[ექსკლუზივი]
20 წლის ქეთი მელუა პირველი ქართველია, რომელსაც თამამად შეგვიძლია მსოფლიოს მასშტაბის პოპ-ვარსკვლავი ვუწოდოთ. თანამედროვე მუსიკის მექაში – ბრიტანეთში, მან თითქმის ყველა ჩარტის მწვერვალი დაიპყრო. ქეთის უსმენენ მთელს მსოფლიოში. მის მილიონობით თაყვანისმცემელს შორის ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ II გახლავთ. 2004 წლის იანვარ-თებერვალში, სახელგანთქმულ „ბილბორდის“ საუკეთესო 40-ეულში, მელუამ სუპერპოპულარული მომღერალი Dido რამდენიმე კვირით პირველი საფეხურიდან ჩამოაბრძანა და მისი ადგილი დაიკავა. BBC-ის ვებ-გვერდზე ახლახან გამოქვეყნდა 2004 წელს, ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი 100 ალბომის სია, რომელშიც ქეთის ალბომს „Call Off The Search“ საპატიო მე-5 ადგილი უჭირავს. მელუა წინ უსწრებს ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: ანასტეიშა, ნორა ჯონსი, „U2“, ემინემი, Franz Ferdinand, ჯორჯ მაიკლი, კაილი მინოუგი, ბრიტნი სპირსი, დაიდო, ფილ კოლინზი, როდ სტიუარტი, მორისეი და ა. შ.
ქეთი მელუა დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში. ამის შემდეგ მელუების ოჯახი 1 წელი მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც ისევ საქართველოში – ბათუმში დაბრუნდა. მუსიკალური განათლების მისაღებად მშობლებმა ქეთის თბილისში ჩამოყვანა გადაწყვიტეს. 9 წლამდე, ანუ ბრიტანეთში წასვლამდე, იგი ბიძებთან იზრდებოდა, რომლებიც ორთოდოქსი როკერები იყვნენ და მთელი დღეების განმავლობაში მათთან ერთად „ქუინს“, „ბლექ საბატსა“, თუ „დიიფ ფარფლს“ უსმენდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთიმ თქვა კიდეც, რომ მისი საყვარელი სიმღერებია „ქუინის“ „ბოჰემური რაფსოდია“ და „ლედ ზეპელინის“ „კიბე ზეცაში“. ქეთის თბილისელი ბიძა ზურა მელუა იხსენებს: „ქეთი მძიმე მუსიკის ატმოსფეროში იზრდებოდა. ვიდეოც გვაქვს, სადაც 7 წლის გრძელთმიანი ქეთი ჩემს საწოლზე დახტის, ხელში სათამაშო სინთეზატორი უჭირავს და მთელი ხმით მღერის ამერიკული ჰევი-მეტალ ჯგუფ „W.A.S.P.“-ის სიმღერას. ძალიან ცელქი იყო. საირმის გორაზე საცურაო აუზზე ფეხით ავდიოდით ხოლმე და ქუჩაში ნორმალურად არ დადიოდა. გზაში სულ ცეკვავდა და თავისთვის რაღაცას მღეროდა ხოლმე. მუსიკალურ სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. ქეთი მზეს მაგონებს. მასავით ანათებს. მისი გაბრაზება და ყვირილი არ მახსოვს. სულ იღიმება, იცინის, ძალიან კეთილია“.
1994 წელს ქეთის მამა, წარმატებული ექიმი-კარდიოლოგი ალიკა მელუა, ინგლისელმა მეგობარმა ბრიტანეთში სამუშაოდ მიიწვია. მელუები ჯერ ირლანდიაში, ბელფასტში, საბოლოოდ კი ლონდონში დასახლდნენ. ბრიტანეთში ჩასვლისას, 9 წლის ქეთიმ ენა სამ თვეში აითვისა და მუსიკალურ სკოლაშიც დაიწყო სწავლა. სიმღერების წერა ოთხიოდე წლის წინ დაიწყო, მანამდე კი სურდა ჯერ პოლიტიკოსი, მერე ისტორიკოსი გამოსულიყო. ერთხელ ამ სკოლაში მოსწავლეთა მოსასმენად მივიდა ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი მაიკ ბეტტი, რომელსაც ლეგენდარულ ენდრიუ ლლოიდ უებერთან და ვანესა მეისთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ბეტტი ახალი ტიპის ვოკალს ეძებდა და მან უკვე იცოდა ნიჭიერი გოგონას – ქეთი მელუას შესახებ. მოსმენაზე ქეთიმ საკუთარი სიმღერა შეასრულა, რომელიც ახალგარდაცვლილ მომღერალ ივა კესიდის მიუძღვნა. სიმღერა მაიკს ძალიან მოეწონა და მათი თანამშრომლობა დაიწყო.
