაულია, მაგრამ თითქმის აღარ ითიშება ელექტროენერგია და წყალი გარეუბნებშიც კი. მომეჩვენა, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელსაც ქუჩაში ვხვდები, აღარა აქვს გატანჯული სახე. არ გაგიკვირდეთ, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. როგორც ჩანს, თბილისელები გრძნობენ მერის მხარდაჭერას. სხვათა შორის, იმ სამდღიანი როკ-ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც 17-19 სექტემბერს ჩატარდა, იყო სწორედ თბილისის მერია. სპონსორები იყვნენ: Tbilisi Pastimes და British Airways, საინფორმაციო უზრუნველყოფის სპონსორები – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხი და რადიო 106,4 FM. ამ ფესტივალის სული, გული და მთავარი ორგანიზატორი კი იყო ლადო ბურდული, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბოლო 15 წლის ქართული როკენროლი. მიუხედავად იმისა, რომ საღამოებისა და კონცერტების ამ სამდღიან ციკლს როკფესტივალი ერქვა, მე პირადად მას დავარქმევდი უფრო ალტერნატიული მუსიკის ფესტივალს, რომლის შემადგენლობაც საკმაოდ ჭრელი იყო. აქ იყვნენ ჯგუფები და შემსრულებლები: Tblisi (ლონდონი), Восьмая Марта (მოსკოვი), Бабслей (პეტერბურგი), Vostan (ერევანი), „ლაბირინთი (სამტრედია), Insight (ბათუმი), Outsider, Bajoo, Best History (ქუთაისი), ლადო ბურდული, ბაკურ ბურდული, „კონტრაბანდა“, „ამორალი“, Nevermind, „დეპრესიული არდადეგები“, ლიკა ნადარაია, Afternoon Version (თბილისი).

17 და 18 სექტემბერს საღამოები გაიმართა ვერის უბნის ერთმანეთთან ახლოს მყოფ კაფეებში, ბარებსა თუ პაბებში, რომელთა უმრავლესობაც „პეროვსკაიაზე“, ანუ ახლანდელ ახვლედიანის ქუჩაზე მდებარეობს. ესენია: „ჩობას ჯაზ-როკ კაფე“, Dima’s Heineken, Earth Wind And Fire, Metro, Vienna Bar, Toucan Pub. ღამის ქალაქის ამ მყუდრო ბუდეებში გადანაწილდნენ ჯგუფები.

რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“)
თითოეულ ბარში დაახლოებით 4-5 შემსრულებელს უნდა დაეკრა. საღამოები საღამოს 7 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქართული, უკვე ტრადიციული წესის თანახმად, გვიანდებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქუთაისიდან თბილისში ორი ჯგუფი ჩავიდა, ერთიც – ბაჯუ, ჩვენი გაზეთის მკითხველთათვის უკვე საკმაოდ ცნობილი პიროვნება. ჩვენს მუსიკოსებს თან გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ამალა ჩაჰყვა დედაქალაქში, ზოგიც – ადგილზე დახვდა. ასე რომ, ამ ორი დღის განმავლობაში 17:00 სთ-დან ზემოთნახსენებ ღამის თავშესაფრებთან უამრავი ხალხი ირეოდა. შესვლა 5 ლარი ღირდა, რაც უმრავლესობას ეძვირა, ამიტომ ბევრი უბილეთოდ (აქ: ხელზე ბეჭედდაურტყმელად) შესვლას ლამობდა, თუმცა თავდაპირველად, ანუ კონცერტის დაწყებამდე, არაფერი გამოსდიოდათ. უნდა ითქვას, რომ ქუთაისელი გულშემატკივრების ნახევარი, უსახსრობის გამო, ვერც ერთ საღამოზე ვერ მოხვდა. რეპორტიორებს, ანუ კორესპონდენტებს ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე შეგვეძლო შესვლა. მე, ძირითადად, ვესწრებოდი იმ საღამოებს, რომელშიც ქუთაისური ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი ბაჯუს გამოსვლებს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 

მინდა გავიხსენო ფესტივალის თითოეული დღე და საუბრები, რომელსაც მაგნიტურ ფირზე ვიწერდი. სურათები კი, ჩვენი ფოტოკორესპონდენტის, ზურა ზენაიშვილის მიერაა გადაღებული.

ლადო ბურდული
17 სექტემბერი. დილით ლადოს ტელეფონით ველაპარაკე. მან საღამოს 5 სთ-ზე დაგვიბარა „პეროვსკაიაზე“. საღამომდე მთაწმინდის პანთეონი მოვინახულე მეგობრებთან ერთად, ვისეირნეთ დედაქუჩაშიც. დათქმულ დროს, კაფე Metro-სთან შევხვდით ლადოს, რომელმაც ფესტივალის პროგრამა გადმომცა და მონაწილეებს შეერია. აქ უამრავ ნაცნობს და უცნობს მოეყარა თავი. ხშირ შემთხვევაში ფესტივალის მონაწილეებს მაყურებლებისგან ვერც გამოარჩევდით. ქუჩაში ვესაუბრე დიდი ხნის უნახავ მეგობარს, ჯგუფ „კონტრაბანდას“ ფრონტმენს, ბესო რაზმაძეს, იგივე ბესელას. იგი ძალიან კმაყოფილია, რომ ასეთი დიდი და კარგი ფესტივალი ჩატარდა. სხვათა შორის, მის აზრს ბევრი სხვა შემსრულებელიც იზიარებს.