ქეთი მელუას პირველი ალბომის „Call Off The Search“-ის მასალა ჯერ კიდევ 2003 წლის იანვრისთვის იყო მზად, მაგრამ დისკი მხოლოდ ნოემბერში გამოვიდა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მსოფლიოს ცნობილმა ხმისჩამწერმა ლეიბლებმა („სონიმ“, „უორნერმა“, „იუნივერსალმა“, „ი-ემ-აიმ“ და სხვებმა) ალბომის გამოცემაზე უარი განაცხადეს, – ძალიან კარგი მომღერალია, მაგრამ ფინანსურ მოგებას არ მოგვიტანსო. მაიკ ბეტტმა გარისკა, კრედიტით პატარა ლეიბლი „დრამატიკი“ შექმნა და დისკიც გამოუშვა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – 2 მილიონზე მეტი ფირფიტა გაიყიდა. ამის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი ფირმები ქეთისთან რიგში ჩადგნენ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. კონტრაქტი „იუნივერსალთან“ გაფორმდა.
ქეთის სიმღერები ბლუზისა და ჯაზის ერთგვარ თანამედროვე სინთეზს წარმოადგენს. ალბათ ამიტომ, ბევრი მას ამერიკელ ვარსკვლავს, ნორა ჯონსს ადარებს, თუმცა, 20 წლის ქართველ მომღერალს ეს დიდად არ სწყინს და ამასთან დაკავშირებით ღიმილით ამბობს: „ნორა ჯონსი, ბევრ სხვა მუსიკოსთან შედარებით, ძალიან მომწონს. ამ მხრივ, მიხარია კიდეც, რომ ნორას მადარებენ და არა სხვა ვინმეს“.
მიუხედავად იმისა, რომ ქეთი 9 წლის ასაკიდან გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს, ქართულს მაინც ნორმალურად ფლობს. მის საუბარს ოდნავ აჭარული აქცენტიც დაჰკრავს და ზოგჯერ ლაპარაკის დროს თანამოსაუბრის დარწმუნებას ცდილობს კითხვით: „გეიგე“?
– როდის დადგა შენს ცხოვრებაში ის ეტაპი, როცა საბოლოოდ გადაწყვიტე, რომ მომღერალი უნდა გამხდარიყავი?
– ალბათ იმ დროიდან, როდესაც სიმღერების წერა დავიწყე. 8 წლისას ძალიან მიყვარდა სიმღერა, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა გამოვიდოდი. ვთვლიდი, რომ სიმღერა, მუსიკა ჩემთვის უფრო ჰობი იყო. 5-6 წლის წინ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მუსიკაში რამე გამეკეთებინა. ჩემს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს იმ მომღერლებმა, რომლებსაც მე ვუსმენდი: ჯონი მიჩელი, ბობ დილანი, ივა კესიდი, ტომ უეიტსი. ამ მომღერლების მუსიკა ჩემზე ყოველთვის დიდ ეფექტს ახდენდა და სურვილი გამიჩნდა, მეც რაღაც გამეკეთებინა. სიმღერის წერა ძალიან შემიყვარდა, მსურდა სულ უფრო და უფრო მეტი სიმღერა დამეწერა. ერთხანს ვფიქრობდი, ალბათ ცნობილი მომღერალი არა, მაგრამ ხომ შეიძლება კარგი პროდიუსერი გავხდე-მეთქი. პატარა სტუდია მოვიწყვე სახლში (კომპიუტერი, მიკროფონი, კლავიშები) და საკუთარ მუსიკას ისე ვიწერდი. სწორედ ამ დროს შევედი მუსიკალურ ბრიტსქულში, სადაც მუსიკის წერის ტექნოლოგიასაც გვასწავლიდნენ. აი, ასე დაიწყო ყველაფერი.
– ერთ კონკრეტულ მსმენელს უმღერი ხოლმე, თუ ყველას ერთად?
– როდესაც ალბომს ვაკეთებდი, მეგონა ამ ალბომს უფრო 30 წელს გადაცილებული ხალხი მოუსმენდა, რადგან ეს არ არის თანამედროვე მუსიკა. იგი უფრო ძველებური ჯაზისა და ბლუზის ნარევია, მაგრამ კონცერტებზე აღმოვაჩინე, რომ ბევრი ჩემი ასაკის და უფრო პატარებიც იყვნენ მოსულები. მივხვდი, რომ ნებისმიერი მუსიკალური სტილი არის ჩარჩო. მუსიკა ყველა სტილზე მაღლა დგას. თუ ის კარგია, ყველას მოეწონება და მნიშვნელობა არა აქვს ჯაზი იქნება, პოპი თუ კიდევ სხვა რამ.
– ქეთი, შენი აზრით, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოს მუსიკალურ ბიზნესში და რამდენად ღირებულია ის მუსიკა, რაც თანამედროვე პოპში იწერება?
– დედამიწაზე უცხოპლანეტელები რომ ჩამოვიდნენ და მოუსმინონ იმ პოპულარულ მუსიკას, რაც ტელევიზიით ტრიალებს, ალბათ, იფიქრებენ, ეს რა სიგიჟეაო. იმ სიმღერების უმეტესობაში, რაც დღეს ჩარტებშია, აღარ არსებობს ლამაზი მელოდია, არც ტექსტზე ფიქრობენ ამ სიმღერის ავტორები. არადა, მუსიკაში სიტყვებით ძალიან ბევრი რამ შეგიძლია გადმოსცე, მაგრამ ყველგან ისმის მხოლოდ გაცვეთილი: I love you, You love me და ა. შ.
დღევანდელ პოპ-მუსიკაში შექმნილი სიმღერების უმრავლესობა ნამდვილად არ მომწონს. ამიტომ მე ყოველთვის ძველ მუსიკას ვარჩევდი. ყოველთვის მიყვარდა: ბობ დილანი, „ბითლზი“, „ქუინი“ და ა. შ. თუმცა, ახლაც იქმნება ძალიან კარგი მუსიკა, როგორსაც, მაგალითად, „რადიოჰედი“ წერს. შეიძლება ყველა არ იცნობდეს „რადიოჰედს“, მაგრამ, ჩემი აზრით, შესანიშნავი ჯგუფია.
მას შემდეგ, რაც მე ამ ბიზნესში აღმოვჩნდი, მეგობრები უამრავი შემსრულებლის დისკებს მაძლევენ მოსასმენად. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი უნიჭიერესი მომღერალი აღმოვაჩინე, რომელთაც ნამდვილად აქვთ შანსი გახდნენ ისეთი პოპულარულები, როგორებიც არიან დღევანდელი ვარსკვლავები, – ვთქვათ, ბრიტნი სპირსი, „თეიქ ზეთი“ და ა. შ. თუმცა, მათ ხალხი კარგად არ იცნობს. შემიძლია დაგისახელო რამდენიმე მათგანი: ამერიკელი დემიან რაისი და ირლანდიელი ჯეკ ჯონსონი. ესენი ძირითადად გიტარის თანხლებით მღერიან და შესანიშნავ სიმღერებს წერენ. შესაძლოა მათ არც უნდათ ასეთი პოპულარობა და სიმღერების ხალხის ტვინში ჩაჭედვა. ჩემი აზრით, კარგი, ღირებული მუსიკა თავად უნდა მოძებნო და აირჩიო რას მოუსმინო.
ასე, რომ თუკი უფრო კარგად მოძებნი და მეტი ყურადღებით მოუსმენ თანამედროვე მუსიკას, აუცილებლად ნახავ კარგ არტისტებს. ჩემთვის, პირადად, მუსიკოსის შეფასებისთვის მთავარი მუსიკაა. უბრალოდ, კარგი სიმღერები უნდა გქონდეს. სხვებმა შეიძლება გითხრან, რომ ჩაცმულობაა მთავარი, ანუ ის, თუ როგორ გამოიყურები. ჩემი აზრით, კი მაგარი მუსიკის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ.
– ძალიან საინტერესო პასუხი გამეცი და მაინტერესებს, დღესაც ასევე ინტენსიურად უსმენ ძველ მუსიკას?
– არა, რატომ? მუსიკის არჩევისას ნამდვილად არა ვარ კონსერვატორი. პირიქით, ზოგჯერ სიამოვნებით ვუსმენ დღევანდელ პოპს და ვცეკვავ კიდეც, ანუ ყველანაირ მუსიკას თავისი ადგილი აქვს. ხოლო ის შემსრულებლები, რომელთა მოსმენაც ჩემს გულს სიამოვნებს, ყველა ათწლეულიდან შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, იმ ძველ დროსაც მუსიკაში ბევრ დებილობას აკეთებდნენ. ახლაც იგივე ხდება, არსებობს ჩემთვის საინტერესო და არასაინტერესო თანამედროვე მუსიკა.