სანამ საღამოები დაიწყებოდა, ჟურნალისტები, მუსიკოსები თავიანთ გულშემატკივრებთან ერთად და უბრალოდ, იქ მისულები უახლოეს გასტრონომებსა თუ სუპერმარკეტებს შევესიეთ, რა თქმა უნდა, „საწვავის“ მისაღებად, ანუ ცივი, ქაფქაფა ლუდის დასალევად. სამწუხაროდ, „არგო“ და „ყაზბეგი“ 1 ლარზე იაფად ვერსად ვიშოვეთ. ეს არაფერია იმ ფასებთან შედარებით, რაც ღამის სავანეებში ბატონობდა. ერთი ბოთლი ნაციონალური წარმოების ლუდი ერთ-ერთ ბარში 2,50 ლარი ღირდა, თუმცა, ეს კანონზომიერია ნებისმიერ ასეთ დაწესებულებაში. ყველანი ვცდილობდით კონცერტების მსვლელობისას, ლუდი შენობაში კონტრაბანდული მეთოდებით გარედან შემოგვეტანა. ამ შემთხვევაში, მე დაუფარავად, შეიძლება ითქვას, უსირცხვილოდ ვსარგებლობდი ჩემი ჟურნალისტის მოწმობით. საღამო კაფე Earth Wind And Fire-ში 8 სთ-ზე დაიწყო. აქ პირველები გამოვიდნენ სომხური ჯგუფი „ვოსტანის“ წევრები. კონცერტის დაწყებამდე გავესაუბრე ვოკალისტს, ოვანეს მუნგენიანს არა ქართულ, არა სომხურ, არამედ რუსულ ენაზე.

***

ოვანეს მუნგენიანი („ვოსტანი“)
– ჩვენ ერევნიდან ვართ, ჯგუფი არსებობს 1986 წლიდან და მუშაობს ჰარდ-ენდ-ფოლკ როკში. ამ შემადგენლობით ჩვენ უკვე მე-5 წელია, რაც ვუკრავთ. თბილისში პირველად ვართ, ვფიქრობთ, რომ ამ ქალაქში კარგი პუბლიკაა. ჩვენი ჯგუფის დანარჩენი წევრები არიან: დავიდ კუშარიანი – სოლო გიტარა, ალიკ ნაზარიანი – ბასი, ლევონ ოვსერსიანი – დასარტყამები.

– ოვანეს, შენი აზრით, როგორაა მუსიკის საქმე კავკასიაში?

– პერესტროიკის დაწყებიდან დიდი აღმავლობა დაიწყო როკმუსიკაში. 1987 წელს ერევანში დიდი ფესტივალი ჩატარდა, სადაც 40-მა ჯგუფმა დაუკრა. 3 დღის განმავლობაში ველოტრეკი, სადაც ეს ფორუმი ტარდებოდა, პირთამდე იყო გადაჭედილი. მაყურებელთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყარაბაღის ომმა ძლიერი უარყოფითი დარტყმა მიაყენა როკს. მხოლოდ ახლა ვცდილობთ, აღვადგინოთ ყველაფერი. უკვე წელიწადია, მოქმედებს როკკლუბი. გასულ წელს ჩვენ სომხეთის დახურული ფესტივალი მოვაწყვეთ. საინტერესოა, რომ მასში 25-მდე ახალგაზრდა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის ისაა, რომ სომხეთში, ძირითადად, ინგლისურენოვანი ჯგუფები არიან. ჩვენ ვუკრავთ სომხურ როკს სუფთა მუსიკალური ხედვით. ესაა ტრადიციული როკისა და სომხური ჟღერადობის სინთეზი. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ კალიფორნიელი სომხების ჯგუფს (სამწუხაროდ, ხმაურის გამო, ჯგუფის სახელწოდება ჩანაწერში თითქმის არ ისმის და სავარაუდოდ, System Of A Down-ზე ლაპარაკობდა. ლ.გ.), რომელთა მიერ გამოშვებული დისკი ამერიკაში აღიარეს წლის 10 საუკეთესო ალბომს შორის. ვფიქრობ, რომ სომხური როკი არსებობს. სამწუხაროა, რომ კავკასიაში როკი არაკომერციულია. რაც დღეს თბილისში ტარდება, შესანიშნავია. საჭიროა ჩვენ ერთმანეთს ხშირად შევხვდეთ, მოვაწყოთ ერთობლივი პროექტები და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

– შენი აზრით, მსოფლიოს როკმუსიკაში შეიმჩნევა თუ არა პროგრესი?