– ქეთი, ზემოთ პასუხში აღნიშნე, რომ მუსიკოსისთვის ჩაცმულობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს და ყურადღებას საერთოდ არ აქცევ? მინდა გითხრა, რომ ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები.
– გმადლობთ. ისე, ძალიან არ მიყვარს ჩაცმაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება. თუმცა რეალისტი ვარ – ვიცი, თუნდაც მაკიაჟი უნდა გაიკეთო, რომ ტელევიზორში ნორმალურად გამოჩნდე. გარეგნობას ცოტა დროს ვუთმობ და საერთოდ, მასზე ზრუნვა ჩემს საქმეში ყველაზე უმნიშვნელოა, არადა, ჩემი კოლეგები მირჩევენ უფრო მეტი დრო დაუთმეო. ამ მხრივ ცოტა რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ ყურადღების მისაპყრობად ნამდვილად არ გავშიშვლდები.
– ელექტრონული მუსიკა თუ მოგწონს?
– „ანდერვორლდი“ და „ქემიკალ ბრაზერსი“ ალბათ, ბევრმა იცის და მეც მომწონს. თუმცა, განსაკუთრებით „ფეტბოი სლიმსი“ და მობი მიყვარს ძალიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მუსიკაშიც ბევრი სისულელე კეთდება. აქაც ძებნაა საჭირო და ბევრ კარგს ნახავ, რაც პირადად შენ მოგეწონება და გაინტერესებს.
– ლონდონში ახლა ოჯახთან ერთად ცხოვრობ?
– კი, დედასთან და მამასთან ერთად ვარ.
– სურვილი არ გაგჩენია, რომ ცალკე სახლში იცხოვრო, გყავდეს საკუთარი მანქანა და ა. შ.?
– მანქანა უკვე მყავს, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიძინე და ვატარებ კიდეც. ადრე ვფიქრობდი, 18 წლის რომ გავხდები საკუთარ სახლში ცხოვრება ხომ არ დავიწყო-მეთქი. მაგრამ ახლა ყოველდღე უამრავი სამუშაო მაქვს, ხშირად გასტროლებზე ვარ და ოჯახი სულ მენატრება, ამიტომ მირჩევნია, ისევ მშობლებთან ერთად ვიცხოვრო.
– ვიცი, რომ ძალიან იშვიათად გაქვს თავისუფალი დრო. თუმცა, საინტერესოა, ამ დროს როგორ ატარებ? თუ დადიხარ დიკოთეკებზე, ბარში ან სხვა საყვარელ ადგილას?
– ადრე ძალიან მიყვარდა მეგობრებთან ერთად კინოთეატრში სიარული, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, თავისუფალი დრო ნამდვილად აღარ დამრჩა. ძირითადად სულ ტურებზე ვარ და ვმუშაობ. სამუშაოს შემდეგ კი ისე ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი – დედიკო, მამიკო და ჩემი ძმა, რომ არსად წასვლა აღარ მინდა. თუმცა იშვიათად გავდივარ ხოლმე და ვერთობი.
– ქეთი, რა წიგნებს კითხულობ ხოლმე, თუნდაც ტურნეებში მგზავრობისას თვითმფრინავში, ავტობუსში?
– წიგნი ძალიან მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულად კითხვა მიჭირს. ვაპირებ საქართველოს ისტორიისა და ნოდარ დუმბაძის წიგნების ქართულად წაკითხვას. მართალია, ნელა ვკითხულობ, მაგრამ ვეცდები ეს წიგნები წავიკითხო. სახლში სულ ქართულად ვსაუბრობთ, მაგრამ ქართული წიგნები არ მქონია. ინგლისურად კი ბევრს ვკითხულობ. ძალიან მიყვარს თანამედროვე ირლანდიელი მწერალი აირის მერდოკი, მისი თხრობის მანერა და სიტყვები. ძალიან საინტერესოდ გადმოსცემს ისტორიებს. ადვილად გასაგებია და, ამავე დროს, ფილოსოფიურიც. ახლახან წავიკითხე დარენ ბრაუნის წიგნი. ის ძალიან პოპულარული მწერალია ბრიტანეთში.
– ქართველ მუსიკოსებს თუ იცნობ?
– სამწუხაროდ, ნაკლებად. თუმცა შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში ვიყავი, ბუბა კიკაბიძის და ნინო ქათამაძის კონცერტებს დავესწარი. მომეწონა. განსაკუთრებით – ქათამაძის სტილი. ნუ, ბუბა ისედაც ლეგენდაა, დიდი ხანია უკვე შოუბიზნესშია და მაგის კარგი მომღერლობა საქვეყნოდაა ცნობილი. ნინო ქათამაძეს, ჩემი აზრით, დიდი მომავალი აქვს. ქართული პოპ-მუსიკა ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ აქაურებისგან გავიგე, რომ იგივე ხდება, რაც დანარჩენ მსოფლიოში, ანუ არიან ისეთი მომღერლები, რომლებსაც მომღერლებს ვერ დაარქმევ. სხვათა შორის, „ბითლზიც“ პოპი იყო, მაგრამ ძალიან კარგი პოპი.
– რა გითხრა ინგლისის დედოფალმა კონცერტის შემდეგ, როდესაც კულისებში ჩამოვიდა შენს სანახავად?
– ჩამოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: შენს სიმღერებს რადიოში მოვუსმინე და ძალიან მომწონსო.
– რწმენის შესახებ რა შეგიძლია მითხრა?
– მჯერა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, რელიგია ადამიანის მოგონილია. როდესაც კათოლიკურ ეკლესიაზე წიგნებს ვკითხულობ, მიკვირს, რამდენი რამ მოიგონეს და ჩაამატეს რელიგიაში ადამიანებმა. ისე კი, რწმენის გარეშე ადამიანები ვერ იცხოვრებენ. ყოველთვის საჭირო იყო ხალხისთვის ვიღაცას ეთქვა, რა არის სწორი და რა – არასწორი. ამიტომ კაცს სჭირდება ღმერთიც და ეშმაკიც. მან უნდა იცოდეს, რომ თუ ცუდს გააკეთებს, ზეცაში ვერ მოხვდება. მე სარწმუნოებით მართლმადიდებელი ვარ. ბავშვობისას აქ მომნათლეს საქართველოში.
– შენ ადრე გსურდა პოლიტიკოსი გამოსულიყავი. რატომ გქონდა ეს სურვილი და დღეს რამდენად ერკვევი პოლიტიკაში?
– ვცდილობ, ვუყურო საინფორმაციო გამოშვებებს. თუმცა ტელევიზია არ გაძლევს საშუალებას ობიექტურად შეაფასო ესა თუ ის მოვლენა. ზედაპირულ ინფორმაციას ვიღებ, რადგან ნამდვილად არა მაქვს დრო, ყველაფერში დაწვრილებით გავერკვე.
– საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ კურსზე რას იტყვი?
– საქართველოში დღეს ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა. დანამდვილებით ვერ იტყვი რა მოხდება. ლონდონში სააკაშვილს შევხვდი და ძალიან მომეწონა. მხიარული და კეთილი კაცის შთაბეჭდილება დატოვა. პირველი შეხვედრით ალბათ ბევრს ვერაფერს იტყვი ადამიანზე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ ეს კაცი საქართველოს პრეზიდენტია. პოლიტიკა ნამდვილად არაა ადვილი საქმე და, ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაფერი მარტო პოლიტიკოსებზე კი არა, ხალხზეცაა დამოკიდებული და ყველაზე მეტად კი ახალგაზრდებზე. მათ სასიკეთოდ უნდა შეცვალონ ქვეყანა. რაც მთავარია, ხალხში უნდა არსებობდეს რწმენა და იმედი, რომ საქართველო ნელ-ნელა გამოვა ცუდი მდგომარეობიდან და უკეთესი გახდება.
– რა გაქვს უახლოეს მომავალში დაგეგმილი?
– ჩემთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია მეორე ალბომის ჩაწერა და ინგლისში როგორც კი დავბრუნდები, მუშაობას დავიწყებ. სიმღერების უმრავლესობა უკვე ჩაწერილია და სტუდიაში უნდა წავიმუშაოთ. ამის შემდეგ აზიაში წავალთ და იქ ალბომს გამოვუშვებთ. თვეში თითო კვირით ამერიკაში დავდივარ და იქ კონცერტებს ვატარებ. ეს პრომოუშენის ნაწილია და გვსურს, რაც შეიძლება მეტმა ამერიკელმა შეიტყოს ჩემი სიმღერების შესახებ.
ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა და ჩვენ იქ საკმარისი კონცერტები არ გაგვიმართავს, არც ინტერვიუები მიმიცია. ამიტომ, ჩვენ ნელ-ნელა ვაპირებთ იქ რეკლამირებას. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩემი ალბომი ამერიკაშიც ისეთ წარმატებას მიაღწევს, როგორც ეს ბრიტანეთსა და ევროპაში მოხდა. ყოველ თვეს კონცერტებს ვატარებ იქ და ვნახოთ, გაიზრდება თუ არა იქ ჩემი მსმენელის რიცხვი.
ქეთის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც ლეგენდარული „ქუინის“ გიტარისტმა, ბრაიან მეიმ დაურეკა და თანამშრომლობა შესთავაზა. ჯგუფის წევრებთან და უპოპულარეს მომღერალ ენი ლენოქსთან ერთად ქეთი „ქუინის“ სიმღერებს სამხრეთ აფრიკაში შეასრულებს, სადაც ნელსონ მანდელა აწყობს საქველმოქმედო კონცერტს „Concert Supporting Women In The Fight Against AIDS“ („ქალები შიდსის წინააღმდეგ“). გასული წლის [2004] დეკემბერში კი გამოვიდა ცნობილი მუსიკოსისა და მეცენატის ბობ გელდოფის სინგლი „Do Thay Know It’s A Christmass?“, რომლის ჩაწერაშიც გელდოფთან და მელუასთან ერთად მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან: პოლ მაკარტნი, რობი უილიამსი, Keane, დაიდო, The Darkness, Beverley Knight, Morcheeba-ს წევრი სკი და სხვები. ქეთი მელუა შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოდის სამშობლოში, თუმცა კონცერტები მხოლოდ 2005 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.
ბლიც-გამოკითხვა:
– რომელი ფერი გიყვარს ყველაზე მეტად?
– ლურჯი.
– ხატავ?
– ერთი-ორჯერ ვცადე და შევეშვი.
– რისი სუნი მოგწონს?
– აუუ! ახლადგამომცხვარი ქართული ლავაშის სუნს არაფერი ჯობია.
– რისი გემო გხიბლავს?
– კრისპების. ჩიპსის ბრიტანული ვარიანტია, პაკეტებში იყიდება.
– ყველაზე საშინელი ხმა რას აქვს?
– ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა მუსიკა არ ისმის.
– მაშინ ყველაზე სასიამოვნო ხმა რას ან ვის აქვს?
– ჩემი აზრით, ყველაზე სასიამოვნო ხმა ივა კესიდის აქვს.
– ვის თვლი ყველაზე ახლობელ ადამიანად?
– ჩემს საუკეთესო ინგლისელ მეგობარ ჯორჯიას. ხომ ხედავ, საქართველოს სახელი ჰქვია!
– ყველაზე მეტად რომელი კომპოზიტორი მოგწონს?
– ოოო... ძნელი სათქმელია, რადგან ძალიან ბევრი მიყვარს, თუმცა მაინც, ალბათ, პოლ საიმონი, გახსოვთ ალბათ, საიმონისა და გარფუნკელის დუეტი.
– ყველაზე მეტად რა არ გინდა რომ მოხდეს?
– მთელის ისტორიის განმავლობაში კაცობრიობამ უამრავი ლამაზი მელოდია დაწერა 12 ნოტით. არ მინდა, რომ მელოდიის დაწერის საშუალება ამოიწუროს, ანუ ფიზიკურად აღარ მოხერხდეს ახალი მელოდიის შექმნა. თუმცა, რამდენადაც შევიტყვე, შეუძლებელია მუსიკაში ყველაფერი ამოიწუროს.
– მაშინ ყველაზე მეტად რა გინდა რომ მოხდეს?
– მინდა ჩემი მეორე ალბომი ძალიან კარგი გამოვიდეს. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები სტუდიაში მუშაობას.
– რასთან ასოცირდება შენთვის სამშობლო?
– საქართველოს სახელის გაგონებისას სულ ჩემი სახლი, ბავშვობა, ბებია, ბაბუა, ბიძები, ბიძაშვილები, კარგი ამინდი მახსენდება. საქართველოში ყველაფერი მიყვარს.
– ხშირად გესიზმრება ხოლმე საქართველო?
– კი. აქ ძალიან კარგი ბავშვობა გავატარე, ხშირად ვფიქრობ ბებიასა და ბაბუებზე და ამიტომ ძალიან ხშირად მესიზმრება და მენატრება აქაურობა.
ფოტოების ავტორი: გოგა ჩანადირი
ჟურნალი „ანაბეჭდი“ №2, მარტი, 2005 წელი
No comments:
Post a Comment